სენტიმენტების გარეშე

სრულიად!

ჩემს ერთ ფსიქოპ... უკაცრავად, ფსიქიატრ მეგობარს ერთ ზაფხულს ზღვაზე წამოღებული ჰქონდა წიგნი ფობიების, მანიების და ა.შ. შესახებ. წიგნის სათაური არ მახსოვს ზუსტად, სამაგიეროდ მახსოვს ავტორი (გამყრელიძე. და თუ ვცდები, შორეულ გერმანიაში - წიგნის პატრონმა დათომ და არსად საქართველოში - ავტორმა [არაგამყრელიძემ] მომიტევოს) და იქ აღწერილი რამოდენიმე შემთხვევა. ცხელი შუადღეების იმ მონაკვეთს, როდესაც სადილიდან საღამოს ზღვაზე გასვლამდე ჯერ კიდევ დროა და ისე სასიამოვნოდ ხარ მოთენთილი, საწოლზე წამოგორების და რამე მსუბუქის კითხვის გარდა პრინციპში ჯერ არაფერი გინდა, მშვენივრად ავსებდა ამ წიგნის ხმამაღლა კითხვა. წიგნი ხელიდან ხელში და საწოლიდან საწოზლე გადადიოდა. რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იყო შემთხვევები, რომელთა კითხვისასაც წყლით მოსულიერება გვჭირდებოდა, ისე ვიცინოდით. ასეთ დროს ისედაც განწყობილი ხარ ადამიანი სიმსუბუქისა და სილაღისკენ (აქ -კენ ბოლოსართი რაღაც გრამატიკულად არასწორად მხვდება ყურში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვტოვებ), და თუ თან ისედაც გაქვს მიდრეკილება ადვილად გაცინებისკენ, მით უმეტეს.

მოკლედ, იყო იქ ერთი მაგალითი, როდესაც ერთ გოგონას კატეგორიულად არ შეეძლო ტანსაცმლის, და როგორც მახსოვს, კერძოდ, გარეთ გასასვლელი ტანსაცმლის ჩაცმა და სახლიდან გასვლა. დგებოდა კარადის წინ, შეეძლო დიდხანს მდგარიყო და ვერ ჩაეცვა... მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი ამის არსს. ტანსაცმლის არჩევანის გაკეთების ფობია რომ ჰქონოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ აქ უბრალოდ ჩაცმის ვერშეძლებაზე იყო ლაპარაკი. ჩაცმის პროცესი ფიზიკურ ტკივილში გადადიოდა (სულიერიდან, სავარაუდოდ) და საბოლოოდ ფარხმარდაყრილი გოგონა ისევ სახლში რჩებოდა. და ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ კეთილ აქიმებს არ უამბო რაცა სჭირდა ჭირი ცეცხლთა მომდებარი, რადგან სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. და ისიც განიკურნა.

შემეძლო აქვე დამესრულებინა თხრობა სიტყვებით: ჭირი - იქა, ლხინი - აქა, ქატო - იქა, ლხინი - აქა. ელასა მელასა ჭიქა მეკიდა ყელასა.... სტოპ სტოპ სტოპ! რას ნიშნავს ეს "ჭიქა მეკიდა ყელასა"? ყველაფერს თავისი ფესვნი აქვს და სემანტკური თუ სემიოტიკური დატვირთვა. ჭიქის ყელზე დაკიდების ტრადიციაც ოდესღაც ალბათ ფესვებგადგმული იყო ფაიფურის ხანის საქართველოში. თუმცა, არა, ფაიფურის ხანა რაღაც არ მახსოვს. პალეოლითი მახსოვს, მეზოლითიც, ნეოლითიც (აქ, რა თქმა უნდა მესმის ხმა: Казань - брал, Астрахань - брал, Шпака - не брал.), და აი პორცელანოლითი.... არა! ან იქნებ ეს ჭიქა სულაც არ იყო ფაიფურის, არამედ უბრალო მასალისგან იყო ნაკეთი, ხელით. მაშინაც ფასობდა იქნებ handmade ნივთები?

მგონი ჯობს, სანამ ეს ნაწერი გამყრელიძის (ან მისი ფერის) წიგნში შესატანი გამხდარა, როგორც ბოდვის კლასიკური მაგალითი, შევჩერდე, უფრო სწორად იმაზე გადავიდე, რაზედაც დავიწყე წერა და რისი შესავალიც გამოვიდა ყოველივე ეს ზემოთქმული.

