C'est la vie ანუ 25-ე კადრი

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ჩემი პოსტსაახალწლო განწყობიდამ და არეული ფიქრებიდამ

(პოსტსაახალწლო პოსტი)



არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ - არ ვხმარობ?). და იმედია, erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ.

ეს სათვალე ვარდისფერი არ გეგონოთ. უბრალოდ სათვალეა. თითქოს საქარე მინასავით არის და პერიოდულად მტვერი ედება, გასაწმენდი ხდება და შენი მხედველობის არეში მოქცეული ხალხი და მოვლენები ცოტა სხვანაირად აღიქმება. დაახლოებით, როგორც в кривых зеркалах (არც ქართული დამვიწყებია და არც რუსულით ვმარიაჟობ. იაპონურად რომ მომსვლოდა უცებ ეს ფრაზა თავში - რაც ცხადია არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ - იაპონურად დავწერდი). პრინციპში, პერიოდულად კი არა, სულ დამტვერილია, სულ რაღაც "გაბლარებულივით" არის, მტვრის ეფექტი აქვს თანდაყოლილი, "заводской". ეს სნობიზმის მტვერია, საზოგადოებრივი მტვერია, "ინტელექტუალური" მტვერია, "კაი ტიპობის" მტვერია... ამ მტვერს დაუზოგავად და უხვად ვაყრით თვალებში ერთმანეთს. თვალებში, ან სათვალეებში. აი ისე, როგორც გუნდაობის დროს და ვართ ამით "ბედნიერები".



ხანდახან მარიონეტების თეატრში მგონია თავი. ოღონდ არა დარბაზში და მაყურებლის როლში, არამედ სცენაზე. აქ მაყურებელიც და მსახიობიც, უფრო სწორად მარიონეტი - ყველა სცენაზეა. 2 in 1. უბრალოდ, სცენა მოძრავია და შენ - მარიონეტი, ხან მსახიობი ხარ (თოკებზე გამობმული) და ხან მაყურებელი (ისევ თოკებზე გამობმული), ხან - ორივე ერთად. მიზანსცენების მიხედვით მოქმედებ (ან გამოძრავებენ), მიზანსცენების შესაბამისად და იმ მომენტში სცენაზე მდგომი სხვა მარიონეტების დასანახად იქცევი და ლაპარაკობ ისე, როგორც მათთან მისაღებია და "კაი პონტია". მერე სცენა ტრიალდება. შენ გადიხარ და შენს შემოსვლას ელი, ან სხვა სცენაზე ინაცვლებ, სხვა გმირებთან და ახლა იქ განაგრძობ თამაშს, უკვე სხვა სიტყვებით, იმიტომ რომ აქ - ასეა საჭირო. უკვე გერევა, სინამდვილეში ის ხარ თუ ეს. ვიღაცასთან კატეგორიულად უარყოფ და მერე იგივეს იმავე შემართებით იცავ სხვასთან. კარგავ თავს და შეეზრდები იმ ძაფებს, რომელიც ხელ-ფეხზე გიკეთია. მალე შეიძლება გრიმი და თითქმის შეზრდილი ნიღაბიც ვეღარ მოიშორო.



ხომ ართმევენ ქალს დედობის უფლებას კანონის ძალით?! ალბათ კაცსაც ართმევენ მამობის უფლებას, მაგრამ ეს რაღაც სხვანაირად ჟღერს. მოდი, დედობის უფლების ჩამორთმევაზე შევჩერდეთ. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც სხვის გემოვნება/უგემოვნობაზე მსჯელობის უფლებას ჩამოართმევდა ბევრ ადამიანს. კანონის ძალით იმიტომ, რომ თვითონ ვერ აცნობიერებენ - უბრალოდ არ აქვთ ამის უფლება. კონკრეტულ ადამიანებს სრულიად კონკრეტული მიზეზების გამო და არა იმიტომ, რომ არავინ ეკითხებათ.
არა, ეს უკანასკნელი სენი ყველას გვჭირს და გვეკითხება თუ არ გვეკითხება, გვეხება თუ არა, პირდაპირ თუ ირიბად მაინც ვარჩევთ და განვიხილავთ და განვიკითხავთ. ეს სულ ასე იქნება. მე უფრო ვიწრო სფეროს შევეხე. როდესაც ადამიანი დიადი სიგოიმის გარემოცვაში იმყოფები და ჩაფლული ხარ ამაში სამუდამოდ (და ძალიან სამწუხაროდ), მორალური უფლება არ გაქვს, სხვის სიგოიმეზე იმსჯელო.



