@@@ @@@ შუქნიშანი @@@ @@@

.

@*1*@

პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი. მერე გაახსენდა საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპი: „გონზე მოსულს არაფერი ახსოვდა“. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა. ყველაფერი. გონების დაკარგვამდე.

კადრები ნელ-ნელა ამოტივტივდა გონებაში. თითქოს ნახევრად გახელილი თვალებით უყურებდა: მშვიდად იდგა და მწვანე შუქს ელოდა, მიუხედავად ცარიელი ქუჩისა (ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად 1თვე არ დასჭირვებია. ჩამოსვლის დღიდანვე ისე გადაეწყო, თითქოს ამათი სისხლი ჰქონდა ძარღვებში და უბრალოდ ხანმოკლე განშორების მერე ისევ დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ ეს მხოლოდ მსგავს დეტალებში. ისე - უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არც პირველად იყო ამ ქვეყანაში და არც უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი).

როგორც იქნა აინთო. შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთვის არც შეუხედავს. ვერ მოასწრო. იგრძნო, რომ წითელი ფერი გაიდღაბნა ჰაერში. მერე გაიდღაბნა მწვანე, რომელიც ჯერ კიდევ ენთო, თითქოს მის გადასვლას ელოდებოდა. მერე უცებ შავ-თეთრი გახდა ყველაფერი და...

.....................................................................................
.....................................................................................

პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი.

თვალები ისევ დახუჭა და კიდურები ოდნავ აამოძრავა. ოთხივე ადგილზე იყო და არც სტკიოდა. ‘პრინციპში, რატომ უნდა მომტყდომოდა ან ხელი, ან ფეხი? უბრალოდ გულის წასვლით კიდურები არ უნდა ზიანდებოდეს, ვფიქრობ. ‘ მაინც უფრო დამშვიდდა და თამამად გაახილა თვალები, რომ ამჯერად რეალობას დაბრუნებოდა და კარგად აღექვა, სად იწვა.

მოსალოდნელ რეალობაში მოულოდნელი დეტალი დახვდა. ეს მოულოდნელობა გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან დადგმულ სავარძელში და ინტერესით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. ჩაცმულობის მიხედვით აქაურ პერსონალს არ ჰგავდა. ერთი შეხედვით ადვოკატს მოგაგონებდათ, რომელიც სასწრაფოდ გამოეძახათ მდიდარი კლიენტის ინტერესების დასაცავად. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მალევე გაქრა „მოულოდნელობის“ ღიმილთან ერთად. ‘არა, ადვოკატები არც ასეთი სიმპათიურები არიან და არც ასე გულიანად გაღიმება შეუძლიათ. თან რაღაც არ მახსოვს, ვინმეს წინააღმდეგ სარჩელი მქონდეს შეტანილი ან ასეთის დაქირავების საშუალებას მაძლევდეს ჯიბე.’

ბალიშიდან წამოწევა მისასალმებლად საკმაოდ ცუდი იდეა აღმოჩნდა. თავში ისეთი ტკივილი იგრძნო, რომ აშკარად სახე შეეცვალა და უღონოდ დაესვენა ისევ უკან. ფანჯარასთან მჯდომის სახემ თითქოს მისი მიმიკა აირეკლა. ღიმილი მომენტალურად შეცვალა შეშფოთებამ. მისდა საბედნიეროდ სავარძლიდან წამოდგომა კი არა, წამოხტომაც კი უმტკივნეულოდ მოახერხა. მერე თითქოს მიხვდა, რომ ცოტა თავშეუკავებლად გამოუვიდა და ისიც უკან დაჯდა:
- ძალიან გტკივა? ექიმმა თქვა, მშვიდად უნდა იწვესო. ვერ მოვასწარი გაფრთხილება. ჩემი ბრალია... მმმ... შენობით რომ მოგმართე... არა უშავს?

ტკივილი ყრუდ კიდევ იგრძნობოდა და ამ ფონზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ამ ყველაფრის და მარცხენა ხელზე ამავე ენაზე შესრულებული წარწერით ვერცხლის ბეჭდის აღქმას. ბოლოს იმპულსებმა გონებამდე მიაღწია, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტმა თავაზიანობა გადაწონა და პასუხის გაცემა ვერ მოახერხა. „გაუგებრობა“ თითქოს მიუხვდა გასაჭირს და გაეღიმა:

- უკაცრავად, პირადობის დამადასტურებელი რამე მოწმობა მჭირდებოდა და... მარტო სახელიც საკმარისი აღმოჩნდა, მივმხვდარიყავი, სადაური ხარ. მართალი გითხრა ვერ ვიფიქრებდი. აქაურისგან ვერ განგასხვავებდი. - და რაღაცნაირად მობოდიშებით გაუღიმა.


