ნელი ტალღა

გავხსენი ცარიელი ფურცელი და ყველაფერი, აი სულ ყველაფერი დამავიწყდა, რისი დაწერაც, თუ მოყოლაც მინდოდა. არა და, სპეციალურად შევიარე სახლში, რომ სავარჯიშო ზურგჩანთა დამეტოვებინა, ლეპტოპი მეორე ზურგჩანთაში ჩამედო და სამი სავარაუდო ლოკაციიდან ერთ-ერთი ამერჩია, სადაც გემრიელად დავჯდებოდი, ვისაუზმებდი და თან დავწერდი. პრინციპში, თავიდანვე ვიცოდი გულის სიღრმეში, სადაც დავჯდებოდი, მაგრამ ერთ ახალს მივეცი შანსი, შევიარე, რომ მენახა, მენდომებოდა თუ არა გაჩერება, მეორე, უკვე ნაცნობს გვერდზე ჩავუარე და შევიხედე და ბოლოს ამ მოვლითი გზით თავიდანვე არჩეულ მესამეში წამოვედი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ მუსიკა არ შემაწუხებს, უფრო სწორად ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ამ გარემოს, ამინდს და განწყობას შეესაბამება და მესიამოვნება. 

სანამ ბენედიქტს მომიტანენ, ყავის სმას ვიწყებ და თითები, როგორც ყოველთვის, თვითონ წერენ სათქმელს. 

ვფიქრობ, უკან თუ დგას მიმტანი, ალბათ წაკითხვასაც მოახერხებს. პრინციპში, რა არის ამაში ცუდი, ახალი მკითხველი შემოემატოს იქნებ აქაურობას. მე ხომ ისიც არ ვიცი, ვინ კითხულობს ამ ყველაფერს. მაქსიმუმ, ერთი-ორი ლაიქით მივხვდე, განცხადებული მკითხველების ვინაობას. 

დღეს დილით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ადამიანებისთვის პატარა სიხარულის მინიჭება შენთვისვე რამხელა სიხარულის მომტანია. ასეთი რაღაცეებისგან იქმნება კარგი დღე. დღეს ამას ისიც ემატება, რომ მზიანი დღეა, ძალიან არ ცივა და ეს ოდნავ სუსხი უხდება კიდეც ამინდს. დილით ისევ ძალიან გამიჭირდა გაღვიძება. გვიან დავბრუნდი, კიდევ უფრო გვიან დავიძინე და დილას, სანამ ავდგებოდი, უკვე იმას ვფიქრობდი, სახლში რომ დავბრუნდები, ისევ შევწვევი და დავიძინებ მეთქი. რა სისულელეა. ხომ ვიცოდი თავიდანვე, რომ არ ვარ ამის გამკეთებელი :) დღისით რომ დავწვე, მით უმეტეს ლოგინში ჩავწვე, ამისთვის სერიოზული მიზეზი მჭირდება. და ერთ-ერთია, მართლა ავად უნდა ვიყო ან ისე ძალა და ენერგია გამოცლილი, რომ მხოლოდ ეს თუ გამომიყვანს. და / ან შაკიკი მქონდეს გაუსაძლისი და მარტო ძილი მშველოდეს. საბედნიეროდ ეს მიზეზები უიშვიათესია. ხოდა ერთი, რაც უნდა გავაკეთო, ისევ ჩავდგე რეჟიმში და ადრე დაძინება აღვადგინო, რომ დილით ისევ ენერგიულად მეღვიძებოდეს. 

