ხალხო...
სიტყვები არ მყოფნის და არც არის საჭირო...

ერთი ის ვიცი, , რომ 5 დღიანი სასაკლაო მოაწყეს, კიდე ვერ ვაცნობიერებთ მგონი რა ხდება, რამდენი ადამიანი დაიხოცა, რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამხელა ტრაგედია დატრიალდა...

უკვე მეორე თაობას გვიწყვეტენ, ერთი ხომ ამოწყვიტეს
შედეგი? ომს რაღაც შედეგი მაინც მოყვება და ის უბედურები რამე აზრიან მიზანს მაინც შეწირვოდნენ

მაცოფებს თბილისის ქუჩებში მოსიარულე დროშიანი მანქანები, მიტინგზე გასართობად და სეირის საყურებლად, პონტის გულისთვის მისული ხალხის დიდი ნაწილი და ახალგაზრდობა, რომელიც იქ სემიჩკის ჭამით იქცევს თავს და ერთობა

რა გვემიტინგება და რა გვემღერება ხალხო?! რა ისტერიული ერი ვართ, ეს რა უბედურებაა, ხანდახან მგონია რომ სწორადაც რომ ვისჯებით, ბევრი რაღაცისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ აფხაზეთში ხალხი რომ იხოცებოდა, აქ (რახან უშუალოდ თბილისს და მათ ახლობლებს არ შეხებიათ) ხალხი ქეიფებს და ქორწილებს მართავდა, დაბადების დღეებს იხდიდა და მხიარულობდა

რა, გავიმარჯვეთ თუ რა უხარიათ, რააა?! ?! ?! სიმღერის და მხიარულების დროა? აუცილებელი არ არის ჩვენს ახლობელს შეეხოს უშუალოდ, რომ გავისიგრძეგანოთ, რა ტრაგედია ტრიალებს გვერდით... და ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, ჩვენი ახლობლებით, რა თქმა უნდა!!!

სიმღერით და ლექსებით გამოხატავენ მხარდაჭერას იმ გაუბედურებული ოჯახებისადმი?! თუ ჩქარობდნენ, დღეიდან გლოვის დღეები უნდა გამოცხადებულიყო და იქნებ მოესწროთ სიმღერა მანამდე! ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულშიო... ალბათ ასე მიპასუხებენ იქ უაზროდ და შეუგნებლად მდგომნი! არა, არ არის ჩვენი საშველი, არა!
კიდევ იცით რა მაინტერესებს, რამდენი კუთხე დაგვრჩა საქართველოსი, რომ თითო-თითო თაობა ეხლა იმ კუთხეების დაკარგვას შევწიროთ?!
არ მჭირდება ეს ნიკოფსიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველო, თუ ამოვწყდით და აღარავინ დარჩება ამ მიწაზე! თან უნდა წავიღოთ ეს მიწა საიქიოში თუ რა უბედურებაა, ესე სისხლით მორწყვა და მერე დამარცხებულის ისტერიული ყვირილი და სიმღერა?! მერამდენედ?!
რაც დავიბადე და ცოტა გონზე მოვედი, სულ ერთი და იგივე კადრებს ვხედავ და სულ ომია... დროშა შეიცვალა მხოლოდ. დე ჟა ვიუ მაქვს, მგონია ხანდახან
როდემდე?!....

რუსეთი რას აკეთებს და ეს რა მონსტრი ერია, ერთ დღეს გასაწყვეტი, ეს ცხოველები, სულით ხორცამდე რომ ვძულვართ, ამაზე აღარ მინდა ლაპარაკი. კაციჭამიები...

ერთადერთი რაც მიხარია, ის, რომ ჩამოვაღწიე თბილისში (იმას აღარ ვწერ, იქ რა გამოვიარეთ და რა გადავიტანეთ, რის ფასად დაგვიჯდა ეს გონიოში წასვლა და როგორ გაგვიმართლა და როგორ გამოვასწარით დაბომბვას გორში. ) და ჩემს სახლში ვარ, ჩემს ოჯახთან, ჩემს ახლობლებთან
არ ვიცი რა იქნება. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს რომ ყველაფერი მორჩა და ყველაფერი კარგად იქნება. ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ, მით უმეტეს დადებითს...

ომი დამთავრდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო! - ასე ზუსტი და შესაფერისი ეს გამონათქვამი, ჯერ არც ერთ სიტუაციაში არ მახსოვს.დამბლადაცემულივით ვზივარ ტელევიზორის წინ და ცრემლები მომდის ჩემდა უნებურად (ძალიან გაწონასწორებულ ადამიანსაც აქვს ემოციები და ეს არის მაქსიმუმი, რაც გარეგნულად და ჩუმად გამომეხატება) რომ ვხედავ, რა დღეშია იქ ხალხი, შველას ითხოვენ და ვერავინ ეხმარებათ... სასოწარკვეთილებაში არიან... რა არის ჩვენი ემოციები იმასთან შედარებით, რაც იმათ გადაიტანეს და კიდევ უწევთ გადატანა... წარმოდგენაც კი ძნელია...

21 წლის სცენარს ვხედავ.... და ეს საშინლად, საშინლად არ მომწონს.... მშვიდობა ოღონდ რუსეთის ფრთის ქვეშ?! ეს რა არის, ხომ ხვდებით?! არც პანიკაში ვარ, და არც ისტერიკაში, არც ვყოფილვარ და არც ვიქნები, როგორც ვხდვები. უბრალოდ ძალიან დათრგუნული ვარ, ნერვებმოშლილი, განრისხებულ-გაბრაზებული, გაოცებული და არ ვიცი, კარგის იმედი უნდა მქონდეს, თუ არა?!..

რა იქნება, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო....

პ.ს. ლტოლვილებს დაეხმარეთ რითაც შეგიძლიათ, ტანსაცმლით, ყველაზე საჭირო ნივთებით, ჭურჭელი, ქვაბები, არ ვიცი, რაც შეგიძლიათ. მე მზად მაქვს წასაღებად, რაც კი პირველ ჯერზე მოვიფიქრე და შევაგროვე. ეს არის, რაც შეგვიძლია ჩვენ რომ გავაკეთოთ...

Comments

Kate said…
საშინელება ხდევბა ქვეყანაში და ამათმა სიმღერამ საერთოდ გამაგიჟა...
რამდენიმე კილომეტრში ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან და ესენი მღერიან...
ეს არის რაღაც საოცარი მარაზმი...
Dv0rsky said…
გეთანხმები, ელი(ს).

გილოცავ ისე.
მრგვალ თარიღს.
არასასიხარულოს.
© said…
მადლობა, დვ.

ხო, არ ვიფიქრებდი ასე ცრემლიანად თუ გამითენდებოდა ეს თარიღი

თუ შემდგომ თარიღებსაც მოვესწარი, მშვიდობას ვისურვებ უპირველეს ყოვლისა და ყველას ჯანმრთელობას

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..