წერილი #7


ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ზაფხულის ბოლო დღეა. არასოდეს მეთმობა ზაფხული. დილას და საღამოს გრილა. ერთი, ან იქნებ ერთად ერთი პლუსი ამისი, არის ის რომ... დაიცა, ჯერ გეტყვი, როგორ მივედი ამ აზრამდე: მუშაობას რომ მოვრჩი, ცოტა ეზოში გავლის მიზნით ნაგავი წავიღე გადასაყრელად და უცებ მივხვდი, ისეთი ამინდია უკვე, რომ თავისუფლად და სიამოვნებით შემიძლია ისევ ველოთი სეირნობა ეზოში. რაც ძალიან დაცხა, აღარ მივლია. ახლა კი ზუუსტად ის ამინდია, როცა მააგრამ გამისწორდება :) უცებ რომ მივხვდი ამას, რაღაცნაირად ძალიან გამიხარდა. მაგრამ სახლში ნაპოლეონი მელოდა და სკამზე ფეხების აწყობა :)) ასე რომ, ხვალისთვის გადავდე სპორტული სიამოვნება, ნაგავი გადავყარე და კულინარიული სიამოვნებისთვის ამოვბრუნდი უკან. გზაში ყველა სახის ბორბლებზე მოსიაარულე ხალხი შემხვდა, თითქოს განგებ. ზოგი სკუტერით იყო, ზოგი მოტოთი, ზოგი სკეიტით. მაგრამ არა, ვერ შემაცდინეს. შტოშის ნაპოლეონი მაცივარში იდო და ჩემ გემოს რეცეპტორებს ელოდა. დავიმსახურე დღეს დასვენება. 

ძალიან მეძინება. გადავეჩვიე გვიან დაძინებას. თან სულ ადრე ვიღვიძებ, ან ვარჯიშზე მივდივარ და ან გაკვეთილი მაქვს. და გვიან დაძინებულს ძილი არ მყოფნის, მეორე დღეს არაპროდუქტიული ვარ და არც ენერგია მაქვს იმდენი, რამდენიც მინდა. ასაკი არ ახსენო ახლა, უბრალოდ ჯანსაღ ცხოვრებას თავის პლუსები აქვს. თავის ტკივილსაც თავიდან იცილებ ამ შემთხვევაში. ახლა ამ წერილს მოგწერ და დავწვები. მეგობარს კი ვუთხარი, დამირეკე რომ გათავისუფლდები მეთქი, ის ოკეანის გადაღმაა და ჯერ არ ეცალა. უფრო სწორად, გავთვალე, რომ შეიძლება უკვე მძინებოდა და მომწერე, თუ მეღვიძება, დავილაპარაკოთ მეთქი. ხოდა ეჭვი მაქვს, გადაგვედება საუბარი ისევ. 

გუშინ სტუმრები მყავდა. მეგობრის დაბადების დღეა დღეს და გუშინ ჩემთან "შევხვდით". გერმანულად ამას "reinfeiern" ჰქვია და ვფიქრობ, გადასარევი იდეაა :) ჩემ დაბადების დღეზე ხომ თვითონ მომიწყეს სიურპრიზი და მარტო არ დამტოვეს ღამის 12 საათზე :) გუშინ გამოცხადებული შეხვედრის ქრონიკა იყო, არა სიურპრიზი, მაგრამ მაინც მშვენიერი  გამოვიდა ვიწრო წრეში მინი აღნიშვნა. მერე გვიანი იყო წერილისთვის, ამიტომ აღარ მომიწერია. 

ძალიან მიყვარს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება. ოღონდ ისეთის, რომ ვიცი, გაუხარდებათ მართლა. ლამის მე უფრო მიხარია ხოლმე. ხოდა სულ ვფიქრობ, მინდა, ყოველთვის მქონდეს იმის საშუალება, რომ როგორი საჩუქრებიც მინდა, ისეთი გავუკეთო. 

