Friday 13 / კონიაკი - ლონგ აილენდი - კონიაკი

- კონიაკს დალევ?
- მანგოს წვენს
- უნდა გაკოცო
- მაკოცე, ჰა, ვინ დაგიშალა
- ..... (ფაქტის წინაშე დაყენებით გამოწვეული დაბნევა)
- ოიმმმმ. კოცნის ...ც არ გაქვს? თუ არ გინდა, მაშინ ნუ ამბობ


ამინდმა თუ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს, უბედნიერესი ვიყავი, როცა გავიღვიძე (ნუ, გამაღვიძეს მოლოცვის ზარით და ჰა, ახლა, მე სამსახურში ვარ უკვე და ადექი შენცო - ტექსტით) და დავინახე, რომ მზე ავბედითად არ ანათებდა. და საერთოდ, სიგრილის შორეული მინიშნება იგრძნობოდა ფადრის მიღმა. მოსაგვარებელი მქონდა რაღაც საქმეები, სასიარულო ვიყავი და ნამდვილად არ მეხატებოდა გულზე შუადღის მზის გულზე ბოდიალი, არა და მე სანამ სახლიდან გავიდოდი, სწორედ ეს დრო იქნებოდა.

გემრიელად გავიზმორე, ტვ არ ჩავრთე, ცოტა ხანი თვალებღია ვიწექი, მერე ნომერი, რომლიდანაც ცოტა ხნის წინ ზარი შემოვიდა მობში ჩავიწერე (მერამდენე ტელ უნდა გამიფუჭდეს და მერამდენედ უნდა ჩავიწერო მეგობრების ნომრები?! სხვებს უკვე ვიკიდებ) და ბოლოს ავდექი. კევინი ხომ არ დავირქვა რამდენიმე დღით? მარტო სახლში, მარტო თბილისში, მარტო...

არც ისე აჩქარებულად მომზადების, სერიალ "მეგობრები"ს ფონზე საუზმის, (ჯერ) სიმბას მიხედვის და (მერე) საკუთარი თავის მოწესრიგების შემდეგ ბიუროკრატიის ეკლით მოსილ გზას დავადექი. პრინციპში, ვაჭარბებ. უმტკივნეულოდ და შეიძლება ითქვას მალე მოვაგვარე რაც მჭირდებოდა, კიდევ ერთხელ დავძლიე Beamten-Phobie (ეს სიტყვა მეგონა მე გამოვიგონე, ჩემი და მარიკას საუბრის დროს წარმომეშვა, როდესაც ორივემ ვაღიარეთ, რომ მოხელეთა შიში გვაქვს, რომელიც მათ მიმართ სიყვარულს ვერაფრით ვერ შეიქმს). მერე ნათესაურ კავშირებსაც მივხედე ცოტაოდენი ხნით. მერე ისევ ერთი-ორი მსუბუქი საქმე და... პრინციპში მოვიდა ნაშუადღევი. ხო, გამომრჩა მეთქვა, რომ ჩემი დიდი იმედი ჰაერის დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ფუჭი აღმოჩნდა. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა? ხოდა პირველივე საქმიდან გამოსულს კბილებდაკრეჭილი მზე დამხვდა გარეთ. მზე, რომელიც ასე მიყვარს. და რომელმაც ცოტა არ იყოს დამღალა. როგორ გადავუსვა ხაზი ამდენი ხნის სიყვარულს და როგორ ვუთხრა, დაგაბნელებ მეთქი? არ ძალმიძს.

წყლის მოლოდინში ისევ ინტ. ფბ. სკაიპი. ზარი შორეული ქვეყნებიდან. ზარი ახლობლისგან. ზარი თბილისიდან. ზარი ...დან. სმსები. ა.შ.

