სრულიად!
ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უმეტეს.
მოკლედ, იყო იქ ერთი მაგალითი, როდესაც ერთ გოგონას კატეგორიულად არ შეეძლო ტანსაცმლის, და როგორც მახსოვს, კერძოდ, გარეთ გასასვლელი ტანსაცმლის ჩაცმა და სახლიდან გასვლა. დგებოდა კარადის წინ, შეეძლო დიდხანს მდგარიყო და ვერ ჩაეცვა... მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამის არსს. ტანსაცმლის არჩევანის გაკეთების ფობია რომ ჰქონოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ აქ უბრალოდ ჩაცმის ვერშეძლებაზე იყო ლაპარაკი. ჩაცმის პროცესი ფიზიკურ ტკივილში გადადიოდა (სულიერიდან, სავარაუდოდ) და საბოლოოდ ფარხმარდაყრილი გოგონა ისევ სახლში რჩებოდა. და ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ კეთილ აქიმებს არ უამბო რაცა სჭირდა ჭირი ცეცხლთა მომდებარი, რადგან სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. და ისიც განიკურნა.
შემეძლო აქვე დამესრულებინა თხრობა სიტყვებით: ჭირი - იქა, ლხინი - აქა, ქატო - იქა, ლხინი - აქა. ელასა მელასა ჭიქა მეკიდა ყელასა.... სტოპ სტოპ სტოპ! რას ნიშნავს ეს "ჭიქა მეკიდა ყელასა"? ყველაფერს თავისი ფესვნი აქვს და სემანტკური თუ სემიოტიკური დატვირთვა. ჭიქის ყელზე დაკიდების ტრადიციაც ოდესღაც ალბათ ფესვებგადგმული იყო ფაიფურის ხანის საქართველოში. თუმცა, არა, ფაიფურის ხანა რაღაც არ მახსოვს. პალეოლითი მახსოვს, მეზოლითიც, ნეოლითიც (აქ, რა თქმა უნდა მესმის ხმა: Казань - брал, Астрахань - брал, Шпака - не брал.), და აი პორცელანოლითი.... არა! ან იქნებ ეს ჭიქა სულაც არ იყო ფაიფურის, არამედ უბრალო მასალისგან იყო ნაკეთი, ხელით. მაშინაც ფასობდა იქნებ handmade ნივთები?
მგონი ჯობს, სანამ ეს ნაწერი გამყრელიძის (ან მისი ფერის) წიგნში შესატანი გამხდარა, როგორც ბოდვის კლასიკური მაგალითი, შევჩერდე, უფრო სწორად იმაზე გადავიდე, რაზედაც დავიწყე წერა და რისი შესავალიც გამოვიდა ყოველივე ეს ზემოთქმული.
მოკლედ, ასეთივე ფობია მიპყრობს ფურცლების, საბუთების, ძველი ნივთების (სადაც ასევე ქაღალდები და ან ამ მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები ჭარბობს), ძველი სამეცადინო თუ ახალი სამოღვაწეო მასალების დალაგების აუცილებლობი ფაქტის (!!!) წინაშე დადგომისას... მეც თითქმის ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ ამ დროს. არა და, მეორეს მხრივ, ვერ ვიტან არეულ ოთახს, მაგიდას და შრომისუუნარო ხვდები ასეთ ვითარებაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ თვალში არ მხვდებოდეს ეს ყოველივე, ერთი ხელის მოსმით ვუცვლი ადგილს და ვანაცვლებ კარადაში. მერე, როცა ვხვდები, რომ ესეც აუტანელი ხდება, ყველაფერს ვყრი ძირს, ვჯდები იქვე და შესაშურ წესრიგში მომყავს ყოველივე. ამ დროს ჩემი თავით ვამაყობ და ეს იდეალური წესრიგი და სიამაყის გრძნობა გარკვეულ ხანს მიმყვება. მერე ისევ ვიღლები, ისევ არ მაქვს სახლში გვიან მოსულს თავი ყველაფრის თავის ადგილზე დადების, ისევ ირევა ფურცლები, წიგნები, ფაილები, რვეულები, ისევ მეწყება ფიზიკური ტკივილი ამ ყველაფრის დანახვისას და შემდეგ ამის დალაგების აუცილებლობის შესახებ ფიქრის დაწყებისას და ასე, ტრიალებს, ბრუნავს...
მაგრამ ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი მართლა ბრუნავს და მართლა მოგვარებადია. წესრიგის სიყვარული იმარჯვეს, სძლევს ბოროტს, კი არა და უწესრიგობას და პრინციპში თითქმის მუდმივად ასატანი და არც თუ ძალიან იშვიათად - იდეალური სიტუაცია სუფევს ჩემს მაგიდებზე.
მაგრამ!
არსებობს ერთი მაგრამ! პერიოდულად დალაგებას საჭიროებს მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული, ისევ ხის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისგან შექმნილი ნივთები -მატერიალიზებული წარსული. პერიოდული დალაგება და უამრავი ნივთის გადაყრა/მათთან შელევა არ არის საბოლოო გამოსავალი. წლები გადის და ისევ გროვდება. წლები გადის და რაღაცეები უფრო კარგავს აქტუალ(ურ)ობას. ის, რასაც შეიძლება ჯერ კიდევ შარშან ვერ ელეოდი, ახლა აღარც ღიმილს გგვრის და მით უმეტეს არც ცრემლს (ახლა გონების დაძაბვა დამჭირდა, რომ გამეხსენებინა, ბოლოს ვინ, არ რამ მომგვარა ცრემლი და ვერ გავიხსენე, საბედნიეროდ).
რამდენიმე დღეა ჩემს ოთახში, სავარძელზე საპატიო ადგილს იკავებს ერთი მოზრდილი პარკი, გრძელი, უფრო სწორად მაღალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამძლე, გამჭვირვალე. პარკი რამდენიმე დღის წინ ჩამოიღო დედაჩემმა მერამდენედ დალაგებული კარადიდან. კარადიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩემს ნივთებს ეკავა და პერიოდული წმენდის შედეგად ეს ადგილი ერთ კუთხემდე დავიდა. კუთხემდე, სადაც ეს პარკი ეტეოდა. როგორც ჩანს, ჩემი წარსული სულ უფრო შორეული ხდება, სულ უფრო უმნიშვნელო, და "მნიშვნელოვანი" ნივთების რიცხვიც იკლებს.
