Monday, January 21, 2008

ცრემლი

.
ერთ-ერთი იმ არაჩვეულებრივ საღამოთაგანი, როცა საოცრად გინდა ფეხით იარო ბევრი, ამ თოვლში და ამ ნახშირ-ბენზინ-რევოლუცია-ერთჯერადპარკებ-დაძაბულობა-დაღლილობა-და ათასჯანდაბაგარეულ მაგრამ მაინც სუფთა და რაღაცნაირად დადებითად დამუხტულ ჰაერში

ერთი მეგობარი მაინც მოიძებნება ასეთი, ვინც ამ ამბავში აგყვება და არ ეზარება - პირიქით, ეხალისება ფეხით ბოდიალი, თუნდაც ჩუმად, შიგადაშიგ თქვენებური მხიარული კომენტარებით და გადაბჟირებით

და იარეს ბევრი, ბევრი, ბევრი......


მერე მეტროში (ხო, ყველაზე სწრაფი და ოპტიმალური ტრანსპორტია ხანდახან) გაიყო გზები.

სადგური. ხალხი მატარებელს ელოდება. გვინია და ამ დროს რა თქმა უნდა აგვიანებს ”ცხოვრების ეტლის სადარებელი” მოსვლას.

ბრმა ქალი ჩონგურით (?) ხელში.

ხალხი - არეული. ჭრელი.

თინეიჯერი წყვილი რომელიც საზიზღრად ლოშნის ერთმანეთს. ხანშიშესული სიმპატიური ქალი. სევდიანად ჩაფიქრებული.
კიდევ ერთი ახალგზარდა წყვილი. რაღაცნაირი სითბოთი შეჰყურებენ ერთმანეთს. ბიჭი პერიოდულად ხელზე კოცნის გოგოს და მერე იხუტებს.
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ღიმილით მომშტერებია.
პარკებიანი ქალები და ღიპიანი კაცები. ბევრი არ იყო ხალხი.

”გამარჯობა აფხაზეთო შენი” - დაიწყო ქალმა. ხალხი გვირაბის ყურებას შეეშვა და მიბრუნდა. მოზასავმე წყვილმა ”მიშა მაგარია” - ს სიმღერა დაიწყო უსმენოდ და ვითომ ხუმრობით. მერე გაჩერდნენ.

უცებ ვიღაც საოცრად თვითკმაყოფილი სახის შუახნის კაცი გამოიკვეთა მსხვილად. ”მიშას გაუმარ...” არავინ აჰყვა და თვითონ დაასრულა წამოძახილი. თან ბრმა ქალს მისჩერებოდა. აშკარად მისგან მოითხოვდა აყოლას. ქალმა ყურადღება არ მიაქცია. აგრძელებდა სიმღერას. ”მაგას თუ მღერიხარ მიშასაც უნდა გაუმარჯოს” - განუმარტა რატომღაც. ქალს დაკვრა არ შეუწყვეტია, ისე, სწრაფად უპასუხა: - ”შენი, ჭირიმე, რა” (ერთი თავი გამანებე თუ კაცი ხარ - ტონალობა ასეთი იყო).
კაცი არ ისვენებდა და რატომღაც აღფრთოვანებული იყო საკუთარი თავით. ქალს მიუახლოვდა. ყველა დაინტერესებული უყურებდა ამ სცენას. დაიხარა. ვერავინ გაიგო, რამე უთხრა ქალს თუ არა. მერე ასე დახრილმა ჯიბეში ჩაიყო ხელი და ბუმაჟნიკი ამოიღო. ქაღალდის ფული ჩაუგდო ჯამში ქალს.
არავის გაღიმებია. მარტო თვითონ იღიმებოდა. თვითკმაყოფილი. ”და ის იდგა როგორც სიტყვა ’გავძეხი’...” - ამოტივტივდა თავში...

მოვიდა როგორც იქნა. დავჯექი. მაინცდამაინც ჩემს წინ აღმოჩნდა. გადათხლაშული და კმაყოფილი ღიმილით სახეზე კი არ იჯდა, რაღაცნაირად იდო სკამზე.

ქალმა სიმღერა შეწყვიტა. ვხედავდი, როგორ ამოიღო ჯამიდან ქაღალდის ფული. ნამდვილად ვერ გაიგებდა ვისი ჩაგდებული იყო. თვალთან მიიტანა. მომეჩვენა რომ ცრემლი მოიწმინდა....

გული მომეკუმშა. კიდევ კარგი ეს ზურგით ზის კარისკენ და ვერ ხედავს - გავიფიქრე და კარიც დაიკეტა. ქალი აღარ მღეროდა...

3 comments:

Nino said...

იმიტომ არ მიყვარს მეტროში ჩასვლა. ვითრგუნები და საშინელ ხასითზე ვდგები

Ekaterina Oniani said...

heh
ra nacnobia es kvelaferi

ally said...

კაწერინა!

როგორ ხარ გოგო? შენს ბლოგს გადავაწყდი და შემოსვლა ვცადე, მაგრამ ვერ... კომენტარი ვერ დავტოვე

სად ხარ? იქ, შოორს?! და კაია?