თერთმეტი წუ .. კი არა და თერთმეტი ფიქრი ან ფიფქი :)
ერთი * პოლარული ლიუკი ახალ წელს
აქ შემოსვლამ რაღაცნაირი ამბივალენტრუი გრძნობები გამოიწვია. ლუკა პოლარეში შემოსვლას არა, ბლოგზე შემოსვლას ვგულისხმობ. იქნებ იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვპირდები ჩემ თავს და აქაურობას, რომ შემოვალ და დავწერ. რამეს დავწერ. იქნებ იმიტომ, რომ უკვე ათასი დრაფტი მაინც შევინახე თავში. ზოგი შეიძლება აუდიო ფაილებადაც მაქვს ტელეფონში, ქუჩაში მიმავალმა და უცებ წერის ჟინით შეპყრობილმა რომ ჩავწერე. იქნებ ნოუთებშიც კი გადავაწყდე რამეს. მაგრამ ძირითადად მაინც თავში იყო დრაფტებად შენახული და მერე ამ დრაფტებს ვადა გაუვიდა, გაფერმკრთალდნენ და გაქრნენ. ყველაფერი ქრება, თუ არ მოუარე ...
ლუკაში რომ შემოვედი, არ იყო თითქოს ბევრი ხალხი. თუმცა რეალურად მხოლოდ ორი მაგიდა იყო თავისუფალი ამ დიდ სივრცეში. მაგრამ დავჯექი თუ არა, უეცრად გადაივსო, მოძრაობა დაიწყო კაფემ თითქოს.
ორი ** მიაძაკის დრო
კაფის მოძრაობაზე გამახსენდა - მიაძაკის "მოსიარულე სასახლე" ვნახე გუშინწინ. თუ გუშინ იყო ეს? სადღაც გადიოდა. რატომღაც მომინდა ნახვა. ჩავრთე და ვეღარ მოვწყდი, მონუსხული. მერე ის გავაკეთე, რასაც, როგორც წესი არ ვაკეთებ ხოლმე - დავწექი და მობილურში ვუყურე "Spirited Away"-ს. იმასაც მონუსხულმა. ბოლომდე.
სამი *** ახალი წელი მოსულა! - უზრდელი! ...
უჩვეულოდ მშვიდად გავატარე ეს ახალი წელი. სულ ასე იყო, სახლში ვხვდებოდი ხოლმე და იყო წლები, იმავე ღამეს გავდიოდი მერე სადმე და რამდენიმე დღე ასე ვიყავი, მიმოსვლაში. მერე 31-ში ღამე გასვლას დავანებე თავი, მაგრამ 1 ან 2 რიცხვიდან ვიწყებდი ხოლმე მიმოსვლას. სულ მოძრაობაში, სულ.
წელს კი, წელს აღმოვაჩინე, რომ ჯერ არც ერთი მეგობარი არ მინახავს. სავარაუდოდ, ისე მჭირდებოდა მოდუნება და დასვენება, რომ 25-ში რომ დავხურე ლეპტოპი და სრული რელაქსაცია გადავწყვიტე, ასე მოვდივარ აქამდე. წიგნიც კი არ წამიკითხავს. სამაგიეროდ ვუყურე ფილმებს. ძველ ფილმებს, რომლებიც ასე უხდება ახალ წელს და იმას, რისი ყურებაც მინდოდა. გავატარე დრო ოჯახთან ერთად და მარტოც, საკუთარ თავთან. ახალ წელს ისეთი თოვლი იყო, ისეთი ჯადოსნური იყო ყველაფერი ... :)
ხაზზე სულ ვარ და სულ ვიღაცას ვეკონტაქტები, მაგრამ ლაივში ჯერ არ გავაქტიურებულვარ. სამაგიეროდ ხვალიდან ვგეგმავ კვირების და უფრო თვეების უნახავი მეგობრების ნახვას. ნელ-ნელა. მშვიდად. ვგეგმავ ცუდი ნათქვამია ამ შემთხვევაში. ამჯერად ესეც არ მიქნია. დასვენების გარდა არაფერი დამიგეგმავს. ხო, სპაში წასვლა. ერთი, ეგ უნდა დავგეგმო ზუსტად.
