სტარბაქსი - > ანტრე - > ანტრე -> ლუკა

დავბრუნდი, ანტრეში დავბრუნდი. ვალმოხდილი დავბრუნდი

ვალმოხდილი - ქალაქის წინაშე (ჩემი წილი მერი ავირჩიე). რატომ არ მოვდიოდი ხოლმე აქამდე ანტრეში სამუშაოდ მეთქი, ჩემ მეგობრებს მივწერე. არა და რამდენი ხნის ტრადიცია მაქვს უკვე. სად იყო ჰოუმ ოფისი და კორონა, მე რომ სტარბაქსიდან და ანტრედან ვწერდი და ვმუშაობდი. სტარბაქსი ჩვენ არ გვეღირსა და ანტრე მაინც გვაქვს.

ხოდა დავსკუპდი ისეთ ადგილას, მე რომ მიყვარს, ფანჯარასთან, მაღალ გრძელ მაგიდასთან, მაღალ სკამზე და გაიღვიძა ძველმა ემოციებმა. ბაქოში ჩემი საყვარელი საქმიანობა და კვირის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი იყო ეს: კვირაში ერთხელ, საღამოს ანტრეში ან სტარბაქსში ფანჯარასთან დაჯდომა და წერა, კავშირი ამ სამყაროსთან :) მაშინ ცოტა სენტიმენტებით იყო ალბათ ნაწერები გაჯერებული, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიყავი იქ, ასეთ (თავისუფალ) დროს "თბილისი იყო ურთიერთობა" მენატრებოდა. 

და პრინციპში, ახლაც მენატრება, ასე გამოდის. აი საშინელი სადღეგრძელო რომ იყო 90-ებში: იმას გაუმარჯოს, გვერდზე რომ გყავს და გენატრებაო, ეგრე მენატრება :) რატომ და იმიტომ, რომ აღარაფერია ისე, როგორც იყო. იმიტომ, რომ ის კაფიდ-კაფედ, მეგობრით-მეგობრად სიარული, წოწიალი და ბოდიალი დაუსრულებელი აღარ არის. რაც არ უნდა თქვათ, მაინც შეცვალა ბოლო ორმა წელმა ჩვენი ცხოვრება. კი, თითქოს რაღაცეები დაუბრუნდა თავის ადგილს, მაგრამ ყველაფერი არ და ბოლომდე არ. უბრალოდ, ვეჩვევით ამ უცნაურობებს და ამ იასამნისფერ ვირუსის გორგალთან თანაცხოვრებას. სხვა რა გზაა. 

მაინც ყოველ დღე ერთი სურვილით ვიღვიძებ - დროზე დასრულდეს, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო, და დასრულებული იყოს.

ბოლო ფრაზა დავწერე და დავხურე ლეპტოპი, ჩავალაგე, ჩავიცვი და ნახევრად შეჭმული ფორთოხლის კექსი თეფშზე დავტოვე, ყავა კი თან წამოვიღე... იმიტომ, რომ იმ პატარა სივრცეში უკან ორი უცხოელი ბიჭი მომიჯდა, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე. გაუგებარში იმას ვგულისხმობ, რომ ვერ მივხვდი, რა ენა იყო და რა ნაცია. ნიღაბი კი მეკეთა და მხოლოდ ჭიქის და კოვზის პირისკენ წაღებისას ვიხსნიდი, მაგრამ ერთ-ერთმა ბიჭმა რამდენჯერმე რომ დაახველა, ამან უკვე ადგომა გადამაწყვეტინა. 