დღეს საღამოს, გვიან, როცა უკვე აღარსად ვაპირებდი გასვლას, როდესაც მარტო დავრჩი ტვ-სთან, პულტი დავიპყარი, სავარძელში მოვკალათდი და ჩემი სერიალი (დიახ, სერიალი! ალბათ 1 თვეა "შევჯექი" "Sex and the City"-ზე,) ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, უცებ მივხვდი, რომ ტკივილმა მიკლო და დრო იყო გამომეყენებინა ეს ჯადოსნური წამი და იმ პარკისთვის მიმეხედა. გამოვათრიე და გადმოვყარე ხალიჩაზე ყველაფერი - კარგად დავიწყებული თუ მეხსიერების ჯურღმულებში ჯერ კიდევ შემონახული ძველი.
ეს არ იყო ადრეული ქვის ხანის ნივთები. ეს, მეგობრების წერილების თარიღებიდან შემეძლო მემსჯელა, ბოლო 10-11 წლის ნივთები იყო.
ეს რაღაც ახალი ტიპის ემოციაა და არ ვიცი რა დავარქვა. ან ალბათ უფრო სწორი იქნებოდა - უემოციობა. ან იქნებ უბრალოდ კიდევ რამდენიმე ეტაპი გავიარე დიდი ხანია და ისე შეუმჩნევლად, რომ ახლაღა აღმოვაჩინე. როგორ შორეულად მომეჩვენა ყველაფერი. სენტიმენტების, გულის აჩქარების გარეშე. ეს იყო უბრალოდ ფაქტები. ფაქტები, რომ ეს ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. არც კადრებად ჩაურბენია ცხოვრებას და დროს თვალწინ (პრინციპში, სხვა კადრებისთვის არ მეცალა, 1,5 თვალით ტვ-ს ვუყურებდი) და არც ...
წერილები. 13 წერილი. ადრესანტები - სხვადასხვა. ქვეყანა - 1. 2 მეგობარი ლიდერობდა წერილების ოდენობით. თითქმის ნახევარი წავიკითხე და მოვახერხე იმ დროინდელი ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ცხოვრებიდან კადრების აღდგენა. მეგობრების წერილებიდან და პასუხებიდან დაახლოებით ვხვდებოდი, როდის რა ეტაპი იყო ცხოვრებაში. სადღაც უშუქობა, უგაზობა, სიცივე და 104ა "მარშუტკა"ც კი იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, მეღიმებოდა. ერთი მეგობარი ჯერ კიდევ იქ არის. ოღონდ კონტაქტი ამჯერად ბევრად გამარტივდა გასაგები მიზეზების და ტექნიკური პროგრესის წყალობით.
ფოტოები. დაწუნებული ფოტოები. არგამოსაჩენი ფოტოები. ერთ დროს ძველი სახლის ოთახის კარზე გაკრული ფოტოები. დაასკანერებდა ზოგიერთს კაცი/ქალი.
სავიზიტო ბარათები. ჩემი - N რაოდენობით, 2 ყოფილი სამსახურის. ერთი ხელის მოსმით შეველიე. სხვების - საქმიანი პარტნიორების, მეგობრების, ყოფილი მეგობრ(ებ)ის, სალონების, კომპიუტერული მომსახურების, აქაური თუ იქაური (იქაურს ქვემოთ დავაკონკრეტებ) ტაქსის სერვისების, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი და მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ორგანიზაციის დირექტორის, აწ უკვე არ არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახელების, რომლებიც არაფერს მეუბნება... ბევრი მათგანი ულაპარაკოდ მოვისროლე ისტორიული სანაგვისთვის განკუთვნილ პარკში. დანარჩენები დაუხარისხებლად და სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო დავტოვე. ეჭვი მაქვს, არაფერში დამჭირდება, მაგრამ მაინც.
წიგნის სანიშნეები - ნაშთი წიგნის ბაზრობებზე ყოველწლიური სიარულისა.
ბეჯები (ჩემი სახელით) - ნაშთი ძველი დიდებისა.
20 fლოპი და დაახლოებით ამდენივე CD. პირველის - რა გითხრათ, ალბათ ვუყურებ, ვუყურებ და მოვისვრი იმავე პარკში და მეორეს - თუ კიდევ დავძლიე ფიზიკური ტკივილი და კომპის დალაგებამდეც მივედი, მაშინ გადავახარისხებ - გადავყრი.
ისე, ნელ-ნელა ვხვდები, რომ საოცარ სიამოვნებას მანიჭებს ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება და მათი გადაყრა.
კატების ფოტო. ავტორის ("ფოტოგრაფის") მიერ წარწერით ნაჩუქარი. იმავე ფაილში იმავე ავტორის სხვა - ხელით შესრულებული ნამუშევარი. ასევე სამახსოვრო წარწერით. გადასაგდებად ვერ გავიმეტე. კარგი ფოტოა, ბოლოს და ბოლოს, და თან გამახსენდა, როგორ მიყვარდა. ასე რომ, იყოს, რას მიშლის.
1 რვეული, 1 ბლოკნოტი და არაერთი ფურცელი სხვადასხვა, ძირითადად საქმიანი ჩანაწერებით. როგორც ჩანს გერმანია-ავსტრიაში (დავკონკრეტდი)ვიზიტებიდან გამოყოლილი. გადადებულია სავარძელზე შემდგომი გადახედვის მიზნით.
გასაღებების ჩამოსაკიდი, ავსტრიელი პარტნიორი ორგანიზაციის სახსოვარი. პასტები - ასევე ავსტრიის გადმონაშთები. ეს უკანასკნელნი გამომადგება. როგორც ჩანს, ვიზოგავდი.
