ბოდვა ერთობაშია

.

In Association With


& also

(non blogers)
თამუნა, სალომე & მარიამ

A Coproduction



მ ო თ ხ რ ო ბ ა


idea by Kalo
music supervisor c.


*** *** ***





I



Kalo

შარშან იყო? თუ შარშანწინ? აღარ მახსოვს. შეიძლება იმის წინაც. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ შესანიშნავი შუადღე იდგა. მზეს გამოეზაფხულებინა და ოცდათორმეტივე კბილი გადმოეყარა თბილისის თავზე. ეს წამხედურად ხალხიც, აქაოდა მზე იცინისო, გაღიმებულები მიდი-მოდიოდნენ საცობებით მდიდან და ამწვანებულ, არცთუ ისე ლამაზ ქალაში. მეც ვიღიმოდი (არა და როგორ ვერ ვიტან ამ „მასოვკაში“ გარევას), ენერგიულად ვიქნევდი ყბას და საფეთლებატკიებულს აზრდაც არ მომდიოდა ე.წ. „ჟუვაჩკის“ გადაგდება. ზუსტადაც ღირსი ვიყავი ერთმა ქალმა პირდაპირ რომ მომახალა - შე კამეჩო, როგორ იცოხნები, ზრდილობა სად დაკარგეო. ისე, არც ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტაქტით, მაგრამ მაინც მადლიერი დავრჩი, თავის ატკიების მიზეზს რომ მიმახვედრა. (შუადღე იყო და მე არხეიდან მივსეირნობდი ქუჩაში - ე. ი. შაბათი იყო, ან კვირა, ან პარასკევი - ხომ ემთხვევა ხოლმე ხანდახან დასვენების დღეები სამუშაო დღეებს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ორშაბათიც იყო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს ისე?)


მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ჩემი ალერგია გამწვავების პიკს აღწევს, მაინც მიყვარს წელიწადის ეს დრო. ესეც ალბათ მაზოხიზმია - გიყვარდეს ის, (ან ვინც - არც უმაგისობაა პრინციპში) რაც გვნებს. მელისს და მახრჩობელას კლასიკური მაგალითია, რაა.


ხოდა, რას გეუბნებოდით? ხოო. არასოდეს დამავიწყდება უკვე ძალაში შესული გაზაფხულის ის თბილი შუადღე, რადგან მან მთელი ჩემი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალა.


II



(ავტორის რეკომენდაცია: მოთხრობის ამ ნაწილის წაკითხვისას გირჩევთ უსმინოთ ქვემოთ მოყვანილ-ჩასმულ-მითითებულ სიმღერას. უბრალოდ დააჭირეთ Play-ს)

Discover Simple, Private Sharing at Drop.io
">Black hole sun

მე, ც

მოწმენდილ ცაზე მეხივითო, ხომ გაგიათ გამოთქმა? ხოდა ვით არაფერ შუაშია. ასეთი რაღაც მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. ან მაქსიმუმ კურიერის სიუჟეტებში. და კიდევ ერთ კლიპში, რომელიც მომენტალურად გამახსენდა, რადგან თავი სწორედ ამ კლიპის გმირი მეგონა, ისეთი რაღაც დატრიალდა უცებ გაზაფხულის ამ საოცარ, მზიან, უქმე easy like sunday morning შუადღეს. გახსოვთ ალბათ Black Hole Sun და მისი შინაარსი...

32 კბილით მომღიმარ მზეს უეცრად თითქოს ელდა ეცა, მეგონა მის გამომეტყველებასაც კი ვხედავდი, მის შეშინებულ სახეს და იმას, თუ როგორ აიწია კალთები და გაიქცა, ღრუბლებს შეაფარა სასწრაფოდ თავი. რამდენად სწორი და გამართლებული საქციელი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ მეც ასე მოვიქცეოდი.


თუმცა, ჯერ არ მეცალა, ჯერ გაოგნებისგან პირი დამეღო და მზერა ზემოთ მქონდა აპყრობილი. ჰაერში ერთჯერადი პარკების ლათინოამერიკული და ცეცხლოვანი ცეკვა უცხო არ არის ამ ქალაქისთვის და ცხადია, არც ახლა გამკვირვებია. ეს რაღაც სხვა იყო. ცა ავისმომასწავებელი სისწრაფით იფარებოდა შევი ღრუბლებით, რომლებსაც ასევე გამომეტყველება ჰქონდათ, თითქოს. და ვერ მოგატყუებთ, რომ ეს გამომეტყველება დამაიმედებელი ან სიკეთის მომასწავებელი იყო.


თავის დახრა ძლივს მოვასწარი, რომ გზა მფრინავი წიგნისთვის დამეთმო (გარე მოვაჭრე ინტელიგენციის დახლების სიახლოვეს ვიდექი ამ დროს). ალბათ „ჰარი პოტერია“ - გავიფიქრე . მაგრამ ხუმრობის დრო არ იყო. „ჰარი პოტერს“ მალე უფრო სქელტანიანი, სავარაუდოდ რომელიღაც ორენოვანი ლექსიკონი მოჰყვა. შემდეგ უკვე ფენოვანები, ჩებურეკები და თბილისური რეალობის სხვა ცხიმიანი არტეფაქტები. აქ უკვე მივხვდი, რომ პირი უნდა დამეხურა და უპირველეს ყოვლისა, რამე მყარს ჩავჭიდებოდი, და აი იქ გადამეწყვიტა, როგორ მემოქმედა შემდგომ. პირველივე რაც დავინახე - რკინის ბოძი იყო, თავზე ავტობუსის გამოსახულებიანი ფარით. ბოძს ჩავეჭიდე და ვიგრძენი, რომ მასთან ერთად ვიხრებოდი. ბოძი ქარისგან იღუნებოდა... ავტობუსი კი უკვე ჰაერში იყო... სასწრაფოდ თაშესაფარი! არავითარი მოძრავი, არავითარი ტრანსპორტი, რაიმე უფრო მყარი და სანდო! და არავითარი პანიკა! - პრაგმატული და პრაქტიკული ფიქრები უსწრაფესად ცვლიდნენ ერთმანეთს.





