პილატე, ლუის კეროლი, სიზმარი, შაკიკი, მე და სხვ.

უკვე ორი თვეა, შეიძლება მეტიც, ამის დაწერას ვაპირებ და მავიწყდება/მეზარება/ვერ ვიცლი/ვერ ვახერხებ. ჰოდა ასე გადავდებდი კიდევ საუკუნოდ, ჩემგან დამოუკიდებლად რომ არ გააქტიურებულიყო ეს თემატიკა ჩემ სამეგობროში. 
ნუ გააქტიურებულიყო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ხშირად საუბრობთ სიზმრებზე და სიზმრისეულ შეგრძნებებზე? არა, ალბათ. და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ის, რაც ბოლო დროს სულ მიტრიალებს თავში, ის ერთი-ორი დღეა აქტიურად განიხილება ჩემ ერთ-ერთ სამეგობრო წრეში: აღმოჩნდა, რომ ჩემ ერთ მეგობარს, კერძოდ კი კალოს, განუხორციელებია კიდეც ის, რაც მე ამდენი ხანია ჩაფიქრებული მაქვს (მაგრამ არა გახმოვენებული). კიდევ აღმოჩნდა (და ეს მისგან გავიგე), რომ ის, რაზეც ვფიქრობდი, წინა საუკუნის დასაწყიში განუხორციელებია რამდენიმე დიდ სურეალისტს. ჰოდა უკვე აღარ შეიძლებოდა, ზოგადად მაინც რომ არ შევხებოდი ამ თემას (მეგობრებო, მადლობელი ვარ თემის გააქტიურებისათვის და თქვენდაუნებურად სტიმულის მოცემისათვის - ბოლოს და ბოლოს დავმჯდარიყავი და დამეწერა).

არა და აზრზე არ ვარ, რა დავწერო. უბრალოდ, ჯერ გეტყვით, რა მინდა უკვე ძალიან დიდი ხანია: მინდა, როცა სიზმარს ვნახულობ, ვიღაც ამ სიზმარს პარალელურ რეჟიმში იღებდეს კამერით, ან იწერდეს თუნდაც სიტყვიერად. პრინციპში, მე თვითონ მინდა, ამის გაკეთება შემეძლოს, მაგრამ ეს კიდევ უფრო არარეალურია. თუმცა, რას მივედ-მოვედები - ის ხომ რეალურია, სხვამ რომ ჩაიწეროს ან გადაიღოს?! 

თუმცა, გამოსავალი ალბათ ის ხერხია, რაც ზემოთხსენებულმა მეგობარმა გამოიყენა: გაღვიძებისთანავე ჩაიწერა სიზმარი. რამდენჯერაც გადავდე ამის გაკეთება, იმდენჯერ სრულიად დამავიწყდა და გული დამწყდა (მივხვდი, არაფერი არ უნდა გადადო. რამის თქმას აპირებ - თქვი. რამის დაწერას აპირებ - დაწერე. რამის გაკეთებას აპირებ - გააკეთე. გადადებ - დაიკარგება!). ასე რომ, როგორც კი განახლდება ჩემთან ციკლი იმ სიზმრებისა (ამაზე ახლავე მოგახსენებთ), მაშინვე ჩავიწერ.

დაახლოებით 2-3 კვირის წინ მქონდა განსაკუთრებული პერიოდი: სიზმრების ციკლი იყო, ფაქტიურად, ისეთი, რომ მართლა გული მწყდებოდა, ასე რომ იკარგებოდა. ვიღვიძებდი და ვფიქრობდი, აუ რა მოთხრობები იკარგება მეთქი, აუცილებლად დავიმახსოვრებ და დავწერ მეთქი. ჩავიწერ კი არა, დავწერ სიზმარს, როგორც მოთხრობას. 

როგორ სიზმრებს ვნახულობ, იცით, ასეთ პერიოდებში - სიზმრებს, რომლებიც მახსენებს კორტასარს, ბრედბერის, ბუცატის, სტივენ კინგს. ადრე სადღაც დავწერე კიდეც, სტივენ კინგის სიზმარიზაციას ვახორციელებ მეთქი. ბოდვაა, ეს შეიძლება, მაგრამ მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა, მთლიანად შედიხარ იმ სამყაროში და მგონია, რომ იმ დროს, როცა იქ ვარ, ვიცი ის, რაც მერე, გაღვიძების მერე არ ვიცი, არ მესმის.