ღია ბარათები, ბევრი, თითქმის ყველა ქალაქიდან და მუზეუმიდან წამოღებული. დამადასტურებელი ფაქტი ჩემი იმდროინდელი სტატუსისა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი" (ეს ფრაზა მომარგო ერთმა მეგობარმა იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიდან 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი მომიწია იქ... იქ - ეს იყო ორი ვიზიტი ავსტრიაში და 1 - გერმანიში... უბრალოდ ფაქტი გავიხსენე. რა ცუდია, უცებ რომ არ შეგიძლია დროში ფანჯრის გაჭრა და ცოტა ხნით იმ განწყობის დაჭერა, რაც მაშინ გქონდა...).
ღია ბარათები - სასაჩუქრე ან უბრალოდ სახალისო.
ახალი წლის მისალოცი ბარათები - ზოგი მოულოდნელი და ზოგი მოსალოდნელი.
პატარა ბლოკნოტის რამდენიმე ფურცელზე გაკრული ხელით ამოწერილი ვიღაცის სიტყვები. რუსულად. ჯერ-ჯერობით ვერ ვიხსენებ, ვისი. ახლა დავძებნი ერთგული google-ს მეშვეობით და ვიპოვი, დარწმუნებული ვარ. სიტყვებს ახლაც ვეთანხმები.
პატარა ქაღალდზე შავ-თეთრი ფოტო, ნეგატივივით და ზემოთ წარწერა (სავარაუდოდ, საიდანღაც ამობეჭდილია შავ-თეთრ პრინტერზე. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ვიღაცამ მაჩუქა. შეიძლება - ვცდები):
3 Sorten Männer verstehen es nie, Frauen zu verstehen:
1. junge Männer
2. Männer im mittleren Alter
3. alte Männer!!
თარგმანში დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით გთავაზობთ ქართულ, ჩემს მიერ სახელდახელოდ თქვენთვის თარგმნილ ვერსიას:
3 "სახეობის/ტიპის" მამაკაცებს არ ესმით ქალების:
1. ახალგაზრდა კაცებს
2. საშუალო ასაკის კაცებს
3. ხანშიშესულ კაცებს)
დღესაც ვეთანხმები და დღესაც მეღიმება.
ჩემი "შემოქმედების" რამდენიმე ნიმუში, ზოგი ორიგინალი - ხელნაწერი (ხელნაწერთა ინსტიტუტში ხომ არ გავაგზავნო?), ჯერ კიდევ იმ დროიდან, ხელითაც რომ ვწერდი... ზოგი, აკრეფილ-ამობეჭდილი.
და ბოლოს: ორი პატარა საფულე, უფრო სწორად ერთი - სახურდე, ასე დავარქმევდი და ერთიც - მობილურის ჩასადები. აქედან ერთში - Wrigley's Spearmint და Juicy Fruit.
საინტერესოა, რამდენი ხანი ინახებოდა აქ. ამის დაღეჭვას ნამდვილად ვერ გავრისკავ. და აი, აქ, რა თქმა უნდა, ისევ ჩამესმა ხმა, სავარაუდოდ 90-იანი წლების რეკლამიდან. გახსოვთ? ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ და ვისაც ბუნდოვნად გახსოვთ, შეგიძლიათ აღიდგინოთ აქედან.
პრინციპში, "სულ ეს" იყო, რაც მინდოდა დამეწერა.
არა, ერთი დეტალი დამრჩა! რაღაც მომენტში თითქოს ჩემი თავი დავინახე გვერდიდან, ამ ლაგების პროცესში და მომეჩვენა, რომ წითელი ღვინით ნახევრად სავსე მაღალი "ბოკალი" მეჭირა ხელში. ასე ვიჯექი სავარძელში, გვერდზე მდგარი დაბალი მაგიდიდან პერიოდულად ვიღებდი ჭიქას და ვწრუპავდი. კარგად ჯდებოდა მთლიანად ამ სურათში: კერი თავისი პრობლემებით, ურთიერთობებით, ერთი პარკი წარსული და მე ერთი ჭიქა წითელი ღვინით ხელში სავარძელზე ფეხმორთხმულად მჯდომი.
და მერე ვინანე, რომ ასე დამეზარა ადგომა სავარძლიდან და დასხმა. არა და რა სიამოვნებით გამოვწრუპავდი სულ რაღაც ერთ ჭიქას. თუმცა... მერე ალბათ დამეძინებოდა და ამ პოსტსაც ვეღარ დავწერდი.
P.S. ან PP (Post-production)
ვიპოვე პატარა ფურცლის ნაგლეჯებზე ამოწერილი სიტყვების ავტორი. მეტსაც გეტყვით, მთელი პოსტი მიმიძღვნია ამ სიტყვებისთვის. ნუ, პოსტი ხმამაღალი ნათქვამია. შეგიძლიათ იხილოთ აქ, ნუ დაიზარებთ, ძალიან პატარა "პოსტია".
Friday, January 28, 2011
Friday, January 21, 2011
სიმსუბუქე უპირველეს ყოვლისა
каждый воспринимает по мере своей истеричности
© by c. ანუ მე
წერილობითი კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა ჩათ-სისტემებსა და სმს-ებში სმაილის გამოყენება ყოველთვის არ არის საკმარისი. ხშირად, მაინც თავისებურად ესმით ინტონაცია. ეს, ალბათ, გამომდინარე თანამოსაუბრის ტიპიდან და მოც. მომენტში მისი განწყობიდან; სრულიად სხვა ტონალობა /ჟღერადობა შეიძლება მივიდეს თანამოსაუბრემდე, რადიკალურად განსხვავებული შენი განწყობისა და ტონალობისგან. იმდენად განსხვავებული, რომ შეიძლება უბრალოდ დაიბნე, გაოცებული დარჩე რეაქციით.
