შავი ტკბილი ჩაი, სანქტ გალენი და ახდენილი ოცნებები

ჩემთვის ვიდექი ესკალატორზე, სახლში ვბრუნდებოდი და უეცრად, არსაიდა მოვიდა ჩაის სურნელი. ოღონდ იცი როგორი, აი ბავშვობაში შაქრიან ჩაის რომ გვასმევდნენ, საკმაოდ დამტკბარს, გასაგრილებლად ლამბაქზე რომ ვასხამდით, აი მაგ გაგრილებული შავი, ტკბილი ჩაის სუნი. კი, გაგრილებულ ჩაის სხვა სუნი აქვს, მით უმეტეს, შაქრიანს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჰქონდა. ხომ არ გადავამოწმო, ისევ შერჩა თუ არა, თუ შევეშვა, არ ჩამოინგრეს ეს სურათი :) არა და ჩაიში კი არა ყავაშიც დიდი ხანია აღარ ვიყრი შაქარს. თუმცა, როცა რამე მაწუხებს, უფრო სწორად თუ რამე საჭმელი მაწყენს და დიეტის დაცვა მიწევს 1-2 დღე, აი მაშინ მინდება ხოლმე ტკბილი შავი ჩაი. რა უცნაურია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ასეთ დროს. ხოდა როგორც ჩანს, ბავშვობის სუნი აქვს მაგ ჩაის. მაგრამ დილით, მეტროში საიდან გაჩნდა, არ ვიცი :)

სახლს ვალაგდებდი და თან ყურსასმენში წიგნს ვუსმენდი, 2 კვირა უცხო ქალაქში - ასე ქვია. ნუ, ალბათ ასე თარგმნიდნენ ქართულად. და იქ ერთგან იძახის ერთ-ერთი გმირი: არის ქალაქები, რომლებიც ერთი ნახვით გაყვარებენ თავსო. რომზეა თვითონ შეყვარებული, ადრეულ ახალგაზრდობაში, თითქმის ბავშვი როცა იყო, მაშინ ჰყავდა მამას წაყვანილი, რაღაც კაფეში დასხდნენ ყავის დასალევად, სადაც ლამაზი ოფიციანტი გოგოც ერთი ნახვით შეუყვარდა და გადაწყვიტა, რომ არაჩვეულებრივი იქნება, ცხოვრების ბოლომდე აქ შეძლოს ყავის სმა, იტალიელებით გარშემორტყმულმა. და მოგვიანებით აისრულა კიდეც ეს სურვილი. ცხოვრობს რომში, თუმცა ბევრს მოგზაურობს. როგორ მესმის მისი :) ხოდა აი ის ფრაზა რომ თქვა, ყველას თავისი ქალაქი აქვს, არის ქალაქები, რომლებსაც ერთი დანახვით იღებს შენი სული / ან ერთი ნახვით გიყვარდებაო, მანდ გამახსენდა: 

მიუნხენიდან შვეიცარიაში მივდივართ. მიუნხენში 2 კვირით ვარ ჩასული. აი ასე ავდექი და წავედი გამოფენაზე, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიმიძღვოდა (ამაზე მოგვიანებით, ან მერე, ან სხვა დროს, ან პირადად, თუ დაგაინტერესებს). ხოდა ერთი - ეს გამოფენის გახსნა, თან ბავშობის უახლოესი მეგობარი, რომელთანაც მანამდე მეჯვარედ (სამოქალაქო მეჯვარედ) ვიყავი ჩასული (მაშინ ეს პირველი ჩასვლა იყო მიუნხენში). ეს ორი მიზეზი საკმარისი იყო, რომ ვიზაზე შემატანა განაცხადი (ხო, მაშინ ჯერ კიდევ ვიზა იყო საჭირო), ბილეთი მეყიდა და წავსულიყავი. მაშინ რატომ გამოდიოდა ყველაფერი უფრო მარტივად?

ხოდა თამთამ, რომელიც ბევრს მაშინაც უკვე ბევრს მუშაობდა, გადაწყვიდა, 2 დღე დაეტოვებინა ქმრისთვის პატარა შვილი და შაბათი-კვირა ერთად გაგვეტარებინა. და ისე, რომ არც იცოდა, ჩემი ბავშობის ოცნება ამიხდინა - შვეიცარიაში წამიყვანა. ციურიხში ავტობუსით წავედით. ისე მთავრდება ერთი ქვეყანა და იწყება მეორე, ვერ მიხვდები. მხოლოდ ალაგ-ალაგ წარწერები გვამცნოდა ცვლილებას. და აი, შვეიცარიაშ შევდივართ. ერთი ფოტო მაქვს იქიდან: ავტობუსში მეორე სართულზე ვსხედვართ, ზედ ფანჯარასთან (ჩვენ ქვევით მძღოლი ზის). ანუ წინ და გვერდზე ფანჯრებია. მე ფეხები ზემოთ მაქვს შემოწყობილი, მინაზე, სახე გაბადრული და ემოციებით გადავსებული ვარ და თამთას ვეუბნები, ახლა შეიძლება გავგიჟდე ბედნიერებისგან და მზად იყავი მეთქი :) 

