თოვლიანი ლისიდან :)
რთულია იმ წამის განწყობის შენარჩუნება, ეგრევე თუ არ გადმოიტანე. მერე ხსნი გვერდს და ... სხვა რამეზე წერ :)
გადაწყდა. უნდა ვწერო. :) გინდა წერო? უნდა წერო :)
თოვს დილიდან. არა, ღამიდან. დილით ფარდის მიღმაც კი არაჩვეულებრივი სითეთრე ჩანდა, დათოვლილი ხის ტოტები, საიდანაც პერიოდულად დიიიდი გუდნები ცვიოდა. ხო, ვიცი, ეგ გუნდა არ არის, რაც არის.
ღამე ჯერ დასრულებული და ლოგინში გვერდზე გადადებულ წიგნზე ფიქრმა, მერე ატკიებულმა კბილმა და მერე უკვე ამის გამო სქროლვის დაწყებამ (რაზეც უარი მინდა, ვთქვა ბოლომდე) ცოტა დიდხანს არ დამაძინა. მაგრამ ძალიან გვიანაც არ გამიღვიძია. ალბათ ამ სითეთრემ მომჭრა თვალი.
მერე მედიტაცია, რეფლექსია, ცოტა გულის აჩუყება, მერე ყავის მოდუღება ბიალეტით და ფანჯრის წინ ისე დაჯდომა სასაუზმოდ, რომ კარიც და ფანჯარაც ჩანდეს და თოვას ხედავდე. პარალელურად აფირმაციები და ცოტა ხანში ხვდები, რომ გადასარევ ხასიათზე ხარ. თანაც კბილიც აღარ გტკივა. კბილი რა, ნაკბილარი, ჭრილობა.
დილიდან ფიქრობ, რომ სადმე გახვიდე საწერად. ერთი-ორი ადგილი გეგულება, სადაც გინდა და ფიქრობ, სად წახვიდე. ამასობაში იდეას გაწვდიან კიდევ უფრო უკეთესს და იქით იძრები. ადრე ალბათ იფიქრებდი, ლისზე როგორ ავალ, სისველე იქნება, ან მანქანა ვერ ავა. ბოლტი ჩვეულებრივზე დაბალ ფასს გიჩვენებს და ხვდები, გზა სრულიად სუფთაა და ჯერ კიდევ ადრეა მოსაყინად.
მშვიდად ასრულებ ყველა რუტინას, წესრიგდები, მეოთხე დღეა, სახლიდან არ გასულხარ ფაქტობვრივა და იძრები დანიშნულების ადგილისკენ. გაამართლა იდეამ :) ზღაპარს ჰგავს აქაურობა. ცოტა ხმაურია, მაგრამ დანარჩენი თითქმის ის არის, რაც გინდოდა.
****
თოვლი რატომ მიჩენს სულ ბავშობის და თელავის ასოციაციას? გუშინ ღამე რომ ვუყურებდი, კონკრეტული საღამო მახსენდებოდა თელავში. უფრო სწორად, ღამე. იქნებ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და მოგონებული მოგონება, იქნებ ნამდვილი მოგონებაც ეს არის. ის ნაწერი სადმე რომ შემომენახა, მტკიცებულება მექნებოდა. ასე მახსოვს, ღამე საოცრად გათოვდა, დიიდი თოვლი იყო, ძალიან ლამაზი. არ მახსოვს რატომ, "დიდ ოთახში" ვიწექი და იქ ვიძინებდი. და ფანჯრიდან ვიყურებოდი თან. მთვარეც იყო და საოცრად ანათებდა თოვლს ჩვენი სახლის წინ ქუჩაზე. ეს სურათი ახლაც თვალწინ მიდგას. არა და სკოლაში ვიქნებოდი მაშინ. ხოდა ამაზე დავწერე მაშინ, ამ განწყობაზე, რაღაცნაციარ მშვიდი, თოვლიანი ჩანაწერი იყო. რატომ მახსოვს? შეგრძნებების დონეზე გვამახსოვრდება ბევრი რამ. ზოგი - სურათების დონეზე. ხოდა თოვლის დროს მახსენდება ხოლმე ეგ ღამე.
კიდევ გამახსენდა, ერთ-ერთი თოვლიანი არდადეგების დროს "თეთრიანზე" როგორ წავედით ციგებით, საკმაოდ დიდები ვიყავით. როგორ ვიხალისეთ და ვილაღეთ.
