კუჩხი ბედინერი 2, ანუ (ცრუ-) წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება

პროლოგის ნაცვლად. იოახიმ ლöვის მიმართვა მიხაელ ბალაკს:
"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მწვრთნელს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი გუნდისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, არგენტინას ვებრძოდი, მეშინოდა ესპანეთის ნაკრებისა, კაშნეუბრალოდმოხვეულიც ვიყავი და გაციებულიც, მაგრამ ჩემი ბიჭებისთვის არასოდეს მიღალატნია, მიხა..."


ჩემპიონატი დასრულდა (თითქმის), უვუვუზელობის გეშინოდეთ, ხალხო!

ცხელი ზაფხული და ცხელი ემოციები. გრილ გარემოში და ცივი სასმელით ხელში. არ მეგონა, ამდენი ემოცია თუ მქონდა კიდევ შერჩენილი. თურმე მქონია. კარგად გამოვიზოგე. გერმანიის ყველა თამაშისთვის. ეს არ იყო მატრაკვეცობა და ტიპობა: "მე ფეხბურთს ვუყურებ,მე ჩემპიონატის საყურებლად ტერასაზე დავდივარ". ეს იყო ნამდვილი, მძაფრი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მეგობრებთან ერთად. რომელთა დიდ ნაწილს შეიძლება ფეხებზე ეკიდა ფეხბურთი :)

მუდმივი და ყველაზე აქტიური მაყურებლები ორნი ვიყავით. მე კალოსთან ცხადია ვერ მოვალ, კალოსთან, რომელსაც ლამის 74 წლის ჩემპიონატის გოლები ახსოვს (გაუგებარია საიდან). მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით გამიმძაფრდა გულშემატკივრობის შეგრძნება. ალბათ ზედმეტია კიდევ ერთხელ აღნიშვნა იმის, თუ ვის ვგულშემატკივრობდით - გერმანიას. ნერვიულობ, ესე იგი ცოცხლობ! გიხარია, ესე იგი ცოცხლობ! განიცდი, ესე იგი ცოცხლობ!

ყველა ამბობდა, უცნაური და არაორდინალური ჩემპიონატია, რომ უცნაურად დაიწყო და ყველაფერია მოსალოდნელი. მერე უკვე უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ყოველ ჯერზე ასეა, სულ ასე ვამბობთ, ყველა ჩემპიონატზე. უბრალოდ მერე გვავიწყდებაო :)

ასეა თუ ისე, მაინც კარგი საყურებელი იყო. გული მწყდება, რომ უცებ, ერთბაშად დამთავრდება ხვალ ყველაფერი და ცოტა ხანში დაგვავიწყდება.

არც ვუვუზელა მიშლიდა ნერვებს და პრინციპში არც აგრესიული ფანების (ფანობა საერთოდ ეს რა არის, ნუ...) გამოხდომები. ეს უცნაური საყვირი ცხოვრების ნაწილი გახდა ამ მოკლე ხნის განმავლობაში. მგონი მომიწევს, ჩანაწერი ვიშოვო სადმე და ყოველ ღამე 22:30 ჩავირთო, თორემ დისკომფორტი შემექმნება მალე.

ცოტა ხანი ალბთ ინერციით გაგვყვება სალაპარაკოდ და გასასხსენებლად ეს საოცრად ცხელი ერთი თვე. გამახსენდება, როგორ ვავსებდი სახლში მამაჩემთან ერთად ცხრილს. როგორ ოდნავ შეშფოთებული და გაღიმებული მიყურებდა დედაჩემი. როგორ ვარჩევდი ტელეფონით ჩემს ძმასთან ლამის ყოველ გოლს. როგორ ვემზადებოდი თითქმის ყოველ საღამოს ფეხბურთის საყურებლად. როგორ მივდიოდი 17:30-იან მატჩზე და ტერასის გრილ გარემოში დიდ ტელევიზორში ვუყურებდი, მერე მოვდიოდი სახლში, ცივ შხაპს მივიღებდი და არ მეზარებოდა ისევ იქ წასვლა. ახლა უკვე გარეთ და დიდ ეკრანზე 22:30 საათიანი მატჩის საყურებლად.

გამახსენდება იქ მყოფი კომენტატორების და სპორტული ჟურნალის მფლობელის დამცინავი კომენტარები გერმანელების მიმართ. რა ქნას, ვერ მალავდა თავის დამოკიდებულებას. უცნობის გამოქომაგებაც გამახსენდება.

