წერილი #1

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

დღიურის სახე რომ მივცე ამ წერილებს? უადრესატო წერილებს. ან იქნებ ჰყავთ ადრესატი. შეიძლება არაერთიც. ორი,  სამი… გააჩნია განწყობას, პერიოდს.

რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არც ერთს არ გავუგზავნი, არ მივმართავ, არ წავაკითხებ პირდაპირ, თუ თვითონ არ მოაგნეს.

და ჯობს, მიმართვაზე გადავიდე, არდაკონკრეტებულ მიმართვაზე. უფრო სწორად წერილ-დღიურის სტილზე.

თბილისში გაწვიმდა. რიცხვი კი ვიცოდი, მაგრამ დღე არ მახსოვდა. დღე სასწაული. ფბ-ზე ერთი შეჭყეტვა და მეგობრის სტატუს დამხვდა - ფერისცვალება დადგა და გაწვიმდაო. კი, ეგრეა. იცვალა ამინდმაც ფერი. ამას წინათ მეუბნებოდა ზუსტად ვიღაც, ვერ ვიხსენებ, ვინ, წესით ხომ ფერისცვალების მერე იცვლება ხოლმე ამინდი, მაგრამ სინამდვილეში არ იცვლებაო. აი, თუ არ იცვლება. თუ კითხულობ ამას, ამოიცნობ შენ თავს, მე არ მახსოვს ოღონდ, ვინ იყავი. 

სანამ გაწვიმდებოდა, სიჩუმე და ჭრიჭინის ან კალიის ხმა იყო. და ლავანდის სურნელი. ახლა ელავს. და ლავანდის სურნელს წვიმის და სველი მიწის სურნელი შეერია. კი, მიწის, რადგან ჩემი სახლის გვერდზე პატარა ტყესავით არის და იქიდან მოდის ეს სურნელი. 

ოთახში შევედი, ნამცხვრის კონტეინერი გადავაგდე, კოვზი გავრეცხე და მივხვდი, რომ შემდეგი 7-10 დღე ალბათ განვაგრძობ წერას. აგვისტოს ქრონიკები. ან რაჭის. ხო, ხვალ დილით ადრე რაჭაში მივდივარ მშობლებთან ერთად. არ მითქვამს ხომ? ან მითქვამს. გააჩნია, ვინ ხარ. ხო, წელს რეალურად ვერ დავგეგმე შვებულება და მოგზაურობა სხვადასხვა მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა, მაინც გამომივიდა პატარ-პატარა გასვლები. ხან აგარაკზე ვიყავი ჩემ ძმასთან, ვცურავდი, მზეს ვეფიცხებოდი, ბავშვებს და ოჯახს ვეკონტაქტებოდი, ვმუშაობდი, ერთხელ - თელავში რამდენიმე დღით. აქაც იგივე. რეალურად, შედარებით ამოსუნთქვა ივლისის მეორე ნახევრიდან დავიწყე, აი აქედან დაიწყო ჩემი ზაფხული. კი, მოკლე გამოდის, მაგრამ საკმაოდ ბევრი ჩაეტია. 

დაბადების დღეზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ახლა არა. მერე მოგიყვები ამას. რაც არ უნდა იცოდე, ემოციების მოყოლა და გაზიარება სხვაა. 

საერთოდ, რაღაცნაირი ზაფხული იყო. წეღან ვფიქრობდი, 2 თვეში იმდენი რაღაც მოესწრო და მოხდა, რამდენიც ხან 2 წელში არ ხდება ხოლმე. დეტალებზე აქ და ახლა არ შევჩერდები. 

მეგობარმა მოიწერა გრუპ-ჩეთში, ყვარელში მეხი ჩამოვარდა სადღაც აქვეო. აქ ისე ელავს, უცებ მეც გამიელვა თავში, ახლა ამ ლეპტოპს რომ დაეცეს, კი დამთავრდება აქვე ზაფხული მეთქი :) შევალ ცოტა ხანში შიგნით. თან ადრე უნდა ავდგე და ჯობია, გამოვიძინო. 

გუშინ გავაცილეთ ჩვენები ვენაში. არც ამაზე მინდა ახლა შეჩერება. არა აქ და არა ახლა. ეს უფრო პირადი საუბრისას გაზიარების თემაა. 

რა გამოვიდა, თუ არაფერი გადმოვეცი აქ, რასაც ისე ვერ გადმოვცემ, აზრი? არა, ნელ-ნელა გაიხსნება ალბათ. 

ახლა კი ისევ მომდის ჩემი გასხლული ლავანდის სურნელი. ვარდიც გავსხალი, ცოტა გარდენიაც გავაცოცხლე. რომ ჩამოვალ, იქნებ ახალი ყვავილები დამახვედრონ. 

არ მჯერა, აივანზე ვზივარ და მგრილა. 

დავწვები. კითხვა ახლა არ მინდა, თან ქინდლი იტენება. ახლა სერიალს მივუბრუნდები და გუშინდელივით ჩამეძინება საწოლის არა ჩემ ნახევარში, არც შუაში. რაღაც სხვანაირად. გუშინ გემრიელად მეძინა. 

ღამე მშვიდობის

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..