კიდევ ერთი სცენა მახსენდება, ასევე თელავიდან. ერთ ბიჭს მოვწონდი. არ ვიცნობდი. მაშინ ხომ ასეთი მოწონება ჩვეულებრივი ამბავი იყო. სახელი და გვარიც კი ამომიტივტივდა ახლა. დიდი იყო ჩემზე. ხოდა ჩვენი სახლის წინ "გაუჩერდა" მანქანა თოვლში. კაპოტი ჰქონდა ახდილი და ვითომ იყურებოდა შიგნით. სინამდვილეში ძირითადად ჩვენკენ იყურებოდა ცალი თვალით. ჩვენ გარეთ, "უბანში" ვიყავით გამოშლილები. ასე მახსოვს, რომ ჩემმა მეგობარმა გუნდა გააკეთა და ესროლა. იქნებ ესეც ჩემი "შექმნილი მოგონებებია. ისიც, ის გუნდა ახდილ "კაპოტში" რომ ჩავარდა :) ამის იქით კი არ წასულა საქმე, მეტი ვერ გაბედა. ვერც მაგან, ვერც კიდე სხვამ, რომელზეც რაღაც ქარაგმებით და მოვლითი ამბეით მივხვდი ოდესღაც, რომ მოვწონდი. ძირითადად სხვებისგან ვიგებდი ასეთ რაღაცეებს :) ან თუ ვხვდებოდი, კაი ხნის მერე :))
მერე გავიზარდე :)
***
ხალხი ოდნავ შეცოტავდა კაფეში. მაგიდა დაჯავშნილი მქონდა, თორემ რომ ამოვედი, მაშინვე ნამდვილად ვერ დავჯდებოდი, მხოლოდ ჩემი მაგიდა იყო თავისუფალი. უფრო სწორად, იქაც ვიღაც ორი იჯდა, სავარაუდოდ რუსები, სავარაუდოდ დროებით შემოფარებულები, უთხრეს, რომ დაჯავშნილი იყო და რომ მოვედი, ადგნენ.
ეს არყის ხეებია? რატომ მომივიდა ახლა თავში ეს აზრი? მგონი კი. ტიმჩენკოს ნახატი მომწონს ძალიან, ყველაზე მეტად, არყის ხეების ტყე აქვს დახატული. ზოგადად ვფიქრობ, რაც არ უნდა დიდი და ლამაზი სახლი მქონდეს, არ მინდა, ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები სახლში. არა, იმას არ ვამბობ, რომ ნახატები არ მინდა. უბრალოდ ყველანაირი არა, თუნდაც საუკეთესო მხატვრის. აი ტიმჩენკოს ეგ ნახატი კი მექნებოდა. ახლა რაც მაქვს სახლში, ყველა მხატვრის ნაჩუქარია, ყველა ორიგინალი, ყველა მიყვარს.
***
დიდ შუშებიან კაფეში მინდოდა დაჯდომა და ზუსტად ასეთია ეს "ყავის ლაბორატორია". ყველა მხრიდან თოვლი ჩანს. ჭერიდანაც კი. ზემოთ ავიხედე. დათოვლილ ხეებთან ერთად შუშაში არეკლილი ბარის ნაწილიც ჩანს. აი იქ დავინახე ზუსტად ისეთი კაფე, როგორიც წარმომიდგენია, რომ მექნება. ის სურათი სადღაც მაქვს ნანახი. უფრო სწორად, ალბათ ფბ-ზეც მიდევს. ისე, რატომაც არა, დაძებნადია. და შესრულებადიც :) უბრალოდ - სად, ეგ ჯერ არ ვიცი.
დრო, ყველაზე მეტად და მეტი რაც მინდა მქონდეს - დროა ...
***
რუსის პატარა ბავშვი, სულ პატარა, ახალ ფეხ ადგმული ალბათ, წავა წამოვა, შორიახლოს გაჩერდება და მიცინის. ისე მიცინის, რომ ბოლოს მეც ვერ შევიკავე თავი და გამეღიმა. გარეთ მშობლები ბავშვებთან ერთად თოვლის ბაბუას აშენებენ. ბუხარი მოუხდებოდა ამ ყველაფერს.
