In a sentimental mood

სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. არა, ცუდ ხასიათზე არა, არც მოწყენილი. აი უცებ დადგა სენტიმენტალ mood. 

დასვენების და სადღესასწაულო დღეები დასასრულს უახლოვდება. ხვალ ჯადოსნური ღამეა, ხვალ ღამე უკვე შობაა. 7 იანვარს ასე ვთქვათ "შეიკვრება" სხვადასხვა ამქვეყნიური და არაამქვეყნიური მოვლენებით ეს არდადეგები და ეგ არის. მერე, 8 იანვრიდან ისევ გაჩვეულებრივდება ყველაფერი...  

დილიდან გარეთ ვიყავი დღეს. ამ წელს პირველად წავედი ვარჯიშზე. ამ სეზონზე სავარაუდოდ ბოლოჯერ გავისეირნე ორბელიანზე და დავლიე glühwein. არასოდეს მაწუხებს ხოლმე საშობაო მუსიკა და სიმღერები. მაგრამ დღეს რომ ვსეირნობდით, ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ საკმარისია, საკმარისად მოვისმინეთ და კარგადაც "დავამრგვალეთ" დღესასწაულები. 

ეს გაციებაც რაღაცნაირად უხდება ამ ამინდს და განწყობას. ხანდახან თავი რომ არ მტკივდებოდეს ცხვირით სუნთქვის გართულების და ჟანგბადის მიუწოდებლობისგან. 

კიდევ? ბევრ ფილმს ვუყურე. ძალიან მიხარია, შტეფსელი როგორც იქნა, რომ გავაკეთებინე და ტელევიზორი ისევ მუშაობს. ვუყურე არა მხოლოდ საშობაო ფილმებს. 

იცი რა ასაკში მომინდა, ვიყო? აი წეღან ერთ ფილმს ვუყურე. პირველ ფილმს after* ჰქვია. მერე მოჰყვა გაგრძელება, მთელი 3 ფილმი გადაიღეს. ყველა ნანახი მქონდა. და შარშან კიდევ გადაუღიათ ერთი - after everything. ხოდა აქ წყვილი უკვე გაზრდილია. ოღონდ არც ისე. აი იმ ასაკში არიან, ჯერ კიდევ რომ ირჩევენ, ჯერ რომ უამრავი რამ, უამრავი შესაძლებლობა და გზა ეშლებათ წინ: რომელ ქალაქში იცხოვრებენ, რომელ უნივერსიტეტში განაგრძობენ ან იქნებ აღარც განაგრძობენ სწავლას, ისევ გადაეშვებიან თუ არა იმ ურთიერთობაში თავით, თუ რაღაც ახალი დაიწყება? ყველაფერი რომ წინ არის. აი მაგ ასაკში. არა და მეორეს მხრივ, იმ ასაკში ვართ, როცა შენი თავიც ნაპოვნი გყავს, შენ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიაც ნაპოვნი გაქვს. მაგრამ... მაგრამ იმდენი რამ ხომ აღარ არის წინ? თუ კი?

კიდევ ერთ დასკვნამდე მივედი. უხ, დიდი აღმოჩენააო, იტყვი. აი გამანათა უცებ: ეს ერთი კვირა ჭეშმარიტი დასვენება მქონდა. კი, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მქონდა უკვე შემსუბუქებული რეჟიმი და ნახევრად არდადეგებივით, მაგრამ სრულიად დასვენება ზუსტად ეს ერთი კვირა გამომივიდა და აი დღეს ეტყობა პიკს მიაღწია და კარგად გავიაზრე, შევიგრძენი და მივხვდი - ძალიან კარგად ვარ და არ მინდა მუშაობა :)) არა, აქამდეც ვიცოდი, რომ ბედნიერებისთვის მუშაობა არ მჭირდება. თუმცა, ჩემი საქმე ისე მიყვარს და მსიამოვნებს, რომ არ მთრგუნავს (მთავარია, ისევ მხოლოდ ჩემ თავზე ვიყო დამოკიდებული და მე განვსაზღვრავდე სად რა როდის-ს), პირიქით. მაგრამ! აი დღეს დღის ბოლოს უცებ მივხვდი, რომ, ასეც გადასარევად ვარ. უშრომველად რომ მოდიოდეს შემოსავალი, არ ვიტყოდი უარს :) ველოსიპედი არ აღმომიჩენია და არც ევრიკას დავიყივირებ. არც პირველად მითქვამს და მიფიქრია ეს და არც უკანასკნელად, არც მე ვარ პირველი და არც უკანასკნელი. უბრალოდ, აი ახლა, კიდევ ერთხელ დადგა ეს მომენტი. ოკ, საკმარისია ამაზე. მთავარია, დასვენებულ-დარესტარტებული დავუბრუნდები ავთერ დღესასწაულების ცხოვრებას. 

