"პირველი გაკვეთილი გვიცდება"

"პირველი გაკვეთილი გვიცდება" - ბურნუთას ძმის შეყვარებულის ინტონაციით. ვერასოდეს ვიხსენებ მაგ ბავშვის სახელს.

კი არ მიცდება რეალურად, არამედ ერთი დღეა კვირაში, როცა ისეთ დროს ვბრუნდები სამსახურიდან, როცა სხვები იწყებენ მუშაობას. თამამად შემიძლია ვუთხრა, თქვენ რომ მოდიოდით მე მივდიოდი მეთქი, ან პირიქით. წარმომიდგენია, ეს ფრაზა პირდაპირ რომ ვთარგმნო და ვუთხრა, რა სახეები ექნებათ :)

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ ჩემდა საბედნიედოდ 12 საათზე ადრე არ მეწყება გაკვეთილები. ესკი დილით გამოძინების, მშვიდად საუზმის, ჩცდ-ს დაგროვილი სერიების და ხანდახან ფილმის ყურების, და როცა არ ვზარმაცობ - ვარჯიშიაც საშალებასაც მაძლევს.

სამაგიეროდ საღამოს ვამთავრებ მუშაობას ყველაზე გვიან, მარტო მე ვრჩები ოფისში და კიდევ ქალი, რომელმაც ჩემ შემდეგ უნდა დაკეტოს ყველაფერი. ბოლო დროს 8 საათზე ადრე ფაქტობრივად თითქმის არც ერთ დღეს არ გამოვდივარ სამსახურიდან. მაგრამ ეს ნაკლებად მაწუხებს. სახლამდე 7 წუთის ფეხით სავალი გზაა და საღამოობით არსად მეჩქარება. ეს აბალანსებს დილის თავისუფალ დროს, რაც ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე.

ხოდა დღეს მართლა კი არ დამიმთავრებია მუშაობა, უბრალოდ გამონაკლისის სახით ერთ სტუდენტს კვირაში ერთხელ 9 საათზე დავთანხმდი. მერე მოვდივარ უკან, მაშინ, როცა ოფისი იღვიძებს და 12 საათისთვის ისევ ვბრუნდები. ახლაც ამ შუალედით ვისარგებლე და ანტრეში მოვედი სასაუზმოდ. ლეპტოპიც თან მქონდა წამოღებული, იმ შემთხვევისთვის, უცებ რომ რამის დაწერა მომნდომებოდა, მაგრამ საუზმის მანძილზე რაღაც არაფერი მომსვლია თავში და არც მუზა მწვევია. ქინდლიც თან მქონდა (სრული ეკიპიროვკით გამოვედი სახლიდან), ხოდა გავშალე და ინგლისელი ლორდივით თან ვკითხულობდი (ოღონდ არა გაზეთებს, არამედ ბრედბერის აქამდე არ წაკითხულ მოთხრობებს) და თან ვსაუზმობდი. 

უცნაურია, რა ელემენტარულმა, სრულიად უმნიშვნელო (ვიღაცისთის შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველმა) დეტალმა გაგიღვიძოს უცებ ფანტაზია და/ან წერის სურვილი. ფანჯრები ოდნავ ღიაა, ანუ ზემოდან გადმოხსნილი და ხმაური არა, მაგრამ აქა-იქ რაღაც ხმები შემოდის. და უცებ ისეთი ხმა მომესმა, მეგონა ასე ერთბაშად ძალიან გაწვიმდა. მივიხედე - ამინდი ისევ ისეთი, მზე დიდად არ ჩანს, მაგრამ არც წვიმს. მერე შევამჩნიე, წვიმის შხაპუნის კი არა, ურიკის ხმა იყო. ურიკა ჰქვია, ხომ? აი "დაროგა დაროგა"ს რომ იძახიან ხოლმე ძირითადად ბაზარში ან ბაზრობაზე და მიაგორებენ რაღაცას. ხოდა ვიღაც კაცი საკმაოდ ხმაურიანად მიაგორებდა ასეთ ურიკას. ოღონდ გზას არავინ უღობავდა, დღის, უფრო სწორად დილის ამ მონაკვეთში სიცარიელეა ცენტრში, ე.წ. "ტარგოვაია"ზე .შესაბამისად, "დაროგა. დაროგა"საც არ ყვიროდა. მოკლედ, ხმაურის წყარო დავადგინე და უცებ, საიდანღაც ბავშვობის დროინდელი მოგონება ამოტივტივდა... 

