ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..
ყოველ ჯერზე, აი ყოველ ჯერზე ამ სიტყვების გაგონებაზე "კაკო ყაჩაღი" მახსენდება თავისი "ხოშ-გელდი ძმაო"თი. რა სიტყვების და xoş gəldin. რაც, როგორც მარტივად მიხვდებით, აზერბაიჯანულად ნიშნავს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".
სად ვზივარ? რა თქმა უნდა სტარბაქსში. შავი ჩაის და mosaic cake-ით. ხვალ პარასკევია, თან 14 თებერვალი და წარმომიდგენია, რა ამბავი იქნება აქ. საყვარელ ადგილას დაჯდები კი არა, ახლოსაც ვერ ჩაივლი. ხოდა დღეს, სამსახურიდან გამოსულს ნახევრად ცარიელი და ჩემი ადგილი - თავისუფალი დამხვდა და სასწრაფოდ განვთავსდი.
წინა დღეებში რამდენიმე სხვადასხვა თემა - ბლოგის თემა მიტრიალებდა თავში. ახლა ცოტა აიზილა და არ ვიცი, შემიძლია თუ არა აზრების დალაგება და ვარ თუ არა რომელიმეს წერის განწყობაზე. ამიტომ უბრალოდ თითებს მივყვები. ხომ არის, ფეხებს რომ მიყავხარ და შენც მიყვები, სადაც წაგიყვანს. მე თითებს მივყვები.
(უკან მივიხედე, და ამასობაში რიგიც კი დამდგარა. იმიტომ ისმის ასე გამუდმებულად ბარის უკან მდგომი გოგონას xoş gəldin.)
ყურზე ხელი მომიხვდა და საყურე მომძვრა. არაფერი ისეთი, მარტივი ხის საყურეა, მაგრამ მიყვარს და რომ დავიხედე და აღარსად დამხვდა, ცოტა გული დამწყდა. დავიწყე თვალიერება. არ ჩანს. მერე მივხვდი, იატაკს და ფანჯარას შორის ღრიჭოა, და როგორც ჩანს იქ ჩავარდა. მაგიდის ბოლოში გოგო ზის, ასევე ლეპტოპით. მუშაობს აშკარად. მიხვდა რომ საყურე დავკარგე და შეწუხდა. ჯერ ვიფიქრე, იყოს, არ შევძვრები მაგიდის ქვეშ და არ ჩავძვრები იქ სადღაც ღრიჭოში მეთქი, მაგრამ ისე მიყურებდა შეწუხებული, მგონი ამან უფრო გადამაწყვეტინა. ჩამოვძვერი სკამიდან, ოთხზე დავდექი და შევძვერი მაგიდის ქვეშ. გოგონამ მობილურით მომინათა. მარტივად ვიპოვე და ამოვძვერი. მერე კი ,გაწმენდის მიზნით სველი ხელსახოციც შემომთავაზა. მადლობა გადავუხადე, გავწმინდე, მაგრამ აღარ გავიკეთე, მეორე საყურეც მოვიხსენი და წინ დავიდე. ესეც სტარბაქსული ურთიერთობები :)
ამას წინათ უამრავი გრუპ ჩეთიდან ერთ-ერთში მეგობრებს ველაპარაკებოდი და რატომღაც კომფორტის ზონა წამოვჭერი თემა. არ ვიცი, ჩემი თავისთვის ვეძებდი გამართლებას, მართლა ასე ვფიქრობ, თუ იმ წუთის განწყობა იყო, მაგრამ მოსაზრება ასე ჩამოვაყალიბე: ვინ დააწესა, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ ე.წ. "კომფორტის ზონიდან"? მთელი ცხოვრება იმისთვის ვიხევთ სახეს და ვშრომობთ, რომ კომფორტი შევიქმნათ და როგორც კი ვაღწევთ ამას და ვიქმნით, მერე რატომღაც სასწრაფოდ უნდა გამოვეთრეთ :)) არ დამიწყოთ ახლა, კომფორტი და კომფორტის ზონა ერთი და იგივე არ არისო. ვიცი, რასაც ვამბობ და ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი. შეიძლება, ოდნავ, სულ ოდნავ ღვინის ზეგავლენითაც. მაგრამ, მაგალითად: თუ ის, რასაც ვაკეთებთ, სიამოვნებას გვანიჭებს, და თან შემოსავალიც მოაქვს, პლუს კარგად გამოგვდის და დისკომფორტსაც არ გვიქმნის... მოკლედ თუ ასეთი მოცემულობაა, რითია ეს ცუდი? მორჩა, კარგად ხარ მანდ და უნდა დაანებო ამიტომ სასწრაფოდ თავი და რაღაც ახალს შეეჭიდო, სადაც დაიღლები, არ მოგეწონება, ახლიდან აგეხევა სახე და ა.შ.? ცოტა უტრირებულია, ვიცი და მარტო სამსახურს არ ვგულისხმობდი, როცა მათ ველაპარაკებოდი, მაგრამ მაინც. მოკლედ, რაღაც სტანდარტები ორმაგია და თან ცოტა არ იყოს თითიდან გამოწოვილი, ასე მგონია. ეს ერთი, და მეორეც: არაფერია უნივერსალური და არც რეცეპტები არსებობს ყველასთვის და ყველაფრისთვის მისაღები. არც წარმატებაა ყველასთვის ერთი და იგივე.
