რამდენიმე სურათი ზამთრის მზიანი დღიდან

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ცოტაც ვიყოყმანე, სახლში ავსულიყავი პირდაპირ, თუ დარჩენილი დრო გამომეყენებინა და სადმე გემრიელად მესაუზმა, ბოლოს მაინც ამ უკანასკნელს და საკუთარ სიამოვნებას მივანიჭე უპირატესობა, სახლის ასახვევს გავცდი და სტრადაში შემოვედი. 

ტერასაზევე მომთხოვეს მწვანე პასპორტი. ამაყად წარვადგინე და შემოვედი. გზაში ვფიქრობდი, ალბათ ადგილი არ ექნებათ, ლანჩის დროა მეთქი მაგრამ, ჰოი საოცრებავ - ტერასაზე მხოლოდ 1 და შიგნით მხოლოდ 2 მაგიდა იყო დაკავებული. თავიდან დავიბენი და მერე მივხვდი - რეალურად მართლა ძალიან ბევრი აუცრელია ქალაქში, როგორც ჩანს. წინა კვირაში ერთ-ერთ კაფეში ანალოგიური სიტუაცია იყო. მიმტანსაც ვკითხეთ და დაგვიდასტურა, რომ ხალხის რაოდენობა შემცირდა, რაც მწვანე პასპორტი შემოიღესო. სამწუხაროა. სამწუხაროა როგორც ზოგადად, პანდემიის ოდესმე დასრულების თვალსაზრისით, ისევე ბიზნესისთვის და ა.შ. ქვეყნის 70%! ცოტა ხომ არ არის. რაზე მეტყველებს ეს? კარგი, ამაზე არ შევჩერდები. ამასობაში ჩემი ტოსტიც მოიტანეს, ავოკადოს ტოსტი და დღის 2 საათისთვის ვიწყებ გემრიელ გვიან საუზმეს. თუ გინდათ - ბრანჩი დაარქვით. 

ტახტი საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ გემრიელად ისაუზმო. ამიტომ ორ კაციან მაგიდას მეორე მხრიდან მივუჯექი, სკამზე. გუშინ ვკითხულობდი ზუსტად ერთ თემატურ ჯგუფში, სუფრასთან ქცევის და ჭამის ნორმები აღარ არსებობსო და ძალიანაც კარგიო. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძალიანაც კარგი. შეიძლება რაღაც საკითხებში კონსერვატიული ვარ. მაგრამ უფრო ვიტყოდი, ჩემი შეხედულება მაქვს ჭამაზე. შეიძლება ადრეც დამიწერია (ყოველ შემთხვევაში ახლობელმა ადამიანებმა და ვინც კარგად მიცნობს, იციან), ჭამა ჭამისთვის არ მიყვარს. არ მიყვარს ნაჩქარევად ჭამა, მარტო იმისთვის ჭამა, რომ დანაყრდე. რომ გშია და სანამ დანიშნულების ადგილას მიხვალ ქუჩაში რამის ყიდვა და იქვე ჭამა არ მიყვარს. ჭამა ჩემთვის რიტუალია, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და ამისთვის პირობებიც უნდა მქონდეს და გარემოც. გასაგებია, ყოველთვის არ ხერხდება. ის კი არა, ხანდახან ისეთი გრაფიკი მაქვს, 10 წუთს ვპოულობ მხოლოდ ჭამისთვის. მაგრამ ამ დროსაც ვცდილობ, ყველაფერი ისე მოვაწყო, როგორც მინდა. ვშლი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულად და ლამაზად, არც დანა მავიწყდება, არც ჩანგალი და არც ხელსახოცი. ტახტხე წამოწოლილიც არ ვჭამ. მხოლოდ მაგიდასთან და სკამზე მჯდარი. და რაც მთავარია - ირგვლივ სისუფთავე და წესრიგი უნდა იყოს. სხვები თუ ამბობენ - ჭამე, რომ ავალაგო, მე პირიქით ვიქცევი - ვალაგებ, რომ მერე დავჯდე და გემრიელად ვჭამო. მოკლედ, ოდა მივუძღვენი ჭამას. 

