In a Sentimental Mood
რა ერქვა იმ გმირს? ხო, ამარანტა. ამარანტა ხომ არ დავირქვა? არა, არ ღირს, მახსოვს, მაინცდამაინც კარგი ბედი არ ჰქონდა სიყვარულში და არჩევანიც რაღაც ისეთი გააკეთა, ძალიან რადიკალური. აი ამ აბზაცს ჩავამთავრებ და გადავამოწმებ, ხომ სწორად მახსოვს. და რა მახსოვს - საქმრო მოუკლეს, მას მერე ხელზე შავი სახვევი გაიკეთა და აღარც მოუხსნია. არც კაცისკენ გაუხედავს.
გადავამოწმე. თითქმის სწორად მხსომებია. მაგრამ არ მოუკლავთ, თავი მოიკლა და მას მერე ამარანტა დანაშაულის გრძნობის გამო ატარებდა იმ სახვევს. ხოდა რაღა ამარანტა...
მაგრამ ბუენდია ... დღეს ყველანი ბუენდიები ვართ. დაუსრულებელი წვიმის სეზონის გმირები. კიდევ იყო რომელიღაც გმირი, რომელიმე აურელიანო იქნებოდა ალბათ, რომელიც ადგა და წავიდა წვიმების სეზონის დასრულებამდე. სად წავიდა, რამდენი ხნით წავიდა ... ამდენი არ მახსოვს. ან რატომ იფიქრა, რომ ეს წვიმა ოდესმე დასრულდებოდა? :)
და კიდევ არის ერთი მოთხრობა, ბრედბერის. All Summer in a Day ჰქვია. მოქმედება ვენერაზე ხდება, სადაც მზე 7 წელიწადში ერთხელ ანათებს. და მეცნიერების გამოთვლით დადგა ის დღეც, როცა მზემ კვლავ რამდენიმე წუთით უნდა გამოანათოს. ყველა ემზადება. მოქმედება სკოლაში ხდება, სადაც ერთი ბავშვი დედამიწიდან არის გადმოსული და ჯერ კიდევ ახსოვს მზე და ხატავს მას. მოდი, არ მოვყვები. ძალიან ... კარგი მოთხრობაა და ცოტა ... მძიმე. მაგრამ კარგი ძალიან.
აი, მოვრჩი ბოლო წინადადებას და კვლავ გაწვიმდა. ჯერ ჩვევაში გადამივიდა, ყოველ დილას, სახლიდან გასვლის წინ ამინდის პროგნოზს ვამოწმებდი. ახლა უკვე აღარც ვამოწმებ. უბრალოდ ვიღებ ერთ-ერთ ქოლგას და ვიდებ ჩანთაში. სულ რომ კაშკაშა მზე იყოს იმ წუთას.
კითხვა მომინდა. მომენატრა. ამ წვიმას უხდება კითხვა. დღეს კარგი იქნებოდა ასეთი დღის მოწყობა, ნელის, წვიმიანის, პიჟამათი და მხოლოდ წინდებით ბოდიალის სახლში, ხან ერთ ტახტზე, ხან მეორეზე, ხან სავარძელში, ხან აივანზე, წიგნით ხელში, გადაშლილი და ამოტრიალებული წიგნით გვერდით, ყავით, ჩაით, საჭმლით, გემრიელი საუზმით და მერე სადილით ან ვახშმით, დესერტად ახალ შექმნილი რეცეპტით დამზადებული ბურთებით და კაკაოთი დასვრილი მაისურით,
წვიმაში ისევ სახლში შემოსვლით. მაგრამ დღეს ასეთი დღე არ გამოვიდა.
საღამოს გვიან შემოვედი სახლში. რომ გადავივლე და აი ზუსტად როგორც აღვწერე, იმ ფორმაში გამოვიწყე და ჩაი მოვიდგი, ჯერ 10 საათი იყო, რაც ძალიან გამიხარდა. თუმცა, უფრო გამიხარდებოდა, ხვალ კვირა რომ იყოს. მაგრამ არა უშავს.
რაღაც ფილმი ჩავრთე დაძინებამდე. წერისას ისე ვერ ვადევნე თვალი და რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა. ამიტომ ახლა გადავახვიე და აღმოვაჩინე, ლუიჯი პირანდელოს მიხედვით ყოფილა გადაღებული.
ცოტა სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ. ცუდზე არა, რაღაც სასიამოვნო რომ დაჰყვება, ისეთზე.
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
შეიძლება, ისეთი რამე გენატრებოდეს, რაც (ჯერ) არ მომხდარა? ან წინასწარ გენატრებოდეს?

Comments