ტრივიალური სათაურები, მე და მზე

მგონი მოგზაურობისნაირად არაფერი მინდა და მენატრება.

ბოლო დღეებში მივხვდი, ძალიან გადავიღალე და რეალურად დასვენება მჭირდება. აქამდე მთელი არსებით ვეწინააღმდეგებოდი პასიური დასვენების ვარიანტს და გაუგებარია როგორ და რა, მაგრამ რაღაც აქტიური და ევროპული მინდოდა. ბოლოს ალბათ შევეგუე იმას, რომ წელს, ან ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე არ გამოდის, პლუს ვიგრძენი რა, რომ სწავლა და მუშაობა უკვე თუ მაჩ იყო, მოვდუნდი და დავთანხმდი ამ ეტაპზე ერთად ერთ რეალურ, ოპტიმალურ და კარგ ვარიანტს. და დავმშვიდდი.

დღეს ალბათ ბოლო დიდი ხნის მანძილზე პირველი საღამოა, როცა მართლა არაფრის კეთების უფლება მივეცი თავს. სრული არაფრის კეთების და ჩემი დროის, ჩემი აივნის შერგების და სიამოვნების მიღების. რას ვაკეთებდი? ან ვმუშაობდი, ან ვმეცადინეობდი. ვმეცადინეობდი მუშაობისგან თავისუფალ ლამის ყოველ წუთს და თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდებოდა, ისევ რამე საქმეს ვიჩენდი, ან სადმე მივდიოდი (თუნდაც არა საქმით), ან ვინმე მოდიოდა, სტუმრებს ვიღებდი, მეგობრებს ვხვდებოდი, სასირულოდ გავდიოდი. მართლა ნონ სტოპ რეჟიმში ყველაფერი.

ამას წინათ მამაჩემმა მთხოვა, ახალი წიგნები ჩამიწერე ქინდლში, იქ არსებული ყველა წავიკითხეო. წამოვიღე ქინდლი სახლში და დავიწყე წიგნების ძებნა. და უცებ ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ მომნატრებია კითხვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ისე მომინდა, აივანზე ვმჯდარიყავი ჩემი ქინდლით და მშვიდად მეკითხა რამე კარგი, ისე მომინდა, ლამის ვიტირე :) წლის განმავლობაში წიგნების მარტო სმენას ვახერხებ, ისიც სიარულისას და ისიც, თუ მარტო დავდივარ.

და დღეს, სწავლის პირველი, შესავალი ეტაპის დასრულების შემდეგ პირველი საღამო იყო, როცა შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. მუშაობაც ადრე მოვრჩი. პირველად დიდი ხნის მანძილზე მშვიდად გავიმზადე ვახშამი, მშვიდად ვივახშმე, ისე რომ, საათს არ ვუყურებდი და 7 წუთში გაკვეთილი არ მეწყებოდა. მერე ასევე მშვიდად ავალაგე და ჩემ თავს იმის უფლებაც კი მივეცი, ეზოში ჩავბოდიალებულიყავი და საყვარელი დესერტი მეყიდა, რომელიც ალბათ თვეებია არ მიჭამია. არა, თავს არ ვიტანჯავ ნამდვილად. უბრალოდ რაღაც ეტაპზე ტკბილი შევამცირე რაციონში (სულ ამოვიღე მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თითქმის) და ნელ-ნელნა მოთხოვნილებაც გამიქრა. უბრალოდ დღეს ისეთი დღე იყო, "პავლოვა"ს უნდა დაეგვირგვინებინა ეს ყველაფერი. 

მეგობარმა მომწერა, აგრილდა და ხომ არ ვიაროთ საღამოსო. ჩვენი სიარული, ფაქტობრივად სხვების სირბილია ალბათ. დავდივართ სპორტულად, ძალიან ჩქარა და ძალიან ბევრს, რაც ორივეს მოგვწონს. და დღეს მივხვდი, რომ ესეც კი არ მინდა. მივხვდი, რომ ჩემ სახლში და მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მინდოდა, დამეთმო დრო. არც მემეცადინა, არც მემუშავა, არც ვინმე მიმეღო, არც გამესტუმრებინა, არც დამელაგებინა და არც გამომეცხო. უბრალოდ ჩემ თავთან ვყოფილიყავი მშვიდად. იმდენი ხანია, ამის ბედნიერება არ მქონია :) არა და რეალურად, ბევრისგან განსხვავებით, მარტო ყოფნის კულტურას ძალიან ვაფასებ და მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალიზაციის დაუძლეველი მოთხოვნილებაც მაქვს ხოლმე, ასევე ძალიან კარგად ვარ მარტო.

