ნელი ტალღა

გავხსენი ცარიელი ფურცელი და ყველაფერი, აი სულ ყველაფერი დამავიწყდა, რისი დაწერაც, თუ მოყოლაც მინდოდა. არა და, სპეციალურად შევიარე სახლში, რომ სავარჯიშო ზურგჩანთა დამეტოვებინა, ლეპტოპი მეორე ზურგჩანთაში ჩამედო და სამი სავარაუდო ლოკაციიდან ერთ-ერთი ამერჩია, სადაც გემრიელად დავჯდებოდი, ვისაუზმებდი და თან დავწერდი. პრინციპში, თავიდანვე ვიცოდი გულის სიღრმეში, სადაც დავჯდებოდი, მაგრამ ერთ ახალს მივეცი შანსი, შევიარე, რომ მენახა, მენდომებოდა თუ არა გაჩერება, მეორე, უკვე ნაცნობს გვერდზე ჩავუარე და შევიხედე და ბოლოს ამ მოვლითი გზით თავიდანვე არჩეულ მესამეში წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა არ შემაწუხებს, უფრო სწორად ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ამ გარემოს, ამინდს და განწყობას შეესაბამება და მესიამოვნება. სანამ ბენედიქტს მომიტანენ, ყავის სმას ვიწყებ და თითები, როგორც ყოველთვის, თვითონ წერენ სათქმელს. ვფიქრობ, უკან თუ დგას მიმტანი, ალბათ წაკითხვასაც მოახერხებს. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი, ახალი მკითხველი შემოემატოს იქნებ აქაურობას. მე ხომ ისიც არ ვიცი, ვი...