ხო, გამახსენდა, ამ მიმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკვე სხვა მეგობარს, უკვე ვიდეოზარით ველაპარაკებოდი მსგავს თემაზე. წარმატებაზე და ბედნიერებაზე გვქონდა საუბარი და ვის როგორ ესმის და როგორ უნდა იყოს. გერმანულში ერთი კარგი სიტყვაა, Leistungsdruck, რაც გარკვეულ ზეწოლას ნიშნავს, წარმატების მიღწევისთვის რომ ვუქვემდებარებთ თავს, იმ ზეწოლას. დაახლოებით ავხსენი მგონი.
ხოდა ყველა არა ცხადია, მაგრამ უმეტესობა ხომ ამ Leistungsdruck-ს განვიცდით მუდმივად: სულ რაღაცას მოელიან ჩვენგან ბავშვობიდან, სულ ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება გვჭირდება. არის რაღაც ჩარჩოები და ზღვრები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ და გადავლახოთ. აი მაშინ მაგარი ტიპები ვართ. და იქნებ სულ არ გვანიჭებს ეს რაღაც ბედნიერებას. ის, რაც სხვის თვალში, საზოგადოების თვალში მაგარ გოგოდ (პირობითად) გვაქცევს, იქნებ სულ არ არის სწორი ჩვენთვის. ყველაზე ცუდი, ადამიანში ინდივიდუალიზმის ჩაკვლა და ნორმებისთვის დამორჩილებაა. თუნდაც ეს ნორმები თავისუფლებას გულისხმობდეს. თავისუფლებაც კი შეიძლება იყოს თავს მოხვეული. შენ უნდა იყო თავისუფალი, უნდა იყო კომონიკაბელური, უნდა იყო მხიარული, უნდა იყო ჭკვიანი, უნდა იყო წარმატებული, უნდა იყო მშრომელი და ა.შ. ცუდი არაფერი ჩამომითვლია, ცხადია, მაგრამ მაინც ეს "უნდა", ლამის ჩვილ ასაკიდან არსებული უნდა, რომელიც ხანდახან გართობასაც კი ვალდებულაბად გვიქცევს ხოლმე, არასწორი მგონია. ის, რაც მიყვარდა და მსიამოვნებდა, თუ თავსმოხვეული და სავალდებულო გახდება, შეიძლება აღარ მინდოდეს საერთოდ. ეს გარკვეულწილად პირადი სივრცის დარღვევა და თავისუფლების / არჩევანის შეზღუდვაა.
ვერ ვიხსენებ ვერაფრით, სად წავიკითხე ან გავიგე, არა და აშკარად ვიღაც ნაცნობის სიტყვები იყო, სულ ცოტა ხნის წინ გაგონილი: არ შემიძლია ეს პარაკევს რომ უნდა წავიდე და ვიცეკვოო. იქნებ სულ არ მინდა პარასკევს ცეკვა, იქნებ ოთხშაბათს მინდაო. აი ზუსტად ჩემი სათქმელი გადმოსცა, თითქოს. პარასკევს საღამოს სად გულაობ? ესეც ვალდებულებაა. გასაგებია, რომ სადაც ცხოვრობ, რაღაც გარკვეული პირობები არსებობს იქ სოციუმის და გინდა არ გინდა, გიწევს "დამორჩილება", მაგრამ ხანდახან მგონია, ასეთი "პირობებით" ჰაერს მართმევენ და რაღაცას მიზღუდავენ. მოკლედ, ცოტა გავაზვიადე, ცოტა უტრირებული იყო, ცოტა პირობითი იყო ეს მაგალითები, მაგრამ იმედი მაქვს, ზოგადად გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა.
