წერილი #6


ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.


დღეს იცი რა დღეა? დღეს არის დღე ხვალის შემდეგ. არა და რეალურად ხვალ არის. წინა წერილიდან გამომდინარე ვითვლიდი, მაგრამ მაინც ხვალ გამოდის. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშნელობა. 

თბილისში აგრილდა. დილით და საღამოს ძალიან გრილა. გრილა კი არა, ახლა ისეთი გრიგალი ამოვარდა, ისე აჯახუნებს მშენებლობის არმატურებს, რომ დაატრიალოს და გადმოაგდოს აქეთ, რამეს დააზიანებს. თან ელავს. როგორც იქნა მოვრჩი ყველა საქმეს, ამოვბრუნდი, გავიხადე, ყველაზე თხელი რამ, რაც კი ვიპოვე კარადაში გადავიცვი (აივანზე რომ არ მნდომებოდა გამოსვლა, ამასაც არ ჩავიცმევდი), მოვიმარაგე ყავის და ბეზეს ტორტი, მაწონი, ქინდლი, ლეპტოპი და შუქის ანთების გარეშე გამოვზიდე ყველაფერი აივანზე. და აი აქ დაიწყო ქარაშოტი, წვიმა, ელვა და ა/შ. მომიწია შესვლა და ხალათის ჩაცმა. ეს ხალათი მიყვარს, ფერი მიყვარს და სირბილე. მაგრძნობინებს, რომ შემიძლია ახლა არაფერი ვაკეთო და ვინებივრო. აი ასეთია და ასეთ დროს ჩასაცმელი. 

შემცივდა და მსიამოვნებს ეს. დღეს არ ვიცი, რა მჭირდა. დღის მეორე ნახევარში ისეთი თავის ტკივილი დამეწყო, თავის და თვალების. კიდევ კარგი, ადრე მოვრჩი მუშაობას და მეტი გაკვეთილი აღარ მქონდა დაგეგმილი. ჯერ მივხვდი, რომ მშიერი ვიყავი. თან ალბათ ცოტა გამოუძინებელიც, გვიან დაძინებული და ადრე გაღვიძებული. ეზოში ჩავედი, რომ რამე მეყიდა. შუა გზაზე მივხვდი, ძალა აღარ მყოფნიდა და ვფიქრობდი, ნეტა უკანა გზას როგორ დავძლევ მეთქი. ვერ გავიგე, რა დამემართა. მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე, ორივე მაღაზიაში შევედი, ვიყიდე რაც მინდოდა და ქათმის ღვეზელის ჭამითვე გამოვუყევი უკანა გზას. არა და ვერ ვიტან გარეთ და ფეხზე დამდგარი ჭამას. ჩემთვის ჭამას სხვა, რიტუალური დატვირთვა აქვს. მაგრამ ახლა ვგრძონდი, იქვე რომ არ ჩამეკბიჩა, ძალა არ მეყოფოდა სახლამდე. წყალიც მაღაზიაშივე გავხსენი და სანამ სალარომდე მივიდოდი, თითქმის დაცლილი მქონდა. თან მცხელოდა. არა და არ ცხელოდა. სახლში მოვედი როგორღაც, ცოტა აზრზე მოსული, კაბა გავიძრე და იქვე მივაგდე, რაც ასევე არ მჩვევია, მაგრამ მინდოდა, კანი გამეხადა. კონდიციონერი ჩავრთე და ვახშმის მზადება დავიწყე. 

ცოტა ხანი უნდა შევწყვიტო წერა. წვიმა პირდაპირ სახეში მასხამს და ლეპტოპსაც მისველებს უკვე. რაც სახიფათოა. მომიწევს შიგნით შესვლა. გესმის, როგორ გრუხუნებს?