გამახსენდება გვერდზე მაგიდასთან მჯდომი უცხო ხანშიშესული მამაკაცი, ჩემი გულშემატკივრობით და ფეხბურთში "განსწავლულობით" მოხიბლული და კონტაქტში შემოსული (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით მისი ვინაობა).

გამახსენდება უცნობი და ცნობადი სახეები ტერასის ქოლგებს ქვეშ. მეპატრონე და მენეჯერი, მიმტანები და ბარმენები. ნაჩუქარი ვისკი და ნაყიდი fრი, რომელიც ტრადიციად იქცა. ერთი რაც არ გამახსენდება - ლუდია, რომელიც ჯერ კიდევ არ მიყვარს და ძალით შეყვარება არ მიცდია. არა და წელს მივხვდი, რა მაგრად წავიდოდა ამ ყველაფერთან.

გამახსენდება ჩვენი მეგობრის შვედი და ქართველი სტუმრები, შეფები, რომლებიც უინდიფერენტულესი სახით უყურებდნენ ნახევარფინალს. იმდენად ინდიფერენტულად, ლამის შემრცხვა ჩემი ამოძახილების და წამოყვირებების დაძაბულ მომენტებში.

სანდრო ცნობილაძე გამახსენდება თავისი ყოყმანით: ჩემპიონატის ბოლომდე ვერ გადაწყვიტა, პოდოლსკია თუ პადოსლკი, ჩავია თუ ხავი. ვერც იმ აზრს შეეგუა, რომ ბეკჰემი არ თამაშობდა და ბურთი გაუგორა ფეხებში.
დავით მინაშვილიც გამახსენდება. რვაფეხის წინასწარმეტყველაბა არ გვეყოფოდა, ნახევარფინალებში მისი ხმა რამდენიმე წამით ადრე რომ არ ყოფილიყო მახარობელი ჩვენს ეკრანებზე ჯერ არ გასული გოლებისა?!

იტალიელების ცრემლები გამახსენდება და მარადონას მის ფიგურასთან საოცრად შეუსაბამო ჩაცმულობა. განას წაგება გამახსენდება, არადამსახურებული და მიკ ჯაგერის კმაყოფილი სახე ტრიბუნაზე. ყველა გავარდნილი გუნდი გულით მეცოდებოდა, ყველა, ვინც თამაშობდა და არ დადიოდა სტადიონზე პეპლების საჭერით ხელში.
საერთოდ, მაგარი საყურებელია თამაშის შემდგომი ემოციები. ორივე გუნდის. და ერთმანეთთან დამოკიდებულების გამოხატვა - მილოცვა თუ... მისამძიმრება(? ცოტა არასწორი ნათქვამია). მწვრთნელების სიხარული და გულში ჩახუტება ბიჭებისა. კიდევ - სტადიონზე ორი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების ურთიერთობა ფეხბურთს მიღმა. წაქცეულის აყენება და წაქცეულის ცემა... წაქცეულს რომ არ ურტყამენ, ეს ზოგისთვის უცნობი აღმოჩნდა...

ყველა მეგობარი გამახსენდება, ვისთან ერთადაც ერთ მატჩს მაინც ვუყურე. ყველას ვერ ჩამოგთვლით მაგრამ ჩათვალეთ, რომ მოგიხსენიეთ :) ისინიც, რომლებიც სატელეფონო ხაზზე იყვნენ ჩემთვის მნიშვნელოვანი თამაშების დროს. ისინიც, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრობის მიუხედავად, ერთობით აღიარებდნენ ჩემი ფავორიტების უპირატესობას და წლევანდელ განსაკუთრებით კარგ "ფორმაში ყოფნას".

ნახევარფინალის (გერმანია-ესპანეთი) წაგების შემდეგ მომენტალურად აწკრიალებული მობილური და მამაჩემის ფრაზა: 'სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?!' და მეორე დღეს ჩემს წითელ კაბაზე მისი რეაქცია გამახსენდება: 'რა არის, ვერ გავიგე, არ გრცხვენია? შავი თუ არა ნაცრისფერი მაინც ჩაგეცვა რამდენიმე დღე! ეს წითელი რა არის?!' - ყველაფერი დაცინვის გარეშე, მსუბუქი ირონიით თქმული, სამხრეთ ამერიკული ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის მიერ, რომელმაც წელს გერმანია სათანადოდ დააფასა და ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ვაგლახ, მამაჩემის ნათქვამი როდი ჰგავდა წინასწარმეტყველებას რვაფეხისას...

