meet me in...

არა და სულაც არ მიყვარდა. მართლა. და საერთოდ, თავიდანვე ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. რომ მხოლოდ მოკლევადიანი იქნებოდა ეს ყველაფერი და მაქსიმუმ, ჩემ თბილისურ არდადეგებს და ზაფხულის 1-2 ცხელ თვეს სასიამოვნოდ გადამატანინებდა. ვინ ვინ და ამაზე მართლა თავიდანვე ვიცოდი, რომ არ იქნებოდა ხანგრძლივი ურთიერთობა. არც რამე სერიოზული და მყარი გამოვიდოდა აქედან. ხო, ვიცი, არ უნდა გასწირო ჯერ კიდევ ახლად დაწყებული ურთიერთობა ასეთი განვითარებისთვის, მაგრამ ჰა, როცა იცი, რასაც (არ) უნდა ელოდო?

და მიუხედავად ამისა, დღეს რატომღაც ზუსტად  და მაინცდამაინც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მეფიქრება. მეფიქრება, რომ შეიძლება, კარგი ყოფილიყო. ყველაფრის, ანუ გამოცდილების მიუხედავად მეფიქრება ასე.  ვფიქრობ, რატომ მე არ აღმოვჩნდი იქ, სადაც ის სხვა აღმოჩნდა? და არ მაქვს პასუხი. რატომ მე არ აღმოვჩნდი ის ბოლო ადამიანი, ქალი, ვისზეც შეაჩერებდა საბოლოო არჩევანს? 

არ ვიცი. არ მაქვს პასუხი. არც იმაზე მაქვს პასუხი, რატომ მეფიქრება და რატომ მგონია, რომ  მე უნდა ვცხოვრობდე ახლა იმ ცხოვრებით, რომლითაც ვიღაც სხვა ცხოვრობს. 

ვიცი, სულელური ახირებაა. არა, ახირებაც კი არ არის. უბრალოდ ხანდახან თვალში მხვდება, ხან რამე მახსენებს და მგონი სრულიად პრაგმატულად მეფიქრება. რატომ სხვაზე არა? რატომ იმაზე არ მეფიქრება ასე, ვის მიმართაც მეტი ემოცია მქონდა, რატომ იმაზე არა, ვის მიმართაც გრძნობა მქონდა? არა, სხვებზე არ ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებით მათ გვერდზე მყოფი ადამიანები ცხოვრობენ. 

ვიცი, ყველაფერი რაც ბრწყინავს  - ოქრო არ არის, არც ისეა ყველაფერი, როგორც წარმოგიჩენენ / უნდათ, დაგანახონ. მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს. რაღაცეებს ინტუიტიურ დონეზე ხვდები. ხვდები, რომ მართლა შეიძლებოდა.

რაც შეეხება... (აქ ვენერა ობოლაშვილის ინტონაციით უნდა წაიკითხო) იმათ, ვინც მიყვარდა... რა ვიცი, რა შეეხება? ან ვინ მიყვარდა? ან რამდენი? ან როგორ უნდა მიხვდე, რომ გიყვარს? ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირია ალბათ ეს წარმოდგენა. ამ გადმოსახედიდან, შეიძლება ვიფიქრო კიდეც, როცა მეგონა, მიყვარდა, ის სინამდვილეში სიყვარული არ იყო, ან ვისზეც არ მეგონა, ის მიყვარდა მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს. მაშინ როგორც მეგონა, ალბათ ისე იყო. რომ იზრდები  - მერე სიყვარულიც სხვანაირი ხდება. ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, ახალი, იმ ძველი, პირველი ვარიანტებისგან განსხვავდება/განსხვავდებოდა. 

რამდენი ხანი ცოცხლობს სიყვარული ველურად? ველურად, ანუ თუ მიუშვი და არ მოუარე. ძალიან ბანალურად რომ აღვწერო, ცეცხლს უნდა შევადარო. შეკეთება სჭირდება, მოვლა სჭირდება. წარმოიდგინე, ბუხარი, რომელიც გინდა, რომ სულ ენთოს და გათბობდეს. თუ  დაანთებ და დატოვებ ასე, თავისთვის, უყურადღებოდ, არ არსებობს, რომ გაძლოს ძალიან დიდხანს. თუ არ შუკეთებ, არ გაწევ-გამოწევ ნაკვერჩხალს და შეშას, სულს თუ არ შეუბერავ და ხანდახან ნავთსაც არ მიახმარ, ცეცხლი კი არა, მბჟუტავი ნაღვერდალიც აღარ დარჩება. შეშა ჩაიწვება, მერე ცოტა ხანი კიდევ იბჟუტებს და მორჩა. ნაცარიღა დარჩება ბოლოს, რომელსაც ან ქარი წაიღებს, ან გადაყრიან, ან უბრალოდ დატოვებენ, ისე თავისთვის და მხოლოდ ხანდახან შეხედვა თუ გაახსენებთ ფაქტს, რომ ოდესღაც ენთო. 

