Meet me in... Tbilisi

დიდი ხანია, ვაჟა-ფშაველას ე.წ. "ალეა"ში არ მივლია ფეხით. დღეს გვიან საღამოს მშობლებისგან ვბრუნდებოდი და მიუხედავად მინუს უსასროლობა გრადუსისა, მაინც ფეხით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. რაღაც მომენტში დავინახე, რომ დიდი ბურთი ნათურებით იყო განათებული პარკი. მონუსხულივით გადავჭერი ქუჩა და შევედი. ჯერ ფილტრებით ვითამაშე და რამდენიმე ფოტო გადავუღე, მერე კი ფეხით ავუყევი ცარიელ პარკს. მომნატრებია აქ ფეხით გავლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვუღალატე აქაურობას, იმ ადგილებს, რომლებმაც პანდემიის პირველი პერიოდი და ჩაკეტილობა გადამატანინა, სადაც კილომეტრებს გავდიოდი წინ და უკან ფეხით სიარულით, ხან ველოთი. სადაც პირბადეებით და დისტანციურად, ხანაც ყავით ხელში ვხვდებოდი მეგობრებს, ხან საღამოთი დავდიოდი მათთან ერთად. მოკლედ, გულში ბოდიში მოვუხადე, რომ ჩემ 10 000 ნაბიჯს საღამოობით სხვა ტერიტორიებზე გავდივარ და შევპირდი, ისევ დავბრუნდები ხანდახან, თუნდაც ძველი მოგონებების ხათრით მეთქი.

პარკამდე სანამ მივიდოდი, გზად იმ ადგილს ჩავუარე, დღისით ყვავილები რომ იყიდება ხოლმე. სეზონზე ჩემი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს აქ ვტოვებ, ხანდახან ქეში არ მქონია, მაგრამ გამომიტანია, რადგან დაუძლეველი სურვილი გამჩენია, ყვევილების ყიდვის. ძალიან აცოცხლებს სახლს ცოცხალი ყვავილები და მთელი გაზაფხული-ზაფხული ვცდილობდი, სულ მქონოდა ჩემი საყვარელი ფერების და გემოვნების შესაბამისი ყვავილები მაგიდაზე. ღამე ყველაფერი ალაგებული იყო, მხოლოდ ერთი კუთხე დამხვდა სავსე ჩიჩილაკებით. ჩიჩილაკების ტყე იყო. მომენტალურად ამოტივდივდა ძველი ნაცნობი მოტივი თავში - საახალწლო ბუზიკი. ხოდა გადავუღე  ფოტო "ჩიჩილაკის ღვე"-ს და ღიმილით განვაგრძე გზა. 

ძალიან ცივა. ფაქტობრივად არავინაა გარეთ. მხოლოდ ერთი-ორი სავარაუდოდ სახლისკენ ჩქარა მიმავალი ადამიანი თუ შეგხვდება გზად. ახალგაზრდა გოგონას ხელში აუტატებია საკმაოდ მოზრდილი ზომის შავი ძაღლი, რომელსაც ან სცივა, ან სადღაც შორს მოსეირნე პიტბულის შიში აქვს და პატრონს ჩახუტებია. სკუბი დუ გამახსენდა, სადაც შეშინებული უზარმაზარი ძაღლი პატრონს ახტება თითქმის ყველა სერიაში. 

რამდენადაც მიჭირს პირბადით დიდხანს ყოფნა, იმდენად არაადეკვატურ დროს ვიკეთებ ხანდახან. აი დღესაც, იმდენად ძვალში ატანდა სიცივე, რომ მივხვდი, ბევრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს პირბადე აფარებული, როცა ცივი ჰაერი ცხვირში არ მირტყამდა. და მართალია ჰორიზონტზე არავინ ჩანდა, მაინც მეკეთა, რადგან მათბობდა.  ეხ, ოღონდ ეს ყველაფერი დამთავრდებოდეს და კაშნეს გავიკეთებ და ყელიანი ჯემპრის ჩაცმასაც კი გავრისკავ :)

