რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი (უფრო კადრი) ჩემი (ნამდვილი) ცხოვრებიდამ

მგონი პირველად ვზივარ ასე, ამდენი ხანი გაშლილი ლეპტოპით სტარბაქსში და ეკრანს მივჩერებივარ. თითებიც ურჩად დუმან. უფრო სწორად მშვიდად სხედან. არ უნდათ წერა. არ იციან, რაზე დაწერონ. ვიხსენებ, რისი თქმა მინდოდა. რა იდეები / დრაფტები მქონდა თავში. დრაფტებს და იდეებს რა გამოლევს, მაგრამ ასე უბრალოდ ადგე, აიღო და დაამუშავეო რომელიმე, არ გამოდის, განწყობის ამბავია. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. 

დრაფტებს არ ენდოთ...

სწორია, აწი ასე ვიზამ: თავში როგორც კი რამეს გავივლებ, შემოვალ და აქვე ვაქცევ დრაფტად, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ მერე გამახსენედეს, რაზე ვაპირებდი დაწერას. 

ეს დავწერე და უცებ გამახსენდა საკუთარი სიტყვები: "თავში დრაფტადაც კი არ გაივლო!" რამდენიმე წლის წინ ვუთხარი ეს ერთ მეგობარს, ანუ გავაფრთხილე, რომ ამაზე რამე დაწერო კი არა, არც კი გაიფიქრო დაწერა მეთქი. მახსოვს, რომ ბევრი ვიცინეთ ფრაზაზე, მაგრამ რა მოვუყევი, რისი აღწერა ავუკრძალე - არ მახსოვს (ალბათ იკითხავთ, რატომ უნდა დაეწერა შენი ისტორიაო რატომ და ერთი პერიოდი აბსურდულ ისტორიებს თხზავდა, ნახევრად რეალისტურს, სადაც ნამდვილი ამბები იუმორით და ცოტა "დამახინჯებულად" იყო გადმოცემული. "განდობილი" პირების გარდა, სავარაუდოდ ნამდვილ ამბავს სხვები ვერ ამოიცნობდნენ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არც მაშინ სტკიოდა). ფრაზა რატომ მახსოვს და ისე მომეწონა, რომ გავასტატუსე და პერიოდულად მემორი მახსენებს. 

ხოდა სიცილს რაც შეეხება, სიცილი იყო, არის და იქნება არსი და მამოძრავებელი ძალა ჩემი არსობისა. და რატომ არ ვვარჯიშობ, რატომ მოვდუნდი და მოვეშვი აქ ბოლო დროს, ახლა მივხვდი - იმიტომ, რომ ვერ ვიცინი. ყოველ შემთხვევაში ისე და იმდენს ვერ, რამდენსაც თბილისში, ჩემებეთან ერთად. "ჩემებთან!"

ზამთრის არდადეგებზე ჩემ ჩამოსვლას გერმანიიდან დათოს ჩამოსვლა დაემთხვა (ვინც არ იცნობთ - ჩემი ერთ-ერთი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარია, რომელიც ჩემსავით და ჩემზე დიდი ხანია გადახვეწილია სხვა ქვეყანაში. ოღონდ ის - გერმანიაში. იქაურ გიჟებს მკურნალობს. არ ვხუმრობ. და მაინცდამაინც სიტყვა "გიჟებზე" ნუ გამომეკიდებით ახლა). დაემთხვეოდა, ცხადია, მე სტარბაქსში არ მოვდივარ ისეთი სიხშირით, როგორც ეგ საქართველოში ჩამოდის. სრულიად სამეგობროს და სანაცნობოს აწვალებს შეკითხვა - როდის მუშაობს დათო? თვითონ ამბობს ხოლმე - აქედან დავდივარ სამსახურშიო. ხუმრობა იქით იყოს და გერმანიაში ექიმებს საკმაოდ ხანგრძლივი შვებულებები ეკუთვნით, განსაკუთრებით ფსიქიატრებს. ამას ემატება უხელფასო შვებულება, რომელსაც ასევე არ იკლებს ჩვენი მეგობარი. 
მოკლედ, დათოზე მოყოლას არ ვაპირებ ახლა, უბრალოდ ერთი ეპიზოდი გამახსენდა: სადღაც მივდიოდით ერთად, არ მახსოვს სად (ახალი წლის დღეები განსაკუთრებით ივენთ- და ხალხუხვი იყო). ხოდა გამომიარა, მგონი ერთ-ერთი პირველი ნახვა იყო იმ ჯერზე. ჩავუჯექი და დავიწყეთ ღლიცინი ჩვენებურად. თუმცა, სერიოზული თემებიც განვიხილეთ, როგორიც იყო, მაგალითად, ჩემი ახალ შეძენილი ბინა (აჟიტაციის პიკზე ვიყავი, რადგან სწორედ მაშინ ვიწყებდი რემონტს) და შევჩივლე, რომ რა თქმა უნდა, დიდი სესხი მაქვს აღებული და თან, რა თქმა უნდა დიდხნიანი. რამდენ ხნიანი გაქვსო. ფაქტობრივად მეორედ მოსვლამდე უნდა ვიხადო მეთქი. მერე დავაზუსტე: "დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად". ამ სიტყვების გაგონებაზე დათო, რა თქმა უნდა, გადაბჟირდა და მეც, ჩემი ხუმრობით კმაყოფილი, ავყევი. 