.....................................................................................
.....................................................................................


კარები მოულოდნელად გაიღო, და როგორც მოსალოდნელი იყო, თეთრებში ჩაცმული ქალი შემოვიდა. ‘ახლა მკითხავს - გაიღვიძეთ?! - არ მიყვარს, თავისთავაც ცხად ფაქტებს შეკითხვის სახეს რომ აძლევენ.’ მისდა გასაოცრად ქალმა უბრალოდ გაუღიმა, თან აშკარად გახარებულმა. ეს ის ყალბი ღიმილი არ იყო, რომელიც ხან მოსწონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ღიმილი იყო და არა ბღვერა, და ხან აღიზიანებდა.

- როგორ გრძნობთ თავს?
- თავი მტკივა.
- კი, ეგ გასაგებია... - ღიმილი უცებ უცნაურმა გამომეტყველებამ შეცვალა.

ჯერ თეთრხალათიანს გადახედა ცოტა შეშფოთებულმა. მერე სავარძლისკენ გადაიტანა მზერა და... სავარძელი ცარიელი იყო. კარებში იდგა. ოდნავ გასაგონად უთხრა მეჩქარება, დავბრუნდებიო და გავიდა.


@*@*2*@*@

ოპერაცია რამდენიმე დღის შემდეგ დანიშნეს. გადადებას არც აზრი ჰქონდა და არც ღირდა. არ შეწინააღმდეგებია. ოჯახს არ გააგებინა. უწყინარი ტყული მეგობრებთან ერთად 10 დღიანი მოგზაურობის შესახებ საკმარისი აღმოჩნდა. არც მართლა სამოგზაუროდ წასული მეგობრებისთვის მოინდომა შეტყობინება - ‘ძლივს შვებულება აიღეს და ვერ ჩავამწარებ დასვენებას. კარგად ჩაივლის ყველაფერი და თან ისედაც 1 კვირაში ჩამოდიან.’ სახლი და ელემენტარული მოსაგვარებელი საკითხები აქაურობისთვის უჩვეულო სიცხეში ჯერ კიდევ ქალაქში დარჩენილ ერთ მეგობარს გადააბარა. და დამშვიდდა.

დაზღვევა, კეთილგანწყობილი ხალხი და გარემო აღელვების საფუძველს არ აძლევდა. და რაც მთავარია... რაც მთავარია სავარძელი ფანჯარასთან ყოველ დღე დაკავებული იყო.

რამდენიმე დღიანი მოსამზადებელი პერიოდი საუკეთესო დრო გამოდგა ერთმანეთის კარგად გასაცნობად. პრინციპში, ერთმანეთის - ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. ზედმეტ ემოციებს და გადაღლას არ ურჩევდნენ ექიმები, ამიტომ თვითონ შეკითხვებით და კომენტარებით იფარგლებოდა და ისმენდა, ისმენდა, სიამოვნებით ისმენდა რამდენიმე დღე. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც არ დაუსვამს და რომელზეც პასუხიც უკვე ყველაზე მეტად აინტერესებდა და აშინებდა, იყო - ‘როდის მთავრდება შენი მივლინება აქ?’ ისიც არ ეხებოდა ამ თემას, თითქოს ერთ-ერთი რიგითი საქმიანი ვიზიტით კი არა, განუსაზღვრელი ვადით იყო ჩამოსული და როდემდეც უნდოდა, დარჩებოდა.

პალატა მზიან მხარეს იყო და დღის ერთ მონაკვეთში მზე ისე შემოდიოდა, სავარძელში მჯდომს პირდაპირ თვალებში ურტყამდა. ის ამ დროს თვალებს ჭუტავდა სიცილით და სიცილისას პატარა ბიჭს ემსგავსებოდა. ალბათ ლოყებზე გაჩენილი ე.წ. „ямочки“ აძლევდა ამ იერს.
ასეთ დროს ოდნავ ქვევით დებდა თავს ბალიშზე, ჩასრიალდებოდა და ღიმილით აკვირდებოდა ამ სანახაობას. ასეთ დროს მზესთან ერთად ტალღას გრძნობდა ოთახში, ბედნიერების უეცრად გაჩენილ ტალღას, რომელიც თავიდან ბოლომდე გადაუვლიდა საწოლს და საოცარი სისავსის და სითბოს შეგრძნებას უტოვებდა. ‘თუ შეიძლება ადამიანი ოპერაციის წინ ბედნიერი იყოს, მე - ბედნიერი ვარ!’ მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერ ბედავდა.