ასოციაციურად ბაქო მახსენდება. და ერთი გერმანელი მეგობრის სახლი. საკმაოდ დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდათ. ხშირად მივდიოდით ხოლმე სტუმრად. ხან ისე, საღამოს, ხან საუზმეზეც მივსულვარ. ბუხარიც მახსოვს. შეიძლება ვცდები და არ ჰქონდა. და ბავშვებმა გამახსენდა კიდევ ალბათ. მისი ცოლი მეუბნებოდა, ძალიან მოსწონხარ / უყვარხარ ჩვენ შვილებსო. არა და არ ვარ ისეთი, ბავშვებთან თამაში და ურთიერთობა რომ შეუძლიათ კარგად. ერთხელ, მახსოვს დავაძინე კიდეც მათი შვილები :)) დავაძინე რა, დაწვნენ და მე ზღაპარი წავუკითხე. მერე თვითონ დაიძინეს. მე და ერთი-ორი მეგობარი ვიყავით სტუმრად ჩვენ მეგობართან. ცოლი მივლინებაში იყო. ჩემმა მეგობარმა რატომ გადაწყვიტა, რომ ეს კარგად გამომივიდოდა, არ ვიცი, მაგრამ მთხოვა, წაუკითხეო. მეც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი, მაგრამ ფაქტია, რომ მშვენივრად მომისმინეს :)) ამ გახსენებაზე, მივწერო, მოვიკითხო. იქნებ მალე გადავიკვეთოთ ევროპაში.
***
ფორთოხლის კექსი ძალიან არომატულია, გემრიელი და რბილი. ისეთი, როგორიც მიყვარს და მინდოდა. ცხელი ჩაი მოუხდებოდა ახლა ამას, მაგრამ გაგრილებულ ყავას ვსვამ მის ნაცვლად. ცხელს ჯერ კიდევ ვერიდები.
გადაწყვეტილია. წიგნი უნდა დავწერო. არა, ეს დიდი ხანია, გადაწყვეტილია, მაგრამ ახლა უკვე არა გადადებული. უბრალოდ აქ არ აღმოჩნდა ის გარემო, სადაც დაწყება შეიძლებოდა. ან, რატომაც არა. მთავარია, წერო. ხოდა აი, ვწერ. ჩანთაში ბრედბერის წიგნი მიდევს მწერლობაზე. რაღაც ისე რომ გიხარია, სიამოვნებას იხანგრძლივებ და არ იწყებ, აი ასე მაქვს მაგ წიგნზე. წიგნის გამოფენაზე ვიყიდე და მას მერე დევს. არა, იმიტომ არა, რომ ვდებ და ვდებ :) მინდოდა, რასაც ვკითულობდი, ჯერ ის დამემთავრებინა. მერე კიდევ ერთი, იმავე გამოფენაზე ნაყიდი წიგნი მქონდა რიგში - ივა ფეზუაშვილი. ოდესღაც ხომ უნდა გამეცნო ეს ავტორი. და წუხელ მოვრჩი. ხოდა ახლა ჩემი ყველაზე საყვარელი მწერლის წიგნი მიდევს ჩანთაში, ჩემ ყველაზე საყვარელ საქმიენობის შესახებ დაწერილი :)
***
ეს წყვილი რა ეტაპზეა ურთიერთობის? ვფიქრობ, საწყისზე. ოღონდ არც იმდენად, რომ ძალიან უცხოები იყვნენ. ბიჭი უკვე იმდენს ბედავს, რომ მოპირდაპირე მხარეს მჯდომი გოგოს ხელი უჭირავს და ისე ელაპარაკება. ცოტა ეფერება კიდეც ხელზე. თან რაღაცეებს ურჩევს, საქმესთან და სწავლასთან დაკავშირებით. გოგოც არ ართმევს ხელს, აძლევს უფლებას. მაგრამ მთლად მოშინაურებულებიც არ არიან ჯერ. შეხუმრებულებიც არიან, მაგრამ მთლად ბოლომდე არ. არ ვიცი რაზე, ასე ეუბნება ბიჭი: ეს რომ მე მექნა, მთელი დღე ღიმილიც კი არ გექნებოდა სახეზე. გოგოც რაღაცას პასუხობს ხუმრობითვე. იმდენად ახლოს სხედან, ახლა რომელიმემ რომ მოინდომოს, დაინახავს, რასაც ვწერ :) მაგრამ ვერ. ერთი, რომ ოდნავ ირიბად მიდგას ლეპტოპი და მეორეც - ჩემ ლეპტოპს არაჩვეულებრივი ფუნქცია აქვს - გვერდიდან ვერ დაინახავ, რას ვაკეთებ, ანუ ეკრანი არ მოგცემს ამის საშუალებას. მაშ :))
***
ცოტა სიმყუდროვე აკლია აქაურობას. კარი ხშირად იღება, რადგან სამზარეულო გარეთ, სხვა შენობაში აქვთ და შესაბამისად, ყოველი კარის გაღებაზე სიცივე შემოდის. მაგრამ აქაურობისთვის ზედგამოჭრილი ადგილია მაინც. ვფიქრობ, ხშირად ამოვალ ამ ზამთარს. აი უკვე ერთ მეგობარსაც შევუთანხმდი, რომ შემდეგი შეხვედრა აქ მოვაწყოთ.
