წერილი #5

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ეს წერილი გუშინ უნდა დამეწერა. გუშინ დილითვე ყალიბდებოდა თავში დრაფტად და დღისითვე ვაპირებდი დაწერას. ხოდა, მოდი, წინა თარიღით დავწერ, ვითომ ჯერ კიდევ 28 აგვისტოა, ორშაბათი  (სინამდვილეში კი უკვე 12-ს გადასცდა, 2 ხდება და უკვე 29 აგვისტოა, მაგრამ არ მივაქციოთ ამას ყურადღება).

გუშინ დავბრუნდი თბილისში. იცი? შეიძლება იცი. შეიძლება არ. გააჩნია. შრიოდინგერის კატასავით ხარ  - ეს იდეა დღეს დილით იოგას კლასის დროს მომივიდა თავში. არა და წესით, ყურადღება არ უნდა გამეფანტოს, სუნთქვაზე უნდა ვკონცენტრირდე. მე კიდევ წერილის დრაფტი მიყალიბდებოდა თავში და უცებ მივხვდი, რომ შენ - შრიოდინგერის კატასავით ხარ. თან ხარ და თან არ. და პრინციპში, სულ ასე არ იყო? ისე მომეწონა ეს აზრი (რომ დავაკვირდე, მოსაწონი არაფერია, მაგრამ სახალისო იყო), რომ გამეღიმა და უცებ დავინახე ჩემი თავი სარკეში - გაბადრული განვაგრძობდი ვარჯიშს. დიდად არ მგონია, ვინმეს გაკვირვებოდა. ვინმეს რა - ჩვენ ინსტრუქტორს, მასწავლებელს. პერიოდულად ისეთ სიამოვნებას ვიღებ იოგასგან, რომ ღიმილით ვვარჯიშობ ხოლმე. და ისედაც - მიღებული პრაქტიკაა ეს. 

ხოდა მოკლედ, ან იცი, ან არ. თან ხარ, თან არ. ხო და დავბრუნდი დატენილ-დამუხტული. მიყვარს ჩემ სახლში დაბრუნება. დღეს არ გამომივიდა დატვირთული დღე, რაც კარგი იყო, ერთბაშად და თავით არ გადავეშვი აქაურ რეალობაში. იოგას მერე აუზზე ჩავედი და ნახევარი საათი ვიცურავე. აქვა აერობიკას თუ არ ჩავთვლით, აქეთ ნაწილში არ იყო ბევრი ხალხი. თითო ზოლში 2 ვცურავდით მაქსიმუმ. ასე რომ, ხელი არავის და არაფერს შეუშლია. მერე მოვედი და ცოტა ვიმუშავე, ცოტაც ვიმეცადინე. როგორც გითხარი, დატვირთული დღე არ გამომივიდა. 

რაჭიდან ეზოში დაკრეფილი უგემრიელესი ღოღნაშო წამოვიღე. იმდენი დამიკრეფია, რომ მოვედი მერე მივხვდი - როგორ ავითვისო ამდენი და სად წავიღო. ტყემლის და ჯემის გაკეთება კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვარ ამის გამკეთებელი. ამიტომ დავიწყე ძიება, რამდენად გამოვიდოდა კექსი. ჭამის ჯგუფში გურუებს ვკითხე და სხვადასხვა იდეების შეჯამების შემდეგ ერთ-ერთ ჩემთვის უცხო სიტყვაზე შევჯერდი და გადავწყვიტე, ფრანგული კლაფუტი მეცადა. მაღაზიაში ორჯერ ჩავედი, ერთხელ რძე დამავიწყდა. მერე გავიკეთე ყურსასმენები და აუდიო წიგნის ფონზე დავიწყე კეთება. ამასობაშ მეგობრებმა დაიწყეს მოსვლა. ყველა მოუთმენლად ელოდა ექსპერიმენტის შედეგებს, რომელმაც ისეთი საოცარი სურნელი დააყენა, ეჭვგარეშე იყო, გემრიელი უნდა გამოსულიყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო, ნახევარზე მეტი ცხელივე იჭამა ნაყინთან ერთად. ღუმელიდან ახალ გამოღებულს დავყურებდი და სიხარული ვხტოდი. რა უნდა გავაკეთო და რა უნდა გამომივიდეს ისე, რომ ასე გამიხარდესო, მეგობარმა მითხრა. მე კიდევ უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებს კარგად გამოსული ნამცხვარი. 

