Posts

Showing posts from 2022

"კომფორტ წიგნი"

Image
ავტობუსში ვზივარ. დღეს პირველ გზაზე მაინც საოცრად გამიმართლა. მეტროდან ამოსული ავტობუსის გაჩერებაზე რომ მივედი, ტაბლოზე სასურველიბნომრის გასწვრივ 1 წუთი ეწერა, რაც ამ რამდენიმე თვის მანძილზე არასოდეს მომხდარა. გზაც თავისუფალი იყო და ავტობუსიც თითქმის ცარიელი მთელი გზა. ნუ ცარიელში ვგულისხმოვ, რომ 2 გაჩერებაში დაჯდომაც კი შევძელი, ისე რომ სინდისსაც არ შევუწუხებივარ :) საცობების არ არსებობის მიუხედავად ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა და გადავწყვიტე, მუსიკის ნაცვლად ტრადიციულად აუდიო წიგნი ჩამერთო. ოღონდ არა ის, რაც ბოლოს გავწყვიტე. იაპონელი მწერლების სიმძიმის ხასიათზე ნამდვილად აღარბვუყავი. საშობაო მსუბუქი განყობა უფრო მინდოდა მოეტანა და შეენარჩუნებინა წიგნს. და უცებ მივხვდი, რომ ამ ნიშნით უნდა დამეწყო ძებნა.  ცისია რისი ცისიაა, რამის პოვნა მოინდომოს და ვერ იპოვოს. 5 წუთში უკვე დიდი არჩევანიდან ნაწილი გაფილტრული მქონდა და საბოლოოდ არჩევანი ჩემთვის აქამდე სრულიად უცნობ და მსოფლიოს მასშტაბით საოცრად დიდი ტირაჟით გაყიდულ და აწ უკვე სერიად ქცეული წიგნების პირველ, ორიგინალ წიგნზე შევაჩერე არჩ

ხანდახან

Image
ხანდახან უბრალოდ უნდა მოდუნდე. ჩაი დაისხა, დედას გამოტანებული "შოკოლადის ძეხვი" მოიჭრა, ტახტზე მოთავსდე ფეხმორთხმული და რამე საყვარელ ფილმს უყურო, აი ისეთს, თან რომ გაღიმებს და შეიძლება სულ ცოტა გატირებს, მაგრამ ცუდ ხასიათზე არ დაგაყენებს, პირიქით.  ხანდახან, როცა აღმოაჩენ - თავისუფალი დრო გაქვს, უბრალოდ უნდა მოდუნდე. არც სავარჯიშოდ წახვიდე, არც ფეხით სასიარულოდ, არც მეგობრები მოიწვიო და არც შენ გავარდე სადმე, არც ვინმეს შეხვდე, არც იმუშაო, არც იმეცადინო, უბრალოდ შეირგო ჩაი და თავისუფლება. და გაიხსენო, რომ ბედნიერება ხანდახან ასეთ უბრალო დეტალებშია.

დეტალების გარეშე

Image
It's a long story, full of the personal details we avoid so carefully ხანდახან ბედნიერება ელემენტარულ დეტალებშია. ხანდახან კი არა, პრინციპში ძირითადად ამაშია, გლობალურ ბედნიერებას და ბედნიერების გულის გახეთქვამდე დიდ შემოტევებს თუ არ ჩავთვლით. ეს უკანასკნელი კი ყოველ დღე არ ხდება, ამიტომ ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც შეგვიძლია თითქმის ყოველ დღე განვიცადოთ: ბედნიერება დეტალებში. ავად ვიყავი რამდენიმე დღე. ხმა არ მქონდა საერთოდ, ისე, რომ ლექციების გაცდენაც კი მომიწია, კერძო გაკვეთილებზე რომ არაფერი ვთქვათ. და 2 დღე სრულად "დავაქენსელე" ყველაფერი. ის ორი დღე იყო ისეთი მაგარი, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ მქონია. ვერ მოგატყუებთ, არაფერი მიკეთებია, მთელი დღე ან ვიწექი, ან ვიჯექი, წიგნებს ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი მეთქი. არა, ორივე დღე ვმუშაობდი, თითქმის მთელი დღე (მეცადინეობა, თარგმნა), რასაც მანამდე ვერ ვასწრებდი, ისინი ვაკეთე, მაგრამ - ვმუშაობდი ჩემთვის, არ მეჩქარებოდა არსად, არ მელოდებოდა არავინ და დროს სრულიად ჩემი შეხედულებისამებრ განვსაზღვრავდი. და მიუხედავად იმისა,