მოკლედ, ასეთივე ფობია მიპყრობს ფურცლების, საბუთების, ძველი ნივთების (სადაც ასევე ქაღალდები და ან ამ მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები ჭარბობს), ძველი სამეცადინო თუ ახალი სამოღვაწეო მასალების დალაგების აუცილებლობი ფაქტის (!!!) წინაშე დადგომისას... მეც თითქმის ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ ამ დროს. არა და, მეორეს მხრივ, ვერ ვიტან არეულ ოთახს, მაგიდას და შრომისუუნარო ხვდები ასეთ ვითარებაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ თვალში არ მხვდებოდეს ეს ყოველივე, ერთი ხელის მოსმით ვუცვლი ადგილს და ვანაცვლებ კარადაში. მერე, როცა ვხვდები, რომ ესეც აუტანელი ხდება, ყველაფერს ვყრი ძირს, ვჯდები იქვე და შესაშურ წესრიგში მომყავს ყოველივე. ამ დროს ჩემი თავით ვამაყობ და ეს იდეალური წესრიგი და სიამაყის გრძნობა გარკვეულ ხანს მიმყვება. მერე ისევ ვიღლები, ისევ არ მაქვს სახლში გვიან მოსულს თავი ყველაფრის თავის ადგილზე დადების, ისევ ირევა ფურცლები, წიგნები, ფაილები, რვეულები, ისევ მეწყება ფიზიკური ტკივილი ამ ყველაფრის დანახვისას და შემდეგ ამის დალაგების აუცილებლობის შესახებ ფიქრის დაწყებისას და ასე, ტრიალებს, ბრუნავს...

მაგრამ ყოველდღიურობაში ეს ყველაფერი მართლა ბრუნავს და მართლა მოგვარებადია. წესრიგის სიყვარული იმარჯვეს, სძლევს ბოროტს, კი არა და უწესრიგობას და პრინციპში თითქმის მუდმივად ასატანი და არც თუ ძალიან იშვიათად - იდეალური სიტუაცია სუფევს ჩემს მაგიდებზე.

მაგრამ!

არსებობს ერთი მაგრამ! პერიოდულად დალაგებას საჭიროებს მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვებული, ისევ ხის გადამუშავების შედეგად მიღებული მასალისგან შექმნილი ნივთები -მატერიალიზებული წარსული. პერიოდული დალაგება და უამრავი ნივთის გადაყრა/მათთან შელევა არ არის საბოლოო გამოსავალი. წლები გადის და ისევ გროვდება. წლები გადის და რაღაცეები უფრო კარგავს აქტუალ(ურ)ობას. ის, რასაც შეიძლება ჯერ კიდევ შარშან ვერ ელეოდი, ახლა აღარც ღიმილს გგვრის და მით უმეტეს არც ცრემლს (ახლა გონების დაძაბვა დამჭირდა, რომ გამეხსენებინა, ბოლოს ვინ, არ რამ მომგვარა ცრემლი და ვერ გავიხსენე, საბედნიეროდ).

რამდენიმე დღეა ჩემს ოთახში, სავარძელზე საპატიო ადგილს იკავებს ერთი მოზრდილი პარკი, გრძელი, უფრო სწორად მაღალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამძლე, გამჭვირვალე. პარკი რამდენიმე დღის წინ ჩამოიღო დედაჩემმა მერამდენედ დალაგებული კარადიდან. კარადიდან, რომლის დიდი ნაწილი ჩემს ნივთებს ეკავა და პერიოდული წმენდის შედეგად ეს ადგილი ერთ კუთხემდე დავიდა. კუთხემდე, სადაც ეს პარკი ეტეოდა. როგორც ჩანს, ჩემი წარსული სულ უფრო შორეული ხდება, სულ უფრო უმნიშვნელო, და "მნიშვნელოვანი" ნივთების რიცხვიც იკლებს.

დღეს საღამოს, გვიან, როცა უკვე აღარსად ვაპირებდი გასვლას, როდესაც მარტო დავრჩი ტვ-სთან, პულტი დავიპყარი, სავარძელში მოვკალათდი და ჩემი სერიალი (დიახ, სერიალი! ალბათ 1 თვეა "შევჯექი" "Sex and the City"-ზე,) ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, უცებ მივხვდი, რომ ტკივილმა მიკლო და დრო იყო გამომეყენებინა ეს ჯადოსნური წამი და იმ პარკისთვის მიმეხედა. გამოვათრიე და გადმოვყარე ხალიჩაზე ყველაფერი - კარგად დავიწყებული თუ მეხსიერების ჯურღმულებში ჯერ კიდევ შემონახული ძველი.
ეს არ იყო ადრეული ქვის ხანის ნივთები. ეს, მეგობრების წერილების თარიღებიდან შემეძლო მემსჯელა, ბოლო 10-11 წლის ნივთები იყო.

