დეკემბრის წერილი
მერამდენედ უნდა შემიყვარდეს ზამთარი თავიდან, საინტერესოა. ყოველ წელს, ზამთრის დადგომამდე თავგადაკლული ვამბობ, რომ არ მინდა, ზაფხული დამთავრდეს, რომ ვერ ვიტან ზამთარს და წარმოდგენაც არ მინდა, რომ უნდა მოვიდეს. და შენ გგონია რამეს ვაჭარბებ ამ დროს, ან ვიტყუები? არა, მართლა ასე ვფიქრობ. მერე მოდის ზამთარი და... უპს, ახლიდან მიყვარდება, ახლიდან "ვამუღამებ" და ყინვაში გარეთ სიარულშიც კი სიამოვნებას ვპოულობ. მთავარი, კომფორტულად მეცვას, გემრიელად, ისე, როგორც მე მიყვარს, სახლში სითბო იყოს და სადაც შევალ - იქაც. და ქარი და სისველე ნუ იქნება. ყინვა და სიცივე არ მაფერხებს. აქვს რაღაც საოცარი სიმყუდროვე ზამთარს. განსაკუთრებით კი, დეკემბერში, წინასაახალწლო პერიოდში, როცა ჰაერში რაღაც ტრიალებს, რაღაც ჯადოსნური. როცა მარტო შენ კი არ ისვენებ, სხვებიც ისვენებენ, რაღაცნაირად შენელებულია ტემპი, გგონია, რომ გაღიმებულია ხალხი, როცა იდიოტური რომანტიული კომედიების ყურების და ხანდახან გულის აჩუყების დროც გაქვს. მე მიყვარს, როცა სხვებისთვისაც დასვენებაა და არა მარტო ჩემთვის, ეს ერთიან განწყობას ქმნ...