ხო, გუშინ სავსე მთვარე იყო, სავსე ლურჯი მთვარის პიკი. ჩვენი შეკრება ბოლოს კოლექტიური სურვილების წერით და დაწვით დასრულდა :)) ყვითელი ქაღალდები და წითელი პასტა აღმომაჩნდა და ასე იდგნენ აივანზე და რიგ-რიგობით წერეს სურვილები :)) ძალიან სახალისო იყო. მე, ყველა რომ წავიდა, მერე დავჯექი, უფრო სწორად დავდექი და ჩამოვწერე. მერე ფერფლის ნაწილი ქარს, ნაწილი კი წყალს გავატანე. ვნახოთ, აბა :)

თემამ მოიტანა და იმ დღეს ისევ ვიზუალიზაციაზე მინდოდა მეთქვა. და გადავდე. თუმცა მანამდე ხომ გიყვებოდი და მგონი გითხარი, როგორც ჩანს, ზუსტად არ ვიცი რა მინდა და იმიტომ ვერ ვახდენ მეთქი ჯერ კარგად ვიზუალიზაციას. და რამდენიმე დღის წინ უცებ გამახსენდა ბავშვობიდან ასეთი რამ: ბავშვობაში, როცა ყველაფერი ფერადი, ლამაზი და ევროპული მხოლოდ კასეტებზე და ჟურნალებში გვქონდა ნანახი.. დეიდაჩემს საიდანღაც ჰქონდა ხოლმე ჟურნალები "ნეკერმანი" და "ოტო". დღემდე არ ვიცი, საიდან. ერთი უნდა ვკითხო :) ხოდა თელავში ყოფნისას, როცა ბებია სამსახურში იყო და მე დეიდასთან ვრჩებოდი, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო ამ ჟურნალების თვალიერება. დეიდას და კიდევ ჩვენ ერთ მეზობელს იქვე. ეს იყო ფანჯარა რაღაც ზღაპრულ სამყაროში, რომელიც საოცრად მიუწვდომელი და შორი მეჩვენებოდა. უბრალოდ ოცნება შემეძლო ამაზე და ალბათ ვერც ვუშვებდი, რომ ოდესმე ეს ყველაფერი სრულიად ხელშესახები და ჩემი ცხოვრების ნაწილიც შეიძლება გამხდარიყო: ლამაზად მოწყობილი სახლები, რბილი ფერადი ტახტები, ერთი ფერის ბურთებით გაწყობილი ლამაზი ნაძვის ხეები, სახლის პიჟამოებში იმ ფერად ტახტზე წამოწოლილი წყვილები, სიმყუდროვე, რომელიც ამ ყველაფრიდან მოდიოდა... ხოდა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, წარმომედგინა (ანუ ვოცნებობდი), რომ მეც ასე ვცხოვრობ. და როცა 3 წლის წინ ჩემ საკუთარ, ჩემივე გემოვნებით და იდეებით მოწყობილ სახლში გადმოვედი და პირველი ახალი წელი დადგა, როცა პირველად დავდგი ნაძვის ხე, რომელსაც სულ ოქროსფერი ბურთები ჰქონდა, მაშინ გამახსენდა ეს ამბები ბავშობიდან. და მივხვდი, რომ ოცნება ამისრულდა. და რამდენიმე დღის წინ კი მივხვდი, მაშინ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და ვხედავდი ამას თვალნათლივ. და მართალია, დიდი ხანი დასჭირდა ამის ასრულებას, მაგრამ ხომ ასრულდა :)

ხანდახან ვფიქრობ, რომ დრო ძალიან... სიტყვას ვეძებ, როგორია? ფარდობითი ცნება? პრინციპში, დროს ხომ ჩვენ ვყოფთ, ჩვენ ვანაწილებთ საათებად, დღეებად, წლებად... რეალურად ძალიან უცნაური რამეა დრო და ხანდახან სულ ერთია, რამდენი ხანი გავა. ხო, რთულია ახლა ამის ახსნა და ამაზე ლაპარაკი. იქნებ სხვა დროს ვილაპარაკოთ დროზე. 