ბოლო დროს სულ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ყველაფერი დაგლეჯილ-დაყოფილია. ალბათ მთელი სამყარო, ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი ქალაქიც... პრინციპში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების მაკეტის მაგალითზე შეიძლება/ჯობს მსჯელობა. თუმცა არა, მსჯელობას არ ვაპირებ. ეს ხომ უბრალოდ ნაწყვეტებია ფიქრებიდან.
რას ვამბობდი? რას და რომ დაყოფილია გარშემო ყველაფერი კასტებად, ჯგუფებად, დაჯგუფებებად (სიტყვა "სასტავებად"-ს განგებ არ გამოვიყენებ). ამ დაჯგუფებებში კიდევ ქვე დაჯგუფებებია, ერთში მყოფი ხალხის ერთი ნაწილი კიდე სხვაგანაც იმყოფება, მეორე ნაწილი - მეორე "სხვაგან" და ა.შ. აი, რომ წარმოიდგინოთ წრეები, რომლებიც იკვეთება გარკვეულ დონეზე. ხომ მიხვდით? ოღონდ, რაც მთავარია, ყველა ერთმანეთს ჭორავს, ერჩის, კბენს, აკრიტიკებს, ყველა ჩასაფრებულია, ყველას დაცქვეტილი აქვს ყურები, რომ რამე ხელმოსაჭიდი და კბილჩასავლები ნახოს, აიტაცოს და წავიდააა...
ბევრი იოგების დაწყვეტამდე ხავის, რომ დაიმკვიდროს თავი მარტო ამ ყვირილით (რაც, პრინციპში წარმატებით გამოსდით), ცხვირში და თვალებში გჩრიან თავიანთ რაღაც გარკვეულ თვისებებსა თუ მოსაზრებებს, ორიენტაციას თუ უორიენტაციობას, აპკს თუ უაპკობას, რელიგიურობასა თუ ათეისტურ შემართებას. შენ კი, ამ დროს, შეიძლება, ძალიან თავაზიანად რომ ვთქვათ, ცალ ფეხზე გეკიდოს ეს ყველაფერი და შენი განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრების მისთვის თავზე მოხვევის სურვილი სულ არ გქონდეს. არც უაზრო და არაფრისმომტან პოლემიკაში შესვლის სურვილი გამოძრავებდეს. ვიღაცაზე მაღლა დადგომა მარტო ყვირილით არ გამოდის (ყვირილი - ეს ქართული დაავადებაა ალბათ, ძალიან ბევრ სფეროში და განსაკუთრებით ქართულ თეატრში ჩანს გადასარევად, დამეთანხმებით). შეიძლება, სრულიად მდუმარე იყო და ბევრად მაღლა იდგე, ჩუმად აკეთო ის, რაც გიყვარს, მოგწონს ან უბრალოდ გისწორდება და ვიმეორებ, ცალ ფეხზე გეკიდოს მასის მოსაზრება.
ეს ყველაფერი ოდითგანვე ასე იყო, არის და იქნება, უბრალოდ ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელებმა ასე ღრმად და ალბათ საუკუნოდ გაიდგა ფესვები საზოგადოების ცხოვრებასა და ცნობიერებაში და ტელევიზიებმა (და მათ უკან მდგომებმა) კი განმანათლებლებთან და გურუებთან გააიგივეს თავი. უბრალოდ ზედაპირზე იმაზე მეტი ამოტივტივდა, ვიდრე აქამდე იყო. კაატინგა წარმოვიდგინე უცებ რატომღაც. კაატინგას ვკვებავთ და ვასაზრდოებთ თითქოს ყველა. კაატინგის პლანტაციებია...