კიდევ ლინკები გამახსენდება, ჩემს ვოლზე დადებული, სრულიად გალაქტიკაში გავრცელებული და Jogi-ს შემარცხვენელი... მაინც ბოლომდე ვირწმუნებ, რომ მონტაჟი იყო, იმიტომ რომ ჩემს თვალში Löwი დახვეწილი და (იმედია ყურში ცუდად არ მოგხვდებათ) светский ჩანდა ბოლომდე.


გამახსენდება, რომ არც ერთი გავარდნილი გუნისთვის არ დამიცინია და არც ნიშნისმოგებით მიმიმართავს მათი გულშემატკივრებისთვის. ერთადერთი, რაც ვთქვი, არგენტინამ თუ წააგო ერთ სიმღერას მივუძღვნი მეთქი და დავდე კიდეც - "Don't cry for me Argentina". დავიჯერო ამისთვის დავისაჯეთ?...

გარკვეულ დრომდე ყველა ჩვენი ხუმრობა და კომენტარი გამახსენდება. ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (fb-ზე).


Berliner Philharmoniker-ების მიერ დაკრული Berliner Luft გამახსენდება, საყვირების პარტიას ვუვუზელებით რომ ასრულებდნენ. აი ეს ვერსია. დააჭირეთ და მოისმინეთ. როგორ მიყვარს, ასე რომ ხუმრობენ და ცანცარებენ კლასიკოსები :)

თემატური fb სტატუსები და კომენტარები გამახსენდება. უნდა ვპოვო და პოსტად გარდავთქვა, საქმე ვქმნა საჭოჭმანები. ან აქვე ჩავრთო, ისტორიის პარაგრაფებს ბოლოში დოკუმენტები რომ ჰქონდა ხოლმე დართული, აი ისეთი სახით.

აი რვაფეხა კი უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება. ახალი ტალღა, რომელმაც მოიცვა სრულიად საფეხბურთო სამყარო. რვაფეხა, რომლის არსებობის შესახებაც საკმაოდ გვიან, გადამწყვეტი ნახევარფინალის წინ შევიტყე და ფეხებს... კი არა ყურებს არ დავუჯერე.

განვიხილო ვერსიები? ან ჩამოვთვალო მაინც?
რვაფეხა მოსყიდულია! ჩემპიონატი გაყიდულია! რვაფეხას რაღაცას უყრიან! რვაფეხა დაკლეს და შეჭამეს ნაცისტებმა! რვაფეხა შეცვალეს! რვაფეხა ცოცხალია! რვაფეხა ბრუნდება! წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება! несгибаемая нога осьминога!...

ვფიქრობ, კინოინდუსტრიისთვის საკმაოდ კარგი საკბილოა ეს რვაფეხა. შევთავაზებდი "კუჩხი ბედინერი 2"-ის გადაღებას. მთავარ როლში თავისთავად პაული იქნებოდა დამტკიცებული. თუ უარი არ თქვა ამხელა ემოციური დატვირთვის შემდეგ. ან იქნებ ვარსკვავური დაავადება შეეყარა ამასობაში, თავში აუვარდა, ან ფეხში, ეს პოპულარობა.

არა, ვერ დავიჯერებ რომ გერმანელები ამაზე წავიდოდნენ და უმწეო ცხოველის წინააღმდეგ დიდი ბაბუების მიერ გენეტიკურად თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული წამების მეთოდებს გამოიყენებდნენ, თან დასძახოდნენ: ბალაკსამც შაეწირები! ესეც ფილმის სიუჟეტს ან ფინალს ემსგავსება: კლოზე პირისპირ ხვდება რვაფეხას, მაგრამ ვერ იმეტებს მოსაკლავად. რისთვისაც მას გუნდიდან მოიკვეთენ. განრისხებული გერმანელები თვითონ გადაწყვეტენ შურისძიებას. თან კლოზეს დაჰყვირიან: მოჰკალ, მარჯვენა არ მოსჭერ, უკან მისდევდი მა რადა?... რთულია მარჯვენა მოაჭრა რვაფეხას, დილემის წინაშე დგები, რომელია ის მარჯვენა, რომელიც უნდა მოჰკვეთო?!
რვაფეხა ღირსეულად იტანს წამებას. არ შაიწირვის სულძაღლი (სულსპრუტი)...
ვნახოთ, ბოლო პროგნოზი რამდენად გამართლდება. თუმცა, ეს პროგნოზი არაცალსახა აღმოჩნდა. ორივე ვერსია გაჟღერდა. ჩირქს ცხებენ პაულის უმწიკვლო სახელს!