იდილიას მაქსიმუმ ექთანი თუ დაარღვევდა. ნემსით ან წამლით ხელში შემოსული. ამ დროს მომენტალურად უნდა მოესწრო მზერის სავარძლიდან კარზე გადატანა, რომ დროებით დამშვიდობებოდა. დროებით. აქამდე შემთხვევა არ ყოფილა, არ მობრუნებულიყო. გვიან საღამომდე, სანამ აქაური განრიგი ფხიზლად ყოფნის საშუალებას და უფლებას იძლეოდა და სანამ დერეფანში ღამის მორიგე ექიმის ფეხის ხმას გაიგებდნენ. მერე შეთქმულებივით ჩუმდებოდნენ და ფეხის ხმის მიწყნარებისთანავე მთავრდებოდა გრძელი დღე.


@*@*@*3*@*@*@

ადრე გააღვიძეს. ცოტა ხანი გაუჭირდა მიხვედრა, სად იყო. როგორც ჩანს წამალმა კარგად იმოქმედა. ძილითაც გათიშულს ეძინა, უსიზმროდ.

- რომელი საათია?
- 7-ის ნახევარი. ხომ არ ნერვიულობ?
- არ ვიცი, წამალი არ მაძლევს ემოციებში გარკვევის საშუალებას.

დუნედ გაეღიმა. ‘საინტერესოა, რას განიცდიან სიკვდილმისჯილები, დილით წასაყვანად როცა მიაკითხავენ?!... რა სულელური შედარებაა!’ ფიქრები გაიდღაბნა და ფორმები მიიღო. გეომეტრიული ფიგურების ფორმები. მერე იგრძნო, რომ იწვა ისევ. ოღონდ უკვე მოძრავ საწოლზე. ‘რა სიმპატიური ექიმია. ეს არის ასისტენტი? გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. умереть, так с...’ ისევ გაეღიმა. ვერც კი გაბრაზდა საკუთარ ფიქრებზე.

უცებ აზრები თითქოს გაიყო და შუაში სფეროსავით რაღაც გაგორდა. ‘არ მოვა? არ მოვა დღეს? დავიჯერო ოპერაციამდე არ მოვა?’ სფერო თხელი შუშისგან იყო გაკეთებული. ოდნავ უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა. უცებ შეგრძნება გაუჩნდა, რომ ორივე ფეხაკრეფით მივიდა ამ დღემდე, ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით, თითქოს ეშინოდათ, ეს სფერო არ დაემსხვრიათ. ‘ალბათ ისიც გამოცდილია, იცის, რა სიფრთხილეა საჭირო. ალბათ რამდენი რაღაცის თქმა ვერ მოვასწარით... დავიჯერო არ მოვა?’ ფიქრი შუა გზაზე შეწყდა, ისე რომ, ვერც კი შეამჩნია როგორ შეიყვანეს საოპერაციოში....

.....................................................................................
.....................................................................................

დერეფნის ბოლოს კედელზე მიყუდებული ადამიანის ჩრდილი იატაკზე ირიბად დაეცა და საგორავაბელი მაგიდის გადაკვეთაზე გადატყდა...



@*@*@*@*4*@*@*@*@

ისევ ნაწყვეტი აზრები. უაზრო. ფორმები. წყურვილი. უცნაური შეგრძნებები. მერე უცებ ყველაფერი გაქრა და უსიზმროდ დაეძინა.

უკვე საღამო. ოთახში მზე არ შემოდიდოდა. არც სავარძელი იდგა. ოთახი თითქოს სხვანაირად თეთრი იყო. სხვა ოთახი. პერიოდულად ისმოდა ფრაზა „ყველაფერმა კარგად ჩაიარა“. პერიოდულად იღებოდა კარი და თეთრი, თეთრი, თეთრი... სულ ღიმილი. წამალი. ნემსი. ძილი. ღიმილი. წამალი. ნემსი. მერე ისევ მოძრავი საწოლი. ისევ ოთახი. ახლა უკვე ნაცნობი. ისევ ის თეთრი. მზე ახლა უკვე სავარძლის საზურგეს და კედელს ეცემოდა. სავარძელი ცარიელი იყო. აზრები ნელ-ნელა უფრო გამოკვეთლი და აღქმადი გახდა. წამლის დოზა - მცირე. ექიმის ვიზიტები - უფრო იშვიათი.
სავარძელი ცარიელი რჩებოდა, მეგობრების დაბრუნებამდე - 2 დღე

.....................................................................................
.....................................................................................