კატეგორიულად არ მინდოდა, "ახალი წელი" დამთავრებულიყო. სადმე კარები რომ ყოფილიყო, საიდანაც დღესასწაული შემოდის და გადის, აუცილებლად გავწვებოდი იმ კარში და სასოწარკვეთილი ხმით ვეტყოდი, რომ არსად გავუშვებ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ წინასაახალწლოდ არაჩვეულებრივი განწყობა შემექმნა, რაც საკმაოდ გახანრგძლივდა, მთელი დასვენების პერიოდი გასტანა და კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სამუშაო კვირის დაწყება 1 კვირიანი პაუზის შემდეგ. მაგრამ ეგ არაფერი, ხასიათი არ გამფუჭებია. ყოველ შემთხვევაში, როცა მიფუჭდება, დიდხანს ვერ ძლებს. ავტოშეკეთების ფუნქცია აქვს, როგორც ჩანს.
კარგი იყო, კარგი ახალი წელი იყო. განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე, სრულიად მომღიმარი, მხიარული და სასიამოვნო. შემდგომი დღეებიც. მიყვარს, ეს განწყობა ჰაერში რომ იგრძნობა, ოდნავ კეთილი რომ ხდება თითქოს ყველა და სულ ოდნავ ნაკლებად დაბღვერილი სახეები რომ გხვდება გარეთ. სულ მინდა ხოლმე ამ დროს, სხვებსაც გადაედოს ჩემი ხასიათი. არც ისე მარტივია, მაგრამ მე - მინდა.
და დაიწყო შრომა-გასწორების პერიოდი, მაგრამ, რომ მეგონა, ფიზიკურად ვიგრძნობდი, როგორ აღარ შემიძლია, შევცდი. მერე გამახსენდა, რომ ძალიან კარგი თვისება შევიძინე დროთა განმავლობაში - მომენტალური ადაპტაციის. არაჩვეულებრივია. მომენტალურად გადმოვერთე და გადმოვიტანე თან განწყობა. ჯერ - ჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედია ასეც გაგრძელდება.
კარგი სიახლეები წლის დასაწყისშივე, თუნდაც ელემენტარული და x-files-ური, ან გრიფით "საიდუმლო" - ეს კარგია. დადებითი სიახლეები და გადახალისება. ტვინის ჭყლეტას ტყუილად ნურავინ დაიწყებს ამ თემასთან დაკავშირებით. x-files = საიდუმლო მასალები. რაც შეეხება გარეგნულ ეფექტებს, это все кажущаяся видимость, это just маскировка.