ტრივიალური სათაურები, მე და მზე

Image
მგონი მოგზაურობისნაირად არაფერი მინდა და მენატრება. ბოლო დღეებში მივხვდი, ძალიან გადავიღალე და რეალურად დასვენება მჭირდება. აქამდე მთელი არსებით ვეწინააღმდეგებოდი პასიური დასვენების ვარიანტს და გაუგებარია როგორ და რა, მაგრამ რაღაც აქტიური და ევროპული მინდოდა. ბოლოს ალბათ შევეგუე იმას, რომ წელს, ან ყოველ შემთხვევაში ამ სეზონზე არ გამოდის, პლუს ვიგრძენი რა, რომ სწავლა და მუშაობა უკვე თუ მაჩ იყო, მოვდუნდი და დავთანხმდი ამ ეტაპზე ერთად ერთ რეალურ, ოპტიმალურ და კარგ ვარიანტს. და დავმშვიდდი. დღეს ალბათ ბოლო დიდი ხნის მანძილზე პირველი საღამოა, როცა მართლა არაფრის კეთების უფლება მივეცი თავს. სრული არაფრის კეთების და ჩემი დროის, ჩემი აივნის შერგების და სიამოვნების მიღების. რას ვაკეთებდი? ან ვმუშაობდი, ან ვმეცადინეობდი. ვმეცადინეობდი მუშაობისგან თავისუფალ ლამის ყოველ წუთს და თავისუფალი დრო თუ გამომიჩნდებოდა, ისევ რამე საქმეს ვიჩენდი, ან სადმე მივდიოდი (თუნდაც არა საქმით), ან ვინმე მოდიოდა, სტუმრებს ვიღებდი, მეგობრებს ვხვდებოდი, სასირულოდ გავდიოდი. მართლა ნონ სტოპ რეჟიმში ყველაფერი. ამას წინათ მა

ჩითის კაბა

Image
აზრზე არ ვარ, ამ კაბამ რატომ გამოიწვია ეს ასოციაციები და რატომ გამიცოცხლა ეს სურათები თავში: ზაფხულია. არა, “ ზაფხულია, ცხელა, ცხელა“ არა, სასიამოვნო თბილი საღამოა, გვიანი საღამო თელავში. ჩვენ სახლში. ფანჯრები ღიაა. კარებიც. მშვიდი საღამოა, მაგრამ არა გამოყრუებული. უბანში ჯერ კიდევ მოძრაობაა. ალბათ მეც გარეთ ვარ, უბნის ბავშვებთან ერთად და მალე შემოვალ. სახლში დედა და თინა ბებია მეგულებიან. დედა შვებულებაშია და მიხარია, რომ ჩამოვიდა. მამა შაბათ-კვირას ჩამოგვაკითხავს, დაგვხედავს. ბებო ჩაის დაადგამს და აუცილებლად გვთხოვს მე და ჩემ ძმას, კარაქიანი პური ვჭამოთ. ალბათ რომელიმე მეზობელიც შემობოდიალდება. ჩუსტებს კარებთან დატოვებს, ფეხშიშველი შემოვა და ჩამოჯდება თავისთვის მოლაპარაკე ტელევიზორის წინ. ციალა თუ შემოვიდა, უცილებლად ჩასთვლემს. სულ მგონია, რომ ძალიან სქელი კანი აქვს. სქელი და გადატკეცილი. თან მზისგან გაუხეშებული. შეიძლება მერიც შემოვიდეს. მერი ცოტას იქოთქოთებს, ბებიას რამეს შესჩივლებს. ტელევიზორი კი თავისთვის ირახრახებს. დღეში რამდენჯერ შემოივლის ვინმე თინა ბებოსთან, თვლა არ აქვს. ყვ

