ციალა ბაბო

 

-   თიინაა!

 შემოდი, ციალა

ციალა უკვე შემოსული იყო. დაჯღანული, ნახევრად დახეული, ჩუსტად ქცეული ფეხსაცმელი, უფრო ფლოსტი გარეთ ფეხის ტილოზე დაეტოვებინა და სქელი წინდებით შემობოდიალებულიყო ოთახში. ჩამოჯდებოდა სავარძელზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარდა ციალას მოსვლა. ყველას მოსვლა მიყვარდა, ყველა მეზობლის ასე შემობოდიალება თინა ბებოსთან. ასეთი მოსვლები კი საკმაოდ ხშირი იყო. ხშირი რა - ყოველდღიური, დღეში რამდენჯერმე, ყოველ საღამოს. ხან რომელი და ხან რომელი მეზობელი მოდიოდა. ისე, უბრალოდ. ხან - ბრალიანად. ხან რამეს შესჩიოდნენ თინას, ხან რჩევას ეკითხებოდნენ, ხან რამეს სთხოვდნენ და ხან ისე, უბრალოდ ჩამოსხდებოდნენ და ჭორაობდნენ. ჭორაობდნენ ქმრებზე, რძლებზე, ხანაც ერთმანეთზე.

მე კი, პატარა, ვგიჟდებოდი იქ ჯდომაზე და მათი ლაპარაკის მოსმენაზე. ნახევარზე მეტი ალბათ ჩემებურად, ან საერთოდ არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვგიჟდებოდი ამ მეზობლურ მიმოსვლაზე.

ციალა ხშირად თვლემდა კიდეც. გაიხედავდი და ცოტა ხანი სიჩუმის მერე აღმოაჩენდი, ჩაუქინდრავს თავი გვერდულად და თვლემს. ცოტა ფშვინვასაც ამოუშვებდა ხოლმე. მერე ზანტად გაახელდა თვალს და სადღაც გაწყვეტილ წინადადებას განაგრძობდა. ან ახალ ამბავს წამოიწყებდა ნელა, ზანტად.

ციალამ არ იცოდა ქოთქოთი. მახსოვს, სქელკანიანიაო, ამბობდნენ. მეც ვაკვირდებოდი, რამდენად სქელი კანი ჰქონდა ციალა ბაბოს. კი, სქელი ჰქონდა კანი. განსაკუთრებით სახეზე რაღაცნაირად ჰქონდა გადაჭიმული და წითელი, ალბათ მზისგან. ცოტა გვერდებში წასული თვალები და ლოყები ჰქონდა. მელიას ჰგავდა, პირსავსე მელიას. მე სქელკანიანი პირდაპირი მნიშვნელობით მეგონა, ისე კი, ლოთი ქმარი და უსაქმური შვილი ჰყავდა და ამ ყველაფრის უშფოთველად მიღება ხდიდა მას ალბათ სქელკანიანს სხვების თვალში. ქმარი, როგორც მახსოვს, ტაქსის მძღოლი იყო. ილო პაპა. ისიც წითელი, ცოტა ზორბა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ჩამრჩა მეხსიერებაში. ვოლგა ჰყავდა, ბაცი ყვითელი. ან იქნებ რამე სხვა მანქანა. შვილი? შვილმა მერე კი დაიწყო სადღაც პროფილაქტიკაში მუშაობა, როგორც ჩანს, რაღაც ეხერხებოდა, მაგრამ მანამდე მარტო უბნის ბირჟაზე მახსოვს.

ხელებიც ასეთი ჰქონდა ციალა ბაბოს - მსხვილი და სქელი კანით. დახეთქილ-დაკოჟრილი. საბავშვო ბაღში მუშაობდა. არა, აღმზრდელი არ ყოფილა. რას აკეთებდა, არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ საბავშვო ბაღში მუშაობდა. იმ ბაღის გამგე - თინა ბებოს მეგობარი იყო, ქრისტინე. იმ ბაღში მე არ მივლია. მაგრამ შურით კი ვუყურებდი ხოლმე ბავშვებს, რომლებიც ზაფხულში დაჰყავდათ ბაღში. რა უცნაურია, ჩემ ბაღში თბილისში სიარული მძაგდა და სხვის სიარულს თელავის საბავშვო ბაღში, თანაც ზაფხულში - შურით ვუყურებდი. მათ შორის ჩემი ძმისასაც, რომელიც თბილისშიც და თელავშიც დიდი სიამოვნებითაც დადიოდა ბაღში და მათ საჭმელსაც გემრიელად გეახლებოდათ.

