ახალი წელი მოსულა! - უზრდელი!

ცოტა უაზრო, მაგრამ თავის დროზე რომ გვეცინებოდა, ისეთი სკეჩი გამახსენდა. იმ დროს სიტყვა სკეჩიც არ არსებობდა, ან ჩვენ არ ვიცოდით: "ახალი წელი მოსულა" - ამბობს ბიჭი. "უზრდელი" - პასუხობს გოგო და სილას აწნავს. და ამ დუბლს იღებენ მილიონჯერ. ახლა არ მახსოვს, რა იყო ამაში სასაცილო, მაგრამ მაინც მეღიმება, უბრალოდ წარსულზე, ალბათ.

ხოდა უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მართლაც მოსულა ახალი წელი. ელვის სისწრაფით კი გარბის დრო. რას ვიზამთ. განსაკუთრებით ბოლო ორი წელი. ეს პერიოდი სრულიად არეული მაქვს და როდის რომელ წელს რა მოხდა, რა დაიწყო, როდის დავბრუნდი და ა.შ., აზელილი მაქვს ერთმანეთში. 

პირველ რიგში, რასაც ახალ წელს ვისურვებდი ყველასთვის, ამ წელს, წლის დასაწყისშივე, ძალიან მალე და უმტკივნეულოდ დასრულებულიყოს პანდემია და უცებ თუ არა, ნელ-ნელა მაინც დავბრუნებოდეთ ძველ, ან ჯობს - ახალ, უკეთეს ცხოვრებას. ისე, შეიძლება რამე ახალს დაუბრუნდე? კი, ალბათ

ძალიან უცნაური რაღაც ხდება აქ, ახლა ჩემ თავს: ვზივარ ვერაზე ერთ პატარა საყვარელ კაფეში და საუზმის მოლოდინში ვსვამ ცხელ... ლიმნიან წყალს! აი ასე ორიგინალურად და ახლებურად გადავწყვიტე წლის დაწყება და ჯერ-ჯერობით მომწონს :) რეალური მიზეზი კი უფრო ბანალურია: 2 საათის მანძილზე ჩაის და ყავის დალევა არ შეიძლება. სხვა ცხელი და არაფერადი რა დამელია, ვერაფერი მოვიფიქრეთ მე და ბარმენმა, და ცხელი წყალი ვთხოვე უბრალოდ. თუ გნებავთ ლიმონს ჩავაგდებო, შემომთავაზა. სულ რაღაც 2 წამით დავფიქრდი - რატომაც არა მეთქი და დავეთანხმე.

ვინც (კარგად) არ მიცნობს, შეიძლება არ იცის ჩემი დამოკიდებულება ლიმნისადმი. ვერ ვიტანდი ვერასოდეს. ეს არც პოზა იყო, არც ამოჩემება და არც ფასონი. მართლა ვერ ვჭამდი და ვერც ჩაიში ვიგდებდი. სერიოზული რეფლექსი მეწყებოდა მომენტალურად. სუნიც კი ძალიან მაწუხებდა. არა და სხვა ციტრუსების მიმართ არასოდეს მქონია ეს დამოკიდებულება. მაგრამ რაღაც შეიცვალა. ერთბაშად არა. ნელ-ნელა. დავწერე კიდეც ამაზე - ჯერ ლიმნიანი კექსის ჭამა გავრისკე და ავიტანე. მერე ლიმნიანი ჩაის გასინჯვა მთხოვეს და თაფლით გაზავებული მომეწონა, მაგრამ ამის მერე ჩემით მაინც აღარ გამიკეთებია. სახლში რომ 2 ლიმნის ხე მაქვს, რომლებზეც ვგიჟდები, ისე მომწონს და აქედან ერთს სამი ლიმონი ესხა, ისე მოვკრიფე ნაყოფი, ერთი არ გამისინჯავს. და საერთოდ, სტუმარს, ან ოჯახის წევრს ლიმონს თუ დავუჭრიდი, ხელებს ვიბანდი მერე. ვიმეორებ, არ გეგონოთ, რამეს ვაჭარბებდე ან ვიგონებდე. მართლა ფიზიკურად ვერ ვიტანდი. 

ზოგადად მივხვდი, რომ დროთა განმავლობაში რაღაცეები იცვლება არა მარტო გემოვნებაში, არამედ ორგანიზმში რეცეპტორების დონეზეც კი. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წელია, ბოსტნეულის და მწვანილის ჭამა დავიწყე. მანამდე ხორცის და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გარდა ფაქტობრივად საჭმელს არ ვცნობდი. მართალია, მოხარშული სტაფილო და ბადრიჯანი კვლავ წარმატებით იკავებს ჩემი მსუბუქად რომ ვთქვათ არა საყვარელი პროდუქტის ათეულში საპატიო 1-2 ადგილებს და ისპანახიანი ომლეტიდანაც მხოლოდ კვერცხი ამოვჭამე და ისპანახი თეფშზევე დავტოვე, მაგრამ სამაგიეროდ გარნირად მოყოლილი სალათის ფურცელი სიამოვნებით ვახრამუნე.