არც ახლა ვაპირებდი აღნიშვნას. არც სახლში გაჩერებას. სპონტანურად სადმე გასვლის იდეას შევასხამდი ხორცს, ამას ვხვდებოდი. გავალ, დავჯდები სადმე (ეს სადმე პრინციპში 2-3 ქუჩით შემოიფარგლებოდა) და ვისაც უნდა, გავახსენდები, შეძლებს - მოვიდეს. ამას მოგვიანებით განვახორციელებდი. მანამდე აუჩქარებლად უნდა მიმეღო შხაპი, მოვწესრიგებულიყავი. მევახშმა...
აი ვახშამზე კი... ვახშმის დროს გამოღებულმა და მარტო შესმულმა 3 ჭიქა (თუ სირჩა) გემრიელმა კონიაკმა (რომელიც წუხელ ბოლომდე დალევას გადაურჩა - მარტო რომ არ შევხვედროდი დაბადების დღეს, დიადი თარიღის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე 2 მეგობარი მესტუმრა და ასე ვთქვათ reinfeiern განვახორციელეთ) ცოტა არ იყოს იმოქმედა არა იმ კუთხით, რომლითაც ვგეგმავდი. სახლში მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს გარკვეული ხნით. იმდენად მინდა ხოლმე სრულიად დავტკბე ამით, რომ არც სტუმრები, არც მეგობრების დატოვება... საბედნიეროდ შიში არ მაქვს. ჩვენ ორნი ვართ ამ ბინაში, მე და სიმბა, მე და სიმბა...

ხო, რას ვამბობდი, იმას, რომ უცებ მივხვდი, 13, პარასკევი, ჩემი დაბადების დღე და ჩემი მეგობრების უდიდესი ნაწილი ან საზღვარგარეთ არის, ან ქალაქგარეთ, ზოგი საქეიფოდ არის და ზოგი უქეიფოდ. ზოგი დღეს წავიდა, ზოგი გუშინ, ზოგი ხვალ ჩამოდის და ზოგი კაცმა არ იცის როდის, საერთოდ თუ ჩამოვლენ ოდესმე... პირადად მომლოცველებიდან მინიმუმ 15 ასეთი აქ არ მყოფი დავთვალე და უცებ მოვიწყინე. მივხვდი, სასწრაფოდ უნდა გავსულიყავი სახლიდან. გავემზადე. კედელზე შეტყობინება დავტოვე, სავარაუდოდ სადაც ვიქნებოდი და წავედი. ვიცოდი, ვისაც მართლა ენდომებოდა და შეძლებდა, მიპოვიდა, მოვიდოდა. მეგობრობა გზად დახიდადო, გამიგია და ზუსტად გზად ნ. ჩავისვი.

სად დავსხედით და რა ვჭამეთ, ეს ნაკლებ საინტერესოა. ისიც, რომ რაც შევუკვეთე, მოტანისთანავე ვინანე და მერე კიდევ ნახევარი საათი ვნანობდი და ვცდილობდი შეცდომა გამომესწორებინა ნაბეღლავით, ფერმენტით და ა.შ. საბოლოოდ შედეგს მივაღწიე. მიზანი იყო მზაობა სმის გაგრძელებისათვის (იმედია ლოთი არავის ვეგონები. სმა ცოტა უხეშად ჟღერს, არა?).