III



მარიკა

მე ხომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ვარ. დიახ, დიახ, ასეა. სწორედ ამიტომ ვიძირები ფიქრებში უსარგებლო დეტალებზე ჩემი წარსულიდან და აწმყოდან, სწორედ მაშინ, როცა ვხვდები – სულ მალე შეიძლება მოვკვდე. თუ არ ვიმოქმედე, მოვკვდები. თავს თუ არ ვუშველე, თავისით ალბათ ვერ გადავრჩები. მაგრამ, სადაც ეს „ალბათ“ არსებობს, ეს 1% შანსი, რომ რაღაცა ჩემი ჩარევის გარეშე მოხდეს – იქ ჩემი საქმე წასულია. და ასეთი 1 % სად არ არსებობს. ხოდა, მეც რეალურად არასოდეს ვმოქმედებ, არასოდეს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვსუნთქავ, თვალებს ვახამხამებ და იმ 1%–ის განხორციელებას ველოდები.


ახლაც ასეა. თვალებს არ დავხუჭავდი, საშინელი ქარი რომ არ მაიძულებდეს. უკვე აღარც მესმის არაფერი. გარესამყაროსთან მალე მხოლოდ გადარჩენის უცნაური ინსტინქტი მაკავშირებს, რომელსაც ჩემთან პირადად არაფერი აქვს საერთო, ჩემს სხეულს კი აიძულებს, მთელი ძალით მოეჭიდოს უკანასკნელ საყრდენს. მე უკვე სხვაგან ვარ. სადღაც უკანა პლანზე ისმის Black Hole Sun–ი და მე პატარა გაღიმებული ტიპი ვარ, რომელიღაც სახლიდან გამოვდივარ და სხვა სახლში შევდივარ, სტუმრად. იქ ხალხი მხვდება, ერთად ვიცინით და ვოცნებობთ. მერე ოჯახის დედა შემოდის, წინსაფარაფარებული, ხელში ნაცხვრით. გემრიელად მივირთმევ, კომშის ნამცხვარია, გადასარევი. ზედ ატმის კომპოტს ვაყოლებ, თეთრი პატარა ჭიქიდან, რომელშიც ოქროსფერი კოვზი დევს. თეთრ სუფრაზე წვენი იღვრება, შინდისფერ კვალს ტოვებს. მერე ტუალეტში გავდივარ. ამ ოჯახის საყვარელ კბილის პასტებს და შამპუნებს ვათვალიერებ, ჩემს თავს ვხედავ სარკეში, ვესაუბრები, ხან ერთი, ხან მეორე მიმიკით. ჯინსებს ვისწორებ, გამოვდივარ.


თავში ძლიერ დარტყმას და ტკივილს ვგრძნობ. რად მინდა საერთოდ, რომ ვიცოდე, რა მოხდა? ოჯახის დედას ნამცხვარი უყირავდება ხელში, ნამცხვარი, რომელიც სულ შევჭამეთ. ჩემი ჯინსი, შამპუნები, კბილის პასტები, ოქროსფერი კოვზი და შინდისფერლაქიანი თეთრი სუფრა ერთმანეთზე ლაგდება, ფენა–ფენა. ბოლოს მაინც, შინდისფერი ლაქა რჩება, ყველაზე თვალსაჩინოდ. ყველაფერი დამთავრდა. მე ქუჩაში ვგდივარ და სისხლისგან ვიცლები.




IV




თამუნა

ირგვლივ არცერთი ნაცნობი, მხოლოდ უფორმო, ერთმანეთში გადახლართული ფერფლისფერი სილუეტები....ჩოჩქოლი ჩემს ირგვლივ...მერე ხმა სადღაც შორს იკარგება, ირევა და...რაღაცას მახსენებს ეს ხმა...თითქოს ორკესტრი ემზადება კონცერტის დაწყების წინ...მერე მხოლოდ ერთი ნოტი, მხოლოს ”ლა” მაღალ ხმაზე....და სხეულები ქრება, იფანტება, მხოლოდ ერთი დიდი, კაშკაშა და მრგვალი ლაქა თვალწინ. მე მზეს ვუყურებ ძალიან ახლოდან, მზეს ჩავხედე თვალებში! ლამაზია ...მე გავუღიმე! მერე მზე პატარავდება, მე უსასრულობაში ვიძირები, ქვემოთ მივქრივარ არანორმალური სიჩქარით, მზეს კი მაინც ვერ ვაშორებ თვალს, ის სულ უფრო და უფრო შორს რჩება, უკუნეთი სიბნელით გარემოცული...მე ისევ თვალებში ვუყურებ მზეს და ისევ ვუღიმი. მერე ისევ ”ლა”, ისევ ორკესტრი, ისევ .....ბგერები მესმის...და ადამიანის ხმა: გული ამუშავდა...პულსი...ჩვენია, დავაბრუნეთ!

თვალს ფრთხილად ვახელ...მზე ისევ აქ არის, ჩემს თვალწინ, ჩემს თავზე...თითქოს ისეთი ლამაზი აღარ არის, აღარც სიბნელეშია გახვეული. ყველაფერი ფორმას იძენს კვლავ, მზე დიდი ნათურას გავს....მე თეთრ ოთხში, ფერფლისფერი სხეულების ნაცვლად თეთრ ხალათებში გამოწყობილი ექიმები, ქირურგს ხელები სისხლში აქვს დასვრილი, მაგრამ მაინც ბედნიერი სახე აქვს ... გული ძალიან ჩქარა მიცემს, პირი მიშრება...სუნთქვა მიჭირს...თვალებს ვახამხამებ...დავიღალე ძალიან! ცოტა ხანი დავიძინებ...ალბათ...

