არამექანიკური ფორთოხლის გოგონას განწყობიდან

"როგორ მინდა, ისეთი ნუდნი ცხოვრება იყოს ქვეყანაში, მარტო პირად საკითხებზე ვნერვიულობდე/ვკონცენტრირდებოდე. ესეც არ დაგცალდება აქ ადამიანს :D"  - ამონარიდი ერთ-ერთი ე.წ. გრუპ ჩათიდან

პოსტი არ შეიცავს შეხედულებებს და ინფორმაციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მით უმეტეს, პოლიტიკურზე. რადგან, ეს თითქმის ერთად ერთი ადგილია, სადაც შემიძლია, ცოტა ხანი თავი შევაფარო და არ ვისმინო, არ ვილაპარაკო და არ ვიფიქრო ამ საგიჟეთზე. 

პოსტი შეიცავს ინტეგრირებულ რეკლამებს (რომელშიც, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს მიხდის :D )

16.11.21

ხანდახან უბრალოდ არაფერი უნდა აკეთო. არის არაფრის კეთების ამინდები, თუნდაც კარგი ამინდი იყოს. პიჟამოს რომ ჩაიცვამ და ცხელ ჩაის დაისხამ, ამასობაში წვიმაც წამოვა და 0.1%-თაც აღარ ინანებ, რომ არ გასულხარ გარეთ.

ფილმების ამინდი. კოკა-კოლას რეკლამის ამინდი. ფილმის დასასრულზე გულის აჩუყების ამინდი. რის გაკეთებასაც არ აპირებდი, იმის გაკეთების ამინდი. ცუდი არაფერი იფიქროთ. 

ახლა ვზივარ და ვერაფრით ვიხსენებ, რაზე მინდოდა დაწერა. რაღაც კონკრეტულზე ვაპირებდი და გამომიფრინდა თავიდან. ვეღარ ვპოულობ.


18.11.21

გამახსენდა - ფილმებზე მინდოდა დამეწერა. ყველა, მეტნაკლებად ჰოლივუდურ ფილმში, რომანტიულ ფილმს ვგულისხმობ, წყვილში ერთ-ერთს, ბიჭს ან გოგოს / ქალს ან კაცს, აქვს ქალაქში (და ეს ქალაქი, ძალიან ხშირად, ნიუ იორკია) ამოჩემებული / საყვარელი ადგილი, სადაც მიდის ხოლმე განსამარტოებლად და რომელიც არავინ იცის (ეს როგორ ხდება, არ ვიცი). ამ ადგილას მიჰყავთ მეორე ადამიანი ურთიერთობის დასაწყისშივე, აი მაშინ, როცა ჯერ კიდევ ერთმანეთის შეცნობა ხდება და ერთმანეთით აღფრთოვანება ნელ-ნელა იზრდება. და მერე, როცა ის ერთ-ერთი რამეს მიქარავს, მერე გაიაზრებს, ნანობს და ცდილობს ურთიერთობის გამოსწორებას, მაგრამ ვერსად პოულობს, ვერ უკავშირდება და მეგობრებიც უმალავენ, არ ეუბნებიან, სად არის, სად წავიდა, აი ამ დროს ახსენდება, სად შეიძლება იყოს მისი სოულმეითი და მიდის იმ ადგილას. რა თქმა უნდა, იქ ხვდება ის ადამიანი (დროში როგორ ემთხვევიან ხოლმე, ეგ არ ვიცი) და ჩუმად ჩამოუჯდება გვერდით, უსიტყვოდ. მაქსიმუმ ხელი მოჰკიდონ ერთმანეთს, ან შეხედონ. მერე კადრი ნელ-ნელა უკან მიდის, კამერა შორ კადრს და ბედნიერი მუსიკის ფონზე გასაგები ხდება, რომ ყველაფერი კარგად არის. 

ხანდახან მგონია, რომ ასეთი ფილმების სახელმძღვანელო არსებობს. ამ თემაზე ერთხელ პოსტიც მეწერა fb-ზე, სადაც კომენტარებში განვავრცეთ ჰოლივუდური ფილმების ასეთი დეტალები და ბევრი ვიცინეთ. ოღონდ კი არ დავცინი, ყველას გვიყვარს ასეთი ფილმები. თუნდაც ხანდახან :)

პ.ს. თბილისში არსებობს ასეთი ადგილები? რაღაცნაირია თბილისი, აი ერთად რაღაცეების გაკეთება რომ გინდოდეს, სად მიდიხარ? კაფე-ბარში და რესტორანში არ ვგულისხმობ. ერთად რაღაცეების კეთების დიდი არჩევანი უნდა იყოს სახლს გარეთ.