პირველ ადგილას 3 ვიყავით. მე და 2 ერთგული მეგობარი. მერე დასალევად გადანაცვლება გადავწყვიტეთ მანამდე გასეირნება-აფთიაქში ვიზიტით. სანამ მე მილოცვებს ვიღებდი გზადაგზა შემხვედრი ნაცნობ-მეგობრებისგან, მეგობრები შორიახლო მელოდებოდნენ და რომ მიუახლოვდი, რა თქმა უნდა იცინოდნენ. საოცარი დიალოგების მომსწრე გახდნენ, რომელიც ასევე საოცარ ცოლ-ქმარ შორის მიმდინარეობდა. ეს ცოლ-ქმარი ბომჟების წრის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ და ალბათ არც თუ ისე მაღალინტელექტუალურ საკითხზე ჩხუბობდნენ. მე სცენას ამ ფრაზიდან შევუერთდი: "შენი გულისთვის ბავშვი მომეშალა!" ოღონდ ეს ისეთი ინტონაციით და ტონალობით იყო ნათქვამი, სიბრალულის ნაცვლად ისტერიულ სიცილს უფრო იწვევდა. ავუყევით ლესელიძეს. ბომჟების ოჯახი უკან მოგვყვებოდა. ხმაურიანად. ბოშათა ჟამი. ქართველები იყვნენ აშკარად. ქმარი წინ მიდიოდა (ესეც მიდიოდა და ჩვენც?), ცოლი უკან მიჰყვებოდა და ეჩხუბებოდა. ქმარი ცდილობდა არ შეემჩნია, ისე პერიოდულად რეპლიკებს ესროდა. ცოლი სარგებლობდა ხმის მაღალი ტემბრით და განაგრძობდა. საამო იყო სასმენად. გავასწარით საკმაოდ და აფთიაქთან გავჩერდით.

ერთ კაციანი რიგი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ან ჩვენს წინ მდგომი ითხოვდა რამე უცნაურს და არ არსებულს და ან გამყიდველს უჭირდა მომსახურების გაწევა. ამასობაში ტკბილი წყვილი მოგვიახლოვდა. "შენ თუ არ გინდივარ აი გოგოების მეტი რა არის! სალამი ყველას" - ამ უკანასკნელ სიტყვებთან ერთად ნაბიჯი შეანელა და გადმოგვხედა მამრმა ბომჟმა. ცოლი წამოეწია. საფრთხის მოახლოება როგორც კი იგრძნო, კაცი ისევ დაიძრა. ჩვენ გაშეშებულები ვიდექით და ვცდილობდით, გადახარხარებისგან ცოტა ხანი შეგვეკავებინა თავი. "წადი ერთი, გოგოებს თავი დაანებე, ვის რაში სჭირდები" - არც თუ ისე უსაფუძვლოდ მისძახოდა ცოლი. ჩვენ დაგვიცვა თუ ეჭვიანობამ გაიღვიძა მასში, ეს ამოუცნობი რჩება. დისტანციას ორივე იცავდა. ქმარი რამდენიმე ნაბიჯით წინ, ცოლი უკან, თითქოს ნახირს მიერეკებაო. შეხმატკბილებული დიალოგი ცოტა ხანს კიდევ ისმოდა.
"ძალიან მაინტერესებს, როგორ დამთავრდება ამათი ამბავი, ხომ არ ავეკიდოთ?" - ნ.კ. "ამათ ახლა ველური სექსი შეარიგებთ" - თ.შ. ამ სიტყვებთან ერთად მეორე წყვილი აღმოცენდა უცებ ჩვენს გვერდით. ამჯერად საშუალო ფენის რიგითი წარმომადგენლები. ახალგაზრდა გოგო ბიჭი. თ-ს მიერ წარმოთქმული ბოლო სიტყვები გაიგო თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ კი ეცინებოდა ბიჭს. თან პერიოდულად საკმაოდ თამამდ იყურებოდა ჩვენსკენ. აფთიაქის რიგში ჩვენს მერე დგომა ამის უფლებას არ აძლევდა - ასე ჩათვალა მისმა თანმხლებმა გოგონამ, რომელმაც უკვე მერამდენე გამოხედვა ვერ აიტანა და ბიჭს კისერზე შემოეხვია, თითქოს ისე არ იყო გასაგები, რომ ერთად იყვნენ და უფრო განამტკიცა ამით თავისი პოზიცია.