ძალინ მიყვარს ვარდები...დღეს ვარდების დიდი თაიგული ჩემი ლოგინის გვერდით...მარცხენა ხელი განსაკუთრებულად თბილი მაქვს.


- ვარდის სუნი ერთ უჩვეულო დღეს მახსენებს და იმ ისტორიას...გახსოოვს?
- მახსოვს!








V




სალომე

ამ წუთას რატომღაც გავიფიქრე, რომ..... ღმერთო ჩემო, ჩემი ტვინის აფეთქების შემდგომ მდგომარეობაშიც კი ფიქრი შემიძლია..... საპნის ოპერის მაყურებელი რომ ვიყო ან ბესტსელერის ან თუნდაც არაჩვეულებრივი რომანის მკითხველი, ყველაზე ბანალური, რაც შეიძლება ამ „მახსოვს“ მოყოლოდა და რისი მოსმენაც და ყურებაც „ყურმოუღერებლად“ და „თვალმოუშორებლად“ მომინდებოდა, სწორედ იმ „ერთ“ უჩვეულო დღეს მომხდარი, „ის“ ისტორია იქნებოდა.... მთავარი გმირის მიერ გახსენებული.... ჩემი მხრიდან კი.... ხელმეორედ, უფრო სწორედ ეს უკვე მერამდენედ ამ დღის მოგონება, ამ ჩემსავით ფერწასულ პალატაში დამავიწყებდა იმ ტკივილსაც კი ჩემს სხეულში, რომელიც პერიოდულად ზვავისებურად ძლიერდებოდა .... როგორ გამიხარდა.... როგორ შემომხედა.... შემდგომ მისი სიტყვები, უფრო სწორედ ბგერები.... არა მაშინაც ნოტი იყო ოღონდ „მი“, მაშინაც მაღალ ხმაზე, მაშინაც თვალებში ჩავხედე, მაშინაც კაშკაშა და ლამაზ მზეს, ჩემ მზეს.... მაშინაც უსასრულობაში ვიყავი, რომელიც განსაკუთრებულად ტკბილად და ლამაზად მეჩვენებოდა... უსასრულოდ მივლიდა სხეულში, ყველა უჯრედის, ყველა ჰორმონის გავლით, რაღაც უცნაური ნივთიერება, ეტყობა ქიმიური იყო, ჩემ ტვინში ყალიბდებოდა და ჩემ ნეირონებში იკეთებდა ბუდეს.... შემდგომ კი ამ ქიმიურმა შენაერთმა ტვინში მასზე დამოკიდებულების განვითარება გამოიწვია, შემდგომ კი „შეყვარებულობა“ ან ბანალური მიჩვევა და ბანალური სიყვარული.....მე ამას გონებრივ შერყევას ვუწოდებ! მომიტევეთ გავმეორდები - ბანალურიაა ხოომ???? ისევე როგორც ეს „მახსოვს!“ ჩემთვის..... თუმცა ამას არაფრად ჩავთვლიდი, რომ არა, რომ არააა, მწვავე შეგრძნება... არა გულის უკმარისობის არა, არც სისუსტის .... იმ ძახილის ნიშნისა რომელიც ამ „მახსოვს“ ბოლოში ერთო... აი, სამი წერტილი რომ ყოფილიყოო ან მარცვლებად დაქუცმაცებული „მაა ხსოო ვს“..... ეს მძლავრი იმპულსები, ეს ორკესტრი, ეს „ლა“ მაღალ ხმაზე სრულებითაც არ იყო საჭირო, რომ ჩემი მეხსიერების უბნებს კვლავ გაეღვიძათ.... მე ხომ ვარდები აღარ მიყვარს..... ეს მარცხენა ხელის განსაკუთრებულად თბილი შეგრძნებაც ეტყობა ჰალუცინაცია იყოო ან რეცეპტორები დამიქვეითდა... არა ქვეშეუცნობლად ხელის სითბოს რეცეპტორებს ჩემი ტკივილის რეცეპტორებს ბლოკირება უნდოდათ.... ყველაფერი კვლავ თავდაყირააა - ტვინში, გულში, სულში.... ჰმმ, როგორც ჩანს უკვე უკეთ ვარ - ფიზიკურად... შექცევადი სიკვდილის პროცესი დასრულებულია... ამას უკეთესობა უნდა ვუწოდო ალბათ..... როგორც ჩემ თავზე ჯგუფად შეკრებილი თეთრი ხალათებით და გრაფიკული ღიმილით „აღჭურვილი“ ექიმები აღნიშნავდნენ.... უკეთესობა, თუმცა მზე ჩემთვის უკვე დიდ ნათურას გავს.... და იქნებ სწორედ იქ იყო უკეთესი, ის უსასრულობა, ის აღმაფრენა, სწორედ ისე იყო ყველაფერი როგორც მე წარმომედგინა, როგორც მრავალჯერ მიოცნებია..... რეალობა სივრცისა და განზომილების გარეშე, დრო, სხვა არაფერი თუ არა ილუზია... ბედნიერების და სიმსუბუქის უჩვეულო შეგრძნება, იმ ბედნირების რომელიც ვარდნისას უჩინარდება....... იქნებ უკეთესია უკვდავების და ნეტარების შეგრძნება იქ უსასრულობაში, იმ დაკარგული სიხარულის კვლავ განცდა, რომელსაც გარდაცვლილი მშობლის ნახვისას იბრუნებ, ვიდრე ვარდნისას, ექიმების განწირული შეძახილის „პულსი... ჩვენია დავაბრუნეთ“ შემდგომ, პალატაში ოდესღაც საყვარელი ვარდებისადმი უკვე გამქრალი სიყვარულის შეგრძნება......





VI




Kalo

თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე. ვგრძნობდი, როგორ მიხურდა საფეთქლები.