შემოვბარგდი. ხო, სად გავჩერდი? ვახშმის მზადება დავიწყე მეთქი. შტოშიხ ქათმის ღვეზელმა თავისი ქნა და ცოტა სპაზმი მომეხსნა, ეტყობა, მართლა მშიოდა. კარტოფილი კუბიკებად დავჭერი რატომღაც და ისე შევწვი. ან შეწვა არ დავაცადე, ან არ მქონდა სწორად შეწვის თავი, ან ეს ტაფა მართლა აღარ ვარგა. მოკლედ, არ გამოვიდა ისეთი, როგორიც მინდოდა და მიყვარს. ვერ ვიტან, ოდნავ მაინც უმად რომ ხვდება პირში კარტოფილი. იმდენად ვერ ვიტან, შეიძლება ცუდ ხასიათზე დამაყენოს. მოკლედ, არ გაამართლა. მაინც ვჭამე ცოტა, რაც ვარგოდა. სამაგიეროდ გამახსენდა, რომ სულგუნი მქონდა ნაყიდი და პომიდორი და სულგუნით ვისიამოვნე. დაბალანსდა. და მერე კიდევ ყავის და ბეზეს ტორტი მელოდა.... 

არა და რაჭაში ყოველდ დღე ლობიანების და შქმერულის ჭამამ შედეგი გამოიღო და 2 კილომდე მაქვს მომატებული. კი, დავიკლებ, მაგრამ ნამცხვრების ცხობა-ყიდვას თუ შევეშვები, ჯობს ალბათ. ამდენი ხანი რომ არ მივარჯიშია და გუშინ და დღეს კარგად გადავაბი, საღამოს უკვე კუნთებიც მტკიოდა სასიამოვნოდ. ნელ-ნელა ისევ ჩავდგები ფორმაში. 

ვახშმის მერე კიდევ ერთხელ მომიწია გასვლა. აქვე ვიღაცისთვის რაღაც უნდა გადამეცა. ნიმესილი გადავკარი და წავედი. ვერასოდეს ვიტანდი ნიმესილს და ფაქტობრივად არ ვსვამდი, მაგრამ რაც ყბის სახსარი ამტკივდა, ნიმესილმაც დაიმკვიდრა ადგილი ჩემს ჩანთასა და კაჟადაში. რაჭაში წასვლამდე ისევ მტკიოდა. რაჭაში კი საერთოდ არ გამხსენებია. მხოლოდ წამოსვლის წინა დღეს იჩინა ისევ თავი. დამეწყო და აი, დღეს უკვე პიკს მიაღწია. თითქმის ნახევარი დღე მტკიოდა ისე, რომ ვფიქრობ, თავის ტკივილიც მაგან გამოიწვია ნაწილობრივ. ხანდახან ვფიქრობ, რამეზე თუ ვინერვიულე, ან დავიძაბე, ან სტრესის მაგვარი იყო, მაშინ მეწყება მეთქი. პრინციპში, დაძაბულობა უკეთებს პროვოცირებას - ეს ჩემი თეორია კი დაადასტურა ექიმმაც. მოკლედ, აღარ მინდა ამაზე.

თავშივე უნდა მეთქვა, დღეს უნდა გეწუწუნო მეთქი. არ წაიკითხავდი ამ შემთხვევაში? კარგი, მოვრჩეთ ამაზე. ამასობაში თავის ტკივილმაც გამიარა, და ძალიან სასიამოვნოდ ჩათენთილი ვზივარ ტახტზე მუხლებზე ლეპტოპით. სახლი ჩაბნელებულია, მხოლოდ სამზარეულოში მინთია პატარა კატა-ნათურა. კარი ღიაა და გრუხუნი და წვიმის ხმა შემოდის. და სუნი წვიმის. 

წერას რომ მოვრჩები, ისევ კითხვაზე გადავალ. ერთი მწერალი აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით, აუდიო წიგნს ვუსმინე. მომეწონა. იმის მერე სხვაც ბევრი რამ წავიკითხე და ახლა, შვებულების წინ ისევ ვეძებდი რამეს და ისევ გადავაწყდი, ახლა უკვე სხვა წიგნს. ქინდლშიც გადმოვწერე და აუდიო წიგნიც ვიპოვე. ხან ვკითხულობ, ხან - ვუსმენ.. გააჩნია. 

9 საათი ხდება. დღეს მგონი ძალიან ადრე დავწვები. ძალა მაინც გამოცდილი მაქვს, არ ვიცი, რატომ. და  მეძინება.

კარგი, რა მინდოდა კიდევ მეთქვა? ხო, კიდევ რაღაც თემები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ძალიან დომხალი რომ არ გამოვიდეს, ამჯერად აქ დავამთავრებ და ტორტს და წიგნს მივუბრუნდები. რა კარგია სიჩუმე და სიმშვიდე. ხანდახან რა კარგია. 

ღამე მშვიდობის



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..