საუკეთესო ფეხბურთელი? ვფიქრობ, კასილასს დაასახელებენ, თუ ფინალში რამე სასწაული არ მოახდინა და თავი არ შეირცხვინა. და დამსახურებულადაც. აი ამ ბიჭის გამო ვაფასებ მარტო ესპანეთის ნაკრებს!



ეპილოგის ნაცვლად:

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ დავწერე: რად მოველ ქალად, რატომ არ მოველ ბიჭადა?! მაგარ ფეხბურთელად რომელიმე მაგარ ქვეყანაში! ვითამაშებდი ასევე მაგარ საკლუბო გუნდში და ვიქნებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაგარი და "ჯიგრიანი" ( :) ) თავდამსხმელი, ან თუნდაც მცველი! და აი ეს ჩემი ემოციები უფრო სწორად იქნებოდა მიმართული!

ხო...

გერმანია ფინალში თუ გავიდა, აუცილებლად დავიხატავ სახეზე თუნდაც პატარა დროშას, და ისე მოვალ მეთქი საგულშემატკივროდ, დავიქადნე... არ მომიწია... და მთელი ჩემპიონატის მანძილზე იმას ვფიქრობდი, ალბათ რა ბედნიერებაა, საკუთარ ეროვნულ ნაკრებს რომ გულშემატკივრობ, რა ემოციაა და რამხელა სიხარულია მეთქი ალბათ. მე გერმანიაზე ვინერვიულე ასე, მართლა ვინერვიულე ყველა გადამწყვეტი თამაშის წინ. თამაშის დროს პერიოდულად ვქვავდებოდი დაძაბულობისგან. გერმანიას... და რა იქნება ოდესმე, თუნდაც უკვე არსად სიარულის თავი რომ არ მექნება და სახლში სავარძლიდან მომიწევს ყურება, თუნდაც მაშინ მომიწიოს საქართველოს გულშემატკივრობა...

ეღირსება კი, ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა?!...

Comments

Summer said…
მართალია !! სულ მაგისთვის ვიბრძვი რომ ყველამ "თქვას". ამავე დევიზით ვცხოვრობ, მაგრამ ამიტომვე მექნება ბევრი პრობლემებიც....
Lasharela said…
:)
პრაქტიკულად მსოფლიო ჩემპიონატი რომ არა 2010 წელს მოგონებების გარეშე დარჩებოდი :)

იცი, შენ საბეჭდ მანქანაზე უნდა წერო და არა კომპიუტერზე. "კომპიუტერს მეხსიერება აქვს და არანაირი მოგონებები" :)

შენი ერთერთი მეგობარი რომელიც გაგახსენდება :)
ketketa said…
ოოოო, შემიყვარდა ეს პოსტი მეე:)
ცის, ვგიჟდები შენ დამოკიდებულებაზე ფეხბურთთან და ფეხბურთულ რაღაცეებთან:)
შენი და კალოსი:)
როგორ ვერც ერთი თამაში ვერ ვნახე თქვენთან ერთად, ნამდვილი დურა ვარ ნუ:)
babisa said…
<3
me gushin mixaroda zalian, chempionobac da isic, rom aseti emociebi mqonda, chemi emociebi da sixaruli :)))))

da maicn vfiqrobdi, 4 wlis shemdeg..ze
ketketa said…
4 წლის შემდეგ ბრაზილიაში მივდივარ:)
...და მერე გამეღვიძა:))))
© said…
summer - წინა პოსტს ეკუთვნოდა ეს კომენტარი, ხო, როგორც მივხვდი?! :)

ლაშა - კი, შენც ერთ-ერთი იქნები :) და აუცილებლად ვიყიდი საბეჭდ მანქანას :)))))) (ოღონდ ჯერ ველოსიპედი მაქვს საყიდელი)

ქეეეთ, აი ყოველ ჯერზე გელოდი, მართლა გეუბნები, სულ მეგონა რომ რომელიმე დღეს გამოჩდენოდი და მოვალო, გვეტყოდი და ძალიან გამეხარდებოდა, ნახვა ხომ თავისთავად და თან ფეხბურთის ერთად ყურება... :( ძალიან მიხარია რომ მოგეწონა პოსტი! :*
რომ გაგეღვიძა :) :) წახვალ!!! :)

ბაბისა, ხომ აი ეს ემოციები ძალიან მაგარი იყო!!! :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..