მახსოვს, ყველაფერი კარგად მახსოვს. მესმოდა. ვგრძნობდი. და თქვენ წარმოიდგინეთ მიხაროდა. მიხაროდა, ასე რომ განიცადა ჩემი „სიკვდილი“. ნუთუ აუცილებლად უნდა მოვმკვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ეთქვა? სასაცილოა, მაგრამ ჩემი ყველაზე ბედნიერი წუთები (ჯერჯერობით რაც მქონია) სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა შევიგრძენი. ბედნიერებისგან გავიზმორებოდი, რომ შემძლებოდა და ყავას მოვიდუღებდი, თურქულს. საკაცეზე უმოძრაოდ მწოლიარეს, სიხარულის წარმოსახვითი ცრემლები მომდიოდა. ხარბად ვისუნთქავდი მისი თამბაქონარევი სუნამოს სუნს. ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს მაზე, მის ტუჩებს. ხელებს მისველებდა მისი ცრემლები, მესმოდა როგორ ეხვეწებოდა ღმერთს სასწაულის მოხდენას. (მაინც რა პატარები ვართ ადამიანები, სანამ უკიდურესად არ გაგვიჭირდება, ღმერთი არ გვახსენდება). სასოწარკვეთილი მიხუტებდა გულში და კატეგორიულად მოითხოვდა, არ მოვმკვდარიყავი. კომა ჩემი სიხარულისა - გავიფიქრე და წარმოსახვაში გავიღიმე. ე.ი. ვუყვარვარ. ღმერთო, გმადლობ ამ განსაცდელისათვის. არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს. - გაცხადდი ვაჟბატონო?


დროსა და სივრცეში გავიფანტე. მატერიალური და აბსტრაქტული შეზავდა თითქოს. გაცხადებული სიმართლის და სიმსუბუქის ტალღამ თბილად დამიარა სხეულში. ალბათ ეს ტალღამიაწვა ჩემს მიკნავებულს პულსს. იმან იგრძნო. იგრძნო სუსტი ფეთქვა. ტუჩებთან მიიტანა ჩემი მაჯა, გადაამოწმა თითქოს.

მერე ერთმანეთს შეეჯახნენ სხვადასხვა ტემბრის ხმები, ჰაერში გაიწელნენ და ღრუბლებივით შეგროვდნენ ჩემს თავზე. ყრუ დარტყმამ გამოდევნა თბილი ტალღა. სიცარიელე ვიგრძენი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. სიცარიელე იწვოდა. თვალები გავახილე. დავინახე, როგორ ტიროდა ჩემი გაცხადებული ვაჟბატონი. სითბო ისევ ჩამოდგა გულში, პერონზე დიდი ხნით გაჩერებული მატარებელივით.

მერე იისფერ ბურუსში ჩავიძირე. რბილად მარწევდა ზღვა. უკამეროდ ვცურადვი. ვცურავდი უკიდეგანო ლაჟვარდში ჩაფლული. ბამბის ზღვაა? გავიფიქრე.

საავადმყოფოს პალატაში თბილოდა.

ოთახში თამბაქონარევი სუნამოს სუნი იდგა.


- ტირილი კაცებსაც უხდებათ, თურმე? - თვალები არ გამიხელია, ისე ვთქვი.
- კომიდან ცინიზმამდე ერთი ნაბიჯია. შენ ეს ნაბიჯი წარმატებით გადადგი
გავიღიმე, უკვე რეალურად.
- ყავას დავლევთ?
- ერთ კვირაში. ვერანდაზე. მე და შენ.
- ვერანდაზე...


ისევ ვიგრძენი ბამბის ზღვა, ყავის არომატით გაჯერებული.

- წამალი მოქმედებს. მივხვდი ვაჟბატონს ამშვიდებდა ვიღაც.


სიზმარი მოვიდა. წყნარი. მსუბუქი.
ვერანდაზე ვფიქრობდი.
ოქროსფერი მზე ირეკლებოდა ჭიქებში.





VII




მე, ც

ის რამდენიმე დღე წამლის და მისი სითბოს ბურუსში გავატარე. თითქოს მუდმივად ტალღებზე დავცურავდი. მზის და კამერაში მოდუნებული სხეულის შეგრძნება არ მტოვებდა. კამერა რატომღაც თეთრი იყო. წყალი - თბილი, მზე - ალერსიანი. ცხელიც კი. ეს სიცხე აშკარად მისი ხელებიდან მოდიოდა.

იმ „ნათელ პერიოდებში“, როცა გამაყუჩებლის მოქმედება დროებით გადიოდა, სადღაც სიღრმეში ჩარჩენილი წყენა იჩენდა თავს. უდრტვინველად და ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა ჩემს ყველა სარკასტულ და ცინიკურ კომენტარს, მის სითბოზე ჩემს ირონიულ პასუხებს. „კარგი, ხო“ - დარცხვენილი ღიმილით მპასუხობდა და თითქოს ყველაფრისთვის ბოდიშს იხდიდა ამ ორი სიტყვით. „მე ხომ ცნობილი ბოღმა ვარ“ - არ ვჩერდებოდი და მისივე სიტყვების ციტირებით საბოლოო ვაყრევინებდი ფარ-ხმალს.


მერე... მერე ისევ თავისას აკეთებდა წამალი, მერე მღლიდა ჩემი დაძაბულობა და მერჩივნა, თბილ ხელებს და დიდი ხნის გაძალიანებულ და შეკავებულ გრძნობებს მივნდობოდი. ‘ოღონდ ცრემლები არ წამომივიდეს! ოღონდ ეს არ დაინახოს!’ - ერთადერთი ამასღა ვფიქრობდი, ამ ფიქრში მეძინებოდა და მხოლოდ როცა დამდნარ მარილს ვგრძნობდი ტუჩის კუთხით, მაშინღა ვხვდებოდი, ძილშივე, რომ ყინული გადნა...

‘რა გვეშველება? რა იქნება, აქედან რომ გამოვალ?’ - ექიმები ჩემს „აქედან“ გაშვებას არ ჩქარობდნენ. ან ეს მე მეგონა, რომ დიდი ხანი გავიდა უკვე. მერე თავს ვაქნევდი, რომ ფიქრები გამეფანტა და მხოლოდ ერთ აზრს ვიტოვებდი: “об этом я подумаю завтра!”