ხოდა ამ ელემენტარულ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, არასოდეს თქვა არასოდეს. აბა, ვინმეს რომ ეთქვა, 2022-ში კაფეში ცხელ ლიმნიან წყალს დალევ შენი ნებითო, დავცინებდი. ვერ გეტყვით, რომ მოვიხიბლე და ჩემი საყვარელი სასმელი გახდება, მაგრამ მივუდექი, როგორც ვიტამინს, ლამაზ კომპოზიციას და რადგან ორგანიზმმა მიიღო, ვცადე, რატომაც არა. ბოლოს და ბოლოს, წყალია. არ მომეწონება, და არ დავლევ.

მგონი ზედმეტად ბევრი ვილაპარაკე ჭამაზე. მაგრამ ახალ წელს ამ თემას ალბათ ვერ ავუვლიდი გვერდს. სამაგიეროდ, საცივზე არ მილაპარაკია, რომელიც, მინდა აღვინშნო, წელს პირველად გუშინ ვჭამე, მეგობართან სტუმრობისას. 

როგორ შევხვდი? გადასარევად. ოჯახთან ერთად, ყველა ერთად, ჩემი ძმის ოჯახში, მათთან აგარაკზე. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალით საღამოს, ბავშვებთან თამაშით, მერე ვახშმით, 12 საათზე უკვე შამპანურით და ტკბილზე გადასვლით და არა ღამის თენებით, მაგრამ ბუხართან გვიანობამდე ჯდომით. ხალისით და სიცილით. 

მე მიყვარს ახალი წელი, მიყვარს პატარა ბავშვივით, მიყვარს პრე და პოსტ საახალწლო პერიოდი, სანამ ჯერ კიდევ ჰაერშია სადღესასწაულო და მსუბუქი განწყობა, სანამ ჯერ კიდევ დასვენების თუ არა, არადატვირთული დღეებია, სანამ მიმოსვლაა (რამდენადაც შესაძლებელია ამ ფონზე). მიყვარს საჩუქრების კეთება. და მიღებაც მიყვარს. მიყვარს საჩუქრების სიხარულით გამოწვეული ღიმილის დანახვა. და ძალიან მინდა, მქონდეს საშუალება, ყველას, ყველას, ვისაც მინდა, გავუკეთო ისეთი საჩუქარი, როგორიც მინდა. 

მეგობრებს ნელ-ნელა, კლასტერ-კლასტერ ვნახულობ :). ეჭვი მაქვს, რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ისევ კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა. ახლაც ვფრთხილობ, მარტო საკუთარ დაბუსტულ თავს არა, სხვებსაც ვუფრთხილდები :))

ეს კვირა შევიმსუბუქე მაქსიმალურად. ნაკლებ მუშაობას თავისი შედეგები აქვს, ცხადია, მაგრამ ძალიან მინდოდა, მჭირდებოდა, ბოლომდე შემეგრძნო dolce far niente. ბოლომდე თუ არა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. 

პოსტის დასასრულს საკუთარ თავს დავესესხები ფბ-დან, შარშან დაწერილი საახალწლო სურვილებით: 

უბრალოდ მინდა, გარშემო ყველა, აი სულ ყველა კარგად იყოს. მართლა კარგად კი მაშინ ხარ, როცა ირგვლის სხვებიც კარგად არიან და ღიმისლის მიზეზი აქვთ. 

მინდა, რომ წლის ბოლოს არავის ჰქონდეს სათქმელი, რა გვეახალწლებაო.

დღესასწაულები, თუნდაც მოგონილი, ნამდვილად საჭიროა და ვისურვებდი, 2022-ში ყველას გვედღესასწაულებოდეს.

გილოცავთ! 

პ.ს. ამასობაში ლიმნის გემო ძალიან გაუჯდა წყალს და ხიბლი დაკარგა :D არა, ეს მაინც არ არის აშკარად ჩემი ხილი. ნახევარი ჭიქაც ვერ დავლიე. უბრალოდ გავთბი, ქუჩიდან ახალი შემოსული. თუმცა, მტრობა რომ ვძლიეთ და კარგ ნაცნობებად ვიქეცით, მაინც მიხარია :)






Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..