21.11.21

რა კარგი თარიღია :) თან კვირაა. თან ამინდიც კარგია. საქმეს მოვრჩი. შუადღეა, მაგრამ ჩემთვის ჯერ easy sunday morning განწყობაა. ორჯერ ვისაუზმე. შუალედში - საქმე. დღის შემდგომი მიმდინარეობა ჯერ არ გადამიწყვეტია, არ ვჩქარობ. ამიტომ ჯერ ფილმი ჩავრთე, ბევრჯერ ნანახი მორიგი ჰოლივუდური ფილმი, რომლის დასახელებაშიც კი ფიგურირებს სიტყვა ჰოლივუდი (შთაბეჭდილება იქმნება ალბათ, რომ მხოლოდ ასეთ ფილმებს ვუყურებ :)) ). ცალი თვალით ვუყურებ, ცალი ყურით ვუსმენ და თან ვწერ. უფრო ბლოგზე ვარ კონცენტრირებული, ვიდრე ფილმზე.

პერიოდულად საახალწლო განწყობა მოდის ტალღასავით. აი ისეთ პერიოდებში, როცა ან დასვენების დღეა, ან სასწაული მოხდა და დრო მაქვს, თავისუფალი ვარ, არსად მეჩქარება და ცოტა სიცივე და ცოტა მზეა გარეთ. 

ბოლო დღეებია, ფორთოხლის ფერზე მეფიქრება, ფორთოხლისფერ განწყობაზე და ფორთოხლის კექსზე. დღეს დილით ისევ შემომიტია ამ განწყობამ, რადგან დილას საძინებლიდან გამოსულს, მზით განათებული დამხვდა ჩემი ისედაც მზისფერებში გადაწყვეტილი ოთახი და გარკვეული დეტალები კიდევ უფრო ამძაფრებდნენ ამ ყველაფერს. 


მერე შარშანდელი ეს პერიოდი გამახსენდა და ის, რომ ბლოგზე ორი პოსტი მაქვს სახელწოდებით "მანდარინისფერი განწყობა" და "Dreaming of a golden Christmas". ხოდა დადგა ეტყობა ისევ ეს პერიოდი.

გუშინ საღამოს სტუმრები მყავდა, მეგობრები, რომლებიც ამ სახლში ჯერ არ იყვნენ ნამყოფები. რა დრო დადგა, ლამის პისიარის პასუხით მოდის ხალხი :)) რომ მომწერა ერთ-ერთმა, მოსვლა გვინდა, თუ არ გეშინიაო, თან მოაყოლა, რომ ოთხივე აცრილია და ოთხიდან სამს კორონაც აქვს მოხდილი :)) მოკლედ, ძალიან გამიხარდა ეს ინიციატივა და ახლა ამ სტუმრობის შედეგი მიხარია - წინ მიდგას White Studio-ს ულამაზესი სახილე, რომელიც არაჩვეულებრივად ჩაჯდა ინტერიერში და რომელშიც ფორთოხალი და მანდარინები მიდევს :) კექსს რაც შეეხება, გუშინ მინდოდა, მე თვითონ გამომეცხო მათთვის, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ მოვასწარი, ამიტომ კექსი - ცოტა მოგვიანებით.

White Studio-ს რაც შეეხება, საოცრად მომწონს მათი ნივთები, სახლს ათბობს, ახალისებს და ფერები შეაქვს. კიდევ ერთი ძალიან საყვარელი ნივთი მაქვს მათი - სახლის შემოსასვლელ კარზე მისაწებებელი ციფრები ჩემი სახლის ნომრით, რომელიც აქ გადმოსვლისას სიმბოლურად მაჩუქეს ჩემმა ძმამ და რძალმა, ოღონდ დღემდე კარადაში მიდევს, რადგან ჩემმა გადამგდებმა ხელოსანმა არ მაღირსა კარის გადაღებვა. ამიტომ ციფრებიც და საღებავიც კარადაში (ან კაჟადაში) მიდევს. ბოლოს ავდგები და მე თვითონ შევღებავ, მანამდე ანტიჰისტამინურ წამლებს დავლევ და შაკიკის პრევენციისთვისაც მივიღებ რამეს, რომ საღებავის მოქმედების სავარაუდო შედეგები გავანეიტრალო. ან... სხვა ხელოსანს ვიშოვი! ევრიკა! :) ოღონდ ჯერ ვკითხავ: მალიარი ხარ, ბიჭო?



ამასობაში ნაწილობრივ გამოიკვეთა კვირა დღის მეორე ნახევრის პირველი ნაწილის კონტურები :)) პიჟამოს ალბათ სპორტული ტანსაცმელი ჩაანაცვლებს და ვეცდები, გუშინ ლილისის და შტოშის ნამცხვრებით მიღებული მილიონობით კალორია ცოტა მაინც დავწვა :))



 


 




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..