ხოდა აი იმ სხვა მეგობარს ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საქმე, რომელსაც ბოლო დროს აკეთებს, არ მოსწონდა. არ მოსწონდა იმიტომ კი არა, რომ არ გამოსდის, არამედ იმიტომ, რომ რატომღაც სხვებისგან არ იყო სათანადოდ აღიარებული და დაფასებული. ოღონდ ეს ჩვენთან. ამ დროს, მე თუ მკითხავთ, და ახლა აშკარად თვითონაც მივიდა ამ დასკვნამდე, ძალიან, ძალიან მაგარ და მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებს და ის ფაქტი, რომ გადასარევად გამოსდის, რომ სულ ახალი რაღაც ისწავლა და გამოსდის, უკვე იმდენად მაგარია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ხვდები, რა უმნიშვნელოა აქამდე დამკვიდრებული მოსაზრება. მიხვდა, რომ სულ არ იყო საჭირო იმის კეთება, რაც აქამდე ეგონა, რომ უნდოდა. სინამდვილეში კი არ უნდოდა, ასე იყო საჭირო, ასე ეგონა მთელი ცხოვრება, რადგან ეს ლოგიკურ გაგრძელებად ითვლებოდა მისი აქამდელი მოღვაწეობის.
რამდენიმე წლის წინ ერთ ძალიან კარგ პროექტში მივიღე მონაწილეობა. თავიდან როგორც თარჯიმანი, ისე ვიყავი გათვალისწინებული, მერე კი უფრო მეტად ჩავერთე და რესპოდენტების დიდი ნაწილი მე მოვიძიე. მოკლედ, გერმანელი ქალი იყო, ასაკოვანი, რომელიც თავის დროზე გერმანულს ასწავლიდა და პენსიაზე გასვლის შემდეგ სხვა საქმით დაკავდა: დაიწყო ფოტოგრაფია და ხალხის ინერვიუირება. გამოსცა წიგნი, სადაც არ მახსოვს რამდენი, ალბათ 20-მდე რესპოდენტი იყო. ძირითადად ისეთები რომლებიც ადრე სხვა სფეროში მოღვაწეობდნენ, მერე თავისი საქმე ნახეს, ის, რისი კეთებაც უნდოდათ და დაიწყეს. ჩვენთან პროფესიაშეცვლილები ნაკლებად, მაგრამ სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები ჩაწერა, გადაიღო და მერე ეს გამოფენა მიუნხენში გაიმართა. გამოიცა წიგნიც, სადაც დიდ მადლობასაც მიხდის :) გამოფენაც არაჩვეულებრივი იყო. რა თქმა უნდა, ჩავედი.
ხოდა წიგნში, რომლითაც ვასწავლი მოც. მომენტში, ტექსტი შემხვდა, სადაც ადამიანები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რადიკალურად ცვლიან ყველაფერს. ერთი მაგალითი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მამაკაცი, რომელიც ძალიან წარმატებული ქირურგი იყო და კარიერის პიკზე დაანება ყველაფერს თავი და გახდა ტრაილერის მძღოლი. თავს ვერ დავდებ, მართალია მეთქი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად ასეთი თუ არა, მსგავსი ნაბიჯები მაინც გადაუდგია ბევრს და უპოვია თავისი თავი.
რა მინდოდა მოკლედ, ამ ყველაფრით მეთქვა, მთავარია, შენი სურვილები იპოვო, მიხვდე, რა გინდა მართლა, რა გსიამოვნებს, რას მოაქვს შენთვის თავისუფლება და ჰარმონია საკუთარ თავთან. დანარჩენ ჩარჩოებს და სტანდარტებს რა მნიშვნელობა აქვს? და რა თქმა უნდა, ამისთვის არ არის აუცილებელი პროფესიის შეცვლა.
აი კიდევ ერთი მაგალითი: რამდენიმე დღის წინ ერთ მეგობარს პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გუშინ მეუბნებოდა, ცნობადობა სულ არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა ხალხს ენახა ეს ყველაფერიო. რამდენი ხანი ემზადებოდა ამ ყველაფრისთვის, რა საოცარი რაღაცეები შექმნა. და როგორ? ჩუმად, მშვიდად, ისევე მშვიდად, როგორიც თვითონ არის. ხმაურის გარეშე. აი ეს არის ის შემთხვევა, როცა ადამიანმა ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და წარმომიდგენია, რამხელა შინაგან კმაყოფილებას მოუტანდა ეს ყველაფერი, როგორ აავსებდა.
