ზაფხულის ასეთი საღამოები

 ზაფხულის ასეთი საღამოები მიყვარს. თვითონ დადგა. უეცრად დადგა. რაღაცნაირი განწყობა აქვს. ზაფხულის ასეთი მშვიდი საღამოები მიყვარს. ასეთ დროს გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ. ასეთ დროს გრძნობ რაღაც კარგის მოახლოებას. რაღაც ახლის და კარგის. ან იქნებ ახალი არა და განახლებულის. რაღაც იგრძნობა ჰაერში. ცოტა გულის კოვზთანაც გიღიტინებს. არაფერი კონკრეტული. არაფერი ხელმოსაჭიდი თითქოს. მაგრამ ჰაერში მაინც იგრძნობა. 

რატომღაც ბაქო მახსენდება. კონკრეტული ზაფხული. უფრო სწორად შემოდგომის დასაწყისი. მგონი უკვე მქონდა ასეთი ასოციაცია და დავწერე კიდეც ამაზე. სახლი, სადაც დიდხანს არ დავრჩენილვარ. დროებით ვიყავი. დიდი საძინებელი. შესაბამისად დიდი საწოლი. ასეთ დიდ საწოლში მგონი არასოდეს მიძინია. მით უმეტეს, მარტოს. არც ასეთი კარგი მატრასი შემხვედრია ოდესმე. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩამრჩა მეხსიერებაში და სხეულსაც ასე დაამახსოვრდა. ასეთივე მშვიდი საღამოები. ჯერ არ დაწყებულა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა. რაღაცნაირი შესავალია. ადრე ჩავედი, რომ რაღაც ტრენინგებში მივიღო მონაწილეობა. დღისით იქ დავდივარ. ხანდახან სადმე გავდივართ ტრენინგების მერე. ბუნდოვნად მახსენდება რაღაც კაფე, ეზოში მაგიდები. იქვე მობოდიალე კატები. ჩვენი ტრენერის ზურგჩანთა. ღვინო. ცხელი ზაფხულის შედარებით გრილი ნაშუადღევი. მოსაღამოვებული. საღამოს სახლში ვარ ისევ. ჯერ ბევრი დრო მაქვს. ვწვები. წამოვწვები. ვკითხულობ. მძინავს. სიზმრებს ვნახულობ. ვიღვიძებ. ვკითხულობ. ვწევარ. ამ წიგნსაც ნახევრად სიზმრისეულ სამყაროში გადავყევარ. ზღვარი რეალობას და სიზმრისეულ სამყაროს შორის თითქოს ქრება. ბევრ დროს ვატარებ ამ ოთახში. აქ გრილა. აქ დიდი საწოლია საოცრად კომფორტული მატრასით. აქამდე რომ არასოდეს მყვარებია ასე უბრალოდ კოტრიალი, ახლა მსიამოვნებს. ვიძინებ, ვიღვიძებ, მძინავს, ვფხიზლობ. ვკითხულობ. გამოვდივარ, ვჭამ, ვწვები. დღისით იგივე. სულ ალბათ რამდენიმე დღე. მაგრამ დღემდე მახსოვს ის განწყობა. 

მერე ნელ-ნელა დაბრუნდება ყველა ქალაქში. მერე ჩვეული რითმი აღდგება. მერე დაიწყება ჩვეულებრივი ან იქნებ არაჩვეულებრივი სამუშაო წელი. ზუსტად დღეს გავიხსენე მეგობართან საუბრისას. კითხვაზე, როგორი იყო. კარგი იყო მეთქი ძალიან, დაუფიქრებლად ვუპასუხე. 

ახლა არ ვიცი, წინ კიდევ  რა არის. არის ალბათ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არის რაღაცეები. ახალი. საინტერესო. ახლა უბრალოდ მივყვები სხეულის და რაღაც შინაგან შეგრძნებებს. ტალღასავით მივყვები. იქნებ საღამოს ცოტა მოწრუპული ღვინის და საუბრების ბრალია. არავირტუალური, ლაივში საუბრების, როგორიც აშკარად ძალიან გვჭირდება. მერე, როცა მარტო დავრჩი და აივანზე გავედი, მაშინ ვიგრძენი, რომ აი, დადგა ისევ ეს საღამოები. ან იქნებ არაფრის ბრალიც არ არის. უბრალოდ დადგა. და წერაც მომინდა. 7 აგვისტოა უკვე. კარგი თარიღია. მიყვარს აგვისტო. ზაფხულის ასეთი მშვიდი საღამოები მიყვარს. 


       


Comments

Popular posts from this blog

ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)

ეს კამორაა...

ასე ვხვდებოდით სექტემბერს....