ან მე ვარ ასეთი და ძირითადად "გატარება"-ს ვამჯობინებ, სიტუაციის არაფრის გამო დაძაბვის და თანამოსაუბრის ტყუილ-უბრალოდ (გ)ანერვიულების თავიდან ასაცილებლად, და ან მართლა ასეა სწორი და ასე ჯობს(გე). მით უმეტეს, თუ ადამიანს კარგად იცნობ და უფრთხილდები, თუ შენს ინტერესებში არ შედის მისი გაბრაზება (და თუ ეს შენს ინტერესებშია, მაშინ, პრინციპში, იმაზე არ შეწუხდები, რომ რამე არასწორად გაიგო. პირიქით, ისე დაელაპრაკები, რომ თავიდანვე სწორად გაიგოს ყველაფერი და შესაბამისად გაბრაზდეს კიდეც :))) )
ზოგადად, ძალიან ცუდია, როდესაც მიგაწერენ იმას, რაც არა თუ არ გაგიკეთებია და არ გიგულისხმია, არამედ არც კი გაგივლია თავში. მაგრამ როდესაც ეს არ ეხება არჩადენილ დანაშაულს და სასჯელით არ გემუქრება, გადატანადი და ადვილად მოგვარებადია ხშირ შემთხვევაში :) თუმცა, მაინც არასასიამოვნოა. არასასიამოვნოა თავის მართლებაც, უბრალოდ იმიტომ, რომ სხვანაირად აღიქვეს შენი საქციელი/ნათქვამი.
ეს რეალურ ცხოვრებაზეც ვრცელდება, და არა მარტო ვირტუალურ თუ ფიჭურ კავშირზე.
აბა, დავიკიდოთ ამ დროს? ალბათ გააჩნია, ვინ დგას მეორე მხარეს. აქ, ალბათ უნდა ჩავრთოთ პრინციპი: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ოღონდ ჩავრთოთ სწორად. ხშირად, უბრალოდ არ ღირს თქმა, იმიტომ რომ წინასწარვე იცი, მაინც არასწორად აღიქვამენ შენს ნათქვამს(неверно истолковать - აი, ზუსტი შესატყვისი!), ან არ მოინდომებენ გაგებას, ან უბრალოდ იცი - შედეგი არასასურველი იქნება. სულ ერთია, ეს შენი საქციელის/ნათქვამის არასწორად აღქმას ეხება, თუ ზოგადად სხვის ქცევას. თუმცა, ზოგჯერ, პირიქით - ართქმით დაშავდების.
დავუბრუნდეთ საკომუნიკაციო (წერილობით კომუნიკაციის) საშუალებებს. ხან - პირიქით ხდება. ისეთი ადამიანი და ისე тонко მიხვდება უცებ სულ რაღაც 2, ნეიტრალური წინადადებიდან შენს განწყობას და ხასიათს (თან მასთან არანაირ კავშირში), რომ გაოცდები. წამის მეათასედით, (უსაფუძვლოდ) შეგეშინდება კიდეც, მიზეზსაც არ მიხვდეს ბოლომდე. :) მაგრამ გესიამოვნება სადღაც...
მოკლედ, ასეა თუ ისე, მე, ყველა ვარიანტში, მაინც სიმსუბუქის მომხრე ვარ, ყოველთვის და ბოლომდე, ან იქამდე, სადამდეც ამის საშუალებას იძლევა სიტუაცია (იქნება ეს შ). რატომ უნდა მოიშალო ნერვები, თუ შეგიძლია - არ მოიშალო :)))
ეპილოგი:
თუ მაინცდამაინც გაგიჩნდათ შეკითხვა - "რა მოხდა?", აქვე გიპასუხებთ - არაფერი, სრულიად არაფერი. უბრალოდ ბრძნადმეტყველების ხასიათზე ვარ :) და როგორც ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრს ვწერ და თუ ერთი გამეხსნა წერის სურვილი, მერე ვეღარ ვჩერდები :)
კიდევ არის თემები, რომლებიც მიტრიალებს თავში, მაგრამ ყველაფერზე ხომ არ დავწერ :))
ზებანალურ, მაგრამ მუდმივად აქტუალურ თემაზე ხომ არ დავწერო?! მაგ. - ქალი და მამაკაცი სხვადასხვა პლანეტიდან არიან - :)))))))))))
ან: "Счастье мужчины называется: я хочу. Счастье женщины называется: он хочет" (ნიცშე) :))
და საერთოდ, რაც ჩემს დაწყებულ და მიტოვებულ დისერტაციში არ დამიწერია და რაც კი წამიკითხავს და გადამიმუშავებია ფურცელზე თუ თავში მთელი ის წლები, აქ ხომ არ გადმოვიტანო? :))))
Tuesday, January 18, 2011
სიმღერსპრომტი
რაებში იხარჯებიო, მერე მეტყვიან... რა ვქნა, მე არ ვჯდები და ფიქრს არ ვიწყებ, მოდი ახლა რამეს დავწერ მეთქი (სერიოზულს ან არასერიოზულს). რაც მოდის თავში/ენაზე, მომენტალურად გადმომაქვს (ეს საუკეთესო შემთხვევაში, როცა კლავიატურა ხელთ არის).
აი ახლაც, მოვედი, ჩავრთე fეისბუქი და უცებ საიდანღაც, ღრმა ბავშვობიდან ამოტივტივდა მოტივი და ზედ ავტომატურად დაედო ჩემი სიტყვები. მეც აღარ დავახანე, ავდექი, მოვძებნე ის ნაცნობი მოტივი, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილის სიმღერა აღმოჩნდა (აი, კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ დასაფორმატებელი მაქვს მეხსიერება და კარგად გასაწმენდი. მაგრამ ამას ვერასოდეს ვიზამ და ცხოვრების ბოლომდე კიდევ რამდენი სისულელე, ნაგავი, საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია დაილექება, წარმომიდგენია. და რა სიტუაციაში და როდის ამონათდება აქედან სიტუაციურად "შესაბამისი" ინფო სკაიპის ფანჯარასავით, ეს წინასწარ არასოდეს ვიცი. აბა, გეგონათ ასეთ სიმღერებზე გავიზარდე?! :))) ოოო, არრააა! :))) უბრალოდ მაგნიტურად თუ არ ვიცი, რა მეთოდით მამახსოვრდება ვერ აგიხსნით რაები და რა ოდენობით...). ჩავრთე და სიმღერის პარალელურად დაფიქრების გარეშე ავკრიფე ახალი ტექსტი ამ სიმღერისთვის.