ამ ხნის განმავლობაში იდუმალი "сделка" აფთიაქთან გრძელდებოდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ საკმაოდ გვიანი იყო და აფთიაქარი ხანში შესული ქალი ფანჯრის და გისოსებს იქიდან გვემსახურებიდა. ჩვენ არა, იმ კაცს. საინტერესოა, მაინც რას ყიდულობდა? ამის გამოსარკვევად არ გვეცალა, ჩვენ ჯერ ის პირველი წყვილი გვაღელვებდა და სისულელეების ლაპარაკით და ხუმრობით ვიყავით გართულები. პრინციპში უკვე ხმამაღლა სიცილში გადაგვივიდა. თან ეს გაუთავებელი რიგიც. ბოლოს თ-მ შემომთავაზა, მოდი, ჩაიკეცე აქვე, იქნებ მაშინ მაინც მოგაქციოს ამ ქალმა (აფთიაქარმა) ყურადღებაო. თვითონვე სცადა ცუდად გახდომის ინსცენირება, მაგრამ ამან ქალზე არ იმოქმედა. ყველაფერი არ მახსოვს და ვერც დავწერ, რაც იქ ითქვა და რამაც სავარაუდოდ მეორე წყვილის მამრის ცხოველი ინტერესი გამოიწვია.

საბოლოოდ ქალმა მომაპყრო ყურადღება და ნანატრი ფესტალი მოვიპოვე! ჯერი ნ-ზე მიდგა. ქალი გაუჩინარდა. რაღაც გაუგებარი საქმით დაკავდა. "ახლა ხელს დავაჭერ ამ ზარს და არ ავუშვებ" გამოაცხადა ნ-მ. ამასობაში აღმოვაჩინეთ, რომ უცნაური ფორმის გისოსებში ერთი ადგილი ამოჭრილი თუ გამობრდღვნილი იყო. არ მგონია, ამხელა რადიუსის წამალი არსებობდეს და ამას გამოეწვია "ფანჯრის" გაფართოების აუცილებლობა. არც ის მგონია, ღამ-ღამობით ყუთებით მიჰქოდეს ვინმეს წამალი და მაინცდამაინც ამ ნახვრეტში ტენიდნენ იმ ყუთს. "ალბათ თავს აყოფინებენ და იქვე უწევენ დახმარებას. თავს კარგად დაუფიქსირებენ თან" გამოაცხადა თ-მ. ჩვენ უკვე ისტერიკა გვქონდა სამივეს. ალბათ ის ქალი პარალელურად დამამშვიდებელსაც ეძებდა. როგორც იქნა მოვრჩით მასთან ურთიერთობას და რიგი შეყვარებულ წყვილს დავუთმეთ.

ლუკა პოლარე... ოოო, როგორ მინდოდა ეს ნაყინი და როგორ არ შემეძლო ჭამა! ნ-მ ცდუნებას ვერ გაუძლო და შევიდა. თ. შეჰყვა. მე გარეთ სკამზე ჩამოვჯექი და მოსულიერებას შევეცადე. მაგრამ ვინ დაგაცადა. მეორე წყვილი ფეხდაფეხ მოგვყვა. სანაყინეში ბიჭი შევიდა. გოგონა (რომელიც რუსულენოვანი აღმოჩნდა) მეორე სკამზე ჩამოჯდა. მაგრამ ცოტა ხანში როგორც ჩანს დაინახა, რომ შიგნით 2 გოგო იყო და სასწრაფოდ შეჰყვა ვაჟს. ამასობაში ყურში დიალოგი მომხვდა: ბიჭო, ეგ ის არაყია, 20 თეთრიანი, რომ სვამ და ყელს არ გიწვავს... მე ამას ვეღარ გავუძელი. ცრემლები მდიოდა და ქაღალდის ცხვირსახოცის საყიდლად ისევ იმ უცნაურ აფთიაქს მივადექი. შორიდან დავინახე სანაყინედან გამოსული ნ და თ-ს სახეები, რომლებიც ჯერ მეძებდნენ და მერე ისევ იქ რომ დამინახეს, წარმოიდგენთ ალბათ, რა მოუვიდათ.
მეორე წყვილი ახლა უკვე სანაყინის წინ იდგა. დავასკვენით, რომ ჩვენს ტრაექტორიას გადიოდნენ. ყოველ შემთხვევაში ბიჭი ასე ცდილობდა.