ციალასთან მისვლაც მიყვარდა ხოლმე. სხვა შვილებიც ჰყავდა, ან იქნებ ერთი შვილი. გათხოვილი, ან გათხოვილები. და შვილიშვილები. სახლში წითელი იატაკი ჰქონდათ. „პალუბნი პოლს“ რომ ეძახდნენ, აი, მასეთი. რომ დააბიჯებდი, ცოტა ჭრაჭუნებდა. და სამზარეულოში ასეთივე წითელი, უმოაჯირო კიბით უნდა ასულიყავი სახლიდან. სხვისი სახლი, სხვისი საჭმელი და სხვისი ნივთები რატომ მოსწონთ ხოლმე ბავშვებს? თუნდაც მათსაზე ათჯერ და ასჯერ ნაკლები იყოს ის ყველაფერი?

განსაკუთრებით დიდხანს თვლემდა ციალა, თუ ზამთარი იყო და ფეჩში შეშა ტკაცუნებდა. იმ ფეჩზე გახუხულ პურს და ზედ მოფშვნილ გუდის ყველს არაფერი შეედრებოდა. მეზობელთან ნაჭამი საჭმელიც კი. მეზობელთან კი არა, თინა ბებოს მოხვეული უგემრიელესი ხინკალიც კი ვერ მოვიდოდა იმ ყველიანი გახუხული პურის გემოსთან და ტკბილ ჩაისთან, რომელსაც ფეჩის პირას ჩამომსხდარ ბავშვებს დაგვიდგამდნენ ხოლმე წინ პატარა სკამებზე.

შეშა ტკაცუნობდა, ტელევიზორი დუდუნებდა თავისთვის, ციალა ბაბო ფშვინავდა, ან ზანტად ლაპარაკობდა რაღაცას. თინა ბებო კი როგორც იქნა უგრძესი დღის მერე იჯდა ჩვენთან ერთად და ისვენებდა. ოღონდ, თუ უკვე გვიანი საღამო იყო.

-      -  წავედი წავედი. - წამოიზლაზნებოდა ხოლმე კარგად გამოძინებული ციალა ბაბო და გავიდოდა.

ციალა გავიდოდა და მერიც მოვიდოდა. დღემდე არ ვიცი, რას ერჩოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ციალას ფლოსტებს ჩვენ კართან თუ დაინახავდა, მერი არაფრის დიდებით არ შემოვიდოდა. იქნებ დროებითი იყო ეს უთანხმოება. არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ დიდხანს თუ ცოტა ხანს, არ უყვარდათ ერთმანეთი. მერის ოჯახი ციალასაზე ბევრად მაღლა იდგა სოციალურ საფეხურზე. მერისაც ჰყავდა ქმარი, ტარიალა პაპა. ბუნდოვნად მახსოვს. როგორც ჩანს, ილოზე ადრე გარდაიცვალა. ამიტომ მერი ძირითადად შავებში ჩაცმული ჩამრჩა მეხსიერებაში. შავებში და დიდი მოოთკუთხედო სათვალით, ჭაღარა, კაფანდარა. შემოვიდოდა და ჩამოგდებოდა სამზარეულოში. ნახევრად ჩამოჯდებოდა თუჯის თეთრ, ალაგ-ალაგ საღებავგადაცლილ რადიატორზე, ან იდგა და ქოთქოთებდა. ცერა და საჩვენებელ თითებს ხშირ-ხშირად ჩამოისვამდა ხოლმე ტუჩის კუთხეებში. არა მარტო საუბრის დაწყებისას. საინტერესოა, თვითონ თუ ამჩნევდა ამ ჩვევას. თინა ბებო იმასაც უსმენდა, იმასაც აწყნარებდა და ეუბნებოდა, ნუ მიაქცევ ყურადღებასო, ნუ მოიშლი ნერვებსო. თან სამზარეულოში ფუსფუსებდა, ან ხინკლის ცომს აბრტყელებდა, ან იქნებ დილა იყო და ყიყლიყოებს გვიწვავდა. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შაბათ-კვირა იყო და არ მუშაობდა.

-       - რა უნდოდა იმ ქალბატონს? - თავს გაიქნევდა მერი ციალა ბაბოს სახლის მიმართულებით. პრინციპში, მისი სახლიც იმავე მიმართულებით იყო, ლამის ერთი კედელი ჰქონდათ. იქნებ ამის გამოც იყო შუღლი? აწი რაღას გაიგებ. აღარც ერთია ცოცხალი.