გამოვიდა მოკლე ოდა ინტერნეტს/fb-ს/ბლოგს და მათ ფერთ.
მაშ, ასე. ჩართეთ სიმღერა, ეცადეთ რობერტის სიტყვებს არ უსმინოთ და კარაოკესავით მიადევნოთ თვალი ქვემოთ მოცემულ ტექსტს :)
გულმართალი კაცი მიყვარს
ფეისბუქზე ანთებული
ფრენდებისთვის გზად და ხიდად გადებულიიიი
არაფერი არ მებადა ვოლისა და ბლოგის გარდა
და ფრენდები მე ყოველთვის გვერდით მყავდააა
მეეე ინტერნეტი დამიჯერეთ მისთვის მინდა
დავწერო და ჩემს პროფილზე სტატუსებით დავიხარჯო
მეც დავიდო თქვენს ვოლებზე ერთხანს ბინა დეეე
გავიხააროოო
იქნებ ვერც ვთქვი რაც მინდოდა
მაგრამ პოსტი მქონდა გრძელი
ლაიქისთვის მე ვიქნები მადლობელიიი
არაფერი არ მებადა ვოლისა და ბლოგის გარდა
და ფრენდები მე ყოველთვის გვერდით მყავდაააა
მეეე ინტერნეტი დამიჯერეთ მისთვის მინდა
დავწერო და ჩემს პროფილზე სტატუსებით დავიხარჯო
მეც დავიდო თქვენს ვოლებზე ერთხანს ბინა დეეე
გავიხააროოო
p.s. Моя память играет со мной злые шутки...
აი ახლაც, მოვედი, ჩავრთე fეისბუქი და უცებ საიდანღაც, ღრმა ბავშვობიდან ამოტივტივდა მოტივი და ზედ ავტომატურად დაედო ჩემი სიტყვები. მეც აღარ დავახანე, ავდექი, მოვძებნე ის ნაცნობი მოტივი, რომელიც რობერტ ბარძიმაშვილის სიმღერა აღმოჩნდა (აი, კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ დასაფორმატებელი მაქვს მეხსიერება და კარგად გასაწმენდი. მაგრამ ამას ვერასოდეს ვიზამ და ცხოვრების ბოლომდე კიდევ რამდენი სისულელე, ნაგავი, საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია დაილექება, წარმომიდგენია. და რა სიტუაციაში და როდის ამონათდება აქედან სიტუაციურად "შესაბამისი" ინფო სკაიპის ფანჯარასავით, ეს წინასწარ არასოდეს ვიცი. აბა, გეგონათ ასეთ სიმღერებზე გავიზარდე?! :))) ოოო, არრააა! :))) უბრალოდ მაგნიტურად თუ არ ვიცი, რა მეთოდით მამახსოვრდება ვერ აგიხსნით რაები და რა ოდენობით...). ჩავრთე და სიმღერის პარალელურად დაფიქრების გარეშე ავკრიფე ახალი ტექსტი ამ სიმღერისთვის.
გამოვიდა მოკლე ოდა ინტერნეტს/fb-ს/ბლოგს და მათ ფერთ.
მაშ, ასე. ჩართეთ სიმღერა, ეცადეთ რობერტის სიტყვებს არ უსმინოთ და კარაოკესავით მიადევნოთ თვალი ქვემოთ მოცემულ ტექსტს :)
გულმართალი კაცი მიყვარს
ფეისბუქზე ანთებული
ფრენდებისთვის გზად და ხიდად გადებულიიიი
არაფერი არ მებადა ვოლისა და ბლოგის გარდა
და ფრენდები მე ყოველთვის გვერდით მყავდააა
მეეე ინტერნეტი დამიჯერეთ მისთვის მინდა
დავწერო და ჩემს პროფილზე სტატუსებით დავიხარჯო
მეც დავიდო თქვენს ვოლებზე ერთხანს ბინა დეეე
გავიხააროოო
იქნებ ვერც ვთქვი რაც მინდოდა
მაგრამ პოსტი მქონდა გრძელი
ლაიქისთვის მე ვიქნები მადლობელიიი
არაფერი არ მებადა ვოლისა და ბლოგის გარდა
და ფრენდები მე ყოველთვის გვერდით მყავდაააა
მეეე ინტერნეტი დამიჯერეთ მისთვის მინდა
დავწერო და ჩემს პროფილზე სტატუსებით დავიხარჯო
მეც დავიდო თქვენს ვოლებზე ერთხანს ბინა დეეე
გავიხააროოო
p.s. Моя память играет со мной злые шутки...
Labels:
მე. -სპრომტი
Monday, January 10, 2011
C'est la vie ანუ 25-ე კადრი
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი პოსტსაახალწლო განწყობიდამ და არეული ფიქრებიდამ
(პოსტსაახალწლო პოსტი)
№
არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ - არ ვხმარობ?). და იმედია, erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ.
ეს სათვალე ვარდისფერი არ გეგონოთ. უბრალოდ სათვალეა. თითქოს საქარე მინასავით არის და პერიოდულად მტვერი ედება, გასაწმენდი ხდება და შენი მხედველობის არეში მოქცეული ხალხი და მოვლენები ცოტა სხვანაირად აღიქმება. დაახლოებით, როგორც в кривых зеркалах (არც ქართული დამვიწყებია და არც რუსულით ვმარიაჟობ. იაპონურად რომ მომსვლოდა უცებ ეს ფრაზა თავში - რაც ცხადია არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ - იაპონურად დავწერდი). პრინციპში, პერიოდულად კი არა, სულ დამტვერილია, სულ რაღაც "გაბლარებულივით" არის, მტვრის ეფექტი აქვს თანდაყოლილი, "заводской". ეს სნობიზმის მტვერია, საზოგადოებრივი მტვერია, "ინტელექტუალური" მტვერია, "კაი ტიპობის" მტვერია... ამ მტვერს დაუზოგავად და უხვად ვაყრით თვალებში ერთმანეთს. თვალებში, ან სათვალეებში. აი ისე, როგორც გუნდაობის დროს და ვართ ამით "ბედნიერები".