მერე ჩვეულებრივად ვიღვიძებ და ყველაფერს კარგად ვხვდები, სიზმარს და ცხადსაც მშვენივრად ვარჩევ. უბრალოდ, უკვე ამდგარს და აბაზანისკენ მექანიკურად მიმავალს ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს რაღაც იქაური და თითქოს არ მეთმობა, თითქოს დრო მჭირდება აქაურ რეალობასთან შესაგუებლად. 
მერე ვფხიზლდები სრულიად და მორჩა, აქ ვარ და შეგრძნებებიც ქრება... (ასეთ დროს, როცა ასეთი დილაა, მახსენდება დემი მურის გმირი ფილმიდან Passion of Mind. მომწონს ეს ფილმი. რომ გითხრათ, ვისურვებდი მეთქი ასეთი რაღაცის საკუთარ თავზე გამოცდას, ალბათ არ ვიქნები მართალი; არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა ასეთი გაორება. საინტერესო - კი, მაგრამ სასიამოვნო... არ ვიცი).

ასეთივე შეგრძნება მქონდა შაკიკის ბოლო შემოტევის დროს. რაღაცნაირი, ცოტა ძნელად აღსაწერი შეგრძნება იყო და მართლა გული მწყდება, მაშინ რომ არ გავაკეთე ჩანაწერი. სავსე ვიყავი რაღაცით, რაც ძალიან მინდოდა, გადმომეცა. რა თქმა უნდა არა ჩვეულებრივი, ცოტა უცნაური და შეგრძნებებზე დამყარებული ნაწერი გამოვიდოდა, მაგრამ მგონია, რომ კარგი იქნებოდა. 
სამწუხაროდ ვერ გავთვალე, რომ მეორე დილით აღარ გამოვიდოდა ამ ყველაფრის გადმოცემა და დავიძინე, დავიძინე იმ მიზნით, რომ ეს ტკივილი მომეხსნა. მეორე დღეს აღარც სპაზმი იყო და აღარც ის ბურუსიანი და საინტერესო განწყობა. ის "რაღაც" ვეღარ დავიჭირე. გამისხლტა.

მერე ვფიქრობდი, რომ ცოტა გაბრუებულ, რეალობას ასეთი მიზეზებით მოწყვეტილ მდგომარეობაში შეიძლება რაღაც სხვა გააკეთო, დაინახო, დაწერო....  რაღაცით ვაკავშირებ სიზმრის და შაკიკით გამოწვეულ შეგრძნებებს...


ორ ადამიანს მინდა შევეხო. ორივე ძალიან მომწონდა იმ დროიდან მოყოლებული, რაც კითხვა დავიწყე. ერთია ლუის კეროლი და მისი ალისა. ალისა, როგორც საოცრებათა სამყაროში, ასევე სარკის მიღმა სამყაროში. წიგნ(ები)ც და მულტფილმიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაინტერესებდა და მიზიდავდა. ბავშვობაში მულტფილმს ჩვეულებრივ მულტფილმად აღვიქვამდი, მაგრამ რომ გავიზარდე და ახლიდან წავიკითხე და ვნახე, ბევრად უფრო დამაინტერესა და ბევრად მეტის მთქმელი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ზღაპარი.
კეროლი ერთ-ერთი იყო იმ ცნობილ ადამიანთაგან, რომელსაც შაკიკი აწუხებდა. შაკიკს, ხშირად სხვა სიმპტომებთან ერთად წინ უძღვის ჯერ შეგრძნებების გამძაფრება (ან პირიქით) და შემდეგ ე.წ. "აურა". მისი ერთ-ერთი სიმპტომია საგნების რეალურზე უფრო მცირე ან უფრო დიდი ზომით, ანუ არასწორად აღქმა. ამას "синдром Алисы"-ს ეძახიან. პრინციპში, მშვენივრად აღწერა თავის ნაწარმოებში ეს შეგრძნებები.

მეორე - პილატე, როგორც "мастер и маргарита"-ს მოქმედი პირი. საერთოდ, ძალიან მიყვარდა(მიყვარს) ეს წიგნი და ვგიჟდებოდი იმ ადგილებზე, სადაც პილატეს აივანი და ის საოცარი დიალოგები იყო აღწერილი... ვგიჟდებოდი პილატეს თავის ტკივილზე (მასაც ჰემიკრანია აწუხებდა, ნაწარმოების მიხედვით) და ფრაზაზე "О боги, боги, за что вы наказываете меня?"

