დეტალების გარეშე

It's a long story, full of the personal details we avoid so carefully

ხანდახან ბედნიერება ელემენტარულ დეტალებშია. ხანდახან კი არა, პრინციპში ძირითადად ამაშია, გლობალურ ბედნიერებას და ბედნიერების გულის გახეთქვამდე დიდ შემოტევებს თუ არ ჩავთვლით. ეს უკანასკნელი კი ყოველ დღე არ ხდება, ამიტომ ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც შეგვიძლია თითქმის ყოველ დღე განვიცადოთ: ბედნიერება დეტალებში.

ავად ვიყავი რამდენიმე დღე. ხმა არ მქონდა საერთოდ, ისე, რომ ლექციების გაცდენაც კი მომიწია, კერძო გაკვეთილებზე რომ არაფერი ვთქვათ. და 2 დღე სრულად "დავაქენსელე" ყველაფერი. ის ორი დღე იყო ისეთი მაგარი, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ მქონია. ვერ მოგატყუებთ, არაფერი მიკეთებია, მთელი დღე ან ვიწექი, ან ვიჯექი, წიგნებს ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი მეთქი. არა, ორივე დღე ვმუშაობდი, თითქმის მთელი დღე (მეცადინეობა, თარგმნა), რასაც მანამდე ვერ ვასწრებდი, ისინი ვაკეთე, მაგრამ - ვმუშაობდი ჩემთვის, არ მეჩქარებოდა არსად, არ მელოდებოდა არავინ და დროს სრულიად ჩემი შეხედულებისამებრ განვსაზღვრავდი. და მიუხედავად იმისა, რომ ყელის და ყურების საშინელი ტკივილის და პატარა სიცხის გამოც თავს მთლად კარგად და ჯანრმთელად არ ვგრძნობდი, ცხადია, მაინც რაღაცნაირად ძალიან კარგად ვიყავი. დავისვენე, თუ შეიძლება, დაისვენო მუშაობისას. უბრალოდ, ტემპი მაქვს ისეთი ბოლო დროს, რომ ეს პატარა კუნძული, კარგი ამოსუნთქვა იყო. 

დღეს კვირაა. გუშინ ისევ ღამის არ ვიცი რომელ საათამდე ვიმუშავე, იმისათვის, რომ დღეს დილით როცა მინდოდა, მაშინ გამეღვიძა და მცოდნოდა - დღეს შემიძლია საერთოდ არაფერი ვაკეთო, აი საერთოდ! 

და მასეც გავიღვიძე :) მართალია, კვირა დღის შესაბამისი და ჩემი საყვარელი ამინდი არ დამხვდა - წვიმდა და გრილოდა, მაგრამ ამას მაინც არ შეუშლია ხელი. უბრალოდ გარეთ გასვლა არ მომინდა. აუჩქარებლად დავალაგე, რაც დასალაგებელი მქონდა, აუჩქარებლად ვისაუზმე (რა ბედნიერებაა წყნარად და გემრიელად საუზმე. საუზმე, ზოგადად ყველაზე მეტად მიყვარს ყველა meal-ს შორის), 1-2 ფილმს ვუყურე. ცოტა წავიმეცადინე კიდეც (სხვანაირად არ გამოვიდოდა) და მერე ნაცვლად არაფრის კეთებისა... კექსის კეთება დავიწყე. დიახ. ნეტფლიქსზე რაღაც ჩავრთე ფონად და თან კექსის ცხოვას შევუდექი.

როცა გონებრივად ძალიან ხარ გადატვირთული, რამე არაგონებრივი საქმე, ფიზიკური აქტივობა ძალიან გშველის. მე პირადად მშველის ფეხით სიარული, ცურვა, იოგა და... ცხობა :)  ცხობათერაპია. ხოდა ექსპერიმენტული კექსი შევქმენი საზამთროს მურაბით და კონიაკით. ამ ავადმყოფობის ფონზე მადა სრულიად დაკარგული მაქვს და მხოლოდ საჭიროების გამო ვჭამ. ტკბილიც კი არ მომნდომებია რამდენი ხანია. მეტსაც ვიტყვი - მაცივარში თითქმის ერთი კვირაა ჩემი საყვარელი ბეზეს ტორტის ნაჭერი დევს, ჩემ საყვარელ საკონდიტროში - "შტოშში" ნაყიდი და ისიც კი არ გამომიღია. უფრო სწორად, გუშინ გამოვიღე და გადავაგდე. ხოდა რომ გითხრათ, საჭმელად მინდოდა ის კექსი მეთქი - არა. გამოსაცხობად მინდოდა. 