№
ხანდახან მარიონეტების თეატრში მგონია თავი. ოღონდ არა დარბაზში და მაყურებლის როლში, არამედ სცენაზე. აქ მაყურებელიც და მსახიობიც, უფრო სწორად მარიონეტი - ყველა სცენაზეა. 2 in 1. უბრალოდ, სცენა მოძრავია და შენ - მარიონეტი, ხან მსახიობი ხარ (თოკებზე გამობმული) და ხან მაყურებელი (ისევ თოკებზე გამობმული), ხან - ორივე ერთად. მიზანსცენების მიხედვით მოქმედებ (ან გამოძრავებენ), მიზანსცენების შესაბამისად და იმ მომენტში სცენაზე მდგომი სხვა მარიონეტების დასანახად იქცევი და ლაპარაკობ ისე, როგორც მათთან მისაღებია და "კაი პონტია". მერე სცენა ტრიალდება. შენ გადიხარ და შენს შემოსვლას ელი, ან სხვა სცენაზე ინაცვლებ, სხვა გმირებთან და ახლა იქ განაგრძობ თამაშს, უკვე სხვა სიტყვებით, იმიტომ რომ აქ - ასეა საჭირო. უკვე გერევა, სინამდვილეში ის ხარ თუ ეს. ვიღაცასთან კატეგორიულად უარყოფ და მერე იგივეს იმავე შემართებით იცავ სხვასთან. კარგავ თავს და შეეზრდები იმ ძაფებს, რომელიც ხელ-ფეხზე გიკეთია. მალე შეიძლება გრიმი და თითქმის შეზრდილი ნიღაბიც ვეღარ მოიშორო.
№
ხომ ართმევენ ქალს დედობის უფლებას კანონის ძალით?! ალბათ კაცსაც ართმევენ მამობის უფლებას, მაგრამ ეს რაღაც სხვანაირად ჟღერს. მოდი, დედობის უფლების ჩამორთმევაზე შევჩერდეთ. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც სხვის გემოვნება/უგემოვნობაზე მსჯელობის უფლებას ჩამოართმევდა ბევრ ადამიანს. კანონის ძალით იმიტომ, რომ თვითონ ვერ აცნობიერებენ - უბრალოდ არ აქვთ ამის უფლება. კონკრეტულ ადამიანებს სრულიად კონკრეტული მიზეზების გამო და არა იმიტომ, რომ არავინ ეკითხებათ.
არა, ეს უკანასკნელი სენი ყველას გვჭირს და გვეკითხება თუ არ გვეკითხება, გვეხება თუ არა, პირდაპირ თუ ირიბად მაინც ვარჩევთ და განვიხილავთ და განვიკითხავთ. ეს სულ ასე იქნება. მე უფრო ვიწრო სფეროს შევეხე. როდესაც ადამიანი დიადი სიგოიმის გარემოცვაში იმყოფები და ჩაფლული ხარ ამაში სამუდამოდ (და ძალიან სამწუხაროდ), მორალური უფლება არ გაქვს, სხვის სიგოიმეზე იმსჯელო.
№
ბოლო დროს სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ყველაფერი დაგლეჯილ-დაყოფილია. ალბათ მთელი სამყარო, ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი ქალაქიც... პრინციპში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების მაკეტის მაგალითზე შეიძლება/ჯობს მსჯელობა. თუმცა არა, მსჯელობას არ ვაპირებ. ეს ხომ უბრალოდ ნაწყვეტებია ფიქრებიდან.
რას ვამბობდი? რას და რომ დაყოფილია გარშემო ყველაფერი კასტებად, ჯგუფებად, დაჯგუფებებად (სიტყვა "სასტავებად"-ს განგებ არ გამოვიყენებ). ამ დაჯგუფებებში კიდევ ქვე დაჯგუფებებია, ერთში მყოფი ხალხის ერთი ნაწილი კიდე სხვაგანაც იმყოფება, მეორე ნაწილი - მეორე "სხვაგან" და ა.შ. აი, რომ წარმოიდგინოთ წრეები, რომლებიც იკვეთება გარკვეულ დონეზე. ხომ მიხვდით? ოღონდ, რაც მთავარია, ყველა ერთმანეთს ჭორავს, ერჩის, კბენს, აკრიტიკებს, ყველა ჩასაფრებულია, ყველას დაცქვეტილი აქვს ყურები, რომ რამე ხელმოსაჭიდი და კბილჩასავლები ნახოს, აიტაცოს და წავიდააა...
ბევრი იოგების დაწყვეტამდე ხავის, რომ დაიმკვიდროს თავი მარტო ამ ყვირილით (რაც, პრინციპში წარმატებით გამოსდით), ცხვირში და თვალებში გჩრიან თავიანთ რაღაც გარკვეულ თვისებებსა თუ მოსაზრებებს, ორიენტაციას თუ უორიენტაციობას, აპკს თუ უაპკობას, რელიგიურობასა თუ ათეისტურ შემართებას. შენ კი, ამ დროს, შეიძლება, ძალიან თავაზიანად რომ ვთქვათ, ცალ ფეხზე გეკიდოს ეს ყველაფერი და შენი განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრების მისთვის თავზე მოხვევის სურვილი სულ არ გქონდეს. არც უაზრო და არაფრისმომტან პოლემიკაში შესვლის სურვილი გამოძრავებდეს. ვიღაცაზე მაღლა დადგომა მარტო ყვირილით არ გამოდის (ყვირილი - ეს ქართული დაავადებაა ალბათ, ძალიან ბევრ სფეროში და განსაკუთრებით ქართულ თეატრში ჩანს გადასარევად, დამეთანხმებით). შეიძლება, სრულიად მდუმარე იყო და ბევრად მაღლა იდგე, ჩუმად აკეთო ის, რაც გიყვარს, მოგწონს ან უბრალოდ გისწორდება და ვიმეორებ, ცალ ფეხზე გეკიდოს მასის მოსაზრება.