რამ მომაფიქრა ღამის 3 საათზე ამ ყველაფერზე წერა? გგონია ვფიქრობდი ამაზე? არა. არ გამხსენებია. უბრალოდ წერა მომინდა.  აი ის პირველი თემა, რაც პირველ აბზაცებში იყო და ისიც, რაც ამის წინა აბზაცში მიწერია, ზოგადად პერიოდულად მიტრიალებს თავში და ბლოგი რომ გავხსენი, ავტომატურად დავიწყე. ეტყობა დადგა დრო ამის თქმისაც. 

ამასობაში ღამის 3 ხდება. დილით დიდხანს ძილს ვერ მოვახერხებ, ისეთ ადგილას დავწექი. ამიტომ, ჯობს, ახლა დავიძინო. 

ბუხრიანი და სიყვარულიანი დღესასწაული გამოვიდა. ოჯახური. ახლობელი ადამიანების სიყვარულით სავსე. 

ხვალიდან დავუბრუნდები თბილისურ ჯერ კიდევ სასიამოვნოდ ზანტ და სადღესასწაულოდ რეალობას. ჯერ კიდევ ვისვენებ.  წინ ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა  მეგობრით-მეგობრად და კაფით-კაფედ სიარულის და სტუმრების მიღების. ვარჯიშიდან-ვარჯიშზე შესვლის და აუჩქარებლად ცურვის.

აბა, გამოიცანი, რა ფილმის საყურებლად გადავწყვიტე არა საწოლში, არამედ ტახტზე დაწოლა, ლეპტოპის ტვ-ზე მიერთება და "დიკენსის გმირებივით ბუხართან ჩაძინება"?

საბოლოო ჯამში, ფილმს მაინც ვერ ვუყურე სრულფასოვნად, მაგრამ ეგ არაფერი. რაღაც მომენტში ჩაძინებულს სწორედ იმ დროს გამომეღვიძა, როცა სიმღერა უნდა დაწყებულიყო, სიმღერა, რომლის ხათრითაც დავძებნე საერთოდ ეს ფილმი ოდესღაც. ეს სიმღერა კი, თავის მხრივ სხვა ფილმში ვნახე, უფრო სწორად, იმ ფილმში ამ ფილმს უყურებენ, სწორედ ამ კადრს. რა ჩავხლართე :) ამოუხსნელი გამოცანა დავდე, რომელსაც ფილმის კადრი თუ ამოგახსნევინებს. 

და კიდევ - ეს ფრაზა:

have yourself a merry little christmas

p.s. ბარემ ამასაც მოგიყვები: დღეს, უფრო სწორად უკვე გუშინ, ადამიანს მივწერე, რომელიც დიდი ხანია, შორიდან ძალიან მომწონს. შორიდან იმიტომ, რომ არც კი ვიცნობ. თუ შეიძლება, უცნობი ადამიანის მიმართ სიმპათიით იყო განმსჭვალული? რატომაც არ შეიძლება. მეტი სითამამე რომ მქონოდა, ალბათ ვეტყოდი, ყოველთვის მომწონდით მეთქი. მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ. და ისედაც, რატომ გამახსენდა და გუგლმა რამდენიმე წლის წინ, ერთ მშვენიერ მუსიკალურ ივენთზე გადაღებული მისი პატარა ვიდეო და ფოტო ამომიგდო და სპონტანურად გადავწყვიტე - გამეგზავნა. ხოდა ავდექი და გავუგზავნე, და  ახალი წელიც მივულოცე. საბედნიეროდ, სწორად გაიდო, არ უფიქრია, რომ ვიღაც მანიაკი ვარ :)) მადლობაც გადამიხადა და მოლოცვითვე მიპასუხა. აი ასე უბრალოდ და სასიამოვნოდ დასრულდა 1 იანვარიც. 2024 ოფიციალურად დაწყებულად გამომიცხადებია :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..