მოკლედ, შემდეგ ჯერზე უფრო დავხვეწ და ვიცი, რას შევცვლი. ახლა კი ძალიან მიხაროდა, რომ სტუმრებს მოეწონათ და გემრიელად მიირთვეს ეს უცხო ჟღერადობის და ექსპერიმენტული შედევრი. 

რაღაც ეტაპზე აივანზე გადავინაცვლეთ. ამ სეზონზე აივანზე სტუმრები არ მიმიღია. როცა როგორც იქნა მოვიცალე მეგობრების მისაღებად, უკვე ის სეზონი იყო, რომ ძალიან ცხელოდა გარეთ, საღამოთიც კი და კონდიცირებულ ოთახში ვამჯობინებდით ყოფნას. დღეს კი მართლა ძალიან სასიამოვნო იყო აქ ჯდომა. 

ჩემი სახლის წინ მშენებარე კორპუსებიდან უცებ რაღაც საოცარი ხმები გაისმა. აი ასე ერთბაშად. თითქოს მიჯაჭვული ამირანი ჯაჭვის გაწყვეტას და აწყვეტას ლამობდა. ქარიც არ იყო ისეთი, რომ არმატურა ეხალა ერთმანეთისთვის. მართლა ვიფიქრეთ, რომ ვინმე რამე აჯახუნებდა, რკინებს. ცოტა ხანი შევშფოთდისავით. ვარიანტებად მონსტრებიც განვიხილეთ :))) მეზობელსაც ვეკონტაქტეთ გვერდზე აივანზე და ბოლოს მაინც ჩავთვალეთ, რომ ქარი კვლაავ არხეეევს ნაცნობ ლეელიაანს... კი არა და ტროსებს, ან რამე მსგავსს. ბოლოს ეს ხმაც მიჩუმდა, ჩემი სტუმრებიც წავიდნენ. ავალაგე და ახლა ძალიან მეძინება, მაგრამ რადგან ეს წერილი დილიდანვე მინდოდა, დამეწერა, ბარემ გავხსენი ჯერ არ გამორთული ლეპტოპი და გწერ. 

რა საოცარი სუნი აქვს ლავანდას. საკმარისია ოდნავ შევახო ხელი, რომ მაშინვე მიტოვებს თითებზე თავის კვალს. არ გინახავს, ხომ, როგორ ყვავის ჩემ აივანზე ლავანდა? კინაღამ გადავირიე სიხარული, ყვავილები რომ გამოიტანა. რაც აქ გადმოვედი, ეს მქონდა ოცნებად, რომ მოყვავილე ლავანდა მქონოდა და წელს ამიხდა. წასვლისას გავსხალი, უკვე თითქმის გამხმარი ჰქონდა ყვავილები. იქნებ ამ სეზონზე კიდევ მოასწროს ყვავილობა. 

ახლა ისეთი სიჩუმეა ჩემ აივანზე, ისეთი სიმშვიდე. საიდანღაც ყრუდ მესმის ბაყაყის ხმა. აშკარად წყალია სიახლოვეს. წელს ღამის ფრინველების ხმა აღარ გამიგია. დავიჯერო, აღარ ცხოვრობენ აქ? მაგრამ ღამის ხმები მაინც რჩება. ამ პატარა ტყის ნაგლეჯივით ტერიტორიიდან. ეს ან ჭრიჭინაა, ან კალია. რომელიღაც გამოსცემს ამ მუდმივ წვრილ ჩუმ ხმას. აგრილდა, მაგრამ ჯერ კიდევ ისე, რომ ღამე სრულიად ღია შეიძლება კარის დატოვება. თბილისი გიწოვს მეთქი, რომელიღაც წერილში გითხარი. ჯერ არ შევუწოვივარ. ჯერ რაღაცნაირად ჩემთვის ვარ, ინდივიდუალურად. არ ვიცი, რამდენად გასაგებია ეს. 

დღისით, უფრო სწორად უკვე აუზში, ცურვისას ვფიქრობდი, რომ წერილი ასე უნდა დამესრულებინა: ამჯერად ღამე მშვიდობისას ნაცვლად, მარიამობას გილოცავ. ეს იმიტომ, რომ 28 აგვისტო იყო და წერილის დაწერას დღისითვე ვგეგმავდი. 

ჩავთვალოთ, რომ ისევ 28 აგვისტოა. გილოცავ მარიამობას. 

და ღამე მშვიდობის 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..