ხოდა აი ის დრო მინდა დაბრუნდეს, ასეთ რაღაცეებს საერთოდ რომ არ ვაქცევდი ყურადღებას. ფეხებზე რომ გვეკიდა, რამდენი ადამიანი იყო დახურულ სივრცეში ჩვენ გარშემო, ზამთარი იყო, თუ ზაფხული. სხვისი ჭიქიდან დალევაც კი რომ არ იყო პრობლემა (ზოგადად არ მიყვარს ასეთი რაღაც, მაგრამ აქ მაგალითად გამოდგა). რა გრიპი, რის ვირუსები?! ვის ხველას მივაქცევდი ყურადღებას? მახსოვს, ბაქოში ერთმა სტუდენმა მიყურა, მიყურად და ბოლოს მკითხა: Frau Tsisia. вы никогда не болеете? თვითონ ამ ბიჭს საკმაოდ სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა და ძალიან ხშირად ავადმყოფობდა, თუმცა, ამის გამო ჩემი გაკვეთილი მგონი სულ 1-2ჯერ თუ გაუცდენია 2 წლის განმავლობაში. მაშინ თან არც პირბადის კულტურა არსებობდა. რამდენი რეალურად ავად მყოფი და გრიპიანი სტუდენტი მჯდომია წინ იმ 2 წლის განმავლობაში, ვინ იცის. რამდენჯერ წავუღივარ ლამის ბაქოურ ქარს, სამსახურის გზაზე, მაგრამ ფიქრადაც არ მომდიოდა ავად გახდომა. ახლა კი, სადღაც გვერდზე მაგიდაზე მჯდომი ადამიანის ჯანმრთელობა მაფიქრებს :/

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვიკიდე ლეპტოპი და ფეხით ამოვუყევი ვაჟას. ლუკა პოლარეს შემოვაფარე თავი. რახან განწყობა დავიჭირე, ვერ გავუშვებდი, უნდა განვაახლო წერა. თან ამათ უკოფეინო ყავაც აქვთ და საღამოს ეს ჩემთვის გამოსავალია.

ისე, გაქანებული პანდემიის დროს, დასაწყისში და შუაში სწორედ ლუკა პოლარე იყო ერთად-ერთი ნათელი და მეგობრების გარეთ თავშეყრის წერტილი, სადაც ყავას / ჩაის / ცხელ შოკოლადს ვიღებდით და გარეთ ვიდექით, ან ვსეირნობდით. ხოდა აქაც მშვენივრად "იჯდომება", იმუშავება (როცა სათარგმნი მაქვს) და იწერება, როცა მუზა მაქვს :) ისევ აქაურობამ და ანტრემ უნდა გადამატანინონ ზამთარი, ვატყობ. ხო, თან აქ სალვადორი ჰყავთ, სალი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული სიყვარულით მეგებება. რამდენიმე დღის წინ მეგობართან ერთად ვიჯექი. კარის ყოველ გაღებაზე, თუ სტუმარს ღია დარჩებოდა, შემორბოდა და ალბათ ყნოსვით თუ არ ვიცი როგორ, მპოულობდა და თავს ფეხზე მადებდა, მომეფერეო. ყოველ ჯერზე უკან გაჰყავდათ და ის კი ჯიუტად ისევ ბრუნდებოდა. ყნოსვით იმიტომ, რომ ამასობაში დაბრმავდა და ვფიქრობ, მხოლოდ ხმებით და ყნოსვით აღიქვამს გარესამყაროს. მიხარია, შეფარებული რომ ჰყავთ და უვლიან. 

ჯერ 7-ის ნახევარი ყოფილა. არა და უკვე ბნელა. და დღის დამოკლებასთან ერთად შესაძლებლობებიც დამოკლდა / შეიზღუდა. არა, მე ასეთი შაბათები არ მქონდა ხოლმე. მაგრამ კარგი, საკმარისია, არ გვინდა წუწუნი. არ მიყვარს წუწუნი და არც ცუდ ხასიათზე ყოფნას ვაპირებ. ყველაფერი მაინც კარგად უნდა იყოს / იქნება, არ მაინტერესებს! :)

მოცემულ მომენტში კი ამ კარგად ყოფნის სპონსორი ყავა და ნამცხვარი "შოკოლადის მიწისძვრაა" :) ასევე, იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ხვალ, ჯერ კიდევ კვირაა :)

მგონი, კიდევ რაღაცეების თქმა/დაწერა მინდოდა, მაგრამ გზაში გამეფანტა აზრები. არა უშავს, დასაწყისისთვის და ახალი სტარტისთვის ესეც საკმარისია.

პ.ს. კიდევ ერთი საყვარელი კაფე მაქვს შეთვალიერებული, სადაც ბოლო 1 წელია, ვფიქრობ დავჯდე ლეპტოპით და ჯერ ვერ მოვახერხე. თან სად - საკუთარ ეზოში :)) სანამ ისევ დახურულან და სანამ გარეთ დაიჯდომება, უნდა ავითვისო ისიც.

welcome back

საუნდტრეკი: Plan B - She Said; Bruno Mars - Locked Out Of Heaven


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..