***
კონსილერი სახლში დამრჩენია. წავისვი, დავიფარე სილურჯე-სიყვითლე ლოყაზე და ჩანთის მაგივრად "კოსმეტიჩკაში" ჩავდე, რომლის წამოღებასაც არ ვაპირებდი. არა უშავს, სადამდეც გამიძლებს, გამიძლებს. მერე მაინც დავბრუნდები უკან.
***
ბიჭი: რომ არ გეთქვა, ხომ შეიძლებოდა? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დახარჯო სიტყვები. რაც ღირებულია, ის თქვი. არა და ვერ გავიგე, რა უთხრა იმ გოგომ. ახლა უკვე ვფიქრობ, არც ისე საწყის ეტაპზე არიან, მაგრამ მაინც ის სითბო და სიახლოვე არ იგრძნობა. არ ვიცი, ტიპობენ თუ რას შვებიან. ვითომ ეხუმრეიან ერთმანეთს. რა ჩემი საქმეა, მაგრამ საინტერესოა ხანდახან ასეთი დაკვირვება :)
***
ინსტაგრამზე ჩემი ვოლის შესწავლა საინტერესო იქნებოდა ჩემი მეს შესასწავლად ალბათ :)) აქ არ გავამხელ, რა კონტენტია ძირითადად :) რამდენიმე ახლობელმა ადამიანმა კი იცის. ერთს ვიტყვი, ერთი გვერდი მაქვს დაფოლოვებული, მოდი, გავაზიარებ აქაც. ადრე ერქვა რომან რაღაც. აი რა სისულელეა, რა დავწერა, რა რომან რაღაც, ასე ხომ გაუგებარია? ხოდა ახლა ჰქვია. და არის ერთი კატის რეალობა / ცხოვრება. ილუსტრაციებად, რომლებიც გაცოცხლებულია, ანუ ცოტა მოძრავი ილუსტრაციები. და უსაყვარლესი სიტუაციები და სურათები. თან ეს კატა მხოლოდ ზურგიდან ჩანს მუდმივად, ან გვერდიდან, ანუ სახეზე არ ვიცით, მაგრამ მაინც იცი, როგორია, ისი მისი ყოველდღიურობა. კატის აკვ... კატის რუტინა :) შავია. თეთრი მეგობარი გოგოც ჰყავს. და კიდევ მტრედი, უბრალოდ მეგობარი. ან შეიძლება, მასთან ცხოვრობს ეს მტრედი. ზუსტად ვერ მივხვდი.