გარისკვაზე გამახსენდა - წელს, თითქმის წლის ბოლოს რაღაცეები გადავლახე. მაგალითად - ლიმნის სიძულვილი. ჯერ ცოტა ადრე, ნელ-ნელა ნამცხვრებში შევაპარე და თუ ძალიან მკვეთრად არ იგრძნობა გემო, ვახერხებდი ჭამას. და მერე უკვე, ალბათ სულ მეორედ ჩემ ცხოვრებაში დავლიე ლიმნიანი ჩაი. მართალია, თაფლიც ანეიტრალებდა მის გემოს და ლიმონი ჭიქაში კი არ ეგდო, უბრალოდ დაყენებისას იყო გარკვეულ ტექნოლოგიაში გამოყენებული, მაგრამ მაინც სერიოზულ მიღწევად ვთვლი ამას. და თქვენ რას მიაღწიეთ წელს? :) 

გზად მაღაზიაში შევიარე პურის ხელს გასაყოლებლად. მაღაზიის კარზე უცნაურმა წარწერამ მიიქცია ყურადღება. "მზა კვების დიდი არჩევანი" - გვამცნობდა წარწერა. აქედან პირველი ორი სიტყვა განსხვავებული, დიდი ასოებით და ერთმანეთთან იმდენად ახლო-ახლოს ეწერა, რომ ერთ სიტყვად აღვიქვი და ცოტა ხანი ვფიქრობდი, რას ნიშნავს სიტყვა "მზაკვები". უკვე პურის თაროებამდე მისული მივხვდი - მზაკვები, მზა კვებაა რეალურად და ორ სიტყვად იწერება. არა უშავს, სამუშაო დღის და კვირის ბოლოს უარესებიც ხდება. 

ეზოში შორი გზიდან და ცენტრალური შემოსასვლელიდან შემოვედი. გზა დავიგრძელე, სამაგიეროდ გამოვიარე ნახევარი დასახლება და დავტკბი აქაურობის ღამის ხიბლით. აივნები ციმციმებს. ორი დღეა, ნათურები მიდევს ტახტზე და ვერ მოვიცალე, რომ მოვრთო აივანი. როცა ვიცლი, საღამოა და ცივა. ახლა მაინც უნდა გავაკეთო, მოტივაცია მომეცა - გავიფიქრე და სახლში დაბრუნებული ქურთუკის გაუხდელად შევუდექი საქმეს. აივანზე ჩემი მაღალი სკამი გავიტანე, ავძვერი და გაყინული ხელებით შემოვახვიე ნათურები ხის კონსტრუქციას. მცირე წვლილი შევიტანე ეზოს გალამაზებაში. ცოტაა, მაგრამ ლამაზია და ასე თუ ისე, მაინც ქმნის განწყობას, თან შორიდან ლამაზად გამოჩნდება.

წინასაახალწლოდ განწყობის ტალღები ელვის სისწრაფით არა, მაგრამ მაინც ენაცვლება ერთმანეთს. ხან აჟიტირებული და საჩუქრების ყიდვით, სახლის მორთვით, ნამცხვრის ცხობით და ხალხის მოწვევით გამოიხატება მოახლოებული დღესასწაულის სიხარული, ხან სიზარმაცე და არაფრის კეთების სურვილი, პლედი და ფილმი ასრულებს სამუშაო დღეს, ხან გარეთ მიმიწევს გული და ლამაზად მორთულ ყველა კაფეში მინდა ჯდომა, ხან სენტიმენტები მეძალება, ხან კი ისევ ენერგია და საახალწლო დღეების სასიამოვნოდ გატარების გეგმები იკავებს ამ ყველაფრის ადგილს. 

კიდევ იმაზე მეფიქრებოდა გზად, როცა ადამიანები ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან სხვადასხვა მიზეზებით, რეალურად ისინი გვენატრება მერე, თუ უბრალოდ ჩვენი თავი მათ გვერდით, ან ის ჩვეულებები, რაც მათთან გვაკავშირებდა და რაც უბრალოდ აღარ იქნება, იმიტომ რომ ისინი აღარ არიან? მართალია, ყველა, ასე თუ ისე ეგოისტები ვართ და ჩვენ თუ რამე დაგვაკლდა მათი არ ყოფნით, უფრო ეს გვაწუხებს, მაგრამ ალბათ უშუალოდ ადამიანებიც გვაკლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა ძალიან ცივი იქნებოდა სამყარო, რომელსაც რეალუად ადამიანური ურთიერთობები ათბობს. საბოლოო ჯამში, ეს ალბათ მაინც ყველაფერზე ძვირფასია. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ადამიანებო :) და ადამიანურ ურთიერთობებს. 

პოსტს ფონად დაჰყვებოდა სიმღერა "Have yourself a merry little Christmas", კონკრეტულად კი ვერსია ფილმიდან "Meet me in St. Louis"



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..