ხო, ამასობაში გამახსენდა რა საღამოც იყო და სადაც მივდიოდით. მეგობრების და მეგობრების მეგობრების ორგანიზებულ დიდ საახალწლო ივენთზე. საღი აზრი მეუბნებოდა, ეს შაკიკი შენ იქ არ მოგასვენებს, დარჩიო, მაგრამ ძალიან მინდოდა წასვლა და საღ აზრს სოციომანიის მორიგმა შემოტევამ სძლია და წავედი. შაკიკი ახალი დაწყებული მქონდა და გამიარა კი არა, პიკს მიაღწია იქ. არ ვიცი, რამ მომცა ძალა თუნდაც გაღიმების, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვიყავი ერთი გასროლით ამდენი ადამიანის ნახვის და ურთიერთობებს მოწყურებული დავეწაფე თბილისიიყოურთიერთობატიპის ივენთს. ბოლოს, უკვე შეუძლებელი რომ იყო, წამომიყვანა დათომვე. 

მოკლედ, რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი. რატომ და იმ ერთი მომენტისთვის, იმ ერთი ფრაზისთვის და სიცილის იმ ერთი კონკრეტული შემოტევისთვის. ეს უბრალოდ მაგალითი იყო. სიცილს რომ მოვრჩი, შევწუწუნე დათოს, აუ დათოო, იქ ასე კი ვერ ვხუმრობმეთქი. დათომ, რა თქმა უნდა გამიგო. რამე საწინააღმდეგო კი არ მაქვს სხვა ერის და სხვა ქვეყნების, უბრალოდ ის, რაც ჩემებს ესმით, ის, რაც ჩემებთან უერთიერთობისას მეხსნება შიგნიდან და იღვრება და გადმოდის კიდეებიდან, ყველგან ვერ გაიხსნება. როგორ ავხსნა... მგონია, რომ გაიგებთ და მისახვედრია. არიან გარკვეული ადამიანები, გარკვეული წრეები და მეგობრები, რომლებთანაც განსაკუთრებით მემართება ეს შემოტევა, მეხსნება ხუმრობის და სიცილის წყარო და რამდენადაც ვიცლები, იმდენადვე ვისვები. ასეთი მომენტები მაბედნიერებს, მგონია, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. სიცილი უჯეროის ვეძახით ამას. და ძალიან მაგარია, რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ამაში გადასარევად ვყვებით ერთმანეთს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო სისულელეებზე სიცილის და მაიმუნობის გარეშე. რა წლების მატებამ უნდა შემიშალოს ამაში ხელი? 

ერთხელ, მახსოვს ერთმა მეგობარმა მითხრა, ვერ გადამირჩება, ვინც შენ გადაკეთებას შეეცდებაო. ხოდა დიდი იმედი მაქვს, ისეთივე დავბრუნდები, როგორიც ვიყავი (და ვარ ჩემი არსით), როცა დადგება ჟამი საბოლოოდ დაბრუნებისა. ეს ერთ-ერთი ის მეგობარია, რომელთან ერთადაც უბრალოდ ჩაბჟირებამდე მივდიოდით ხოლმე ერთად სადმე ყოფნისას, ოღონდ ძირითადად სისულელეებზე ვაწყობდით ამ ხუმრობებს, ისეთზე, რომ ხანდახან სხვა მეგობრებსაც კი არ ესმოდათ და ცოტა გაოგნებულები გვიყურებდნენ. ერთხელ, მახსოვს, ერთ-ერთი მოგზაურობისას, რომელიღაც ქვეყნის აეროპორტში ისეთი დაგვემართა (არა და ორივე ძალიან კულტურული გოგონები ვართ, ცუდს ნურაფერს იფიქრებთ) რომ ჩვენი მესამე მეგობარი დაახლოებით ისე იყურებოდა გარშემო, ძალიან ცელქი, მაგრამ საყვარელი ბავშვების დედებს სახეზე "სნისხოძიწელნი", სიყვარულით სავსე და ცოტა ბოდიშნარევი (გარშემომყოფთათვის) ღიმილი რომ აქვთ ხოლმე აფარებული :)

სამუშაო დღის ბოლოს დაგროვილ მესიჯებს და მისდ ქოლებს ერთად ვნახულობ. შესვენების გარეშე თუ მაქვს გაკვეთილები, ხანდახან ტელეფონზე დახედვასაც კი ვერ ვახერხებ. ხოდა წეღან მეგობარს ურეკია. გამოვედი სამსახურიდან და ვოის მესიჯი გავუგავნე. მანამდე პოსტზე დამთაგა და ამ მესიჯში შესაბამისი პასუხი გავეცი. ხოდა მწერს, ტაქსში ვზივარ და მოვისმინოო? :) ეს, ცხადია, პირველად არ ხდება. ერთმანეთის ვოის მესიჯების მოსმენა საჯარო ადგილებში ხანდახან არ შეიძლება :)) ხოდა ამის ცოდნა რა მაგარია :) 