კეთებას რაც შეეხება, სწორედ რამდენიმე დღის წინ ვლაპარაკობდი მეგობრებთან, ამ სახლში ახალი გადასული რომ ვიყავი ცალკე, დიდი ენთუზიაზმით და საკმაოდ ხშირად ვაკეთებდი საჭმელს. განსაკუთრებით საუზმეების კეთება მეხალისებოდა. ვაცხობდი კიდეც. შეიძლება პანდემიური სენიც იყო, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას გადაედო. შეიძლება ახალი სახლის ხიბლი. ან ბაქოდან გამოყოლილი ჩვევა - იქ არავინ გამიკეთებდა საჭმელს, მე თვითონ ვაკეთებდი და თან გარკვეულწილად განტვირთვის და გართობის კარგი მეთოდიც იყო. ახლა კი ან გაზარმაცებული ვარ მაგ მხრივ, ან უბრალოდ დრო აღარ მრჩება (ჭამისთვის რომ არ გრჩება დრო, კეთებისთვის როგორღა გექნება), ან უბრალოდ დედაჩემი რომ მანებივრებს ამ მხრივ, იმის ბრალია. დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი, საყინულე სავსე მაქვს და ცოტა ხანი მაცადე, რაც მაქვს ის ავითვისო მეთქი. ვაღიარებ, დიდი კომფორტია, მზა საჭმელს რომ გიგზავნიან და იმ 10 წუთში კერძის მომზადებაც არ უნდა ჩააკვეხო. ხო, ცხადია, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შეიძლება კეთება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის სურვილი არ მაქვს დიდად. წინა პოსტში დავწერე კიდეც, რამდენადაც სახლიდან ვმუშაობ და ფაქტობრივად მთელი დღე სახლში ვარ, დღის ბოლოს გარემოს შეცვლა და გარეთ გასვლა მინდა სულ. ასე რომ...

თუმცა, არის მომენტები, როცა საჭმლის კეთებაც გეხალისება. მით უმეტეს, თუ მარტო არ აკეთებ, ან მარტო შენთვის არ აკეთებ. კიდევ არის მომენტები, როცა უცებ შემოგიტევს და გინდა, სტუმრები მოიწვიო თუნდაც შენ გამომცხვარ ნამცხვარზე. რაც საშობაო განწყობა შემოიპარა ჰაერში, მას მერე სულ ფორთოხლის კექსის გამოცხობაზე მეფიქრება. შარშან ამ დროს რომ გავაკეთე, იმის მერე აღარ გამომიცხია. ხოდა უნდა დავატრიალო ისევ ის სურნელი ჰაერში. მგონი ამაზეც მიწერია წინა პოსტში და კიდევ დალინკულიც მაქვს შარშანდელი განწყობები. 

ამასობაში ცოტა ხალხი შემოემატა აქაურობას. ძალიან კარგი, მეც მინდოდა ხალხი და არა მარტო ჯდომა. თან მაგიდებიც საკმაო დაშორებით არის, სივრცეც დიდია და არ იძაბები. 

კარგი მუსიკაა. აი ისეთი, ამ გარემოს, ამინდს და განწყობას რომ უხდება, ისეთი, მე რომ ვუსმენ ბოლო დროს, ზამთრის მზიან ამინდებს კიდევ უფრო მზიანს რომ ხდის და ხალისს გმატებს. 

ხო, ტოსტი კარგა ხანია მოვრჩი და ისევ სავარძელზე გადმოვჯექი. ყავას აქეთ მხარეს ვსვამ, მუხლებზე ლეპტოპი მიდევს და ვაკაკუნებ. მიყვარს, თითები თვითონ რომ წერენ სწრაფად, დაუფიქრებლად, თითქოს შენგან დამოუკიდებლად არსებობენ და იციან, რა უნდა წერონ. 

დღეს უკვე 11 000 ნაბიჯი მივლია. ანუ ჩემი საღამოს მიზანი დღის განმავლობაში შევასრულე უკვე. თან, ცხადია, სწრაფი სიარულით, აბა ნელა მე ვერ დავდივარ. ფიზიკურად ვერ დავდივარ. ჩემი სეირნობაც კი სხვისი ნორმალური ან ოდნავ ჩქარი სიარულია ალბათ. 

ცოტა ფილტრებით ვითამაშე. ოთხი ერთნაირი ფოტო გადავიღე სხვადასხვა განათებით და ფილტრით. ვნახოთ, რომელი გამოვა უკეთესი. ან იქნებ ბოლოს ყველა დავდო.