ძალიან დამკბინეს. ფეხები განსაკუთრებით გემრიელია ეტყობა. მაგრამ აი კისერზე უკან ნაკბენები ნამეტანია. 

დღეს თმა შევიჭერი. შესაღებად მივედი და მაქსიმუმ - ოდნავ შესასწორებლად. და რა თქმა უნდა დავყევი ჩემი თმის შემოქმედის ნებას და რეკომენდაციას და შევიჭერი :) და ისე მიხარია ეს განახლება, თითქოს რამე განსაკუთრებული მოხდა :) ხვალ ვარჯიშზეც კი არ მივდივარ იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ძალიან ლამაზად დამდგარი ვარცხნილობა არ გავიფუჭო :))

უი, ხო, გუშინ კიდევ ერთი მოვლენა იყო, მოკლედ მოვლენებუხვი საღამო აღმოჩნდა: ღამის 1 თუ 2 საათზე გაზის საავარიო ჯგუფის გამოძახება მომიწია :) არაფერი, საბოლოოდ ცრუ განგაში ჩაწერეს, მაგრამ ცრუ არ იყო რეალურად. მოკლედ, მრიცხველი გადახურდა სავარაუდოდ და ხმაურობდა, ისე, რომ ერთხმად გადავწყვიტეთ - უნდა გაგვერკვია, რა ხდებოდა. მეზარება ახლა დეტალების მოყოლა. მეზობლის მრიცხველი, კარის მეზობლების, რომლებიც სავარაუდოდ რუსები არიან და ინგლისურად მესალმებიან და რომლებსაც ამ ხმაურზე გაეღვიძათ კიდეც და ისევ ინგლისურად ვიკონტაქტეთ. რომ მოვიდნენ, რა თქმა უნდა ხმაური შემწყდარი იყო. რა თქმა უნდა არაფერი საგანგაშო, მაგრამ ჩვენ დავმშვიდდით. 

ხვალ პარასკევია. კარგია. აღმოჩნდა, რომ ადრე ვამთავრებ მუშაობას, ბოლო გაკვეთილი მიცდება და პატარა ბავშვივით გამიხარდა. სავარაუდოდ სამეცადინო მაქვს კიდე, მაგრამ მგონი ბევრი არაფერი, ასე რომ. ასე რომ თავისუფალი საღამო ადრე დამეწყება და გეგმების განსახორციელებლად დრო მექნება. 

კიტრიანი წყალი დაგილევია? სპა-ზონებში აქვთ ხოლმე და ყოველთვის მომწონდა და სულ მავიწყდებოდა, მეც გამეკეთებინა. ხოდა გუშინ ღვინისთვის დეკანტერი მქონდა გამოღებული, რომელშიც აღარ მომიწია ღვინის ჩასხმამ, სამაგიეროდ მომივიდა იდეა, რომ მასში შეიძლებოდა კიტრიანი წყლის გაკეთება და დღეს დილიდან დავიდგი და ვსვი. გადასარევი გამაგრილებელ-გამაცოცხლებელი საშუალება გამოდგა, თან უფრო მარტივად სვამ წყალს.

ახლა დავწვები. ამასობაში 11 ხდება. და გამოვიძინებ. დილით ისევ 9 საათზე ვიწყებ. თან ონლაინ კი არა, მოდის სტუდენტი და უნდა ვიყო გამოფხიზლებულ-ჩაცმულ-დახურული :)

ღამე მშვიდობის

პ.ს. წერილი #6 არ დამიდია არსად. უბრალოდ დავწერე და დავტოვე აქვე. ამიტომ შეგიძლია, აქ წაიკითხო. და საერთოდ, ყველა წერილის პოვნა თეგით შეიძლება, თეგი #წერილები საკმარისია


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..