ყავა და... კულიჩი

Image
 07:55 ასეთ დროს გარეთ კი არა, ძილიდანაც არ გამოვსულვარ რამდენი ხანია. რა სხვანაირია ასეთ დროს თბილისი. და ალბათ ნებისმიერი ქალაქი. თბილისის მერე პირველივე ბათუმი წარმოვიდგინე. როგორია ნეტა ბათუმის ქუჩები ასეთ დროს? ჩვენთან ხომ ყველა და ყველაფერი გვიან იღვიძებს. იყო დრო, დილის 8 საათზე უკვე ანტრეში, ყავის რიგში, დიახ რიგში ვიდექი ხოლმე. თუნდაც რამდენიმე კაციანში. მე და 2-3 უცხოელი, ან იშვიათად - 1-2 ჩემნაირი ქართველი, რომელიც ამ დროს უკვე სამსახურში მიდიოდა. ასეთ დროს, ცხადია, სხვა არაფერი იყო ღია. ჩემი სამსახური კი - ძალიან შორს. თუ ცოტა ადრე მივიდოდი, ანტრეშივე ვასწრებდი საუზმეს. თუ არა - ცხელ-ცხელი ყავა და შოკოლადის პლიე თან მიმქონდა. კვირაში 3x ასეთმა საუზმემ ამაკრეფინა +3კილო, როგორც მახსოვს. და თუ მანამდე ყველაზე დაბალი წონის A4 ფურცლის ზომას მადარებდნენ სისქეში, მერე დაახლოებით მუყაოს საქაღალდის მასალის სისქემდე ავედი. მგონია, წინა ცხოვრებაში იყო ეს ყველაფერი. ადრე, ასევე წინა ცხოვრებაში მიყვარდა ხანდახან კვირა დილის, ადრე დილის თბილისი. კვირას მით უმეტეს, კიდევ უფრო გვიან

შობა ღამის შავი ჩაი

Image
 კი, ჯადოსნური დღესასწაულია.  ახლა დილის 6 საათი ხდება. შობა დაღამდა და მეორე დღე თენდება უკვე. ფილმი დამთავრდა, "Noel". ბოლოსკენ მივხვდი, რომ ნანახი მქონდა ოდესღაც. თავიდან, ყურება რომ დავიწყე, სხვა ფილმს მივამსგავსე. ნამდვილად არის რაღაც პარალელები და ვფიქრობ, Love actually რიმეიკი თუ არა, ოდნავ მაინც არის გადამღერება ამ ფილმისა. ყოველ შემთხვევაში, რეჟისორი ნამდვილად იყო ცოტათი ინსპირირებული Noel-ით.  ვიტირე რამდენიმე მომენტზე, განსაკუთრებით ბოლოს. ემოციური ფონი ისედაც გამძაფრებული მქონდა გუშინ ღამიდან დაწყებული, დღევანდელით გაგრძელებული და ეს ფილმი ყველაფრის დაგვირგვინება და კულმინაცია აღმოჩნდა გამთენიისას.  კი, ნამდვილად სიყვარულის და სიკეთის დღესასწაულია. და კიდევ პატიების. შენც უნდა აპატიო და შენც გაპატიონ. თუ რამე სათქმელი დაგრჩა, თქვა, არ დამალო. თუ გეტირება - იტირო. თუ გეცინება - იცინო. არ შეგრცხვეს არც ემოციების, არც გრძნობების და არც მათი გამოხატვის.  და ახალი წელი სრულიად ახლის და კიდევ უფრო კარგის მოლოდინით უნდა დაიწყო. ისევ უნდა გჯეროდეს რეალური სასწაულების და დ

ახალი წელი მოსულა! - უზრდელი!

Image
ცოტა უაზრო, მაგრამ თავის დროზე რომ გვეცინებოდა, ისეთი სკეჩი გამახსენდა. იმ დროს სიტყვა სკეჩიც არ არსებობდა, ან ჩვენ არ ვიცოდით: "ახალი წელი მოსულა" - ამბობს ბიჭი. "უზრდელი" - პასუხობს გოგო და სილას აწნავს. და ამ დუბლს იღებენ მილიონჯერ. ახლა არ მახსოვს, რა იყო ამაში სასაცილო, მაგრამ მაინც მეღიმება, უბრალოდ წარსულზე, ალბათ. ხოდა უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მართლაც მოსულა ახალი წელი. ელვის სისწრაფით კი გარბის დრო. რას ვიზამთ. განსაკუთრებით ბოლო ორი წელი. ეს პერიოდი სრულიად არეული მაქვს და როდის რომელ წელს რა მოხდა, რა დაიწყო, როდის დავბრუნდი და ა.შ., აზელილი მაქვს ერთმანეთში.  პირველ რიგში, რასაც ახალ წელს ვისურვებდი ყველასთვის, ამ წელს, წლის დასაწყისშივე, ძალიან მალე და უმტკივნეულოდ დასრულებულიყოს პანდემია და უცებ თუ არა, ნელ-ნელა მაინც დავბრუნებოდეთ ძველ, ან ჯობს - ახალ, უკეთეს ცხოვრებას. ისე, შეიძლება რამე ახალს დაუბრუნდე? კი, ალბათ ძალიან უცნაური რაღაც ხდება აქ, ახლა ჩემ თავს: ვზივარ ვერაზე ერთ პატარა საყვარელ კაფეში და საუზმის მოლოდინში ვსვამ ცხელ.