წამოსვლის დრო ახლოვდება. ნუ ახლოვდება რა, ჯერ 1 თვეა კიდევ, მაგრამ ზამთარი, როგორც წესი, ნელა გადის და მეც საოცრად გაწელილად მეჩვენება ახლა ეს დრო და მგონია, დიდი ხანია დავბრუნდი. არა და სულ რაღაც 1 თვეა. ერთი ამდენი რატომ გავა უფრო ჩქარა არ ვიცი, მაგრამ ალბათ რადგან ბილეთი მაქვს უკვე აღებული და უკვე ვგეგმავ რაღაცეებს, ხელშესახები გახდა არდადეგები, ნოვრუზ ბაირამი :) ამათ გაიხარონ ბუნების გაღვიძების და გაზაფხულის დადგომის ზეიმით აღნიშნისთვის :) ჩამოვალ, ავიღებ მარაგს ურთიერთობების, სიცილის, ალკოჰოლის (ამ უკანასწკნელს ბოთლებში წამოვიღებ) და კიდევ რამის.. მოკლედ, ყველაფრის, რისი დეფიციტიც მანდ შემიძლია შევივსო და შემდეგ ჩამოსვლამდე გამოვიზოგავ :)

ამ ყველაფრის წერისას მოგონებები წამოიშალა. ვზივარ გაღიმებული, თავი ხელზე მაქვს ჩამოდებული, ფანჯარაში ვიყურები, მაგრამ გარეთ მიმავალ ხალხს ვერ ვხედავ. ისინი კი ხედავენ, როგორ იყურება შავ ჰუდინი გოგონა გარეთ და ეშმაკურად იღიმება, რა იციან, რას ვხედავ. რა იციან, რომ მე კინოს ვუყურებ ახლა, კინოს, სადაც ერთ კადრში ჩემ აგარაკზე ვართ ხუთნი და აქედან სამნი ვცდილობთ, დანარჩენ ორს მაცივრის კარი ჩავუკეტოთ და ბოქლომი დავადოთ ზედ.... შემდეგ კადრში სადღაც აღმართზე ამოვდივართ თბილისში. არ მახსოვს, რატომ, მაგრამ ორი მეგობარი უცებ გადაწყვეტს, ოქროს ტახტი გააკეთოს და მე ზედ მოვთავსდე. მე კატეგორიულად ვაპროტესტებ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი - აღმართია და სავარაუდოდ ვერ შეიკავებენ თავს, მეორეც ერთი - ერთ-ერთი გოგოა და მგონია, ვერ გაუძლებს წონას, მიუხედავად იმისა, რომ გამხდარი ვარ. მოკლედ, არ ვენდობი... შემდეგი კადრი: ჩემი ძმის მანქანა. უკან მე და ჩემი ძმისშვილი (მაშინ ჯერ კიდევ 4 წლის) სანდრიკო ვსხედვართ. დეტალებს აღარ დავწერთ, მაგრამ დათო თავისებურად იწყებს სისულელეების ლაპარაკს და მე სასწრაფოდ ვყვები და ვმაიმუნობთ. არა და სანდრომ რაღაც გვკითხა და ჩვენგან იდეაში სერიოზულ პასუხს ელოდება. ბოლოს იღლება ბავშვი და სერიოზული და ცოტა შეწუხებული სახით აცხადებს: ორი გიჟი! ცისია და დათო! (არა და დღეს დღეობით ჩვეულებრივი მასხარაა. გადასარევი იუმორით 💓 არაჩვეულებრივი მაგალითია გამოთქმისა - ის ურჩევნია მამულსაო...  კიდევ ერთი კადრი ზღვაზე დასვენებიდან არის: მეგობრების ოთახში ვიპარები, თან პომადა მიმაქვს თვითონ სიესტა აქვთ, ოღონდ აივანზე) და აბაზანის სარკეზე წითლად ვუწერ REDRUM-ს. იმ აივანზე გატარებული მხიარული საღამოების გახსენება ძალიან შორს წამიყვანს, ამიტომ გონება სხვა წელზე და სხვა კადრზე ერთვება... 

აქ ვხვდები, რომ უნდა გავჩერდე. ჯერ ერთი - მართლა ძალიან შორს წამიყვანს კი არა, არ მეყოფა ალბათ თბილისში წამოსვლამდე დარჩენილი დროც კი, მხოლოდ იმის დასაწერად, რაც ჯერ კიდევ მახსოვს. მეორეც - ყველაფერს ფულით ვერ იყიდი და ყველაფერს ბლოგზე ვერ დაწერ. სხვა დანარჩენისთვის პირადი შეხვედრები არსებობს. 

შეხვედრამდე თბილისში :)

ესეც ტრადიციული სელფი სტარბაქსიდან. გოგონა შავი ჰუდით :) 


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..