მე კი ერთი ფისო მყავს ეზოში მოჩვეული, რომელიც ჩემ დანახვაზე ჯლიგინით მორბის ხოლმე, რადგან იცის, რომ ვეტყვი: დამელოდე აქ ფისო, ავალ და ჩამოგიტან საჭმელს. და ჯდება ზუსტად ერთი და იგვე ადგილას, სადარბაზოს კარის წინ, უყურებს კარს და მელოდება. ამასობაში აღმოვაჩინე, რომ სხვებიც კვებავენ. ხოდა როცა ნაკვებია, ფეხებზე ვკიდივარ :)) როგორც ერთი მეგობარი მეუბნება, მონა ვარ მისი. და ბევრი მონა ჰყავს ასეთი ჩვენ კორპუსში :))
***
ამასობაში თოვლის კაცის კეთეა დაუსრულებიათ გარეთ :) ისევ ჩემი ბავშვობა მახსენდება. უფრო სწორად ახლა უკვე ფოტო ბავშვობიდან. მე და მამა თოვლის კაცთან, თელავში. მე კომბინიზონი მაცვია, მამა იქვეა ჩაცუცქული, რომ ჩემ სიმაღლეზე იყოს და შუაში ჩვენი, ალბათ უფრო მამას აშენებული თოვლის კაცი გვყავს. მამა ბედნიერი ღიმილით მიყურებს. მე პატარა ვარ და ალბათ ძალიან კმაყოფილი ამ თოვლით და მამასთან თამაშით. ახლაც გავაკეთებდი თოვლის კაცს. :) სიამოვნებით :)
***
ეს ბიჭი უკვე "უტრაკებს", რომ სულ უარყოფითს ამბობს ეს გოგო. ბოლოს როდის იფიქრე ან თქვი რამე პოზიტიურიო. ესეც ნეგატიურია, რომ იცოდეო, რაღაც ნათქვამზე ეუბნება. ოღონდ ვითომ ძალიან ქულ, მშვიდად და ხუმრობით. ეს გოგოც სიცილით და ხუმრობით პასუხობს. მაგრამ რაღაც ძალიან დაძაბულია მათ შორის. ახლა უკვე იმაზე გადავიდა, კიდევ ერთი, რაც არ მიყვარს შენშიო. ამ გოგომ პასუხად უთხრა, ჩამოვიწერ ხოლმეო. დაძაბული სიცილი. ხელები აღარ უდევთ მაგიდაზე. შეირგე, რომ ლამაზი ხარ. კარგი, შევირგებ. ერთი წუთით თუ გაძლებს ეგ შერგება. ახლა ვერ გავხედავ გოგოს და ვერ გადავამოწმებ, ლამაზია თუ არა. წეღან შევხედე და ოკ, ნორმ. გოგოს ხელები მუხლებზე უწყვია. ბიჭს ერთი ხელი ჯიბეში, მეორეთი ჭიქას ათამაშებს. ახლა მივხვდი კიდევ რაზე უხურებს, ტელეფონზე შეტყობინებები რომ მოსდის, რომ ერთი სული აქვს, ნახოს და უპასუხოს, რომ დიდი ხანი ვერ ძლებს, რომ არ დახედოს. აქ სადღაც მესმის ამ ბიჭის, მაგრამ ეს ვითომ პასიურ აგრესული ტონი არ მგონია, რამის მომტანი იყოს :) მე ვინ მეკითხება. :)
***
ყავა გაცივდა. კექსი იყო უგემრიელესი. იქნებ ასე უნდა დავჯდე ხოლმე. მშვენიერი მასალაა საწერად. თუ მხოლოდ შენ თავზე არ გინდა წერა. იქნებ ეს სტიმულია, თუ ფანტაზია ჯერ ისე არ გყოფნის. უნდა დაიწყო. მთავარია, დაიწყო.
***
ნეტა ეს თოვლის კაცი რამდენ ხანს გაძლებს? თუ ასე ითოვა, დიდხანს. აქ, ლისზე, განსაკუთრებით დიდი თოვლია და ტემპერატურაც უფრო დაბალი. ასე რომ .. უი, აგერ მეორეც აუგიათ შორიახლოს. ახლა შევამჩნიე. რომ გავალ, მერე კარგად გადავუღებ სურათებს.
გვერდზე მაგიდაზე დადუმდნენ. არც ისე კარგის მომასწავებლად :)
ამასობაში ადრეული საღამოს ნაწილიც დაიგეგმა. ერთ მეგობარს შუალედი აქვს და ჩემკენ იქნება და შემომივლის. ამასობაში მეორეც გამოჩნდა და შეიძლება შემოგვიერთდეს. იმედია, ტაქსი ამოვა და წამიყვანს :)
***
ხვალაც დასვენებაა, კიდევ ერთი დღე. ნუ, მე კიდევ რამდენიმე დღე გამომივა ოფიციალური დასვენება, მაგრამ ზეგიდან ცოტ-ცოტა შევუდგები საქმეს. საკმაოდ კარგად ავიღე ენერგიის მარაგი, ვფიქრობ და კარგი რაღაცეებიც მოვასწარი, კარგი რაღაცეებიც დავძარი :)
ამასობაშ ის წყვილი წავიდა. უხმოდვე :) მეც გადავიხდი და ტაქსს გამოვიძახებ. ცოტა აცივდა აქ. ქვის იატაკი და შუშის ფანჯრები თავისას შვება. მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა აქ მოსვლა და წერა. ჭამაც :)
Comments