წერილი #4

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ჩემი 5 წლის წინანდელი პოსტი გამახსენდა, ვიპოვე და საკუთარ თავს ვციტირებ: 

"ამასობაში მზე ღრუბლებში შეიმალა.
ამასობაში აგვისტოც იწურება.
აგვისტოსთან ერთად - ზაფხულიც.
ზაფხულთან ერთად - დასვენებაც…
შეგრძნება მაქვს, რომ ეზოში ვთამაშობდი დიდხანს და ლაღად, მზეში. და უცებ გავჩერდი და მივხვდი, რომ მალე დედა დამიძახებს, ამოდიო…"

დიდხანს არ მითამაშია, საერთოდ, მეგონა, ამ ზაფხულს "ეზოში ვერ ჩავიდოდი", მაგრამ მთელი 1 კვირა ჩავედი გადაბმულად. ოღონდ ეს 1 კვირა იმხელა იყო, იმდენად დატვირთული ემოციურად და შთაბეჭდილებებით, ისეთი დადებითად დამმუხტველი, რომ გადაფარა მთელი წლის გადაღლა, სტრესი და მარაგიც მომცა, ვფიქრობ, შემდეგ ასეთ ერთ კვირამდე მაინც. ბავშვობაში არდადეგების მერე საიდანმე (მე - თელავიდან და შენ - არ ვიცი) წამოსვლა რომ არ გვინდოდა ხოლმე, ტირილამდე რომ არ გვინდოდა, აი ასეთი შეგრძნება გამიჩნდა დღეს. ვიცი, რომ მერე ჩამყლაპავს ისევ თბილისი, მაგრამ ახლა არ ვფიქრობ ამაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო მართლა კვირა საღამოსავით არის (არ ვიცი, ვისი ნათქვამია, მაგრამ სწორი მიგნებაა), მაინც ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ, ჩემი თვეა. იმიტომ, რომ აგვისტოში დავიბადე, იმიტომ რომ, აგვისტო ზაფხულია, მზეა, დასვენებასთან ასოცირდება იმთავითვე… მოკლედ, აგვისტოს არ შეეხო! მე არ ვიცი, შენ რომელი თვე გიყვარს, მაგრამ აგვისტოზე ხელს არ დაგაკარებინებ, აუგს არ გათქმევინებ!

დღეს პირველი დღეა, უფრო სწორად პირველი საღამო, როცა ისე აგრილდა, რომ გრძელ სახელოებიანი თხელი კაბა ჩავიცვი აივანზე ჯდომისას. და ბოლოს შემოვედი კიდეც. თუმცა, კარი რა თქმა უნდა ღია მაქვს და არც საბნის დაფარებას ვაპირებ. ააა, არა, პირველი არა, რამდენიმე დღის წინ ხოტევში სტუმრად ეზოში ვახშმისასაც გადავიცვი გრძელ სახელოებიანი მაისური. არა და რა მომარაგებული წამოვედი, საღამოს რაჭაში ეციება მეთქი. ფანტასტიური ამინდები იყო. ყველანაირად გვასიამოვნა.

მზეს ვერიდები მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ აღარ ვწვები ბოლო 2 წელია მზეზე დიდხანს და მით უმეტეს, გვიანობამდე. აქ კი ისეთი მზე და ტემპერატურა იყო იმ ყინულივით წყლის პირას, რომ საათს როცა დავხედე, სახტად დავრჩი - 3 იყო დაწყებული და ჩვენ ჯერ კიდევ მზეზე ვიწექით. პერიოდულად კი მივდი-მოვდიოდით, წყალში ნაპირიდან ნაპირზე და ქვებიდან ქვებზე გადავდიოდით, ჩრდილში შევდიოდით, ჰამაკში ვქანაობდით, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში ამ დრომდე მზეზე ალბათ წლებია არ ვწოლილვარ. ხვალ დილითაც თუ გაგვიმართლა ამინდში, ერთხელაც წავალ და მერე.... მერე დავბრუნდები თბილისში. თვითმფრინავით მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა.
ისე, კარგად შეხედე ფოტოს, ხედავ თვითმფრინავს? :)

ახლა მეტი არაფრის თქმა აღარ მინდა. ცოტას წავიკითხავ და ადრე დავიძინებ. ინტერნეტმა ძალიან თუ არ აურია, ვინმეს დაველაპარაკები ცოტა ხანი და ეგ არის.

ღამე მშვიდობის

პ.ს. დე, ცოტა ხანი კიდევ ვიქნები ეზოში, რა :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..