ჩემი არაადეკვატური სიყვარული და სამი დღე ბათუმში

ბათუმს თავისუფლების სუნი აქვს - ასე უნდა დაიწყოს ჩემი წიგნი მეთქი, ვუთხარი ერთხელ ერთ მეგობარს. მართალია, წიგნი ჯერ არ დამიწერია, მაგრამ ბათუმს ალბათ არაერთი პოსტი მივუძღვენი უკვე. და დაე ეს პოსტიც დაიწყოს ამ წინადადებით. 

ბათუმის არაადეკვატურ სიყვარულზეც ბევრჯერ მითქვამს ალბათ. მე თვითონ ვერ ვხსნი, რით არის ეს განპირობებული. სავარაუდოდ მეც იგივე მაკავშირებს ამ ქალაქთან, რაც სხვა, არა აქ მცხოვრებს, რომლებიც ზაფხულის შვებულებას, ან შვებულების ნაწილს ბათუმში თუ არა, შავი ზღვის სანაპიროზე მაინც ატარებენ. პრინციპში, ზაფხულში აქ დასვენებას, უფრო არასეზონზე ჩამოსვლას ვამჯობინებ. და სავარაუდოდ უკვე ყველა სეზონზე ვარ აქ ნამყოფი. 2-2 დღით მაინც. გარდა ზამთრისა. ზამთარში აქ დასვენება დიდი ხანია, მინდოდა და აი, აღსრულდა, სრული 3 დღე არაფრის კეთებისა და ნეტარებისა, ჩემი ერთი არაჩვეულებრივი მეგობრის დამსახურებით, ასევე არაჩვეულებრივ სასტუმროში. 

ხო და იმას ვამბობდი, რატომ მიყვარს მეთქი. რა მაკავშირებს იმაზე მეტი, ვიდრე სხვას. კარგი, ნუ ვთქვათ პლუს 1-2 მივლინება (საკმაოდ მრავალფეროვანი და სასიამოვნო). და კიდევ - ერთი სერიოზული ავარია. საკმაოდ უსიამოვნო :) რომელზეც აქ, რა თქმა უნდა, დეტალურად  არ შევჩერდები. ერთი იმას ვიტყვი, რომ ზუსტად იმ სასტუმროს ვერანდაზე მივდიოდით, როცა მანქანამ დამარტყა ზებრაზე გადასვლისას, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. მას მერე, აქ ჩამოსული, პირველ დღეს ყოველთვის ცოტა ვიძაბები ქუჩაზე გადასვლისას. განსაკუთრებით, როცა ზუსტად იქ მიწევს გადასვლა. თითქოს არც ვფიქრობ, მაგრამ რაღაც მომენტში ვიჭერ ჩემ თავს, როგორი დაძაბული მაქვს სხეული, სანამ გადავალ. მერე ვძლევ და მავიწყდება კვლავ. საბედნიეროდ, ტრამვა არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური არ დაუტოვები ამ ამბავს (არ დამიწყოთ ახლა, აბა ქუჩაზე რომ ვერ გადადიხარო :D ). ერთი პატარა შრამი მახსენებს მხოლოდ მომხდარს.

ამ ინციდეტმაც ვერ შეარყია ჩემი გრძნობები. ერთად ერთი, რამაც შეიძლება ეს გამინელოს, ის ფაქტია, რომ უკანმოუხედავად ამახინჯებენ აქაურობას. ნელ-ნელა ცენტრისკენ მოიწევს მონსტრი მშენებლობები და მეშინია, რომ მოახერხებენ, და ამ ლამაზ ქალაქსაც გეტოს დაამსგავსებენ. თბილისზე ხომ ცალკე მტკივა გული ამ მხრივ და ახლა ამას ბათუმიც დაემატა. არა და შეუქცევადი და გამოუსწორებელი პროცესია. ამის შედეგებს აღარაფერი ეშველება, თუ ახლავე არ შეჩერდა, ან რამე სხვა გზით არ გავითარდა. 