რამდენ რაღაცას გასწავლის ცხოვრება, თუ, რა თქმა უნდა რეზისტენტული არ ხარ და/ან მყარ მდგომარეობაში გადასვლისკენ (გაყინვას ვგულისხმობ. ერთ წერტილში გაყინვას) მიდრეკილი. ვინც იტყვის, სკოლაში როგორიც ვიყავი, ისეთი დავრჩი, არ შევცვლილვარო, პირველი ვესვრი ქვას! არა, პრინციპში არ ვესვრი, იმიტომ რომ, როგორც ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც რაღაც წერტილში იყინებიან და მორჩა, წვეთოვანს თუ დაუყენებ და ისე მიაწვდი ახალს. ან სხვანაირად ვითარდებიან.
ეს გზის გასაყარს ჰგავს, თითქმის ყველა ზღაპარში რომ არის. დიდ ლოდზე, რომელიც ამ გასაყარზე დევს, წერია: მარჯვნივ წახვალ - ... მარცხნივ წახვალ - ... პირდაპირ წახვალ - ... ოღონდ ამ 2-2 სიტყვის შემდეგ რა წერია, ეს არ ჩანს, გადასაფხეკია. მერე, მოგვიანებით მიხვდები, მოიგე თუ არ.
მანამდე კი ბრმა არჩევანს აკეთებ. ან არჩევანს არც აკეთებ, უბრალოდ ინერციით ადგები რომელიმე გზას. ან ინერციით კი არა, გარკვეული მოვლენების დროში გარკვეული ფორმით დამთხვევის შედეგად. მოკლედ, მიზეზი ბევრია და ცალსახა და გარკვეული - არც ერთი.
მთავარი ის არის, რომ ამ გზას ადგები და ისინი, ვინც მანამდე მოგყვებოდნენ, ან გამოგყვებიან კიდე და ან - არა. მათ, შეიძლება, სხვა გზა არჩიეს. ამას ცოტა მერე ხვდები, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, როცა უცებ გაჩერდები, მიიხედავ უკან, გარშემოც მიმოიხედავ და უეცრად აცნობიერებ - ჩამოგრჩნენ, ან გადაუხვიეს... და გვერდზე უკვე სხვა ხალხია, ისე შემოიპარენ შენს ცხოვრებაში, თითქოს სულ ასე ყოფილიყო. საათს დახედავ (ან კალენდარს, ან მზეს ახედავ) და მიხვდები, სულ ახალი მოსულები არიან, მაგრამ ძალიან ახლოს დგანან და ისინი, ვინც გეგონა, გვერდზე ივლიდნენ, სადღაც შორს წერტილებივით მოჩანან. და განაგრძობ გზას. ახლა უკვე ოდნავ სხვანაირი. ამასაც თანდათან ხვდები. ერთბაშად ვერ მიხვდები, რომ შეიცვალე.

მიდიხარ, მიდიხარ. ის, ძველი, არ გავიწყდება და სადღაც, პერიოდულად, ლიანდაგებივით რომ ერთდება გზები შემთხვევით, აი, იქ ხვდები და ინერციით შემორჩენილი და ღრმად ჩაბეჭდილი სიყვარულით (მაგრამ უკვე სხვანაირი) უყურებ, სითბოთი უყურებ, იმიტომ რომ ისინი შენი ბავშვობიდან მოდიან და რა სხვანაირებიც არ უნდა იყვნენ, მაინც შენები არიან. იქნებით, ასე ერთხანს და მერე ისევ წახვალთ თქვენ-თქვენი გზით, მომავალ გადაკვეთამდე.
და ისევ და ისევ გემატებიან გზადაგზა ასეთივე გზით მოსიარულენი. და უზომოდ გიხარია, რომ მარტო არ ხარ და ეს გზა ასეთმა ადამიანებმა აირჩიეს.



ხანდახან იღვიძებ დილით და ხვდები, რომ კიდევ ერთხელ დაამარცხა შენმა ქვეცნობიერმა ცნობიერი და ეს ყველაფერი დიდ ეკრანზე 3D-ში სიზმრის სახით წარმოგიდგინა. კიდევ ერთხელ დაჯდა ვიღაც უკანა რიგში, შენს უკან, სახეზე შემოგაჭდო ორივე ხელი და გაიძულა, გეყურებინა ამ ფილმისთვის, რომელიც ძალიან ჰგავდა რეალობას ან რეალობიდან ამოგლეჯილ კადრს. თან ისე გიჭერდა, რომ თავი არ მოგეტრიალებინა და იძულებული ყოფილიყავი, ეკრანისთვის გეყურებინა. არც ცივ ოფლში გაგიღვიძია და არც ყვირილით წამომხტარხარ ამ დროს, როგორც ფილმებში არის ხოლმე. უბრალოდ მარცხენა მხარეს მკერდში რაღაც ტკივილი იგრძენი, სიზმარშივე და გაღვიძებულს ეს ტკივილი ყრუდ გამოგყვა, სარკეში საკუთარი არამომღიმარი სახის დანახვისას კი მიხვდი, რომ ეს "ღამის საოცრება" სავარაუდოდ კიდევ დიიდხანს გაგრძელდება. მაგრამ საბედნიეროდ - დიდი შუალედებით. ხვალ სარკეში ისევ მშვიდ და გაღიმებულ სახეს დაინახავ - ამით იმშვიდებ გულს და დღის განმავლობაში გავიწყდება ისევ ის დაუსრულებელი ექო.



