აწ უკვე მართლა დამდგარი ახალი წლის პირველი (?) წერილი

მარტო წიგნები არ გაფიქრებს ცხოვრებაზე. ფილმებიც გაფიქრებს. და აუცილებელი არ არის, ეს კანის კინოფესტივალის გამარჯვებული და ოქროს პალმის მფლობელი, ან თუნდაც ნომინანტი იყოს.  

აი, მაგალითად, ფილმი, რომელშიც მარგო რობი არც ისე მთავარ როლს თამაშობს, ხოლო მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი რაღაცით ახალგაზრდა ტომ იორკს მაგონებს. ალბათ თმით?

apropos ტომ იორკი: The Smile (ბენდი, რომელიც radiohead-ის წევრებისგან შედგება და რაც მთავარია, აქედან ტომია) ევროტურნეს ფარგლებში აგვისტოში ვენაში მართავს კონცერტს. ჯერ არავისთვის მითქვამს ამის შესახებ, მარტო ჩემ ძმასთან ვილაპარაკე, პრინციპში, ვილაპარაკე კი არა, იმან შემატყობინა. ხოდა ვფიქრობ... :) მესამე და სამართალიო, ხომ გაგიგია? :)

საიდან დავიწყე და რაზე გადავედი. ასე ვიცი ხოლმე, სხვადასხვა თემა უნდა განვავითარო. 

რაც შეეხება იმ ფილმს, მოდი, თვითონ მიაგენი აბა, რა ფილმზეა ლაპარაკი. ვნახოთ, თუ გამოგივა. და თუ ნანახი არ გაქვს, ნახე. არ ინანებ. პირველად არ მინახავს. შეიძლება ამჯერად ცოტაოდენი კონიაკის ბრალიც იყო. არა, ბრალი არა, უბრალოდ ხელი შეუწყო ისეთი ფიქრების, ემოციების თუ სურვილების აშლას, რაზეც, სავარაუდოდ, ვცდილობ, არ ვიფიქრო. ან იქნებ ჯობს, ვიფიქრო, რადგან ეს ბოლოს და ბოლოს მოქმედებას გამოიწვევს, მოქმედებამ კი შედეგი შეიძლება მოიტანოს. 

რა თქმა უნდა, ვერაფერი გაიგე, რისი თქმა მინდოდა. არც ყოფილა ეს ჩემი მიზანი. უბრალოდ, ვწერ. 

დღეს თოვლი წამოვიდა. ოღონდ ალაგ-ალაგ. და დრო და დრო. მიყვარს, როცა არ ვჩქარობ. და თან, მეორეს მხრივ, არ მინდა ხოლმე, კვირას იმდენი ხანი მეძინოს, რომ მერე დღე მალე დასრულდეს. პრინციპში, ძალიან გვიანობამდე არ მიძინია. უბრალოდ, გამოვიძინე, ვისაუზმე და მერე ნელ-ნელა უნივერსიტეტისკენ  გავეშურე, რადგან გუშინ ლექციის ჩატარების მერე დამტენი დამრჩა იქვე. რანაირად და ალბათ ვჩქარობდი და იმიტომ. თეატრში მივდიოდი და არ მინდოდა, დამეგვიანა. 

მოკლედ, მეგონა მხოლოდ დაცვა დამხვდებოდა და იმედი მქონდა, შემიშვებდნენ (დღეს ხომ კვირაა). დაცვა კი არა, საკმაოდ ბევრი სტუდენტიც დამხვდა. ჩვენი აუდიტორია ცარიელი, ხოლო დამტენი - ადგილზე იყო. ტელეფონი იქვე დავტენე ცოტა ხანი და მერე გარეთ გამოვედი. საკმაოდ ციოდა, მაგრამ არა შემაწუხებლად. სასიამოვნო იყო გარეთ ყოფნა. ფეხით დავუყევი ჭავჭავაძის გამზირს და მეგობრის შემოთავაზებაზე, მოდი, ყავას დაგალევინებო, დავთანხმდი. სამზარეულოში მჯდომმა რაღაც ეტაპზე ფანჯარაში გავიხედე და დავინახე - თოვდა. დილიდან თოვსო. როგორც ჩანს, უბნებად თოვდა. ყავა, ხილი, საუბრები და... წამოვედი. ვიფიქრე, ცოტა ხანი კიდევ ვივლი მეთქი ფეხით, სასიამოვნო იყო ჰაერი და თოვლით მოტანილი განწყობა, მაგრამ მერე მივხვდი, უკვე შემცივდებოდა და გაჩერებამდე მისული იმ წამს მოსულ ავტობუსში ავედი და წამოვედი. 

მშობლებისგან წამოღებული ვახშამი, დედას გამომცხვარი ხორცის ღვეზელები, რომლებიც ბებიას გამომცხვარს მაგონებს, თბილი სახლი, 2-3 პატარა ჭიქა კონიაკი და ჩათბუნება, მოდუნება... რაღაც ეტაპამდე მეგონა, კიდევ გავიდოდი სახლიდან, მაგრამ მერე მივხვდი - დღეს - აღარ. და მოვდუნდი. 