„ხვალ“ კი ნელ-ნელა ახლოვდებოდა...




VIII



მარიკა

იმ დილით მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი. უბრალოდ, თვალები გავახილე და მივხვდი. მისი ხელი ვერ ვიგრძენი ჩემს სიახლოვეს, მისი ღიმილიც არსად ჩანდა, რომ გადაეფიქრებინებინა ჩემთვის. ჩვეულებრივი, ცარიელი და ნათელი დილა იყო, ისეთი, შენი ცხოვრების დალაგებისკენ რომ მოგიწოდებს. როცა გგონია, რომ ძლიერი და გულგრილი ხარ, დროებით რომ ხარ ენერგიით სავსე, თან სადღაც იცი, რომ რამდენიმე ხანში ეს გადაგივლის და ისევ ისეთი ‘შენ’ იქნები, როგორიც იყავი ყოველთვის, ტანჯვისთვის და მარტოობისთვის განწირული. მაგრამ ამ დილით ასეთ რამეზე არ ფიქრობ. ამ დილით თავს იმდენად კარგად გრძნობ და გონებაც იმდენად გეხსნება ფანჯრიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის ჩასუნთქვით, რომ ატყობ, მალე დაგებინდება კიდევაც, თვალწინ ყველაფერი თეთრდება ერთი წუთით და მოუთმენელი ცახცახი გიტანს, იმდენად დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილების სისწორესა და გენიალურობაში, საკუთარ სიძლიერესა და დამოუკიდებლობაში. მომავალი წარმატებით ტკბობის მოლოდინით ავსებული აღარ ფიქრობ მის გამოხედვაზე, რომელიც ყველგან თან გდევდა და ახლა, ამის შემდეგ, საერთოდ ვეღარსად გაექცევი.. ამაზე არ ფიქრობ, ისე ალაგებ ნივთებს ჩანთაში, ტანზეც რაღაცას იცვამ, რაც ხელში მოგხვდება და ჩქარი ნაბიჯით გაივლი დერეფანს. ზუსტად იცი, რომელი მხრიდან უნდა გახვიდე, რომ არავინ დაგიწყოს ზედმეტი კითხვების დასმა, პირველსავე შემხვედრ მანქანას უქნევ ხელს და მიქრიხარ, უკვე შორს ხარ...

*

ჩემს გაქცევას უცნაური შედეგები მოჰყვა. პირველი ის იყო, რომ..




IX

თამუნა

თუმცა, რა აზრი აქვს შედეგების ჩამოთვლას, მთავარი ის არის, რომ ნიშნები არ მასვენებდა არც ერთი წამით...შენ იცი, რომ მე ნიშნების ყოველთვის მჯეროდა, იმისაც ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი,...მაგრამ რატომ წავედი, თუკი ისევ მენატრები? თუ თავიდანვე ვიცოდი, რომ არ უნდა წავსულიყავი და რომ ოდესმე მაინც დავბრუნდებოდი...


რა განსაზღვრავდა მუდმივად ჩემს ცხოვრებას, ჩემს ქმედებებს, განწყობას, მომავალს, მე თვითონ, თუ რაღაც სხვა, უფრო ძლიერი, არა - რაღაც ყოვლისშემძლე ....ვინ ვარ მე? სად იწყება ჩემი ”მე” და სად მთავრდება ის...


ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველ რიცხვს თავისი პლანეტა შეესაბამება. ასოების თანმიმდევრობაც კი სახელში,რომ აღარაფერი ვთქვათ რიცხვზე, როდესაც დავიბადეთ, ასე თუ ისე ზემოქმედებს ბედზე...”ყველაფერი რიცხვებში შეიძლება გამოისახოს”...ვინ თქვა ეს სისულელე? მგონი პითაგორამ...

როგორ სისულელედაც არ უნდა მეჩვენებოდეს ეს, თუკი მართალია, თუ ჩემი ხასიათის თვისებები, ჩემი მომავალი განისაზღვრება იმ რიცხვით, რა რიცხვშიც მე დავიბადე და თუკი მე არაფერ შუაში არ ვარ, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივად შემიძლია ავხსნა...მაშინ გასაგებია, რა იმალება ჩემი გონების და და ქმედებების უკან!

აი მაგალითად: 28, ჩემი ბედნიერი რიცხვი, ოთხშაბათი - ჩემი ბედნიერი დღე გოროსკოპის მიხედვით...28 თებერვალი იყო როდესაც ყველაფერი დაიწყო, ოთხშაბათი...უფრო სწორად დაიწყო კი არა, ვიგრძენი, რომ იწყებოდა...

მაგრამ, მთელი სირთულე ჩემს ემოციურ გაორებაშია, იმიტომ, რომ 31_ში დავიბადე და მარტო 31 კი არა, ციფრი 3 და ციფრი 1_ც ზემოქმედებენ ჩემზე! ...

31, ამ რიცხვს ლიდერობის, ამბიციისა და ენერგიის ნიშნები გააჩნია თურმე...ყოველთვის ვიცოდი, რომ ზედმეტად პრაქტიკული გეგონე, თვლიდი, რომ ყოველთვის ვგეგმავ ყველაფერს და ვასრულებ კიდეც გეგმებს, რომ ამაყი ვარ და არ მიყვარს, როდესაც ვალდებული ვარ ვიღაცის წინაშე. მე კიდევ ვალდებული ვიყავი - ჩემი შენდამი გრძნობის წინაშე და ყოველთვის მსიამოვნებდა მასზე ზრუნვა, იმის შეგრძნება, თუ როგორ იკვეთებოდა ყველაფერი და რამდენად ძლიერი იყო ეს. იმასაც ვფქირობდი, რომ ყოველთვის ესე იქნებოდა, რადგან ძალიან, ძალიან პრინციპული ვარ და თანაც არასოდეს ვნებდები...ეს შენც რომ იცოდი, ალბათ იმიტომ იყო, რომ ზოგჯერ მე მანდობდი რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას, ჩემგან ელოდებოდი კონკრეტულ დამოკიდებულებას. ან იქნებ არც იყო ესე და მე მეგონა, იმიტომ მეგონა, რომ შეიძლება სულაც არ ვარ ჩემს თავში იმდენად დარწმუნებული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს...იმიტომ, რომ 31_ში დავიბადე და 31_ც ვარ, 3_ც და 4_ც, თუკი სამს მივუმატებთ ერთს...რა მარაზმია! მაგრამ სხვანაირად ვერ ვხსნი, სხვანაირად უფრო მიჭირს!