ალბათ დასვენებასთან რომ ასოცირდება, იმიტომ მიყვარს აქაურობა. არა და ყოველთვის ვამბობდი, საქართველოში სხვაგან თუ ვიცხოვრებ თბილისის გარდა, ეს ბათუმია მეთქი. არ ვიცი, რამდენად მეყვარებოდა ასევე, მართლა რომ გადმოვცხოვრებულიყავი და ჩვეულებრივ ყოველდღიურობად გამხდარიყო ეს ყველაფერი. მაგრამ ვფიქრობ, 1-2 თვე აქ გაჩერება და თუნდაც აქედან მუშაობა, კარგი იქნებოდა. ოღონდ იმ პირობით, რომ ასე საბოდიალო დროც უნდა დამრჩე საკმარისად. 

ამინდი მონაცრისფროა. წვიმა იყო სამივე დღეს დაანონსებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბათუმის ამინდის ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მთელი დღე წვიმას ველოდი სამივე დღე. არა და სამივე დღეს თავისუფლად მოვახერხეთ გარეთ გასვლა და ბოდიალი. საღამოთიც კი. ტემპერატურაც კი თბილისზე უკეთესი იყო, მშვენიერი, ფეხით სასიარულოდ. მანქანაც, რა თქმა უნდა, იმდენი არ არის, რაც დედაქალაქში და ჰაერიც, ზღვის ჰაერი - ბევრად უკეთესი. მგონია, გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო კურსს გავდივარ :) ამას ცხადია აუზიც ემატება, საიდანაც დიდხანს არ ამოვდივარ. პატარა ბავშვები აუზში იმდენი ხანი რომ რჩებიან, სანამ თითებზე კანი არ დაურბილდებათ და ქვედა გალურჯებული ტუჩი არ აუცახცახდებათ, აი დაახლოებით ასე მემართება მეც, როცა საჩემო აუზში ჩავდივარ. საჩემო აუზი როგორია? არა, ე.წ. "ლიაგუშატნიკი" არა. უბრალოდ, ჩემთვის საკმარისია, ვიდგე, ფსკერზე ფეხს ვაწვდენდე. თუდაც აუზის ერთ ბოლოში. და მაინცდამაინც სპორტული ნუ იქნება. სწორად ასეთი იყო ჩვენი სასტუმროს აუზი. საკმაოდ გრძელი, სპასთან არსებული არც ისე პატარა აუზი, სადაც თითქმის შეუსვენებლად ვცურავდი 1 საათი, და შუალედებით ალბათ 2-3 ჯერ ჩავდიოდი. 

გუშინ საღამოს მარტო ვიყავი, რადგან მეგობარი მუშაობდა და აუზზე და სპაში 3 საათი ყოფნის შემდეგ მივხვდი, რომ არსად გასვლა არ მინდა და ზუსტად ასეთი საღამო მჭირდება - სასტუმროს ნომერში, თეთრ ხალათში, გამოძახებული საჭმელით და ლოგინზე ლეპტოპით, ლეპტოპში - ნეთფლიქსით. თავი ცოტათი საშობაო ფილმის გმირად წარმოვიდგინე. ასეთივე ფილმს ვუყურე, საკმაოდ სტანდარტულს და არაფრის მომცემს, მაგრამ გუშინ ასე მერჩივნა. 