მერი ალბათ იმაზეც ბრაზდებოდა, როგორ ბედავდა ციალა თინასთან მოსვლას, ვერ ხვდებოდა, როგორ უყადრებდა თინა ბებო თავს ასეთ ქალს. არა და თინასთან მართლა ყველა მოდიოდა. მოდიოდნენ და ხან სამზარეულოშივე ჩერდებოდნენ, ხან „ტელევიზორის ოთახში“ ჩამოსხდებოდნენ ხოლმე სავარძელზე.

სამზარეულო დღესაც თვალწინ მიდგას. კრემისფერი კარადებით, ორი დიდი ფანჯრით, გამოტენილი მაცივრით, ძალიან ხშირად ანთებული ქურით და არანაკლებ ხშირად ხინკლის ფქვილმოყრილი მაგიდით. ერთ-ერთ კარადაზე კაცმა არ იცის საიდან მოტანილი „ნაკლეიკა“ იყო მიკრუილი, თხის თავის გამოსახულებით. თხა საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა და მე და ჩემი ძმა „მოტორიან თხას“ ვეძახდით. ძალიან დიდხანს ეს გამოთქმა ჩემთვის იმ თხასთან და თელავის სახლის სამზარეულოში გემრიელ საუზმესთან ასოცირდებოდა.

ხოდა იდგა მერი ამ სამზარეულოში, ექაქანებოდა ბებიას და მეც, რა თქმა უნდა იქვე შორიახლოს ვტრიალებდი, არაფერი რომ არ გამომრჩენოდა.

მერის ეზოში თეთრი თუთა ედგა და განსხვავებულად გემრიელი სქელი ყურძენი, მოწითალო ფერი რომ დაჰკრავდა. მის შვილიშვილებთან და უბნის სხვა ბავშვებთან ერთად კარგად გვქონდა ათვისებული ის ხეც და ის ტალავერიც. ვინ უყურებდა, ვის ეზოში იდგა ხე?

ხო, მერის ერთ-ერთი შვილიშვილი ჩემ ძმასთან ერთად დაჰყავდათ ხოლმე საბავშვო ბაღში. არ გეგონოთ, მთელი ბავშვობა ზაფხულობით ბაღში ატარებინებდნენ დროს. ალბათ ერთი ზაფხული იყო ასე და მე კი, ბავშური ფანტაზიის წყალობით კარგად ჩამებეჭდა ეს თავში. მე და უფროსი შვილიშვილი ამ დროს უკვე ოტოს და ნეკერმანს ვათვალიერებდით, მერის ახალგაზრდა რძლის, ამ შვილიშვილების ბიცოლის საძინებელში და რაღაც მიუწვდომელზე ვოცნებობდით. ბიცოლას „ლელა ძალოს“ ეძახდნენ. მეგონა, მეც ასე უნდა დამეძახა. მერე ამიხსნეს, რომ ლელა ჩემი „ძალო“ არ არის.

ბუნდოვნად მახსენდება, ციალას მიჰყავდა და მოჰყავდა კიდეც ჩვენი უმცროსი და-ძმა ბაღში. იქნებ მაშინ ჩამტკბარები იყვნენ მეზობლები? აბა მაშინ ვისზე ჩიოდა მერი, ვისზე წუწუნებდა? იქნებ ქმარზეც შესჩიოდა რამეს თინა ბებოს, სანამ ტარიელა პაპა ცოცხალი იყო? აწი რაღას გაიგებ ...

ტარიელა პაპამ და დათო პაპამ, რომელსაც მხოლოდ 8 წლამდე მოვესწარი, თუნგები გააკეთებინეს ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის. სად, როდის? არ ვიცი. უბრალოდ ეს ფაქტი ჩამრჩა გონებაში და ის თუნგი - ვიზუალურ მეხსიერებაში. განა რამე განსაკუთრებული, ასეთი თუნგები იქნებ ციალა ბაბოს შვილიშვილებსაც კი ჰქონდათ. მაგრამ ჩვენთვის მაინც რაღაც გამორჩეული იყო. განსაკუთრებით გემრიელად და ცივად ისმეოდა წყალი იმ პატარა ვერცხლისფერი თუნგიდან, მე რომ მხვდა წილად. ვწერ და ახლაც ვგრძნობ ცივ რკინას ტუჩებზე და „ბატონის წყაროს“ სიცივეს ყელში. სად წავიდა ის თუნგი, სახლთან ერთად გაიყიდა? აწი რაღას გაიგებ ...

Comments

Popular posts from this blog

ეს კამორაა...

უცნობი (ნახევრადdraftი პოსტი)

ასე ვხვდებოდით სექტემბერს....