პრინციპულიც ვარ და მერყევიც...სტაბილურიც ვარ და ზედმეტად მგრძნობიარეც, ცინიკოსიც ვარ და თავგადაკლული რომანტიკოსიც. მიყვარს, როცა რომანტიკოსი ვარ!!!

ყოველთვის მინდოდა მიხვედრილიყავი, რომ მე შენგან მჭირდებოდა უფრო მეტი, რომ მე არც ასეთი პრინციპული ვარ ყოველთვის, არც ამდენად ძლიერი და დაგეგმილიც არ მაქვს ყოველთვის ყველაფერი...


მიყვარს, როცა მე არ ვწყვეტ, მიყვარს, როდესაც ბედი წყვეტს ...ოღონდ ისე, როგორც მე მინდა, როგორც მე გადავწყვეტდი უფრო მეტი გამბედაობა რომ მქონდეს და უფრო ძლიერად რომ ვიყო დარწმუნებული ჩემს თავში!

დაფარული თვისებებით აიხსნება ზოგჯერ ადამიანის ესა თუ ის ქმედება...”პესიმიზმი გულის დაავადებებს იწვევს, აკონტროლეთ თქვენი მიდრეკილება პესიმიზმისკენ”, ასე მირჩევს გოროსკოპი! შენ იცოდი, რომ მე წყალწაღებული პესიმისტი ვარ? არც მე არ ვიცოდი...არც ეხლა ვიცი ...უბრალოდ ეხლა ესე ვგრძნობ და მაშინაც ესე ვგრძნობდი, როდესაც არაფერი არ გავაკეთე ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად. კიდევ იმიტომ არ გავაკეთე, რომ საკმაოდ მერყევი ვარ, არასდროს ბოლომდე არ ვიცი რა მინდა და თანაც გაუბედავი ვარ სწორედ მაშინ, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი წყდება...ამიტომ არ გამომიხატავს არასოდეს ბოლომდე ჩემი გრძნობები, ჩემი ემოცია და ამიტომაც არასდროს მითქვამს რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის.

ალბათ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ 31_ში დავიბადე, ამიტომაც ვარ ასეთი მტკიცე და თავშეკავებული, ამას გამოხატავს 31, ასე ამბობენ ნუმეროლოგები და ცდილობენ ციფრებით ახსნან ბევრი რამე ...მაგრამ 3 და 1? და ისევ ეს 4, თუკი სამს მივუმატებთ ერთს?

გამოდის, ოთხი ციფრია, რომელიც განსაზღვრავს...რომელიც ჩემს ქმედებას განმსაზღვრავს...ალბათ ამიტომაა, რომ ეს მერყეობა ყოველთვის არსებობს ჩემში...ხოდა ზუსტად ამიტომ მჭირდებოდა ხოლმე ჩემი საქციელის გამართლება სხვისგან. ელემენტარულ შემთხვევებშიც კი, აი მაგალითად, როდესაც ტანსაცმელს ვარჩევდი, როდესაც რაიმეს ვამტკიცებდი, ვაკეთებდი...მაშინაც, როდესაც შენ მოგეჩვენა რომ მე ზედმეტად ცივი ვიყავი და რომ თითქმის აღარაფერი მაკავშირებდა შენთან...სწორედ მაშინ მჭირდებოდა მხარდაჭერა შენგან, შეძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე შენ ჩემგან! არ მიყვარს, როდესაც ყველაფრის თქმა არის საჭირო, მომწონდა, როდესაც შენ თვითონ ხვდებოდი ყველაფერს, როდესც ერთნი ვიყავით და უხილავი ძალით შეკრულნი...

ყოველთვის ასეა, ყველასთან ესეთი ვარ...ნელა ვრეაგირებ ემოციაზე, უფრო სწორად, ოდნავ შესამჩნებავად გამოვხატავ თავიდან ჩემს გრძნობებს, ყოველთვის მარტო მე ვიცი რას ვგრძნობ სინამდვილეში, მარამ მიყვარს ის წუთები, როდესაც ვხვდები, რომ შენ ჩემს სულში იხედები და ყველაფერი იცი!

ამიტომაც მიყვარს ის დღე, როდესაც შენ ყველაფერი მითხარი და როდესაც ჩემი სათქმელიც შენ თქვი. კიდევ ის თვეც მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი უიმედო განწყობის მიუხედავად, ბევრი სასიამოვნო რამ მაგრძნობინე, ბევრჯერ გამაცინე, შენ აღმომიჩინე და განმაცდევინე ჩემი გონების და გულის ის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლებიც მეც კი მენატრებოდა და რომლების გამოღვიძებასაც ვეღარაფრით ვახერხებდი.

ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ იმ დღეს ცისფერი კაბა მეცვა და იმიტომ, რომ ცისფერი ჩემი იღბლიანი ფერია!