სეირნობით გავუყევით ქუჩებს და ბოლოს და ბოლოს შემდეგ პუნქტში განვთავსდით, სადაც უკვე მესამე, ანუ მეოთხე მეგობარი მ. შემოგვიერთდა. აქ უკვე ლუდი-კამპარი-ლონგ აილენდი და საფუძვლიანად ჯდომა, რაც დიიიიდხანს გაგრძელდა. მოგვიანებით კიდევ ერთმა მეგობარმა დაგვხედა. ჩვენ ვისხედით, ვისხედით, ვისხედით,დიიიდხანს, სანამ ყველა და ყველაფერი არ დაიკეტა და წავიდა. სანამ ანგარიში თხოვნის გარეშე არ მოგვიტანეს. იმის თქმა ალბათ არ არის საჭირო, რომ ძალიან ბევრი ვიცინეთ.

მერე ამავე ნოტაზე გავუყევით გზას უკან, სადღაც ნაწილობრივ დავიშალეთ, სადღაც ვიბოდიალეთ და ბოლოს წამოვედით.... ჩემთან. ჩემს სახლამდე მოსულები უკვე ორნი დავრჩით. სახლში - გამოპრანჭულობის ერთი ხელის მოსმით განძარცვა, საზამთრო, კონიაკი, წვენი. საათი - ალბათ 3. ცოტა ხანში იქ დროებით შემორბენილმა მეგობარმა მ2-მა დაგვირეკა და ახლა უკვე აქ შემოგვიერთდა. ისევ ისევ ისევ ისევ ისევ. 5 დაიწყო. მეგობრები წავიდნენ. ავალაგე. გადმოვჯექი. არ მეძინება. არ მეჩქარება. ყველაფერი მოგვარებული. დამთავრებული. ზეგ დილამდე რომ არ გავიღვიძო ან არ ავდგე მაინც და ტვ/ლოგინი-კომპ-ლოგინი/ტვ გავატარო, არაფერი დაშავდება.

საქმიანი შეკვეთის დასრულების. ახლობლების ნახვის. ოჯახის დასასვენებლად გაშვების. საქმეების მოგვარების. არგადახდილი დაბადების დღის მხიარულად დასრულების. შემდეგ. მე. კმაყოფილი. ვისვენებ. სრულიად. დამსახურებულად. ყველაფრისგან.


პ.ს. რა თქმა უნდა, დაწერილი არ არის ის, რაც მოსმენილი თუ იმ წამს განცდილი. გაუგებარიც იყოს იქნებ, რაზე გვეცინებოდა. მომენტი და სიტუაცია განაპირობებს მთავარს, და განწყობა.

და კიდევ, მაინტერესებს, იმ ბიჭს (მესამეხარისხოვან პერსონაჟს, რომელსაც მარტო მე შევეფეთე), 20 თეთრიანი არაყი 20 თეთრიან ჩინურ წებოში ხომ არ ეშლებოდა?!

Comments

Kate said…
"ახლა, მე სამსახურში ვარ უკვე და ადექი შენცო - ტექსტით"
აუუუუ, როგორ მიყვარს ის (ნუ დღეს-დღეობით არავინ, მაგრამ ზოგადად შეყვარებული) სამსახურიდან რომ მიმესიჯებს.


"ერამდენე ტელ უნდა გამიფუჭდეს და მერამდენედ უნდა ჩავიწერო მეგობრების ნომრები?! სხვებს უკვე ვიკიდებ" ვაიმე მეც მაგ დღეში ვარ სულ.
© said…
ჰა ჰაააა :)))))) შეყვარებულის ზარად აღიქმეოდა ეგ ტექსტი? უი კი არ მიმიქცევია ყურადღება :) არა და უბრალოდ მეგობარი იყო, გოგო თანაც :) :) შეცდომაში შემიყვანია მკითხველი :)))
Kate said…
უი მართლა??? შეიძლება მე გავიგე არასწორად. :D :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..