საღამოს განმავლობაში დალეული თეთრი ღვინოც ნელ-ნელა ავლენდა თავს. აივანზე ბოლო ჭიქა, დესერტი, ლეპტოპი და ტელეფონი დავალაგე, კომფორტი მოვიწყე და უკვე მეორე ფილმი ჩავრთე. ნეტფლიქსი იმდენი ხანია არ ჩამირთავს, მეგონა პასვორდიც დაკარგული მექნებოდა უკვე. საბედნიეროდ, ყველაფერი შენახული მქონია. 

ვახშმის დროს "რენდომ" ჩართული იტალიური ფილმი (გერმანული გახმოვანებით ვუყურე ოღონდ) აივანზე ავტომატურად შემდეგ ასევე იტალიურ ფილმში გადავიდა. ერთგან მოქმედება ამალფიზე ხდებოდა, მეორეგან - რომში. ორივე ისეთი ნათელი და ფერადი იყო. რა თქმა უნდა, კინემატოგრაფიის შედევრი არც ერთი ყოფილა და დარწმუნებული ვარ, არც რამე ნომინაციაზე წარუდგენიათ, სათაურიც კი ორივეს ისეთი ტრივიალური ჰქონდა... მაგრამ ზუსტად ის იყო ორივე, რაც ახლა მჭირდებოდა. რაც თვალს და გონებას სჭირდებოდა. აქ და ახლა.

და საიდანაც დავიწყე, ისევ იქ მივედი. ისევ ვიგრძენი, როგორ ტკივილამდე მომენატრა მოგზაურობა და ჩემი თავი  მოგზაურობისას. ისეთი მოგზაურობა, როცა დრო გაქვს, არსად გეჩქარება, როცა ისეთი ლაღი ხარ, როგორიც მართლა ხარ შიგნით, როცა არაფერზე და არავიზე გეფიქრება და სუნთქავ. აი ეს შეგრძნებები მომენატრა. კორონამდელი ჩემი თავი და ფერადი ქალაქები. 

ეს ყველაფერი ჩემთვის მზესთან და ზაფხულთან ასოცირდება. კი, მირჩევნია ისეთი სიცხე, ამ დღეებში რომ არის თბილისში. კი, მირჩევნია სუნთქვა რომ ჭირს სიცხისგან, კარ-ფანჯარას რომ ვხურავ და კონდიციონერის სიგრილეში განვაგრძობ მუშაობას. კი, მირჩევნია ერთი თხელი კაბა გადავიცვა და სანდლები ამოვიცვა. კი, ზაფხული მირჩევნია ზამთარს და მინდა, ისეთ ქვეყანაში გადავიდე, სადაც სულ სიცხე თუ არა, სულ სითბო მაინც არის.

იქნებ ზაფხულში რომ ვარ დაბადებული, ეს განაპირობებს? იქნებ მზის ნიშნის ქვეშ დაბადება? არ ვიცი, რა, მაგრამ მზე რომ მმუხტავს და სიცოცხლის ენერგიას მაძლევს, ეს ვიცი. 

და ვიცი, რომ მზიანი ქალაქები, ლაღად და უდარდელად ბოდიალი, ბევრი სიცილი და კარგი წიგნებიც იქნება ისევ. სხვანირად არ შეიძლება.

ტრივიალურად ჟღერდა ეს ყველაფერი? :) მერე რა, ხანდახან ასეთ რაღაცეებში პოულობ ბედნიერებას. 

ბედნიერებაზე და ბედნიერების უფლებაზე ალბათ დავწერ ოდესმე. ხო, წერაც მონატრებული მქონდა.


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..