ფრენკ სინატრა The way you look tonight-ს მღერის. ძალიან მსიამოვნებს. და საიდანღაც მოდის რბილი ტალღები. საინტერესოა, სხვას თუ აქვს ხოლმე ასეთი შეგრძნება, უფრო სწორად ასოციაცია - ტალღების. ბედნიერების შემოტევა უცებ გულზე მსუბუქი ტალღასავით რომ გადაგივლის. არსაიდან მოსული, ისე, უბრალო ბედნიერების. მზე, მუსიკა, კარგი საუზმე, ყავა და თავისუფალი დრო რომ გაძლევს ხანდახან. ხან რა, ხან რა, უბრალოდ ამჯერად ყველაზე ხელშესახები ეს იყო. ასეთ მომენტებში ხომ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არა, ბაბლში არ ვცხოვრობ, მაგრამ თავს კარგად ყოფნის უფლება უნდა მისცე ადამიანმა, რატომ არა. 

ამასობაში მოსწავლემ მომწერა, ონლაინ ჩაგერთვებით დღესო, მოსვლას ვერ ასწრებდა (ერთად ერთი სტუდენტია, რომელიც მოდის). ამიტომ ძალიან აღარ ვჩქარობ. ისე, დღეს დილით ჩამეძინა. 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სადღაც. 10-ის ნახევარზე გამეღვიძა. სამივე მაღვიძარა უკვე გათიშული მქონდა. როგორც ჩანს ჩავთვალე, რომ უკვე გამოვფხიზლდი და ადვგებოდი, მაგრამ ნურას უკაცრავად. 10-ს რომ 5 წუთი აკლდა, ადგილზე ვიყავი. ფეხით ვაპირებდი იდეაში წასვლას, მაგრამ ფეხით კი არა, ბოლტის პრემიუმი გამოვიძახე, რადგან ყველაზე ჩქარა ის მოვიდოდა. ღირდა. დროულადაც მივედი და ტაქსშივე შემექმნა კარგი განწყობა. საღეჭი რეზინი ან წყალი ხომ არ გესიამოვნებათ - მკითხა მძღოლმა. წყალი მართლა მესიამოვნა. დილით 2 ყლუპზე მეტის დალევა ვერ მოვასწარი. მადლობელი დავრჩი სერვისითაც და დროულად მიყვანითაც. 

მერე კიდევ ბევრი ვიარე, როგორც უკვე ვთქვი. გზაში გამახსენდა, რომ ყოველთვის მინდოდა, ჩანაწერები გზიდან მეკეთებინა. რასაც ვხედავ და აღვიქვამ, ვგრძნობ, ეგრევე გადმომეცა. ასეთ დროს რა უნდა ქნა? შუა ქუჩაში ლეპტოპს ხომ არ გახსნი, რომც გქონდეს. ან მანქანაში (მე პირადად მანქანაში ლეპტოპს კი არა, ტელეფონის ეკრანსაც ვერ ვუყურებ, ცუდად მხდის). არა და რაღაც განყობები მაშინვე თუ არ გადმოეცი, მერე იკარგება. გამოსავალი ამ დროს აუდიოს ჩაწერაა. კი, სულ ვიცოდი, მაგრამ რატომღაც არ ვიყენებდი ამ ფუნქციას. მით უმეტეს, ტრანსპორტში არ მიფიქრია. დღეს ისევ რომ შემომიტია წერის სურვილმა შუა ქუჩაში, გადავწყვიტე, მეცადა ბოლოს და ბოლოს. ამოვიღე ტელეფონი და ვოის რექორდერში დავიწყე ჩაწერა. მშვენიერია. მერე შევალ სადმე და გადავწერ ბლოგზე მეთქი, ვიფიქრე. ახლა კი მაქვს ის ჩანაწერი ტელეფონში, მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მახსოვს, რაზე "ვწერდი" და რისი თქმა მინდოდა, ამიტომ მაინც ზეპირად ვაგრძელებ წერას. 