კიდევ ერთი - დავასკვენი, რომ ხელშესახები შედეგი, ანუ საქმე, სადაც შენი შედეგი ხილულია, ძალიან დიდ კმაყოფილების გრძნობას გიტოვებს. მაგალითად, პომიდვრის მოყვანა, როგორც ერთი ცნობილი საბჭოთა ფილმის ("მოსკოვს ცრემლების არ სჯერა") მიხედვით, რომის იმპერატორმა, დიოკლეტიანმა გადაწყვიტა, თან თავისი მოღვაწეობის პიკში. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ისტორია, მაგრამ რაც იგულისხმება, ის ძალიან მომწონდა ყოველთვის. "გაზიანი წყლის იდეა", მხოლოდ გაზიანი წყალი რომ აკლია გოშას სრული ბედნიერებისთვის. ხოდა ეს "გაზიანი წყალიც" ყველასთვის სხვადასხვაა. მთავარია, გემო სწორად შეარჩიო. ამაზეც დავწერ სხვა დროს.
კომფორტის ზონიდან დავიწყე, და სადამდე მივედი. გამოვიდა, დიდწილად მაინც საქმეზე, ან საქმიანობაზე ვილაპარაკე.
ხოდა ხოშ-გელდი ძმაო! მე ვარ მდიდარი... სხვა ბლოგებში იმაზეც მიწერია, რომ ოჯახით, მეგობრებით და ურთიერთობით მდიდარი ვარ. და ახლა ვიტყვი - ჩემი საქმითაც! ვიღლები? - კი. ყოველთვის? - არა. მომწონს? - ძალიან. გამომდის - არაჩვეულებრივად.
რაღაცნაირად, თავისთავად ვიღებდი ყოველთვის იმ feedback-ს, რომელიც პირდაპირი, თუ ირიბი გზით აღწევდა ჩემამდე. პირველი იყო, როდესაც სულ პირველად, საცდელი პერიოდით ჩამოსვლის დროს, რამდენიმე დღეში "ჩუმად" მომიტანეს ამბავი, "они (სტუდენტები) в восторге от тебя"ო. გამეღიმა, და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მას მერე ხან პირდაპირ და ხან შემოთვლით მომდიოდა მადლობა და შეხსენება, რომ მათი წარმატება (და წარმატებები საკმაოდ სერიოზულია) ჩემი დიდი დამსახურებაა და ა.შ. ხოდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მეღიმება, სტუმულს მაძლევს, მაგრამ არასოდეს ამვარდნია თავში და ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია.
დღეს კი, გარკვეული, უფრო მეტი ცვლილებების მერე დავფიქრდი, რატომაც არა? არც ისე ცოტას ნიშნავს, რომ, ქალაქში, ქალაქში კი არა, ქვეყანაში, სადაც უცხო ხარ, უცხოელი, სადაც ცოტა გიცნობს (ეს ხომ თბილისი არ არის?!) და შენი პროფესიის უამრავი ადგილობრივი მუშაობს, ამასობაში უკვე გიცნობენ და უშუალოდ შენთან მოხვედრას ცდილობენ, რეკავენ ყოფილი თუ ახლანდელი სტუდენტების და ხან არც კი ვიცი, ვისი რეკომდენდაციით და ეუბნებიან, რომ თქვენთან მუშაობს ვინმე ცისია და აი მასთან გვინდა მომზადება, ის გვირჩიესო... დადგა ჩემი უფროსისთვის "უკეთესი მესამე წელი" და აღიარა, რომ "ჩემში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლა". ჩემთვის კი არჩეულმა გზამ გაამართლა და აქ წამოსვლის გადაწყვეტილებამაც. დროებით წამოსვლის და არა გადმოცხოვრების :)
პ.ს. აქვე ვაანონსებ: ერთ-ერთი თემა, რაც თავში მიტრიალებდა, სიცილი იყო, "სიცილი უჯეროჲ", სიცილი ჩემი არსობისა. ამაზეც უნდა დავწერო, მთავარია დავალაგო. ან დაულაგებლად დავწერ :)
პ.ს. აქვე ვაანონსებ: ერთ-ერთი თემა, რაც თავში მიტრიალებდა, სიცილი იყო, "სიცილი უჯეროჲ", სიცილი ჩემი არსობისა. ამაზეც უნდა დავწერო, მთავარია დავალაგო. ან დაულაგებლად დავწერ :)
Comments