ეს ყველაფერი ოდითგანვე ასე იყო, არის და იქნება, უბრალოდ ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელებმა ასე ღრმად და ალბათ საუკუნოდ გაიდგა ფესვები საზოგადოების ცხოვრებასა და ცნობიერებაში და ტელევიზიებმა (და მათ უკან მდგომებმა) კი განმანათლებლებთან და გურუებთან გააიგივეს თავი. უბრალოდ ზედაპირზე იმაზე მეტი ამოტივტივდა, ვიდრე აქამდე იყო. კაატინგა წარმოვიდგინე უცებ რატომღაც. კაატინგას ვკვებავთ და ვასაზრდოებთ თითქოს ყველა. კაატინგის პლანტაციებია...
№
კატეგორიულად არ მინდოდა, "ახალი წელი" დამთავრებულიყო. სადმე კარები რომ ყოფილიყო, საიდანაც დღესასწაული შემოდის და გადის, აუცილებლად გავწვებოდი იმ კარში და სასოწარკვეთილი ხმით ვეტყოდი, რომ არსად გავუშვებ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წინასაახალწლოდ არაჩვეულებრივი განწყობა შემექმნა, რაც საკმაოდ გახანრგძლივდა, მთელი დასვენების პერიოდი გასტანა და კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სამუშაო კვირის დაწყება 1 კვირიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ ეგ არაფერი, ხასიათი არ გამფუჭებია. ყოველ შემთხვევაში, როცა მიფუჭდება, დიდხანს ვერ ძლებს. ავტოშეკეთების ფუნქცია აქვს, როგორც ჩანს.
კარგი იყო, კარგი ახალი წელი იყო. განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე, სრულიად მომღიმარი, მხიარული და სასიამოვნო. შემდგომი დღეებიც. მიყვარს, ეს განწყობა ჰაერში რომ იგრძნობა, ოდნავ კეთილი რომ ხდება თითქოს ყველა და სულ ოდნავ ნაკლებად დაბღვერილი სახეები რომ გხვდება გარეთ. სულ მინდა ხოლმე ამ დროს, სხვებსაც გადაედოს ჩემი ხასიათი. არც ისე მარტივია, მაგრამ მე - მინდა.
და დაიწყო შრომა-გასწორების პერიოდი, მაგრამ, რომ მეგონა, ფიზიკურად ვიგრძნობდი, როგორ აღარ შემიძლია, შევცდი. მერე გამახსენდა, რომ ძალიან კარგი თვისება შევიძინე დროთა განმავლობაში - მომენტალური ადაპტაციის. არაჩვეულებრივია. მომენტალურად გადმოვერთე და გადმოვიტანე თან განწყობა. ჯერ - ჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედია ასეც გაგრძელდება.
კარგი სიახლეები წლის დასაწყისშივე, თუნდაც ელემენტარული და x-files-ური, ან გრიფით "საიდუმლო" - ეს კარგია. დადებითი სიახლეები და გადახალისება. ტვინის ჭყლეტას ტყუილად ნურავინ დაიწყებს ამ თემასთან დაკავშირებით. x-files = საიდუმლო მასალები. რაც შეეხება გარეგნულ ეფექტებს, это все кажущаяся видимость, это just маскировка.
№
რამდენ რაღაცას გასწავლის ცხოვრება, თუ, რა თქმა უნდა რეზისტენტული არ ხარ და/ან მყარ მდგომარეობაში გადასვლისკენ (გაყინვას ვგულისხმობ. ერთ წერტილში გაყინვას) მიდრეკილი. ვინც იტყვის, სკოლაში როგორიც ვიყავი, ისეთი დავრჩი, არ შევცვლილვარო, პირველი ვესვრი ქვას! არა, პრინციპში არ ვესვრი, იმიტომ რომ, როგორც ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც რაღაც წერტილში იყინებიან და მორჩა, წვეთოვანს თუ დაუყენებ და ისე მიაწვდი ახალს. ან სხვანაირად ვითარდებიან.
ეს გზის გასაყარს ჰგავს, თითქმის ყველა ზღაპარში რომ არის. დიდ ლოდზე, რომელიც ამ გასაყარზე დევს, წერია: მარჯვნივ წახვალ - ... მარცხნივ წახვალ - ... პირდაპირ წახვალ - ... ოღონდ ამ 2-2 სიტყვის შემდეგ რა წერია, ეს არ ჩანს, გადასაფხეკია. მერე, მოგვიანებით მიხვდები, მოიგე თუ არ.
მანამდე კი ბრმა არჩევანს აკეთებ. ან არჩევანს არც აკეთებ, უბრალოდ ინერციით ადგები რომელიმე გზას. ან ინერციით კი არა, გარკვეული მოვლენების დროში გარკვეული ფორმით დამთხვევის შედეგად. მოკლედ, მიზეზი ბევრია და ცალსახა და გარკვეული - არც ერთი.
მთავარი ის არის, რომ ამ გზას ადგები და ისინი, ვინც მანამდე მოგყვებოდნენ, ან გამოგყვებიან კიდე და ან - არა. მათ, შეიძლება, სხვა გზა არჩიეს. ამას ცოტა მერე ხვდები, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, როცა უცებ გაჩერდები, მიიხედავ უკან, გარშემოც მიმოიხედავ და უეცრად აცნობიერებ - ჩამოგრჩნენ, ან გადაუხვიეს... და გვერდზე უკვე სხვა ხალხია, ისე შემოიპარენ შენს ცხოვრებაში, თითქოს სულ ასე ყოფილიყო. საათს დახედავ (ან კალენდარს, ან მზეს ახედავ) და მიხვდები, სულ ახალი მოსულები არიან, მაგრამ ძალიან ახლოს დგანან და ისინი, ვინც გეგონა, გვერდზე ივლიდნენ, სადღაც შორს წერტილებივით მოჩანან. და განაგრძობ გზას. ახლა უკვე ოდნავ სხვანაირი. ამასაც თანდათან ხვდები. ერთბაშად ვერ მიხვდები, რომ შეიცვალე.