ეს ქვეცნობიერი, გაუცნობიერებელი სიმპათია ამ ადამიანების მიმართ იქნებ ნაწილობრივ შაკიკის დამსახურებაა. ქვეცნობიერად თუ ინტუიტიურად ნაპოვნი родственные души.  ეს ნახევრად ხუმრობით. თუმცა...

ჩემ ინტუიციას და იმ სიზმრებს, რომლებიც შეშფოთებამდე ზუსტად მიცხადდება, აქ არ შევეხები. მაგრამ ვერც ვერაფერს ვუზამ და ვერც ვუარყოფ. ცრუმორწმუნე არ გეგონოთ. და არც ის გეგონოთ, თითქოს სისულელეების მჯეროდეს და დილით ეფრემვერდში ვიხედებოდე ან წყალს ვატანდე სიზმარს. არა. არც ჰოროსკოპს ვეცნობი კვირის დასაწყისში.უბრალოდ, ვერ ვუარყოფ, რომ მაქვს ინტუიცია. ხანდახან რაღაც უბრალოდ ვიცი. საიდან - არ ვიცი. ვხვდები მეთქი ვერ ვიტყვი. უბრალოდ ვიცი. ეს განსაკუთრებით გარკვეულ მოვლენებთან და ადამიანებთან დაკავშირებით მემართება. მერე, მოგვიანებით ვიგებ ამას უკვე რეალურად, რომ თურმე მართლა ასეა, ან მართლა ასე მოხდა. ან დამდევს რაღაც შეგრძნება, რომელიც მერე მატერიალიზდება. და მაქვს სიზმრები, რომლებიც ცხადდება: საგნები, ადამიანები, ფაქტები, შეგრძნებები, სუნები. ყველა სიზმარი არა, ცხადია. ძირითადად ის, რომლებიც უფრო რეალურია და მამახსოვრდება.

რაც შეეხება ზემოთ აღწერილ, სიზმრების ახალ, სურეალისტურ-პარანორმალურ-ცნობიერების ნაკად გარეულ სერიას - ეს მომწონს. ფილმებივით ვუყურებ, ხანდახან ჯერ კიდევ ძილში აღვიქვამ, რომ მაგარია და მინდა, ეს გადმოვიტანო ქაღალდზე. ხან ეს სიზმარიც არ არის, არამედ სიზმრის წინა, შესავალი ეტაპია, რაღაც შუალედური დერეფანი ძილსა და სიფხიზლეს შორის, საიდანაც ასევე ძალიან საინტერესო რაღაცეების წამოღება შეიძლება. ეხ, შემეძლოს ნეტავ ჩაწერა...


პ.ს. ყოველთვის მაინტერესებდა, რა საჭიროა შემოკლება სიტყვისთვის "სხვა"

Comments

ელის, "სუფრა დაგიძველდა" :)
© said…
აშკარად, დონ! :) მუზამ "სუფრაზე" წიხლი მიკრა :)))))
ვერ ვიტან ამხელა შუალედები რომ გამომდის ხოლმე :(
:))
ამ დროს მე სურათებს ვეძალები ხოლმე :) მგონი ყველას აქვს ასეთი პერიოდები, ნუ მე მაქვს ხოლმე, ყოველ შემთხვევაში :)
© said…
მე fb მართმევს მგონი მთელს უნარს წერისას. და სტატუსებში იხარჯება ემოციები და ენერგია :) რამდენჯერ მომნდომებია აქ რაღაც მოკლეს დაწერა, და მიფიქრია, რომ ეს უფრო სტატუსია, ვიდრე პოსტი... :( გუშინაც მინდოდა. მოდი, გავაპოსტებ გუშინდელ სტატუსს :)))
Katieé.Ge said…
უი, მეც რამდენჯერ მდომებია სიზმრის კინოკადრებად აღბეჭდვა და ბავშვობაში ვიმახსოვრებდი ხოლმე და ფილმის კადრა წარმოვიდგენდი, ეს მაშინ იყო, ღრუბლებში რომ დავფრინავდი და იურისტობა კი არა, კინორეჟისორობა მინდოდა ....

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..