ფილმმა წერა მომანდომა. ხელები რატომ მაქვს ცივი, არ ვიცი. არა და არ მცივა. ამასობაში მეორე ფილმი დაიწყო. მესამე, მეოთხე. უფრო სწორად, ვცდილობ, კიდევ რამე შევარჩიო. ბოლოს ავიღე ლეპტოპი და პარალელურად უბრალოდ რაღაც ჩავრთე ფონად. დავწერ და ადრე დავიძინებ. თან ჩაის ვსვამ. ხელებს მითბობს. ხო, ადრე დავიძინებ და ადრევე გავიღვიძებ, ვარჯიშზე გამოძინებული წავალ. 

მგონი, ლაპარაკი მინდა. ურთიერთობა. თან არ მინდა, ასეც კარგია. ამიტომ ვწერ. ესეც საუბრის ფორმაა. 

ხანდახან რაღაცეები და ვიღაცეები არ გყოფნის. ხვდები? რაღაც მეტი გინდა. არ გაკმაყოფილებს ის, რაც გარშემოა. კარგი, მოდი ამას აქ არ განვავრცობ. 

ჩემი  კარის მეზობლები დაბრუნდნენ სახლში. აი, გადაკეტეს კარი. კარგია, რომ მხოლოდ სადარბაზოდან შემოდის ხმა, ისიც ხანდახან. ბინიდან ბინაში - არ გადის. ხანდახან მგონია, ეს წყვილი საერთოდ არ გადის სახლიდან. საჭმელს იძახებენ, ჭამენ, ნაგავი რომ გროვდება, კარებთან დებენ. ხანდახან 2, 3 დიდი პარკი დევს. ბოლოს, ალბათ სახლიდან გამოსვლას რომ გადაწყვეტენ და ხვდებიან, გავლაში ხელს უშლით, ყრიან. ხო, ვიცი, რომ რუსულენოვანი წყვილია, მაგრამ მე ინგლისურად მესალმებიან და ის მინიმალური კონტაქტი, რაც იშვიათად გვაქვს, ინგლისურად არის. სულ ეს არის. 

გუშინდელ სპექტაკლს რაც შეეხება, არ მომეწონა. ან ქართული თეატრი აღარ მომწონს, ან გადავეჩვიე. ან - არ ვიცი. არა, იდეა არ იყო ცუდი. შესრულება - კარგი. მაგრამ დიალოგები, მოქმედება ცოტა მეყალბა. ასე არავინ ლაპარაკობს მეთქი, მეგობარს ვუთხარი მერე. თუმცა არ მინანია წასვლა. არც ისე ვყოფილვარ, წამოსვლა, ან ძილი მომდნომებოდა. მერე გაგვიმართლა და ბაზარი ორბელიანზე ჯერ კიდევ ღია იყო და იქ დავსხედით ცოტა ხანი. მერე - მერე ჩავიფიქრე, ახალ წლამდე მომესწრო სახლში მისვლა, უნდა მომეხერხებინა, კონკიასავით ჩემი ავტობუსი კვახად არ ქცეულიყო. კიბეების ავლა-ჩავლა კი მომიწია, მაგრამ ამ ზამთარში ჩემ "შუზებს" კიბეზე ვერ დავტოვებდი. გაძრომით - ვერ გამძვრებოდა, ელვა-შესაკრავით იკვრება. მოკლედ, ნახევრად კონკიად ვიგრძენი თავი და სახლში მართლაც 23:54 შემოვაბიჯე. სკა-ს ენერჯი ბარი შემოვაგდე მაინც, მართალია ჯერ არ იყო 00:00, მაგრამ იყოს, ტკბილით შემოვაბიჯო მეთქი. მერე ბოლო 2 კვირის მანძილზე ფაქტობრივად სულ მზად მყოფ პატარა საახალწლო მაგიდას მივუდექი, ჭიქა კონიაკი დავისხი, და პატარა რილსის გადაღებაც დავასრულე ზუსტად 00:00.

ესეც გეგმით 1 და გეგმავალდებულებით 2 ახალი წელი ჩავამთავრეთ, არ გავხადეთ სალაპარაკო :)

ახლა კი. ახლა საათს ვუყურებ. დავიწყო კიდევ რამე ფილმის ყურება, თუ არ ღირს? 12-ს გადასცდება, ახლა რომ დავიწყო. ალბათ არ ღირს. 

ფიქრებით ისევ იქ ვბრუნდები, იმ სურვილებთან, რომლებიც იმ ფილმმა გამახსენა. შეიძლება ის მოგენატროს, რაც არასოდეს ყოფილა?






ფოტოზე ასახულია 5 წამის უკუათვლა ახალ წლამდე :) 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..