მიდიხარ, მიდიხარ. ის, ძველი, არ გავიწყდება და სადღაც, პერიოდულად, ლიანდაგებივით რომ ერთდება გზები შემთხვევით, აი, იქ ხვდები და ინერციით შემორჩენილი და ღრმად ჩაბეჭდილი სიყვარულით (მაგრამ უკვე სხვანაირი) უყურებ, სითბოთი უყურებ, იმიტომ რომ ისინი შენი ბავშვობიდან მოდიან და რა სხვანაირებიც არ უნდა იყვნენ, მაინც შენები არიან. იქნებით, ასე ერთხანს და მერე ისევ წახვალთ თქვენ-თქვენი გზით, მომავალ გადაკვეთამდე.
და ისევ და ისევ გემატებიან გზადაგზა ასეთივე გზით მოსიარულენი. და უზომოდ გიხარია, რომ მარტო არ ხარ და ეს გზა ასეთმა ადამიანებმა აირჩიეს.
№
ხანდახან იღვიძებ დილით და ხვდები, რომ კიდევ ერთხელ დაამარცხა შენმა ქვეცნობიერმა ცნობიერი და ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე 3D-ში სიზმრის სახით წარმოგიდგინა. კიდევ ერთხელ დაჯდა ვიღაც უკანა რიგში, შენს უკან, სახეზე შემოგაჭდო ორივე ხელი და გაიძულა, გეყურებინა ამ ფილმისთვის, რომელიც ძალიან ჰგავდა რეალობას ან რეალობიდან ამოგლეჯილ კადრს. თან ისე გიჭერდა, რომ თავი არ მოგეტრიალებინა და იძულებული ყოფილიყავი, ეკრანისთვის გეყურებინა. არც ცივ ოფლში გაგიღვიძია და არც ყვირილით წამომხტარხარ ამ დროს, როგორც ფილმებში არის ხოლმე. უბრალოდ მარცხენა მხარეს მკერდში რაღაც ტკივილი იგრძენი, სიზმარშივე და გაღვიძებულს ეს ტკივილი ყრუდ გამოგყვა, სარკეში საკუთარი არამომღიმარი სახის დანახვისას კი მიხვდი, რომ ეს "ღამის საოცრება" სავარაუდოდ კიდევ დიიდხანს გაგრძელდება. მაგრამ საბედნიეროდ - დიდი შუალედებით. ხვალ სარკეში ისევ მშვიდ და გაღიმებულ სახეს დაინახავ - ამით იმშვიდებ გულს და დღის განმავლობაში გავიწყდება ისევ ის დაუსრულებელი ექო.
№
ჰო, რას ვამბობდი? რამდენ რაღაცას გასწავლის მეთქი ცხოვრება. გასწავლის, რომ ფრთხილი უნდა იყო, არავის ენდო, თითქმის არავის, გასწავლის, რომ ხანდახან ლაპარაკს, ჯობია დაღეჭო. გასწავლის, პირველი რეაქციის გამოხატვისგან ხანდახან თავი შეიკავო, შეიძლება მერე შთაბეჭდილება შეგეცვალოს და ინანო. გასწავლის, რაღაც რომ არ მოგეწონება/გეწყინება ახლობლისგან, მომენტალურად არ მისცე რეაქცია, იმას თუ არა, შენს თავს მაინც დააცადო, შეიძლება მერე სხვანაირად შეხედო ყველაფერს, ან თუ იმავე აზრზე დარჩები, ის მაინც იფიქრო, რომ მკვეთრი რეაქციის მიცემა არ ღირდა და რომ ორად გაყოფილი ენა ჯობია ხანდახან პირის ღრუში დატოვო.
რომ იგავი "ენით დაკოდილი" საკმაოდ ბრძნულია. რომ არა მარტო საბა, შოთაც ბრძენი იყო და ანდაზა თუ აფორიზმი თუ გამოთქმა "ჰკითხე ასთა ჰქმენ გულისა რა გინდ ვინ რა გივაზიროს" - ჭეშმარიტებაა და რომ ხანდახან უნდა ადგე და უბრალოდ გააკეთო ის, რაც გინდა, ყველანაირი ზედმეტი გათვლების და ნერვიულობის გარეშე. ხანდახან, ოღონდ, და არა ყოველთვის. რომ "друзей терять не надо, их никто вам не вернет" . რომ უნდა გაუფრთხილდე ახლობელ ადამიანებს და თუნდაც ცხოვრების ბოლომდე ერთი და იგივე ქმედება არ მოგწონდეს მათში, მაინც ისეთები უნდა მიიღო, როგორებიც არიან და თუნდაც მემილიონეჯერ შენ გადადგა სწორი ნაბიჯი.
რომ არ უნდა ეცადო სხვის თვალში ბეწვის ძებნას ლუპით და პრინციპში ბეწვი და დირე კი არა, მორიც რომ დაინახო, ამან არ უნდა შეგაფერხოს. "რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს" და კიდევ ბევრ რაღაცას. ამაზე წერას თუ შევყევი, ცალკე ბლოგი დამჭირდება.
№
ამბობენ, შეცდომებზე სწავლობს ადამიანიო, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ არ გავიმეორებ საკუთარ ჩადენილ შეცდომებს, იმ შეცდომებს, რომლებიც ამ გადმოსახედიდან და უსათვალოდ საკმაოდ კარგად ჩანს და თუ დიდხანს ვუყურე, თვალებსაც მტკენს და გულსაც. მაგრამ მერე ისევ მტვრიან სათვალეს ვიკეთებ, ან უბრალოდ ვტრიალდები და განვაგრძობ ცხოვრებას, ახალ გზებზე სიარულს და ახალი სისულელეების ჩადენას.
C'est la vie :)
Labels:
განწყობა,
მე,
ცხოვრება. კადრები
Subscribe to:
Posts (Atom)