ალბათ ჩემს თავში რომ არ ვარ დარწმუნებული, ან უფრო სწორად, ასე უცებ რომ ვკარგავ ზოგჯერ თვითდაჯერებას, ალბათ იმიტომ ვიეჭვიანე შენზე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა...კი არ დამთავრდა, არც არაფერი ყოფილა, რომ ისიც ყალბი იყო რასაც მე განვიცდიდი და ისიც, რასაც ვგრძნობდი შენგან!
ეს განწყობა იყო, რამაც პალატიდან გამიყვანა ასე უკანმოუხედავად, ამას ვგრძნობდი, როდესაც თვალწინ ყველაფერი გამითეთრდა, როდესაც ტაქსს ხელი დავუქნიე და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას...


მაგრამ მერე ...მერე იყო ის, რომ კვლავაც ვფიქრობდი შენს გამოხედვაზე, რომელიც ყოველთვის თან მდევდა და ვიცოდი, რომ მოგონებები არასოდეს მომასვენებდა, რომ ვეღარასოდეს ვიგრძობდი შინაგან სიმშვიდეს, მანამ, სანამ არ დავბრუნდებოდი, თვალებში არ ჩაგხედავდი და არ მოვისმენდი შენგან იმას, რისი მოსმენაც მინდოდა და სანამ არ მეტყოდი ისევ ისე, როგორც მაშინ: ”ვიცი...მეც მიყვარხარ...სიგიჟემდე!”

ამიტომ ხვალ ალბათ ისევ ჩავალაგებ ჩემს ჩემოდანს და ისევ დავუქნევ პირველივე შემხვედრ მანქანას ხელს და მოვალ... ხო, ალბათ ასე ვიზამ...მერე ისევ შენი ჯერი იქნება...

არ გაგიჩნდეს იმის ეჭვი რომ გაორება მჭირს...უბრალოდ, დარწმუნებული იყავი ამაში! :)




X

მარიამი

გათენდა დილა, ნაწვიმარია, მაგრამ ალბათ ისევ იწვიმებს, რადგან ცა რუხი და მოწითალოა , მოკლედ გაურკვეველი ფერია და რომ არა ჩემი კედლის საათი, რომელიც დღეღამის განმავლობაში გაუჩერებლად ტიკტიკებს , ახალგაღვიძებული ვერ მივხვდებოდი საღამო , დილა თუ ნაშუადღევია. თითქმის მექანიკურად, ცხელი დუში მივიღე, მალინიანი ჩაი დავლიე და გავედი სახლიდან. მიკვირს ამდენი დრო რომ მაქვს, არსად მეჩქარება, თუმცა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ გამახსენდა რომ შაბათია. ეს დღე როგორც წესი დაუგეგმავია, თუმცა ქალაქის ქუჩებში ბოდიალის დროს, ნელ-ნელა დავგეგმე და არა მხოლოდ შაბათი დღე, თითქმის მთელი სეზონი დავგეგმე: ”ამ აღმართს რომ ავუყვები იქ მეტეხის ეკლესიაში შევივლი, დიდიხანია არ ვყოფილვარ, მანამდე ქვემოთ მტკვრის პირას აბო თბილელის ახლად აშენებულ ტაძარში შევალ, ვნახავ დამთავრდა თუ არა მშენებლობა. ეს სასტუმრო ”კოპალა თუ რა ქვია”- როგორ მომწონს, რომ დათბება, ვერანდაზე წამოვიყვან გოგოებს და წითელ ღვინოს დავლევთ.....” -ყავა დავლიე ერთ მყუდრო კაფეში, რომელიც ქალაქის ძველ უბანშია, მგონი კაფესაც ასეც ქვია ”ძველი უბანი”, ყავის დალევის დროს პრესას გადავხედე, საკმაოდ უინტერესო იყო ჩემთვის პოლიტკური თუ არაპოლიტიკური სტატიები, მიvხვდი რომ დღეს არ ვარ სოციალური, არც პრო პოლიტიკური ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი. დავტოვე კაფე და განვაგრძე ბოდიალი, არავის ნახვა არ მინდა, გზაზე შემხვედრ ნაცნობებს ვცდილობ თვალი ავარიდო და გამომდის კიდეც, ისინიც თავს არ იკლავენ მოსალმების ინიციატივისგან, ჩაფიქრებულმა ავუყევი აღმართს. ამ დღეს ბევრ უაზრო თუ აზრიანზე ვიფიქრე, ერთი თემიდან მეორეზე გადავდიოდი, ვინ არ გამახსენდა რა არ გამახსენდა, ერთმანეთისგან გამრიცხავი და დამოუკიდებელი ფიქრებისგან დაღლილმა, შევნიშნე რომ სახლში დაბრუნება მომინდა. ტაქსი გავაჩერე ...ჩავჯექი და გავაგრძელე ფიქრი... ტაქსში რომ ვჯდები ფანჯარაში ყურება მიყვარს, მაგრამ ხალხს კი არ ვუყურებ ცაში ვიყურები და ვაკვირდები უკიდეგანო სივრცეს, თითქოს მინდა რომ ცამაც რამიე მანიშნოს.. სწორედ ამ ძიების პროცესში ვიყავი, როდესაც ცაზე ცისარტყელა შევნიშნე. მთელი დღის განმავლობაში ჩემი ბოდიალი ძიება იყო, ვეძებდი წარსულს, აწმყოს და ალბათ მომავალსაც. კითხვებზე პასუხს ვეძებდი, ნიშნებს ვეძებდი და მოულოდნელად ცაზე ცისარტყელაა...

ბიბლიურად- ძველ აღთქმაში ნოემ წარღვნის შემდეგ ცისაrტყელა დაინახა ცაზე, ეს იყო ნიშანი მშვიდობის, ეს იყო იმედიანი,თბილი და მოსიყვარულე ცისარტყელა, ეს იყო სიახლის და სასიკეთო ტრანსფორმაციის ნიშანი...

