ბოლო უმისამართო წერილი

ვფიქრობდი, ეს ბოლო წერილი იქნება მეთქი. ხო, წუხელ ვიფიქრე, ჩაძინებისას. ხვალ ბოლო წერილს დავწერ მეთქი. მაგრამ არა, ბოლო წერილი არ იქნება. ზოგადად, ეს ჟანრი თუ სტილი მომეწონა, რაღაცნაირად უფრო მარტივად გადმოვცემ თუ მარტივად ველაპარაკები თითქოს მკითხველს. ამიტომ, წერილები სავარაუდოდ გაგრძელდება. ისევ გაუგებარი იქნება, ვის მივმართავ, ან მივმართავ თუ არა ვინმეს. ხან იქნება ისე, რომ მივმართავ ერთს, ორს, სამს, არავის. ხან ერთდროულად რამდენიმეს. უბრალოდ, შენ - ბოლოჯერ გწერ. 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გამიშვი. გამათავისუფლე. არის ამაში რაღაც შვებაც და მტკივნეულიც. ვერ ვხვდები, მიხარია, თუ არა. მგონი უბრალოდ მჭირდებოდა რაღაცის მოსმენა/წაკითხვა.  და ასეც მოხდა. როგორ? აი ასე:

არ ვიცი, ვის გაეცინება, ვინ სერიოზულად მიიღება, მაგრამ ჩემი ინტუიცია მუშაობს. დღემდე მუშაობს და პრინციპში, მიხარია. რომ გითხრა, რამეში ვიყენებ მეთქი, არა. ხანდახან ცოტა მაშინებს კიდეც. მაგრამ ნუ, რაც არის, არის. ცოტა "კუდიანი" ვარ. რამდენჯერ მითქვამს, ადრეულ საუკუნეებში რომ მეცხოვრა, შეიძლება კოცონზე დაწვაც კი გამხდარიყო ჩემი ხვედრი. ხოდა ხანდახან მძაფრდება ინტუიცია. ხან - სძინავს. და გარკვეულ ადამიანებთან მიმართებაში განასკუთრებით მუშაობს. 

ხანდახან რაღაც უბრალოდ ვიცი. ისე, რომ არც არავის უთქვამს რამე, არც რამე საფუძველი ამქვს ამის ცოდნის, ყურ მოკრულიც კი არ. უბრალოდ აი უცებ ადგება და დადგება რაღაცის ცოდნა. მერე გარკვეული ხნის მერე ვიგებ, რომ კი, ასეა, ან ასე იყო. ან, როგორც, მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში (არ დავკონკრეტდები) - უბრალოდ ვგრძნობ ვიღაცის რაიმე სახით მოახლოებას/გამოჩენას. გქონია, მაგალითად, რომ სმს-ს ხმას გაიგებ და იცი, ვინც მოგწერა? არანაირი საფუძველი არ გაქვს ამის. არანაირად მოლოდინი არ უნდა გქონდეს წესით დაა არც გაქვს. რამდენმა ადამიანმა შეიძლება მოგწეროს? უამრავმა. მაგრამ არა, აი იცი, სანამ ეკრანს დახედავ, ვინც მოგწერა. იმიტომ რომ... არ ვიცი, რატომ. და რაც არ უნდა მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყოს, მაინც არ გიკვირს, როცა ეკრანს დახედავ  და შენი "ცოდნა" მართლდება. მერე უკვე სხვა ნიშნები თუ შეგრძნებებიც ლაგდება თავის ადგილას და ხვდები, რომ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. არსებობს რაღაც ძაფები, უხილავი ძაფები, რომლებიც გარკვეულ ადამიანებთან გვაკავშირებენ. არ აქვს მნიშვნელობა აქ დროს და სივრცეს. ეს მაღალი გამტარიანობის ძაფები რაღაც ჩვენთვის გაუგებარ დონეზე ატარებენ ინფორმაციას, სადღაც ქვეცნობიერს აწვდიან სიგნალს და შენც აკეთებ იმას, რაც ან დიდი ხანია, გინდოდა გაგეკეთებინა და აი ზუსტად ამ წამს აკეთებ, როცა მეორე მხარე ამსითვის მზად არის, ან როცა მეორე მხარეს ეს სჭირდება. 

საინტერესოა, უცხო თვალით წასაკითხად ბოდვაა ეს ყველაფერი, თუ გასაგებია? რა მნიშვნელობა აქვს. პრინციპში, ხომ ჩემთვის ვწერ ამას. უბრალოდ დასაცლელად. 