ოთხი **** თვით... რაღაც
სულ სხვა რამეზე მინდოდა თითქოს დაწერა. რაზე და იმაზე, ყველაზე რთული საკუთარ სურვილებში გარკვევა რომ არის. ვიღაც შემომედავება, რა სისულელეა, ზუსტად ვიცი, რაც მინდაო. და მეც ზუსტად მეცოდინება, რას გულისხმობს და რა უნდა. მაგრამ რაღაც მეტს ვგულისხმობ და ცოტა უფრო ღრმას. თორემ ასე მეც ვიცი, რა მინდა. ასეთი ფიქრები კი ალბათ მაშინ იჩენს თავს, როცა, როგორც იქნა, შენი თავისთვის მოიცლი და ბევრი დრო გეძლევა ფიქრისთვის, რეფლექსიისთვის, რაღაცეების შედარებისთვის და ... დაკვირვებისთვის.
ახლა ამაზე რომ დავიწყო წერა, დაკვირვებაზე, თვითრეფლექსიაზე, სულიერ განვითარებაზე და ა.შ., ძალიან შორს წავალ და შეიძლება ცოტა ტრაბახივითაც გამომივიდეს. არც ერთი მინდა და არც მეორე და თან, ვფიქრობ, ბლოგზე ამის წერა არ მინდა ახლა. პირად საუბრებში, ისიც მხოლოდ ცალკეულ ადამიანებთან.
ხუთი ***** Sharing is caring
კიდვე რა არის იცი, არის რაღაცეები, რასაც არავის ეუბნები. იმიტომ არა, რომ რამე ცუდია, ან დააშავე. უბრალოდ ... არ ვიცი, რა. უბრალოდ მხოლოდ შენია. ან შენი და კიდევ ერთი, ორი ან სამი ადამიანის. შეიძლება არ იცი, როგორ გაიგებენ, მიიღებენ. ან სულ ერთია, როგორ მიიღებენ. და საერთოდ, ბევრი რაღაც ხდება სულ ერთი დროთა განმავლობაში. თუმცა ... თუმცა გაზიარება მაინც ყოველთვის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება ადამიანების ურთიერთობებში.
შევჩერდი და ფიქრებმა წამიღო. ახლა ვიღაცას რომ ეკითხა, რაზე ფიქრობო, ალბათ ვერ ვეტყოდი, ბევრი ფიქრია ერთად თავში. ან ევცდებოდი დამელაგებინა და გადმომეცა. გააჩნია, ვინ მკითხავდა და როგორ.
ექვსი ****** Do You like my decorations?
ლუკა პოლარეს ფანჯრები საახალწლო ნათურებით ციმციმებს. ძალიან ლამაზია. ჩემი სახლის ქოზი გარემო და საახალწლო დეკორაცია ისე მომწონს, ისე ბავშვივით მომწონს, ღამე დაწოლა მენანება ხოლმე. დიდხანს მინდა იქ გაჩერება. დუ იუ ლაიქ მაი ქრისმას დექორეიშენ?
შვიდი ******* დრო გადის ძალიან ნელა ... ჩქარა :)
სამყარო მუდმივად იცვლება, მუდმივად. შენც იცვლები. ან არ იცვლები. ან ცვლი რაღაცეებს, ან არ ცვლი. უნდა დაფიქრდე, ისე რომ არ არის რაღაცეები, როგორც იყო, მოგწონს, თუ არ. შენ შეგიძლია, რამე შეცვალო? შენ გინდა, რამე შეცვალო?
რვა ******** წერა, როგორც მედიტაცია
ძალიან აბსურდული და აბდაუბდა პოსტი გამოვა ალბათ. ბევრი ნაწყვეტი ფიქრი. ახლა მედიტაციას რომ ვაპირებდე, ამ ფიქრებს რას ვუზამდი ნეტავ. რას და გადმოვიტან ახლა აქ და იპოვიან თავის ადგილს. წერაც მედიტაციური პროცესია ხანდახან.
ცხრა ********* multiple soulmates?
მე აღარ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ ...
საინტერესოა, ამ (ზედა) ხაზს რამდენი მიხვდება, რამდენს აქვს წაკითხული? გუშინ გვქონდა ზუსტად ერთი საუბარი ამაზე, რაღაცას რომ იტყვი / იხუმრებ და ახნსა არ გჭირდება, რა კარგია. და რა ცუდია, როცა გჭირდება, ან არ ესმით. და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მაგრამ რას იზამ. მერე აღმოაჩენ, რომ აღარ ხუმრობ იმდენს, რამდენსაც ადრე, რომ ადაპტირდები და ისე აღარ იქცევი, როგორ შენი არსების ყველაზე ნამდვილ და საყვარელ ნაწილს უყვარს, სე ლა ვი.