ცაზე ცისარტყელის მოულოდნელმა აღმოჩენამ, ჩემს შაბათ დღეს აზრი შემატა...თითქოს ის სიცარიელე რომელიც მეგონა უშენობით იყო გამოწვეული შემივსო, თითქოს იმ ყველა კითხვებზე პასუხი ვიპოვე, რომელთაც სიმშვიდე და საკუთარი თავიც კი დამაკარგინეს. თითქოს ის ხანგრძლივი სიზმარი დამთავრდა, რომელიც ფერადი იყო, მაგრამ სევდის მომგვრელი, რადგან სიზმარშივე ვიცოდი რომ ეს სიზმარი იყო და არა ცხადი. მე მივხვდი დღეს უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველი დღეა, როდესაც შენზე ფიქრით არ გავიღვიძე, როდესაც სახლიდან გამოსვლის წინ, სარკეში არ ჩავიხედე და არ გავიფიქრე ქალურად თუ ბავშვურად რომ იქნებ შემთხვევით შენ შეგხვდე სადმე, როდესაც შენ სახლს გვერდით, გულგრილად ისე ჩავუარე, არც გამხსენებია რომ შენი ფაჯრებისკენ ამომეხედა, შემთხვევით შენი დანახვის სურვილის გამო.

და ყველაზე მეტად იცი რა მიკირს ? ჩემი ბოდიალის დროს ფიქრებში გართულმა, ერთხელაც არ გამახსენდი.

ეს დასასრულია ? ეს წარსულის დასასრულია ? ნუთუ ვეღარ ვგრძნობ და ვეღარ ვხვდები ეხლა შენ სად ხარ ? რას აკეთებ ? ნუთუ ყველა ის ”ხიული” თუ უხილავი კავშირი შეწყდა ჩვენს შორის ? მოიცა დავფიქრდე ეხლა რას შეიძლება აკეთებდე, აბა თუ მივხვდები ? ....არა, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს სად ხარ, რას აკეთებ და საერთოდ მგონი არც გიცნობ. უცხო ხარ ჩემთვის და ეს სულ არ მანაღვლებს. დღეს რა რიცხვია ? – 24-ია, ეს ნიშანია ? ეს იღბლიანი რიცხვია ? არ ვიცი ვეღარ ხვდები ვერაფერს.

სახლში მისულმა, ფანჯარა გავაღე, ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვებში სუფთა ჰაერის შეღწევამ უდიდესი თავისუფლება მომანიჭა... მე გავნთავისუფლდი შენგან, შენზე ფიქრისგან, განვთავისუფლდი ნიშნებისგან, რიცხვებისგან და იცი ? ჩემი ცისფერი კაბაც ვერსად ვიპოვე.

___________________________________________________________________


from c.:

p.s. შეცდომებს თუ აღმოაჩენთ, ტექსტის აკრეფისას დაშვებულს, გაატარეთ. არ გადამიკითხავს არც ერთის ნაწერი. თვითონ "მოთხრობას" რაც შეეხება: ეს იყო უბრალოდ ერთობლივი მოთხრობის დაწერის იდეა, მცდელობა. პრინციპში, ერთგვარი თამაშივით, გასართობად: ყოველი მომდევნო კითხულობდა მხოლოდ თავისი წინამორბედის ნაწერს და მანამდე რა ხდებოდა, არ იცოდა. და რა გამოვიდა აქედან, თავად განსაჯეთ...

p.p.s. პოსტი მინდოდა მუსიკალურად გამეფორმებინა, მაგრამ არ გამოვიდა ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული. ვეცდები ამ დღეებში კომპეტენტურ ბლოგერთან გავიარო კონსულტაცია და იქნებ შევცვალო მერე.

p.p. (post production)და ბოლოს, პირადად ჩემგან სპეციალური მადლობა Jo Key-ს ტექნიკური მხარდაჭერისა და რეკომენდაციისათვის

მადლობა ყურადღებისთვის :)

Comments

ეს უკვე ეპიკურია :)))))

ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ შთამბეჭდავია! ბრავო იდეას!
© said…
ვნახოთ, ბოლომდე თუ შეგრჩება ეს შთაბეჭდილება :)

დააკომენტე, რომ/თუ წაიკითხავ ბოლომდე. მაინტერესებს ჰაზრები
მე საშინლად მომეწონა ყოველივე ეს! ვფიქრობ, ფილმად რომ გადაიღოს რომელიმე კარგმა რეჟისორმა, ჩემი საყვარელი ფილმი გახდება! ოღონდ თითოეულ ეპიზოდში ამ ეპიზოდის სცენარის ავტორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა! :) მართლა ფანტასტიურად მეჩვენება და არც მინახავს ჯერ ასეთი მაგარი ფილმი! :) ც, შენი მუსიკალური გაფორმება ფილმს ნამდვილად დასჭირდება! :)

თავად ნაწერს რაც შეეხება, მიჭირს ერთ კომენტარში ჩავატიო ჩემი ემოციები. მალაცი! ალბათ „ჰარი პოტერია“, "თბილისური რეალობის სხვა ცხიმიანი არტეფაქტები", "თამბაქონარევი სუნამოს სუნი". მართლა მაგარია!
© said…
დოოონ, რა საყვარელი ხარ :)) დიდი მადლობა მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით :)

ფილმს თუ გადაიღებენ, შენ საპატიო მოწვეული სტუმარი იქნები და ეკრანიზაციის იდეის პირველი მომწოდებელი :))
Anonymous said…
hehe cisiaaa, ra gogoebi vart Srqvii? :)))))) kidev gavieorot unda uechveli!
Anonymous said…
tamuna var :)
© said…
მივხვდი :)
kalo said…
dom, ra tipi xar rom mogecona :-):-)
me ar momcons, ra vkna? magram shen did madlobas gixdi, jer marto imistvis, rom ar dagezara da bolomde caikitxe :-)
ketketa said…
:)) მე მომწონს თქვენი წერის მანერა, ვსო:) ვგიჟდები:)
© said…
აბა კალო, მარტო ბოლომდე წაკითხვისთვისაც კი მადლობა უნდა ვუთხრათ ხალხს :)

და ქეთ, შენც დიდი მადლობააა :)