ხო, რა დავაფიქსირე: დღისით სადმე დაჯდომა მიყვარს ძალიან, დღისით ლანჩზე და საუზმეზე შეხვედრებიც. საღამოს სხვა ხიბლი აქვს და დღეს - სხვა. ხოდა ამ სიარულში ერთ-ერთ ჩემ საყვარელ კაფესთან აღმოვჩნდი. ჯერ ვიფიქრე, ბარემ ხომ არ შევიდე, აქ დავლიო ყავა, ვისარგებლო, დრო რომ მაქვს მეთქი. მერე მივხვდი, რომ ლეპტოპის გარეშე არ მინდოდა. რა უცნაურია, როცა მარტო შევდივარ სადმე, სულ მინდა, ლეპტოპი მქონდეს და თან ვწერო, იმიტომ არა, რომ არ ვიცი, რა ვაკეთო, არა, უბრალოდ დაუძლეველი სურვილი მიჩნდება, გავხსნა და ვწერო თან. ამით არაფერს ვწყდები, ჭამასაც ვახერხებ, სმასაც, ხალხის თვალიერებასაც და შორიდან კონტაქტსაც. პირიქით, რაღაც სხვა კონტაქტს ვამყარებ ამ დროს, უფრო სწორად, რასაც ვხედავ, იმას მაშინვე ვაფიქსირებ. სიგარეტზე დამოკიდებულებასავით არის, ოღონდ ადრინდელი: თავს რომ ანებებდი და პირველი პერიოდი ვერ ხვდებოდი, რა უნდა გექნა კაფეში სიგარეტის გარეშე, ყავა როგორ უნდა დაგელია სიგარეტის გარეშე, მეგობრებთან როგორ უნდა გეჭორავა სიგარეტის გარეშე. ახლა საბედნიეროდ არც კაფეში შეიძლება მოწევა და იმასაც მივხვდით, რომ არამწეველ ადამიანებს არ უნდა ვაბოლოთ. ნუ უმეტესობა მიხვდა. მე კი დიდი ხანია დანებებული მაქვს და ვეღარც ვიდგენ, როგორ ვეწეოდი ოდესმე, მაგრამ ეს შედარება მომივიდა თავში მაინც რატომღაც. ხოდა ლეპტოპზე ვამბობდი - არ მქონდა თან წაღებული (არ არის მსუბუქი ჩემი ლეპტოპი და როცა ვიცი, ფეხით უნდა ვიარო, არ მივათრევ თან). ასე რომ, გადავიფიქრე შესვლა. ახლა საიდან მაქვს? რაღაც შუალედში სახლში ავედი და ავიღე, ვიცოდი, რომ სავარაუდოდ მოვასწრებდი მაინც სადმე შესვლას. 

კიდევ იმას ვფიქრობდი, როდინდელია ეს ჩემი ბლოგი მეთქი. ალბათ უხსოვარ დროს შექმნილი, აი იმ დროს, სულ სხვა ცხოვრება რომ იყო და მეც რაღაც ან ვიღაც სხვა ვიყავი, ასე მგონია. რამდენიმე ეტაპი გაიარა ბლოგმა, ცხოვრების ეტაპებთან ერთად. პერიოდულად მიგდებული მქონდა. ბოლოს აქტიურად წერა ბაქოში გადასულმა დავიწყე. მაშინ ახალი სიცოცხლე შთავბერე, ასე ვთქვათ. მაშინ გაჩნდა #ბაქოსქრონიკები, რომლებიც ან ანტრეში, ან სტარბაქსში იწერებოდა კვირაში ერთხელ, ან ორჯერ. ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო ეს. 2 წლის შემდეგ ისეთ რეალობაში დავბრუნდი, ყველაფერი მალე დაიკეტა და ქრონიკები დროებით შეწყდა. მერე დაიწყო #ქრონიკებიკოვიდ19-ის დროს და ახალ სახლში გადასულმა უკვე #ქრონიკებიჯიქიადან წამოვიწყე. ასე ნელ-ნელა უკვე ქართული რეალობიდან მოვუბრუნდი ჩემ საყვარელ საქმიანობას. სტარბაქსი ჩვენ არ გვეღირსა სამწუხაროდ და ანტრე (მიუხედავდ იმისა, რომ ზოგი ფილიალი ცოტა არ იყოს აღარ არის მოწოდების სიმაღლეზე), ისევ მიყვარს, ბაქომდელი და ბაქოში გაძლიერებული სიყვარული არ ჩამქრალა. ამას ლუკა პოლარე დაემატა და პერიოდულად სხვა ადგილებიც, სადაც გემრიელად იჯდომება და იწერება. თუმცა, ამ ყველაფერზე უკვე ბევრი მიწერია, ასე რომ, აღარ განვავრცობ. 

ამასობაში უზარმაზარი პოსტი გამომსვლია. ხალხი ისევ შემომეცალა გარშემო. ჩემი წასვლის დროც მოსულა. 










Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..