ხო, კიდევ ერთს მივხვდი ამ დღეებში - რატომ არის ზაზუნას დღე 2 თებერვალს: ზამთარი ოფიციალურად ხომ დეკემბერში იწყება? კი. არაოფიციალურად - ნოემბერში. ნოემბერი ოკ-ა. ახალი დაწყებულია. ხო და დეკემბერში ჯერ შობა-ახალი წლისთვის ემზადები, მერე დგება შობა-ახალი წელი. მერე პოსტსაახალწლო პერიოდია და ისევ ნელ-ნელა ეჩვევი ჩვეულებრივ ცხოვრებას. მერე ეს ჩვეულებრივობა ძალიან იწელება, იწელება, ჯერ კიდევ ცივა, არაფერს ელოდები. ჯერ კიდევ ზამთარია. და ხვდები, რომ აგერ უკვე მეოთხე თვეა, ზამთარია. და შეიძლება, კიდევ ერთი თვე გასტანოს. გაზაფხულამდე - შორია. ზაფხულამდე - მით უმეტეს. და აი, ზუსტად ეგ არის  ზაზუნას დღე. როცა ცხოვრება "გაზაზუნასდღევდება". თუმცა, ამის მერე  უკვე იცი, რომ თებერვალია, თებერვალი კი მოკლეა, თებერვლის მერე თუნდაც ნახვერად ზამთრული, მაგრამ მაინც გაზაფხულის თვე - მარტია. მარტის მერე კი აპრილი, მერე აღდგომაა, მერე ზაფხულია და ა.შ.

აქ, რა თქმა უნდა, ასოციაციურად გამახსენდა ნაწყვეტი მულტფილმიდან "გოგონა და შადრევანი" და ის ფრაზა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული...

რაღაც მოვლენებისგან და ფიქრებისგან ისე ვარ დისტანცირებული და მომწყდარი, თითქოს არც კი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, ან ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არც ისე დიდი ხნის წინ არსებული მოვლენებისგან და ფიქრებისგან. კარგია. აი ეს არის ნამდვილი დასვენება და გონების განიავება. 

კარგი, დიეტას ორშაბათიდან დავიწყებ. უფრო სწორად, სწორ კვებას. ასე თუ ისე სწორს. მანამდე - ბოლომდე ვირგებთ ყველაფერს, მანამდე ბოლომდე ვინარჩუნებთ სადღესასწაულო განწყობას. ინსტრუქციისთვის იხ. ფოტო ქვემოთ :)

აჰა, მაინც გადასცდა 12-ს და მეტიც, 2-ის ნახევარია. არა და, ყველაზე გადასარევად ვიღვიძებ და ვგრძნობ თავს. როცა 12-ზე უკვე ვწევარ. მართლა. არა უშავს, ეს ორი დღეც. მერე ჩავჯდები რეჟიმში :))

აა, კიდევ რა "დავამუღამე" ამ პერიოდში: პრინციპში, არც ეს არის ახალი და ამაზეც  გვიხუმრია სამეგობროში არაერთხელ, აი ტიპიურ მომენტებზე ფილმებში. ყველაფერი არ გამახსენდება ახლა, მაგრამ მაგ. ის, რომ მთავარ მოქმედ პირს აუცილებლად ჰყავს 1 აფროამერიკელი მეგობარი. სულ ერთია, ქალი იქნება მთავარი გმირი, თუ კაცი. თუ მთავარი გმირი ქალია და თან ლამაზი, აუცილებლად ჰყავს ნაკლებად ლამაზი უახლოესი მეგობარი, ხანდახან "შეუხედავიც" კი. ხან რამდენიმე, რომლებსაც სჯერათ მისი და აგულიანებენ. ან იცავენ. კიდევ - ტიპიური ფრაზები. ამაზე სულ გვიყვარდა ხოლმე ხუმრობა. რაღაც პერიოდი საერთოდ ჰოლივუდური ფილმების ფრაზებით ვლაპარაკობდით. ამას წინათ კი ერთ მეგობარს ცხოვრების სცენარი გავუწერეთ უცებ, ზეპირად, ქუჩაში სიარულისას, სპონტანურად, უფრო სწორად ერთი მოვლენის შესაძლო განვითარების სცენარი, ისე, რომ ნებისმიერ სცენარისტს შეშურდებოდა. თავისი დიალოგებით და მზერებითაც კი. და აი ზუსტად, იმ დღეს რაზეც ვიცინეთ, ის იყო დღევანდელი ფილმის ბოლო სცენაში :)) ნუ თითქმის. ფილმი უფრო დრამატულად დასრულდა. ჩვენ უფრო ჰეფი ენდისკენ წავიყვანეთ :)) ხო, აქვე ვიტყვი, სექსის საკმაოდ კარგი სცენებია ამ ფილმში, ხუთივეში. არა, ჟანრი რამე ისეთი არ გეგონოს. უბრალოდ ლამაზია.

იდეაში, პოსტის საუნდტრეკი დიუკ ელინგტონის და კოლტრეინის კომპოზიცია უნდა ყოფილიყო და პოსტის სათაურადაც ამ კომპოზიციის სახელის აღებას ვაპირებ, ეს ყველაფერი კი პოსტის პირველივე აბზაცის, პირველი ფრაზის ბრალია. 

პრინციპში, კი, იყოს, რატომაც არა?! კი გადაიარა ამასობაში ამ სენტიმენტალურმა განწყობამ და უფრო ძილის სურვილმა ჩაანაცვლა, მაგრამ იყოს მაინც. 

ხო, ახალი სურნელით გადმოვაბიჯე ახალ წელში. სუნამო, რომლის სახელი მომწონს ძალიან :)) ბრმად ვიყიდე, სახელის მიხედვით და გაამართლა :)) 

ამასობაში სურვილები კოსმოსში თუ სამყაროში გაშვებულია :) მომავალ წელს ბეევრი არაჩვეულებრივი მოგზაურობა იქნება და კიდევ ბევრი საინტერესო და კარგი რამ :P 

უკუათვლა 7 იანვრის დაღამდებამდე დაიწყო.

ბედნიერი შობა, წინასწარ. 



 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..