იოგაზე ვერ მოვასწარი წასვლა. თმას ვიღებავდი დილით ადრე. სულ რაღაც 10 წუთით ადრე რომ გამოვსულიყავი და ძალიან ჩქარა მევლო, ალბათ მივასწრებდი, მაგრამ გადავწყვიტე, მოვდუნებულიყავი და შემერგო სრულიად თავისუფალი დილა. არა უშავს, იოგას ამ საუზმით ჩავანაცვლებ დღეს :)

ამასობაში კიდევ ერთი აუდიო წიგნის სმენა დავასრულე. ზამთარ უხდება ეს ავტორი. ბოლოს წაკითხული / მოსმენილი წიგნის მერე, რომელიც გუშინ დავასრულე და ავტორი არ მკითხო, უკვე არ მახსოვს (ეს აუდიო წიგნების ერთ-ერთი მახასიათებელია, ვფიქრობ. ხან სათაურიც კი არ გამახსოვრდება, თუ ცნობილი და ხშირად გაგონილი არ არის), ვფიქრობდი, ახლა რა დავიწყო მეთქი და მივხვდი, ბევრ ფიქრს და ძებნას, მარტივად შემეძლო ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნის ავტორს დავბრუნდებოდი. ხო, იმ წიგნზე დავწერე უკვე. წელს ალბათ მე X-ჯერ წავიკითხე/მოვისმინე. ხოდა ამ თვეს მის წიგნებს მივუძღვნი, იმათ, რომლებიც არ წამიკითხავს და იმათაც, რომლებიც არ მახსოვს. პატარა ნოველებიც ჰქონია, 44 წუთში რომ ისმინება და გუშინს მერე აგერ უკვე მესამე ასეთის სმენას ვიწყებ ახლა. მივხვდი, ზამთარი უყვარს განსაკუთრებით. და სავარაუდოდ, სრიალიც. უფრო სწორად, უყვარდა. ისე, გადამეხედა მაინც მისი ბიოგრაფიისთვის, არ იქნებოდა ცუდი. 

საკმაოდ დიდი დარბაზია და ბევრი მაგიდაან. რომ შემოვედი, სულ ალბათ 4 მაგიდა იყო დაკავებული. ამასობაში კი დაიწყო ხალხმა შემოსვლა, ლანჩის დროა. და დარბაზიც ნახევრად არა, მაგრამ მესამედი მაინც გაივსო. მუსიკა ფონად ჟღერს სასიამოვნოდ. ადამიანის ხმებიც ოდნავ მოგუდულად ისმის. 

გამახსენდა - გუშინ ერთი აუდიო წიგნის დამთავრებისას, ფონად მუსიკა ჰქონდა, უცებ ძალიან მომინდა ტანგოს ცეკვა. თან ქუჩაში :)) აი ასე უცებ, რომ ჩაგესმება და მოკიდებ ხელს, უფრო სწორად მოგკიდებს და შენც უპრობლემოდ აჰყვები და აცეკვდებით. საიდან მოვიტანე? ტანგო ცხოვრებაში არ მიცეკვია, არც ვიცი :) არც სურვილი მქონია ალბათ. მაგრამ წიგნის ბოლოს გაიჟღერა და უცებ გამიჩნდა სურვილი. ხომ იცი, რომ ჭკუა არ დამიშლიდა, უცებ ქუჩაში აგ/ვყოლოდი ცეკვაში :)) მთავარია, გვერდზე შენც ასეთი იყო, რომ მოგინდეს უცებ გაგებულ მუსიკაზე აცეკვება :) ტანგო იყო კი? რა მნიშვნელობა აქვს... 

ამასობაში ჩემი ბენედიქტი მოვიდა. ამ პურის ხათრით მომინდა კიდევ აქ ჭამა. გუშინ და დღეს ვარღვევ ჩემ ბოლო დროს დაწესებულ კვების რეჟიმს. ცოტა ვარღვევ :) ვინ დამიწესა? ჩემ თავს დავუწესე და ისევ შევეჩვიე, მომწონს :)

ცოტა ხნით ვწყვეტ წერას, საუზმით უნდა ვისიამოვნო :)