ეს რაღაც ახალი ტიპის ემოციაა და არ ვიცი რა დავარქვა. ან ალბათ უფრო სწორი იქნებოდა - უემოციობა. ან იქნებ უბრალოდ კიდევ რამდენიმე ეტაპი გავიარე დიდი ხანია და ისე შეუმჩნევლად, რომ ახლაღა აღმოვაჩინე. როგორ შორეულად მომეჩვენა ყველაფერი. სენტიმენტების, გულის აჩქარების გარეშე. ეს იყო უბრალოდ ფაქტები. ფაქტები, რომ ეს ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. არც კადრებად ჩაურბენია ცხოვრებას და დროს თვალწინ (პრინციპში, სხვა კადრებისთვის არ მეცალა, 1,5 თვალით ტვ-ს ვუყურებდი) და არც ...

წერილები. 13 წერილი. ადრესანტები - სხვადასხვა. ქვეყანა - 1. 2 მეგობარი ლიდერობდა წერილების ოდენობით. თითქმის ნახევარი წავიკითხე და მოვახერხე იმ დროინდელი ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ცხოვრებიდან კადრების აღდგენა. მეგობრების წერილებიდან და პასუხებიდან დაახლოებით ვხვდებოდი, როდის რა ეტაპი იყო ცხოვრებაში. სადღაც უშუქობა, უგაზობა, სიცივე და 104ა "მარშუტკა"ც კი იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, მეღიმებოდა. ერთი მეგობარი ჯერ კიდევ იქ არის. ოღონდ კონტაქტი ამჯერად ბევრად გამარტივდა გასაგები მიზეზების და ტექნიკური პროგრესის წყალობით.

ფოტოები. დაწუნებული ფოტოები. არგამოსაჩენი ფოტოები. ერთ დროს ძველი სახლის ოთახის კარზე გაკრული ფოტოები. დაასკანერებდა ზოგიერთს კაცი/ქალი.

სავიზიტო ბარათები. ჩემი - N რაოდენობით, 2 ყოფილი სამსახურის. ერთი ხელის მოსმით შეველიე. სხვების - საქმიანი პარტნიორების, მეგობრების, ყოფილი მეგობრ(ებ)ის, სალონების, კომპიუტერული მომსახურების, აქაური თუ იქაური (იქაურს ქვემოთ დავაკონკრეტებ) ტაქსის სერვისების, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი და მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ორგანიზაციის დირექტორის, აწ უკვე არ არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების, სახელების, რომლებიც არაფერს მეუბნება... ბევრი მათგანი ულაპარაკოდ მოვისროლე ისტორიული სანაგვისთვის განკუთვნილ პარკში. დანარჩენები დაუხარისხებლად და სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო დავტოვე. ეჭვი მაქვს, არაფერში დამჭირდება, მაგრამ მაინც.

წიგნის სანიშნეები - ნაშთი წიგნის ბაზრობებზე ყოველწლიური სიარულისა.

ბეჯები (ჩემი სახელით) - ნაშთი ძველი დიდებისა.

20 fლოპი და დაახლოებით ამდენივე CD. პირველის - რა გითხრათ, ალბათ ვუყურებ, ვუყურებ და მოვისვრი იმავე პარკში და მეორეს - თუ კიდევ დავძლიე ფიზიკური ტკივილი და კომპის დალაგებამდეც მივედი, მაშინ გადავახარისხებ - გადავყრი.

ისე, ნელ-ნელა ვხვდები, რომ საოცარ სიამოვნებას მანიჭებს ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება და მათი გადაყრა.

კატების ფოტო. ავტორის ("ფოტოგრაფის") მიერ წარწერით ნაჩუქარი. იმავე ფაილში იმავე ავტორის სხვა - ხელით შესრულებული ნამუშევარი. ასევე სამახსოვრო წარწერით. გადასაგდებად ვერ გავიმეტე. კარგი ფოტოა, ბოლოს და ბოლოს, და თან გამახსენდა, როგორ მიყვარდა. ასე რომ, იყოს, რას მიშლის.