ათი ********** The Holiday
რაღაცნაირი არამხიარული საახალწლო პოსტი გამოდის. ან იქნებ არც? არა და სულ არ მაქვს არამხიარული განწყობა. უბრალოდ მშვიდად ვარ. და სრული რელაქსაციის პირას. აი კიდევ ერთი მასაჟიც (ერთი ახალ წლამდე მოვასწარი) და ეგ არის. Smonday. დღეს რაღაც ასეთი იყო. იქნებ არ უნდა მომეკიდა საქმისთვის დღესაც ხელი? მაგრამ ვიცოდი, რომ შემდეგ დღეებში საჭირო იყო და ლაითად დავიწყე, რომ მერე ბევრი არ მქონოდა. ჯერ კიდევ წინ არის დასვენების დღეები. და როცა დაიწყო, დრო დამჭირდა, გამეხსენებინა, როგორ უნდა დასვენება და მოდუნება. და მერე, როცა გავიაზრე, გადავირიე სიხარულით, რომ წინ მაქვს ეს ყველაფერი. ხო, მოკლედ, ძალებმოკრებილი დავუბრუნდები ახალ წელს და ახალ ამბებს. ჯერ დამაცადეთ, ჯერ დრო მაქვს კიდევ.
The Holiday მაქვს კიდევ სანახავი holiday must-sees ფილმებიდან. დანარჩენი - სპონტანურად.
თერთმეტი *********** "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები"
ხო, რაც მინდოდა მეთქვა - შენ თავთან კარგად თუ არ გრძნობ თავს, შენ თავთან მარტო კომფორტულად და ბედნიერად თუ არ ხარ, სხვა როგორ გაგაბედნიერებს? ხოდა ისწავლეთ ეს. ბედნიერებასაც უნდა გაზიარება ალბათ. განსაკუთრებით, როცა ვეღარ იტევ. მაგრამ აქაც ფრთხილად, ყველა ვერ გაიგებს :)
P.S. უცებ ვიფიქრე, მგონი / იმედია რამდენიმე ადამიანი მაინც გავახარე ამ ახალ წელს (ახალ წელში წინასაახალწლო დღეებსაც ვგულისხმობ და ახალი წლის პერიოდსაც). ზოგი ცოტათი, ზოგი მეტად. ზოგი სიტყვით, ზოგი საქმით, ზოგიც, უბრალოდ ჩემი ყოფნით. იმედია. კარგი შეგრძენებაა :)
P.P.S. სავარძელში ვზივარ, ბარისკენ ზურგით. ჩემს უკან სულ ვიღაც მოძრაობს, უკვეთავენ, იღებენ შეკვეთას, იცდიან რიგში, არჩევენ პროდუქციას. რამდენჯერმე გავიფიქრე, ნეტა ვინმეს თუ წაუცდა მზერა და ნახა, რაებს ვწერ მეთქი :) მე დამაინტერესებდა :)) და გამეღიმა ამ ფიქრზე.
ახლა დავხურავ და ავალ სახლში. სანდრიკოს ველოდები, დავგეგმეთ, რომ წასვლამდე ერთი საღამო ჩემთან მოვა გემრიელ ჩაიზე (რომელიც საახალწლოდ აგარაკზე მიმავლებმა მანქანაში ერთი თერმოსი ჭიქიდან ვსვით და ძალიან მოეწონა)
და მერე დარჩება.
NB. თერთმეთი პუნქტი რომ მოგროვდა, ვაპირებდი სათაურად ასე დამეწერა: "თერთმეტი, თერთმეტი შე გამოქათამებულო!" მაგრამ მერე მივხვდი, რომ გაუგებარი იქნებოდა ჩემი ეს ასოციაციურ ხუმრობა ბევრისთვის (შეურაცხყოფად არ მიიღოთ) და გადავაკეთე. თერთმეტი წ... უფრო მისახვედრი უნდა იყოს. :)
ბედნიერი ახალი წელი! წელი ბევრი კარგი ცვლილების და არჩვეულებრივად კარგი სიახლების არის წინ :)

Comments