ოკ, დავბრუნდი. გემრიელად ვისაუზმე და თან ახალი წიგნის სმენა დავიწყე. ეს უკვე რომანია, რამდენიმე დღე მაინც მეყოფა :) ყავა მოვიდგი, ნახევარი ჭიქა დამრჩენია. გარეთ ფისო დადის. ახტა რაფაზე და მზის ლაქა იპოვა. ყურები ცოტა დაცქვეტილი აქვს, რაღაც ხმები ესმის, სავარაუდოდ ისეთი, რაც ჩვენთვის მიუწვდომელია. ეს ის ფისოა, იმ დღეს საღამოს აქედან გასულებს რომ დაგვხვდა აივანზე და ხან რომელს ეხახუნა და ხან რომელს? ერთ-ერთმა მეგობარმა ისიც კი გადაწყვიდა, ძალიან ცივა და აქ ხომ არ დავტოვებთ, მოდი კაფეში შიგნით შევუშვათო. არა და უკვე იკეტებოდა აქაურობა. კარიც გაუღო, მაგრამ ფისო არ შევიდა. იცის, თავისი ადგილი როგორც ჩანს. მერე გზად კიდევ ერთი ფისო შემოგხვდა, აი ის, სახლისკენ მიმავალ გზაზე თითქმის ყოველთვის რომ მხვდება რომელიმე მანქანის "კაპოტზე" მჯდომი. ზედ არ მიყურებს ხოლმე, არც ხტება. არა და მე აუცილებლად ვეუბნები ხოლმე ერთ-ორ სიტყვას. იმ დღეს არ ვიცი, რა სჭირდა, იქნებ მართლა სციოდა, ან თოვლის თხელი ფენით დაფარულ მანქანაზე ჯდომა არ მოსწონდა. ჩამოხტა და ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც მაცილებდა, ფეხებში გაუგორდა, გაესაუბრა, ეხახუნა...  მეშინია, ერთხელაც არ მოვდუნდე და ყველა ასე შეხვედრილი კატა სახლში არ წავიყვანო. არა და ვთქვი, არანაირი ცხოველი აწი ჩემ სახლში. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, ოდესმე შეიძლება "გავტყდე" :)

შემოდის ხალხი. 2-2 სხედან, ზოგი 3, 4. ერთი ორ მაგიდაზე - მარტოც. სავარაუდოდ სამსახურებიდან გამოდიან, მიირთმევენ და წავლენ უკან. ჩემი სამუშაო დღე კი აწი დაიწყება. სადღაც 2 საათში. ერთი გაკვეთილი მიცდება და ამის ხარჯზე დღეს მეტი დრო გამომითავისუფლდა. ასე რომ, რაღაც მორჩენილ რამდენიმე პატარა საქმეს მოვითავებ, რომ ავალ. მერე კი 8 საათამდე ვიმუშავებ. მერე - ვნახოთ. დღეს პარასკევია და პრინციპში, დღესაც რომ დავიძინო გვიან და დღესაც გავიდე მეგობრების სანახავად, არაფერი დაშავდება. იმ კვირიდან დავუბრუნდები რეჟიმს. 

წიგნში ამასობაში მოვლენები ისე გავითარდა, მივხვდი, სიუჟეთი იძაბება. არა და მე ყურადღება პოსტზე მქონდა გადმოტანილი და გამომრჩა რაღაცეები. ამის წერას დავასრულებ და გადავახვევ :)

დღეს გავიაზრე უკვე კარგად - დეკემბრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული საკმაოდ მსუბუქი რეჟიმი მქონდა, ისეთი, ბოლო ორი წლის მანძილზე რომ არ მქონია. და ამოვისუნთქე. აღვიდგინე ძალები, განვიტვირთე, ვისიამოვნე. მერე ნამდვილი არდადეგებიც წამომეწია, სრული დასვენებით და ამის მერე კი ნელა, ნელ-ნელა და არა ერთბაშად ვუბრუნდები მუშაობას. ვფიქრობ, თებერვლის შუა რიცხვებიდან რომ დაიწყება სწავლის ბოლო ეტაპი და + ერთი ახალი (ვფიქრობ, დროებითი) საქმე, უკვე კარგად მომზადებული და ენერგიით შეიარაღებული ვიქნები. მერე კი... მერე კიდე დიადი გეგმები მაქვს, და ყველაფერი უნდა კარგად გამოვიდეს! :)

მოდი, ამ ამაღლებულ ნოტაზე დავასრულებ წერას, ყავას მივუბრუნდები და ამასობაში სახლში ასვლის დროც მოვა. 

ზამთრის გადასარევი შუადღეა :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..