- არა, საშიში არაფერია. ეს გარკვეულწილად წამლებით იყო გამოწვეული და გარკვეულწილად იმით, რაც ამოაჭრეს, შესაბამისად - კერაც გაქრა.
- ხომ არ გაუგრძელდება?
- არა, არა, ოპერაციის შემდეგ აღარც ჰქონია მსგავსი არაფერი. არც სმენითი და არც მხედველობითი.
- თვითონ დარწმუნებულია, რომ ის უბრალოდ უკან გაფრინდა და წუხს, რატომ არ დაემშვიდობა. ალბათ გამოწერის მერე ჯობია, ავუხსნა, რა და როგორ იყო.
- ნამდვილად, ახლა არ ღირს ზედმეტი ემოციური გადატვირთვა. აუხსენით, რომ ეს ჰალუცინაცია აღარ განმეორდება და საერთოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
მიხარია, რომ დაბრუნდით. მაინც ძნელია, უცხო ქვეყანაში მარტო ასეთი რაღაცის გადატანა. ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავით თქვენი მეგობრის ოპტიმიზმით და სითამამით. კარგი, მოგვიანებით შემოვივლი. რამე თუ დაგჭირდებათ, ზარი დარეკეთ.
- მადლობა

ჩურჩული შეწყდა. კარის სახელურის და მოახლოებული ნაბიჯების ხმა. თვალები არ დაუხუჭავს. ‘რისთვის მოვატყუო, თითქოს მეძინა?!’
- გესმოდა ყველაფერი?!
გაუღიმა პასუხად. Willkommen in die Realität


@*@*@*@*@*5*@*@*@*@*@

აქ ყოფნის 4 თვის მანძილზე პირველად იგრძნო თავი ასე „სხვანაირად“, „მაღლად“. ცოტა დისკომფორტი ახლდა ამ სიმაღლეს, გადაჩვეული იყო. ‘კედებიდან მაღალ ქუსლებამდე’ - სტატია ხომ არ დავწერო? არა, რად მინდოდა დღეს, რა მრჯიდა? კიდევ კარგი, არ მეჩქარება, თორემ ამ ტემპით როდის სად მივაღწევ?! მთავარია არ ჩამოვვარდე!’

შუქნიშანზე დიდხანს ენთო წითელი. შაბათი nachmittag აქ ყოველთვის წყნარი იყო. ეს ქუჩა კი თითქმის უკაცრიელი. მერე ნელ-ნელა დაიწყო გადასვლა. ფიქრებში რიცხვი ამოტივტივდა. 13. ‘ფაქტიურად მეორედ დაბადების დღე მაქვს! 3 თვის გავხდი. თან... რა უცნაურია, ზუსტად 3 თვის წინ, 13-ში, ზუსტად ამ შუქნიშანზე...’

შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთვის არც შეუხედავს. ვერ მოასწრო. დაინახა, რომ წითელი ფერი უცებ მის თვალების გასწვრივ აღმოჩნდა. მერე ოდნავ მაღლაც კი. თითქოს ზემოდან დაჰყურებდა ორი ფარი. და ტკივილისგან გონება დაკარგა. ერთბაშად, კადრების გაშავთეთრების გარეშე.

პირველი, რაც გონზე მალევე მოსულმა გაიფიქრა - ‘რისთვის ავბობღდი ამხელა ქუსლებზე? თუ მეგონა, ფეხის გადაბრუნება მარტო ბალერინებისთვის არის დამახასიათებელი?’ მერე მშობლიურ ენაზე მორიდების გარეშე გულიანად ამოთქვა მცირე ფრაზა და თვალები გაახილა. თვალში ძალიან ნაცნობი „ямочки“ მოხვდა. ძალიან ნაცნობი ღიმილი და ტკივილამდე ახლობელი, თითქმის მშობლიური ნაკვთები, ოდნაც გაოგნებაშერეული. ნაცნობი ხმა ცდილობდა გამოერკვია, წამოდგომა თუ შეეძლო და მოტეხილი ხომ არ ჰქონდა ფეხი. უცებ მიხვდა, რომ გაოცებისგან ტკივილს ვეღარ გრძნობდა. პირი გაეღო. პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. ‘ახლა ხელზე დავხედავ და ბეჭედი თუ დავინახე, გული წამივა, ზუსტად ვიცი. ცხოვრებაში მესამედ. ამჯერად შოკისგან.’

................ ................ ................ ................ ................. ................


გული წაუვიდა..... :)



ც.

09.07.09 - 07.07.10

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..