1 რვეული, 1 ბლოკნოტი და არაერთი ფურცელი სხვადასხვა, ძირითადად საქმიანი ჩანაწერებით. როგორც ჩანს გერმანია-ავსტრიაში (დავკონკრეტდი)ვიზიტებიდან გამოყოლილი. გადადებულია სავარძელზე შემდგომი გადახედვის მიზნით.

გასაღებების ჩამოსაკიდი, ავსტრიელი პარტნიორი ორგანიზაციის სახსოვარი. პასტები - ასევე ავსტრიის გადმონაშთები. ეს უკანასკნელნი გამომადგება. როგორც ჩანს, ვიზოგავდი.

ღია ბარათები, ბევრი, თითქმის ყველა ქალაქიდან და მუზეუმიდან წამოღებული. დამადასტურებელი ფაქტი ჩემი იმდროინდელი სტატუსისა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი" (ეს ფრაზა მომარგო ერთმა მეგობარმა იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიდან 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი მომიწია იქ... იქ - ეს იყო ორი ვიზიტი ავსტრიაში და 1 - გერმანიში... უბრალოდ ფაქტი გავიხსენე. რა ცუდია, უცებ რომ არ შეგიძლია დროში ფანჯრის გაჭრა და ცოტა ხნით იმ განწყობის დაჭერა, რაც მაშინ გქონდა...).

ღია ბარათები - სასაჩუქრე ან უბრალოდ სახალისო.

ახალი წლის მისალოცი ბარათები - ზოგი მოულოდნელი და ზოგი მოსალოდნელი.

პატარა ბლოკნოტის რამდენიმე ფურცელზე გაკრული ხელით ამოწერილი ვიღაცის სიტყვები. რუსულად. ჯერ-ჯერობით ვერ ვიხსენებ, ვისი. ახლა დავძებნი ერთგული google-ს მეშვეობით და ვიპოვი, დარწმუნებული ვარ. სიტყვებს ახლაც ვეთანხმები.

პატარა ქაღალდზე შავ-თეთრი ფოტო, ნეგატივივით და ზემოთ წარწერა (სავარაუდოდ, საიდანღაც ამობეჭდილია შავ-თეთრ პრინტერზე. ბუნდოვნად მახსოვს, რომ ვიღაცამ მაჩუქა. შეიძლება - ვცდები):
3 Sorten Männer verstehen es nie, Frauen zu verstehen:
1. junge Männer
2. Männer im mittleren Alter
3. alte Männer!!
თარგმანში დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით გთავაზობთ ქართულ, ჩემს მიერ სახელდახელოდ თქვენთვის თარგმნილ ვერსიას:
3 "სახეობის/ტიპის" მამაკაცებს არ ესმით ქალების:
1. ახალგაზრდა კაცებს
2. საშუალო ასაკის კაცებს
3. ხანშიშესულ კაცებს
)
დღესაც ვეთანხმები და დღესაც მეღიმება.

ჩემი "შემოქმედების" რამდენიმე ნიმუში, ზოგი ორიგინალი - ხელნაწერი (ხელნაწერთა ინსტიტუტში ხომ არ გავაგზავნო?), ჯერ კიდევ იმ დროიდან, ხელითაც რომ ვწერდი... ზოგი, აკრეფილ-ამობეჭდილი.


და ბოლოს: ორი პატარა საფულე, უფრო სწორად ერთი - სახურდე, ასე დავარქმევდი და ერთიც - მობილურის ჩასადები. აქედან ერთში - Wrigley's Spearmint და Juicy Fruit.
საინტერესოა, რამდენი ხანი ინახებოდა აქ. ამის დაღეჭვას ნამდვილად ვერ გავრისკავ. და აი, აქ, რა თქმა უნდა, ისევ ჩამესმა ხმა, სავარაუდოდ 90-იანი წლების რეკლამიდან. გახსოვთ? ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ და ვისაც ბუნდოვნად გახსოვთ, შეგიძლიათ აღიდგინოთ აქედან.

პრინციპში, "სულ ეს" იყო, რაც მინდოდა დამეწერა.