რამდენიმე ქალაქი გავიარეთ ციურიხამდე. უკვე ბნელოდა. და აი, კიდევ ერთ ქალაქში ვჩერდებით. სანქტ გალენი... ფანჯრიდან ვიყურები. პატარა ქალაქია, პატარა ქუჩებით. აი, დეკორაციებს რომ ჰგავს, დაახლოებით ისეთი. ბნელა და შეიძლება ბევრი არაფერი ჩანს, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს განათებულ კაფეს ვხედავ. კი, დღემდე ვხედავ, აი ამას რომ ვწერ, თვალწინ მიდგას. დიდი ფანჯრებია, ვიტრაჟები, ასე რომ კარგად ჩანს, ყოველ შემთხვევაში მაგიდასთან მდგომი მაგიდები. დიდ მაგიდასთან ახალგაზრდები სხედან, ლამაზები, ლაღები, ლაპარაკობენ, იცინიან. საოცარი მუხტი მოდის. აი ზუსტად რომ გრძნობ, და არ გჭირდება დადასტურება. ზუსტად იცი. ისეთი შთამბეჭდავი იყო, ისე შემეხო, მზად ვიყავი, ჩამოვსულიყავი და დავრჩენილიყავი იქვე, შევსულიყავი იმ ბარში, შევერთებოდი მათ და იმ ქალაქში გადავცხოვრებულიყავი იმ წუთიდან. ასე კი მხოლოდ ფილმებში იქცევიან ალბათ... ისიც ჰოლივუდურ ფილმებში. ან წიგნებში... თუ ხდება უკვე ასე ცხოვრებაშიც? განსაკუთრებით, თუ ვიზა არ გჭირდება. 

სანამ მუშაობას დავიწყებ, ტახტზე განვთავსდი. 3 საათის წინ საუზმის დროს დაწყებულ ფილმი დაპაუზებული მქონდა. განვაპაუზე. აქაც იტალიაში ხდება მოქმედება, ოღონდ პატარა, უპატარავეს იტალიურ ქალაქში. ხო, ცოტა არ მიყვარს გეგმებზე ლაპარაკი, მგონი ცრურწმენასავით არის. თუმცა რა, კი იცის უკვე ბევრმა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება და სექტემბერში ჩემი ბოლო ორი წლის ოცნების - ტოსკანის კულინარიულ ტურში წავალ :) მერე ჩამოვალ და მერე... მერე დროებით გადავალ საცხოვრებლად სადმე, ევროპაში. ისე, რომ ხშირად წასვლა-წამოსვლა შემეძლოს :) ეს სადღაც ალბათ ვენა იქნება, ან რამე სხვა ქალაქი, ან იქნებ გერმანიის რამე ქალაქი. ან იქნებ შვეიცარიისაც კი... არა და თავიდან - თბილ ქვეყნებში მინდა გადაცხოვრება მეთქი, ამით დავიწყე. ვინ იცის, იქნებ მაინც ასე გამოვიდეს საბოლოო ჯამში და თბილ ქვეყანაში გადავიდე დროებით :) სექტემბრამდეც არის რაღაც გეგმები და სიახლეები, ოღონდ ამაზე სხვა დროს.

ეს ბოლო აბზაცი დაცულია ანტივირუსით, გიშერით, დანით, მინერალური ქვებით, ლოცვით, სამყაროში გაშვებული პოზიტიური აზრებით და ა.შ. :))) 

ამასობაში ფილმიც დასრულდა. ამ ფილმის ყურება, მახსოვს, ადრეც დავიწყე, შეიძლება არაერთხელაც კი. მაგრამ, როგორც ბევრი ფილმი, ბოლომდე ვერ ვნახე. იმიტომ რომ ფილმებს, როცა არ მცალია, ხან 2-3 დღის, ხან კი 1 კვირის განმავლობაში ვუყურებ ხოლმე, ნაწილ-ნაწილ. ეს კვირაც ძალების და ენერგიის მომარაგების კვირაა. ხოდა მშვენიერი ფილმი აღმოჩნდა. ბარემ ამის სახელსაც დავწერ: დიდი აფიორა პატარა ქალაქში. წიგნის და ფილმის სახელიც ჩემი ნათარგმნია. მონდომების შემთხვევაში ორივეს პოვნა შეიძლება. 

და სანამ ბლოგს ჩავკეცავ და საქმეს შევუდგები,
კიდევ იცი რა - ყველაზე კარგი იქნებოდა, მწერალი ვიყო. ან იქნებ, მართლა გავხდე ოდესმე :) ერთ ბესთსელერზეც თანახმა ვარ :)))  წერაში და კითხვაში რომ მიხდიდნენ ფულს. და აქ ისევ მახსენდება ის "ქარდი". რადგან რუსულენოვანი ხუმრობაა, ჯანდაბას, მხოლოდ ამას დავწერ ორიგინალში, ეს ერთი მეპატიება: IПод утро он вышел из квартиры писательницы и подумал: "Книга лучше". ამაზეც თანახმა ვარ :)


p.s. და კიდევ, ნებისმიერი პასაჟი, აზრი, ფაქტი, თუ უკვე შეგხვედრია ჩემ ბლოგზე, სხვა პოსტში, არ არის უბრალო დამთხვევა. ისიც ჩემი დაწერილია, უბრალოდ არ შემიწუხებია თავი იმის გადამოწმებით, უკვე ხომ არ ვისაუბრე ამაზე. ეგ არაფერი. მაინც "არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში" :) 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..