პატარა ვარ. ალბათ... ალბათ 5 წლამდე? შეიძლება საერთოდ 3 ან 4 წლის? ჯერ კიდევ ვერაზე ვცხოვრობთ, ძველ სახლში, იტალიურ (თუ ძველ თბილისურ) ეზოში. სახლში მაღალი ჭერით, ლოჯში დიიდი, თითქმის ჭერამდე ფანჯრებით და საერთო აივნით. სახლის ცალი მხარე ეზოში გადადის, ცალი - ქუჩაზე. საღამოა, ან ღამე, რადგან ბნელა. ზუსტად არ მახსოვს, სად ვდგავარ(თ), მაგრამ მახსოვს, რომ დედაჩემი ამბობს, დამწვრის სუნი დგასო. როგორც ჩანს, ეს ფრაზე პირველად მესმის და ჩემი ბავშვური ფანტაზია შემდეგ სურათს ხატავს: ფანჯრების მიღმა ქუჩაში მიდის შუა ხნის კაცი, წინ ასეთ ურიკას მიაგორებს და ზედ დევს, ან დგას დამწვრის სუნი. რა სახის არის ეს სუნი, არ ვიცი, მაგრამ ის კაცი რომ მიაგორებს, დარწმუნებული ვარ. ისე ცხადად მახსოვს ეს სურათი, თითქოს მართლა დამენახოს. დედაჩემს ვეკითხები, სად დგას და ვთხოვ, დამანახოს "დამწვრის სუნი". დედაჩემი, ცხადია, ცდილობს, ამიხსნას, რომ ეს შეუძლებელია და ალბათ მიხსნის, რას ნიშნავს დამწვრის სუნი დგას, მაგრამ მე ჯიუტად ვითხოვ დამანახოს (ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი, რაც ახლა, ალბათ ნაკლებად წარმოსადგენია) და ჩემ წარმოსახვაში ზემოთ აღწერილი სურათი ყალიბდება... რა უცნაური რამ არის ფანტაზია, მით უმეტეს, ბავშვის. 

ზუსტად ისიც არ ვიცი, ეს როდის მოხდა. მაგრამ იმდენი წელია ეს სცენა და მოგონება მაქვს გონებაში რომ დარწმუნებული ვარ, მართლა მოხდა. და ყოველ ჯერზე, ყოველ გახსენებაზე მეღიმება და წარმომიდგენია, რას ვუშვებოდი დედაჩემს მსგავსი ამოჩემებებით :)

ესეც ასე, საუზმე კარგა ხანია მოვრჩი, მეორე ჭიქა ყავაც დავლიე. უფრო სწორად, ჭიქანახევარი, რადგან მეორე ჭიქის ნახევარი ცოტა ხნის წინ დავაქციე :) საბედნიეროდ კომპ-ს არ გადასხმია. 

საათს ვუყურებ. კონკიას დრო იწურება. ჩემ შემთხვევაში 12-მდე. 12-ზე უკვე ადგილზე უნდა ვიყო. 

ხო, კიდევ ერთი რაღაც გამახსენდა: გუშინწინდელი სიზმარი. დამესიზმრა, თან ძალიან ცხადი იყო სიზმარი, თითქოს დილის ნაცვლად საღამოს 6-ის ნახევარზე გამეღვიძა. რაღაც უცნაური დღე იყო. მიკვირდა, რატომ არავინ დამირეკა, დღისით ხომ გაკვეთილები მქონდა და რატომ არ მიკითხეს ან არ ამიკლეს რეკვით მეთქი იმდენად ცხადი იყო სიზმარი, იმდენად, რომ გაღვიძებულმა ორჯერ გადავამოწმე დრო და გარეთ გავიხედე. სიზმარეში გარეთ თითქმის ბნელოდა. ძალიან გაოცებული ვიყავი. თან ვფიქრობდი, რა მეთქვა, ანტიჰისტამინი დავლიე წინა ღამეს და იმიტომ დამეძინა მეთქი? მოკლედ, საბედნიეროდ არაფერი მსგავსი არ მომსვლია, შეგრძნება კი გამყვა უცნაური.

ამასობაში მზეც გამოსულა. მოვიკიდებ ახლა ზურგჩანთას, გავიკეთებ უზამრაზარ ყურსასმენებს, მიმინოსავით რომ გამოვიყურები, ისეთს და გავუდგები გზას ძველი ქალაქისკენ...




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..