არა, ერთი დეტალი დამრჩა! რაღაც მომენტში თითქოს ჩემი თავი დავინახე გვერდიდან, ამ ლაგების პროცესში და მომეჩვენა, რომ წითელი ღვინით ნახევრად სავსე მაღალი "ბოკალი" მეჭირა ხელში. ასე ვიჯექი სავარძელში, გვერდზე მდგარი დაბალი მაგიდიდან პერიოდულად ვიღებდი ჭიქას და ვწრუპავდი. კარგად ჯდებოდა მთლიანად ამ სურათში: კერი თავისი პრობლემებით, ურთიერთობებით, ერთი პარკი წარსული და მე ერთი ჭიქა წითელი ღვინით ხელში სავარძელზე ფეხმორთხმულად მჯდომი.
და მერე ვინანე, რომ ასე დამეზარა ადგომა სავარძლიდან და დასხმა. არა და რა სიამოვნებით გამოვწრუპავდი სულ რაღაც ერთ ჭიქას. თუმცა... მერე ალბათ დამეძინებოდა და ამ პოსტსაც ვეღარ დავწერდი.

P.S. ან PP (Post-production)
ვიპოვე პატარა ფურცლის ნაგლეჯებზე ამოწერილი სიტყვების ავტორი. მეტსაც გეტყვით, მთელი პოსტი მიმიძღვნია ამ სიტყვებისთვის. ნუ, პოსტი ხმამაღალი ნათქვამია. შეგიძლიათ იხილოთ აქ, ნუ დაიზარებთ, ძალიან პატარა "პოსტია".

Comments

kalo said…
მეც მიყვარს წარსულის ქექვა. მიყვარს წარსული, რომელსაც ვიხსენებ და წარსული, რომელსაც ხელით ვეხები. ძველ ნივთებში მატერიალიზებული უძველესი დრო, ახალგაზრდობა, ბავშვობა და უფრო მეტი სიხალისე, უფრო მეტი სიცილი და რაღაცნაირი სიმსუბუქე. მე არ ვყრი არაფერს ჩემი წარსულიდან, რასაც არ უნდა მახსენებდეს. იმიტომ, რომ ჩემია, ოდესღაც მახარებდა, ან მაშფოთებდა, რა მნიშვნელობა აქვს. ეგ იგივეა, მეხსიერებიდან რომ წავშალო მოგონებები. იყოს, სანამ ცოცხალი ვარ. მერე ხომ ისედაც ყველაფერი წაიშლება :–)
Lasharela said…
ინტუიციის დედა რო ვატირე თორე რატო უნდა მიმეგნო ახლა გერმანული ლინკი "დატოვე კომენტარი"?

თხოვნა მკითხველისგან. არ გინდა ამ წიგნიდან რამდენიმე შეკითხვა გაიხსენო და აქ დაგვიწერო? თან ერთი ზუსტად რო აკრიფო რო განწყობა დავიჭიროთ :)))


და იმ "კენს" ტყუილად ერჩი. მშვენივრად არის :)
© said…
ნინელი, "აქედან ვერ ამოშლი!" ხომ იცი?! :)
© said…
ლაშა, დიდება! შენ ისეთი შეუძლებელი რამ შეძელი, ისეთ სირთულეს შეეჭიდე და გადალახე, რომ ქებაი და დიდებაი გეკუთვნის! შენ ამოიცანი სიტყვა კომენტარი გერმანულად! :)))))) я тебя зауважала! :))

ფობიების შესახებ წიგნიდან?! :))) შეკითხვა არა, შემთხვევა. რა ვიცი, დავძაბავ გონებას და ვნახოთ, რა გამომივა. თუ არ წაშალა ჩემმა მეხსიერებამ შემთხვევით, დაფორმატებისას :)))
© said…
p.s. კალერ, "Eternal Sunshine of the Spotless Mind" ნანახი გაქვს?
ამ თემას მოუხდებოდა ;)

სხვათა შორის შენი საყვარელი (მ)სახიობი თამაშობს :))
ketty said…
ორი თვეა, ან შეიძლება ცოტა მეტიც, ჩემს ოთახში დევს დიდი ქაღალდის პარკი, აი ფეხსაცმელების ყუთს რომ გიდებენ მაღაზიაში, ისეთი. პარკი - სავსე მაკულატურით, ორი - სამი თვის წინ რომ გადავალაგე და მივუსაჯე ნაგვის ყუთში გადაყრა. ასეე ვუყურებ ყოველ დღე და აღსრულებას ვერ ვახეხებ ვერაფრით:)
© said…
მაკულატვაშა! :))))

მე გადალაგებამდე და სასჯელის გამოტანამდე მისვლა მიჭირს ხოლმე, თორემ სასჯელის აღსრულებაში მოყვანა იცოცხლე, მეადვილება :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..