ამ ამინდს უხდება ცხობა. სახლში ისეთი გემრიელი სურნელი დატრიალდა. ცხელ-ცხელივე დავჭერი, მოვკაზმე, ნაწილი ჩემ ძმასთან ავიტანე და ნაწილი - მშობლებს წავუღე. კოვიდის დამარცხების აღსანიშნავად. 

აღარ წვიმდა, ჰაერზე გასვლა ძალიან მესიამოვნა. რა თქმა უნდა, ფეხით წავედი-წამოვედი. ერთი მომენტი ვიფიქრე, მათთან გარაჟში დატოვებული ველოთი დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისევ გადავიფიქრე და გავლა ვამჯობინე. 

სახლში დაბრუნებულს საოცარი კექსი მელოდა. ასე სპონტანურად და გვიან ვერავინ მოახერხა მოსვლა ჩაიზე, რაც არ გამნიცდია :)) ჯერ თითქმის მთელი კვირის დავალებები ერთიანად გავაკეთე, რამაც საოცარი სიმშვიდე მომგვარა - ანუ შემდეგი კვირა ისევ გიჟური მარათონი აღარ მექნება. მერე ჩაი, კონიაკი და კექსი გავიმზადე, სავარძელში მოვკალათდი და... გამახსენდა! ამ დღეებში სადღაც გადიოდა "თქვენთვის წერილია". ცალი თვალით ვუყურე ხუთას ოთხმოცდა მეცხრამეტეჯერ. და თან ვფიქრობდი, რომ მოვიცლი, ისეთი საღამო უნდა მოვიწყო, მშვიდად დავჯდე და ვუყურეო მეთქი. ხოდა ავისრულე! ჩავრთე :)

ისე ვუყურე, თითქოს პირველად ვუყურებდე. კი, ბევრ რაღაცას სხვანაირად ვუყურებთ / აღვიქვამთ წლების მერე მაგრამ მივხვდი, რომ მაინც თამამად შემიძლია ვთქვა - მიყვარს, ჩემ უსაყვარლეს ფილმად დარჩება ყოველთვის, ვინც რაც არ უნდა თქვას. იმიტომ რომ... იმიტომ :)

ა, ხო, კიდევ ავადმყოფობის დროსაც მახსენდებოდა - ქეთლინი ავად რომ არის, სახლში მიმოფანტული ქაღალდის ცხვირსახოცები და მაგიდაზე თავისი საყვარელი გვირილებით (ჩემიც) - რაღაც მომენტში ასე ვგრძნობდი თავს. რამდენიმე დღე დილით გაღვიძებულს გარშემო ქაღალდის ხელსახოცების გროვა მხვდებოდა. 

პრინციპში, ლეპტოპი ისევ რომ გავხსენი და ამის დაწერა გადავწყვიტე, ფილმით იყო შთაგონებული. მგონი, რაღაც მეტი მინდოდა მეთქვა, მაგრამ თითები თვითონ წერენ ხოლმე და ეს გამოვიდა, რაც გამოვიდა. დანარჩენი - ვიგულისხმე. დანარჩენი - ყველამ თავისი ამოიკითხოს სტრიქონებს შორის. 

იმისათვის, რომ ეს პოსტი დამეწერა, რამდენჯერმე გადავახვიე უკვე დამთავრებული. მინდოდა, ფონად ყოფილიყო ის დიალოგები და სიმღერები. ამასობაში გაწვიმდა ძალიან. ქუხს. ტომ ჰენქსი ბრინკლის უხმობს, მეგ რაიანი კი.. მეგ რაიანს სიხარულისგან ეტირება.
პოსტის და ფილმის დასასრული დავამთხვიე :)

პ.ს. რა ფილმს ვუყუროთ შაბათ საღამოს - ამაზე კამათობენ წყვილები? 

"which video to rent on a Saturday night" :)


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..