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ცრის, თუ წვიმს, მაგრამ არა ძლიერად, დილის საუზმის მერე მივბრუნდი, ავიკიდე ლეპტოპი და ისევ გავედი შუადღიდან. ვიბოდიალე დღის ბათუმში, შევიხედე ეზოებში, აღმოვაჩინე ერთი-ორი ახალი კაფე, რომელთაგან ერთ-ერთშიც ახლა ვზივარ, დესერტს და ყავას გეახლებით და ამას ვწერ. Blue Elephant - ახალი ტრენდული კაფეაო, მომახსენეს. შემოსვლისას ჯერ ვიფიქრე, ხომ არ გავბრუნდე მეთქი. არ ვიცი, რატომ. მაგრამ დავრჩი და არ ვინანე. სტაფი - ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო. მუსიკა - გემოვნებიანი და რა უცნაურიც არ უნდა იყოს - ერთად ერთი ადგილი, სადაც საშობაო სიმღერებს არ უკრავენ :) გარემოც სასიამოვნო და ლამაზი. ერთ-ერთ მაგიდაზე მსხდომები, რომლებსაც კი არაფერს ვერჩოდი, მაგრამ საქმიანად საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ და სიმყუდროვეს არღვევდნენ, მალევე გავიდნენ და კაფემაც თავისი ხიბლი დაიბრუნა მაშინვე. მეც უფრო მოვდუნდი, უფრო დიდ მაგიდასთან გადავჯექი და შევუდექი ჭამას და წერას. სტუმარს შეკვეთის მიღებამდე, შენი ინიციატივით დოქით წყალს რომ მოუტან, ეს უკვე დიდი პლუსია ჩემ თვალში, რომ აღარაფერი ვთქვათ ყავის დიდ არჩევანზე და საკმაოდ გემრიელ დესერტზე. ასე რომ, ჩემი ერთი ხმა Blue Elephant-ს. 

რადგან კვების ობიექტებს შევეხე, ნეოკასაც ვახსენებ. ბათუმში ვინც დადიხართ, ყველას გეცოდინებათ. ღია სივრცე შეუფუთავთ და საკმაოდ ძლიერი გამათბობლები დაუყენებიათ, თან ლამაზად მოურთავთ და ხალხიც ქურთუკებ გახდილი იჯდა. თუმცა, ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო შიგნით დაჯდომა ვარჩიეთ, სადაც აღმოჩნდა, რომ მთელ დარბაზში მარტო ჩვენ ვიყავით. მომსახურებაში ან ჩვენ გაგვიმართლა, ან მართლა კარგი აქვთ. და რისთვისაც დავიწყე წერა - ქათმის წვნიანია. საღამოს სიცივეში, ვიფიქრეთ, ცხელი "სუპი" გაგვათბობდა უბრალოდ და მერე პიცას დავაყოლებდით. წვნიანი აღმოჩნდა კრემ-სუპი, ძალიან ნოყიერი და უგემრიელესი. ბევრი ქათმით და არაჩვეულებრივად შეზავებული. რომლის ჭამის შემდეგ პიცის ჭამის შანსიც კი აღარ იყო. უპრობლემოდ გააუქმეს, რადგან ცომი ისედაც სულ მზად არის, მაგაზე არ ინერვიულოთო. სამაგიეროდ, ჩვენ მათი ცნობილი ვაფლი შევუკვეთეთ, რომ არ ეზარალათ :)

კიდევ ერთი, ახალი აღმოჩენა უნდა ვახსენო - ძალიან საყვარელი, ცოტა სალონივით კაფე "საბლე", სადაც გუშინ ვისაუზმეთ. იდეაში, ძალიან კარგი დესერტებიაო, და ამიტომ შევედით, მაგრამ ნოყიერი საუზმის მერე დესერტი აღარ მოგვინდა და ვატყობ, ისე წავალ, ვეღარ გავსინჯავ. სამაგიეროდ, ნახვა, საუზმე და სასიამოვნო გარემოში 1-2 საათი გატარება მაინც მოვასწარი. საახალწლოდაც ძალიან ლამაზად ჰქონდათ მორთული და სტაფი აქაც სასიამოვნო იყო და კარგი. არა და, მართალი გითხრათ, ბათუმში სერვისზე ადრე არ ვიყავი მაინც და მაინც კარგი წარმოდგენის :) ესეც კიდევ ერთი რეკომენდაცია ჩემგან.