ჰო, რას ვამბობდი? რამდენ რაღაცას გასწავლის მეთქი ცხოვრება. გასწავლის, რომ ფრთხილი უნდა იყო, არავის ენდო, თითქმის არავის, გასწავლის, რომ ხანდახან ლაპარაკს, ჯობია დაღეჭო. გასწავლის, პირველი რეაქციის გამოხატვისგან ხანდახან თავი შეიკავო, შეიძლება მერე შთაბეჭდილება შეგეცვალოს და ინანო. გასწავლის, რაღაც რომ არ მოგეწონება/გეწყინება ახლობლისგან, მომენტალურად არ მისცე რეაქცია, იმას თუ არა, შენს თავს მაინც დააცადო, შეიძლება მერე სხვანაირად შეხედო ყველაფერს, ან თუ იმავე აზრზე დარჩები, ის მაინც იფიქრო, რომ მკვეთრი რეაქციის მიცემა არ ღირდა და რომ ორად გაყოფილი ენა ჯობია ხანდახან პირის ღრუში დატოვო.

რომ იგავი "ენით დაკოდილი" საკმაოდ ბრძნულია. რომ არა მარტო საბა, შოთაც ბრძენი იყო და ანდაზა თუ აფორიზმი თუ გამოთქმა "ჰკითხე ასთა ჰქმენ გულისა რა გინდ ვინ რა გივაზიროს" - ჭეშმარიტებაა და რომ ხანდახან უნდა ადგე და უბრალოდ გააკეთო ის, რაც გინდა, ყველანაირი ზედმეტი გათვლების და ნერვიულობის გარეშე. ხანდახან, ოღონდ, და არა ყოველთვის. რომ "друзей терять не надо, их никто вам не вернет" . რომ უნდა გაუფრთხილდე ახლობელ ადამიანებს და თუნდაც ცხოვრების ბოლომდე ერთი და იგივე ქმედება არ მოგწონდეს მათში, მაინც ისეთები უნდა მიიღო, როგორებიც არიან და თუნდაც მემილიონეჯერ შენ გადადგა სწორი ნაბიჯი.

რომ არ უნდა ეცადო სხვის თვალში ბეწვის ძებნას ლუპით და პრინციპში ბეწვი და დირე კი არა, მორიც რომ დაინახო, ამან არ უნდა შეგაფერხოს. "რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს" და კიდევ ბევრ რაღაცას. ამაზე წერას თუ შევყევი, ცალკე ბლოგი დამჭირდება.



ამბობენ, შეცდომებზე სწავლობს ადამიანიო, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ არ გავიმეორებ საკუთარ ჩადენილ შეცდომებს, იმ შეცდომებს, რომლებიც ამ გადმოსახედიდან და უსათვალოდ საკმაოდ კარგად ჩანს და თუ დიდხანს ვუყურე, თვალებსაც მტკენს და გულსაც. მაგრამ მერე ისევ მტვრიან სათვალეს ვიკეთებ, ან უბრალოდ ვტრიალდები და განვაგრძობ ცხოვრებას, ახალ გზებზე სიარულს და ახალი სისულელეების ჩადენას.

C'est la vie :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..