შობა ღამის მწვანე ჩაი
შობის ღამეს ბლოკნოტში ხელით დაწერილი პოსტი. ეს შეიძლება, ტრადიციადაც იქცეს. მხოლოდ ჩაის ფერი შეიცვლება ხოლმე. სანამ ჯერ კიდევ ციმციმებს ნაძვის ხის განათებები, მანამდე უნდა გადმოვიტანო აქ.
ახლა:
ყველა სანთელი დავანთე, რაც მქონდა. ანუ სულ სამი ცალი დეკორატიული სანთელი. თეთრი, მწვანე და ოქროსფერი. შუშხუნებიც ავანთე. სამი ცალი. და კიდევ ნათურები ანათებს სახლში, საახალწლო ნათურები. შუქები ჩამქრალია.
მანამდე:
პურის ცომი მოვზილე ვიდეოქოლის თანხლებით. და იქვე შევთანხმდით, რომ ზუსტად 12 საათზე კიდევ ერთი ვიდეო ზარი გვექნებოდა შობის შესახვედრად. პურის ცომი ლამაზად და თბილად შეფუთული დგას მაგიდაზე. მელოდება, როდის მოვრჩები სახლის მილაგება-დასუფთავებას საშბაოდ, ცხელი შხაპის მიღებას და მომზადებას.
შობას შევხვდი. ალოლოსაც ვუსმინე ბევრჯერ. ვიტირე კიდეც, მგონი უკვე ტრადიციულად. სიხარულისგან და ბედნიერებისგან, სისავსისგან. ხომ შეიძლება. სენტიმენტალურ განწყობაზე იყო და თან ბედნიერი?
2020 წლის მემორიში შობის დილას ჩემ ახალ სახლში მოვედი, კონიაკით და შოკოლადით მივულოცე ჩემ მუშებს შობა. გადავკარით, დავილოცეთ, ცისიას ახალი კერა დავლოცეთ. კი, მაშინ ალბათ უკვე ვიცოდი, რომ აქ ბედნიერი ვიქნებოდი.
ისევ ახლა:
ვიცოდი, რომ დღეს ამ ფილმს ვუყურებდი. არა იმიტომ, რომ ყოველ შობაზე უნდა ვუყურო. უბრალოდ, მინდოდა. ისიც ვიცოდი, რომ "შობა ღამის შავი ჩაი" გამახსენდებოდა, გადავიკითხავდი და გავაზიარებდი. ისევ ჩაის ვსვამ. ამჯერად მწვანეს. ძალიან გემრიელს.
ამ წუთებში ღუმელში პური ცხვება, სახლში ძალიან მყუდრო და გემრიელი სუნი დგას. შეიძლება, სურნელი მყუდრო იყოს? თბილა. რბილად მინათებს ნაძვის ხის შუქები. ტელევიზორის შუქიც ეცემა. ტელევიზორთან ლეპტოპია მიერთებული. პერიოდულად შეტყობინებების ხმა მესმის ტელეფონზე, მაგრამ ჯერ არ ვნახულობ. თან ვწერ (კატის ბლოკნოტში, ხელით, საჩუქრად მიღებული ახალი შავი პასტით, რომელიც ამ ბლოკნოტს უხდება და ძალიან მომწონს), თან ფილმს ვუყურებ / ვუსმენ. უცებ რაღაც ფრაზა ხვდება ყურს. ვაპაუზებ, ვახვევ და ვიწერ:
"Nobody is perfect. And if you find love - I mean, real love - you just dont't throw it away without a hall of the fight." კი, ასეა.
***
მალე დასრულდება დღესასწაულები. მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო. მე მინდა, ყოველთვის ასე ვიფიქრო და იმედია ასეც იქნება - რომ ეს ჯადოსნური დროა. და კი, ამ დროს უფრო ფართედ იღება ის რაღაც კარი და შეგიძლია შეიხედო, შესძახო, შეაგდო შენი ჩამოწერილი სურვილების ფურცელი, ბურთივით დამრგვალებული, ნაძვის ხის ბურთივით.
***
ახალ წლამდე ერთი-ორი დღით ადრე ლეპტოპის ბატარიის გამოსაცვლელად წავედი იქ, სადაც თავის დროზე ეს ლეპტოპი ვიყიდე. პატარა მაღაზიაში საკმაოდ ბევრი ხალხი ჰყავდათ. ცოტა ხანი ლოდინი მომიწია. ჩემი რიგიც მოვიდა, შემიცვალეს, გადავიხადე და უკვე რომ მოვდიოდი, ერთ-ერთმა შემაჩერა. გილოცავთ დამდგესო. დახლზე პატარა კალათა იდგა საახალწლო სათამაშოებით. უბრალო სათამაშოები იყო. ცოტა ხანი რაღაცას ეძებდა, აშკარად არჩევდა და ცოტა ხანში გამჭვირვალე პარკებში შეფუთული ორი პატარა შრაღაც გამომიწოდა. დიდი მადლობა გადავუხადე, ბედნიერი ახალი წელი ვუსურვე და გამოვედი.
უკვე გარეთ დავხედე, რა იყო. ერთ პარკში სანტას გამოსახულებიანი უბრალო მუყაოს ჩამოსაკიდი მოსართავი აღმოჩნდა, ორი ცალი. მეორე კი - აშკარად ამას არჩევდა - ქერა თმიანი ანგელოზი გოგო, რომელმაც, რა თქმა უნდა საპატიო ადგილი დაიკავა ჩემ ნაძვზე და ძალიან მოუხდა კიდეც.
ახლა ამის წერისას უცებ განსაკუთრებულად მომხვდა თვალში. გავხედე და ნაძვის ხის განათება ისე ედება, ძალიან ლამაზად, ოქროსფრად აბრჭყვიალებს :) ესეც პლუს ერთი მიზეზი :) <3
07.01.2026
03:13
Comments