მატარებელზაც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. დაძვრისად გამცილებლებმა კი ჩამოიარეს და შეამოწმეს, ყველას ეკეთა თუ არა პირბადე და ერთი-ორს შენიშვნაც მისცეს, მაგრამ მერე, ცხადია ვიღაცეებმა დაიკიდეს. ამ ხალხის შეგნება პლინტუსს ქვევით არის მართლა და ვხვდები, რომ აზრი არ აქვს კამათს და ლაპარაკს. ჩემ წინ მჯდომ გოგოს მალევე ვანიშნე საკმაოდ თავაზიანად და ნიღბის ზემოთ ღიმილით, თუ შეიძლება ცხვირზეც აიწიეთ მეთქი. მაგრამ მერე დამეძინა და რამდენჯერ თვალი გავახილე, გამალებულები რაღაცას ჭამდნენ ის და მისი თანამგზავრი და ბოლოს მეც დავიკიდე. სამაგიეროდ, უკანა გზისთვის შეცდომა გამოვასწორე და პირველი კლასის ბილეთი ვიყიდე, რომ უფრო მშვიდად ვიმგზავრო და არა ამდენ ხალხში (რასაც, არ ველოდი და არც მომსვლია თავში აზრად, თორემ თავიდანვე იქ ავიღებდი ბილეთს). 

მატარებელი, ზოგადად, ძალიან მიყვარს. მანქანას მირჩევნია, ჩემი მგზავრობის აუტანლობის გამო, მაგრამ ისედაც მიყვარს. მართალია, რაღაც სასწაულებრივი წამლის წყალობით მგზავრობა ასატანი და სასიამოვნოც კი გახდა მანქანით (თუ ლამაზი გზაა და მეგობრებთან ერთად ვმგზავრობ), მაგრამ მარშუტკა და მსგავსი არც განიხილებოდა. ოღონდ რა საშინელი სავარძლები ჰქონია, ეს არ მახსოვდა :( ნუ, 5-6 საათი გაუძლებ, როცა წინ 3 დღიანი კარგი დასვენება გელის.

მოკლედ, შუა სამუშაო წელიწადში დარესტარტება ყველასთვის სასურველია, ალბათ. კი, ჩემთვის შუა წლად აღიქმება დეკემბერი, რა ვქნა :) ალბათ იმიტომ, რომ ზაფხული სამუშაო წლის ბოლოდ მიმაჩნია და ყოველი სექტემბერ-ოქტრომბრიდან ახალი გრაფიკით და შემართებით ვიწყებ. ეს, ალბათ ჩემი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ან იქნებ სხვებიც ხართ ასე? ხო, რას ვამბობდი - დარესტარტება საჭიროა მეთქი. განსაკუთრებით, თუ ჩემსავით სახლიდან მუშაობ და ფაქტობრივად, მთელი დღე ერთ მაგიდასთან ზიხარ. მაგიდის ერთ მხარეს მუშაობ, მეორე მხარეს - ჭამ, მესამე მხარეს ჯდები, როცა თარგმნი, მეოთხე მხარეს - როცა სტუმრები მოდიან და ა.შ. მოკლედ, მაგიდა მაქვს დაყოფილი სივრცეებად :)) 

კიდევ რა? ის, რომ ბედნიერებაა, როცა გვერდზე ისეთი ადამიანები გყავს, რომლებიც მაიმუნობაშიც და სისულეეებშიც გყვებიან :D

წერას რაც შეეხება - წიგნის დაწერის იმედს კი ჯერ კიდევ არ ვკარგავ. ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის. მანამდე კი - იყოს ეს ფრაგმენტები და სურათები ცხოვრებიდან.









პ.ს. დანარჩენი ფოტოები და მოკლე ამბები - ფბ-ზე, ჰეშთეგით #ბათუმისზამთრისზღაპარი

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..