ჩემი, შენი, ჩვენი არაფერი

რამდენადაც დაჩქარებულია დრო , იმდენად შენელებული ცხოვრებისკენ მოგვიწოდებს ყველა ქარდი, ეიაის გაკეთებული ფოტოები, ვიდეოები, სურათები ...

დავეწიოთ და გავასწროთ ... - ეს დევიზი სადღაც წინა საუკუნეში დარჩა თითქოს.

რა მაგის პასუხია და მგონი წერის ბლოკადა მაქვს. ქართულად ასე ამბობებ? წერის ბლოკადა? არ ვიცი. 

მას მერე, რაც იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა დაიწეროს წიგნი, რომ არსებობს რაღაც წესები, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და რაღაც არ, თითქოს ვეღარ ვწერ. 

მგონი უნდა დავივიწყო ყველას ნასწავლი და ნათქვამი. არა, წიგნის წერისთვის არ ვგულისხმობ, აქაურობისთვის ვგულისხმობ. აქ კარებს რომ ვხსნიდი, თვითონ იწერებოდა, არაფერზე ვფიქრობდი. და აქაურობას არ მინდა, რამე შეზღუდვა შეეხოს ან ვინმეს აზრმა იქონიოს გავლენა. წიგნი - ცალკე. ბლოგი ცალკე. წიგნი სხვაა, ბლოგი სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი. 

არა და რამდენჯერმე მქონდა ისევ შემოტევა, განწყობა, იდეა. მერე? მერე დროულად ვერ გავხსენი ლეპტოპი და ჰა, დაიკარგაა ისევ. მაგრამ მოვა, სად წავა. მოვა, მაგრამ როდის? :)

ამას ახლა დრაფტად დავტოვებ, უბრალოდ თითების სავარჯიშო იყო, მოთელვა იყო. და მერე მოვბრუნდები. 

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

რამდენიმე დღის შემდეგ

მესამე დღეა, გათბობა ჩავრთე. არა და ჯერ მხოლოდ 7 ოქტომბერია. ორი დღეც და 9 ოქტომბერი დადგება. ვნახოთ, რამდენად ლომფერი იქნება. დღეს უფრო მგლისფერია, ნაცრისფერი. 

გუშინ პალტოს საყელო აწეული მივიჩქაროდი დილით ადრე ვარჯიშზე. მართალია პალტო მთლად ზამთრის არ არის, უფრო შემოდგომის არც ისე ძლიერი მზით ოდნავ გამთბარ ამინდში გასაპრანჭად თუ გამოდგება. ხოდა ჩავუყევი დაღმართს და დაცვის ჯიხურს რომ გავუსწორდი, უცებ მომესმა: აცივდა, არა? უბრალოდ ნათქვამი არ იყო, ხმამაღლა გადმოძახილი იყო. გავხედე და ფანჯარაში ჭაღარა დაცვა იდგა და იღიმოდა. კი, აცივდა მეთქი, ღიმილითვე ვუპასუხე. არაა, ჯერ ადრეა. ასე არ შეიძლება. შენ თან ჯერ ახალგაზრდა ხარ. ისე მელაპარაკებოდა, ბაბუა რომ ელაპარაკება თავის მოზრდილ შვილიშილს. დიდი ალბათობით, სწორად მაგ ხნის ვეგონე. უფრო გამეღიმა. თითქოს სამყარომ კიდევ ერთხელ გამომიგზავნა დასტური იმისა, რომ კი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ჯერ არც უნდა მციოდეს და უნდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

არა და იმ ასაკს, ცნობილ ფრაზაში ასევე ცნობილი საბჭოთა ფილმიდან რომ ასახელებს შუა ხნის კრიზის გადალახული ქალი, უკვე გადავცდი. ანუ იმ ასაკს, ცხოვრება ჯერ კიდევ ახლა რომ იწყება. რამდენჯერ შეიძლება დაიწყოს ცხოვრება? პრინციპში, რამდენჯერაც შენ გადაწყვეტ. 

ხოდა წავედი თავაწეული და ცოტა ხანში უკვე ცალფეხაწეული მეორე ფეხზე მშვენივრად ვბალანსირებდი და ვმოძრაობდი და ჩემზე ალბათ ორჯერ პატარებს ვჯობნიდი კიდეც ამ და არა მარტო ამ ვარჯიშში. თუმცა, ეს სიტყვაზე, თორემ ისე, სიმართლე გითხრათ, სულ ერთია, ვის ვჯობნი. არა, იმ გაცვეთილ ფრაზას ნამდვილად არ ვიტყვი ახლა, შენი თავის უკეთესი ვერსია უნდა გახდეო, უბრალოდ მართლა არის რაღაცეები, რაშიც ხვდები, რომ ძალიან წინ წახვედი, იქ აღარ ხარ, სადაც იყავი. იქნება ეს იოგას პოზები და ბაკასანაში 2-დან 10 წამამდე ასვლა თუ შინაგანი ბალანსი. 

* * * * * * * * * * * * * * * * 

პერიოდულად რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კითხვა მინდება. სხვა წიგნების პარალელურად. ორი აუდიო წიგნის თაბი მობილურში მაქვს გახსნილი. ორი წიგნი სავარძლის გვერდით ჟურნალების კალათში მიდევს. ორიც - საძინებელში, საწოლის ბოლოსთან მდგარ ბენჩზე. და ამას რამდენიმე დღეა ინანიშვილი მივამატე ისევ. ძილის წინ 2 მოთხრობას მაინც ვკითხულობ და მერე გაღიმებული ვიძინებ. კაცი, რომელიც თითქოს არაფერზე წერდა. არის მოთხრობები, სადაც არც მოვლენები ვითარდება, არც რამე გახსნაა კვანძისა. მაგრამ ამავე დროს კითხულობ და იმ გმირების მთელი ცხოვრება იცი, თითქოს. ყველაზე უბრალო სიტყვებით გადმოცემული მათი ემოციები ზუსტად შეგიძლია იგრძნო. ძალიან უბრალო სიმღერა ... 

ხანდახან მეც არაფერზე ვწერ. ან ხშირად. და ასევე ხშირად მინდა, არაფერზე ვწერო. ინანიშვილს არ ვედრები. არც ჰემინგუეის. მასაც ჰქონდა ასეთი მოთხრობები. ძალიან ბევრის მთქმელი მოთხრობები, სადაც თითქოს მოვლენები საერთოდ არ ვითარდებოდა. მე? მე მივიყვან იმას ბოლომდე, რაც დავიწყე. დავწერ. მერე კი, თუმცა რატომ - მერე?  პარალელურადაც გავაგრძელებ არაფერზე წერას, სადაც იქნებ ნახულობს ვინმე რაღაცას, რაც ეცნობა, რაც მასაც ეხება, რაც მეტია, ვიდრე არაფერი.



Comments

Popular posts from this blog

დილა მარაზმ(ებ)ისა

Короче становился день...

ალტერნატივა საზღვრებს გარეშე