ძალიან ბანალური და ცოტა კი არა ძალიან ჰოლივუდური შედარება მომივიდა ახლა თავში. ახლა არა, დილითვე მომივიდა: the holiday-დან. სამანტა (კამერონ დიასი რომ თამაშობს) ვერ ტირის მას მერე, რაც გაიზარდა. კი, განიცდის რაღაცეებს, შეიძლება ძალიანაც, უბრალოდ ვერ ტირის. ვერ ვიტყვი ჩემზე იგივეს, მაგრამ არის მომენტები, როცა მართლა გინდა, იტირო, ანუ ცრემლებით იტირო, და არ გეტირება. და მერე, უცებ ყველაზე შეუსაბამო მომენტში, შეიძლება მაგალითად მეტროს ვაგონში აგიწყლიანდეს თვალები. იყურები ვაგონის კარებში, რომელსაც არ უნდა მიეყრდნო, როგორც წერია. არც ეყრდნობი და საერთოდ, ცდილობ ხელიც არაფერს მოკიდო. თავის დროზე გასწავლეს, როგორ დადგე ისე, რომ წონასწორობა შეინარჩუნო ამ რყევაში და თან ხელი არაფერს მოკიდო, არაფერს დაეყრდნო. ხოდა უყურებ შენ ნიღაბ აფარებულ სახეს. ნიღაბს პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ. უფრო სწორად - პირბადე აფარებულს, რადგან მეტროს ამ ხაზზე ძალიან ბევრი ხალხია და გირჩევნია, უფრო დაცულად იგრძნო თავი. პირბადესა და წითელ ქუდს შორის თვალები მოჩანს. როცა ვაგონი გვირაბშია, მინაში კარგად ირეკლება სახე და იქ შეგიძლია აწყლიანებული თვალები შეამჩნიო. და სულ ეს არის.  სულ ეს არის? რეალურად ძალიან ბევრი რამეა.  და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დავწერე, მთავარ სათქმელს მაინც არ ვწერ. დარჩეს სამყაროში გამოუთქმელ სიტყვებად. 

დღეს ერთ პოდკასტს ვუსმენდი. საინტერესო ტიპია ეს. ამაზე ალბათ შემდეგ ბლოგში დავწერ უფრო ვრცლად, სადაც ამდენი პირადული არ იქნება. ხოდა რატომ გვახსენდება სულ უარყოფითი რაღაცეებიო? ტვინი ასე რატომ არის მოწყობილიო, ერთ-ერთ საკითხს ამას განიხილავდნენ. ხოდა მე უცებ მივხვდი, რომ რაღაც გარკვეული მოვლენებიდან მაინცდამაინც დადებითი მახსენდება. ის, რაც კარგი იყო. კი, ტვინი არ/ვერ ივიწყებს ცუდს და ქვეცნობიერი თითქოს ცდილობს, დაგიცვას მსგავსი ტკივილისგან და არ გადგმევინებს რაღაც ნაბიჯებს. მაგრამ თან გახსენებს იმას, რაც კარგი იყო. მოკლედ, ჩვენი ტვინი საინტერესო რამ არის. და საერთოდ, ამ პოდკასტის სმენისას უცებ მივხვდი, როგორ მომინდა / მომენატრა საინტერესო ადამიანებთან ლაპარაკი. ოღონდ არა ყოველ დღიურ რაღაცეებზე, უფრო მასშტაბურ და ღრმა რაღაცეებზე. მარტივი ენით არა მარტივ რაღაცეებზე საინტერესო საუბრები. 

და ხო, კიდევ, ხანდახან რაღაცეების გაზიარება გინდა ადამიანს ძალიან. ხან ზოგადად, ხან კონკრეტულად ვინმესთვის. მაგრამ აქაც ქვეცნობიერი გიცავს :)

დღეს რაღაც ახალი ეტაპივით დაიწყო. საქმიანი ეტაპი. ამაზეც ალბათ დავწერ სხვა პოსტში. იმდენად გადაჩვეული ვარ ასეთ რაღაცეებს, ცოტა გაუგებარი შერეული გრძნობები მქონდა. მაგრამ უკანა გზაზე უკვე სხვა შეგრძნებები მქონდა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ასე უნდა იყოს :)

მზიანი დღეა. მე ჩემ ეზოში, პატარა კაფეში ვზივარ. საუზმე დავასრულე. ფანჯარაში ვიყურები და თან ვწერ. თან ყავას ვსვამ. კაფეში მარტო დავრჩი. ერთად ერთი მიმტანი გოგონაც გარეთ იჯდა, მზეში და ეწეოდა. შემობრუნდა. ახლა წიგნს კითხულობს. მაინტერესებს, რას კითხულობს :) მომწონს აქ ჯდომა :) + 1 საათი გამომითავისუფლდა. იმიტომ ვზივარ ჯერ კიდევ ასე მშვიდად. მაგრამ, სამაგიეროდ საქმეც ბევრი მაქვს. ახლა ამას ჩავხურავ და წავალ. ვფიქრობ, ამ წერილის ნაწილი ჩემ უფრო საჯარო პოსტშიც გადაინაცვლებს. 

ხო, როგორც ვთქვი, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. თუ ჯერ არ არის ყველაფერი ისე კარგად, როგორც გვინდა, მაშინ... მოკლედ: Everything will be okay in the endIf it's not okayit's not the end :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..