Дороги, которые мы выбираем

ხანდახან ჯერ კი არ ვწერ, ჯერ ვხედავ პოსტს. უფრო სწორად უცებ კადრებად ჩნდება ის, რისი დაწერაც მინდა. მერე გადმომაქვს. ვიწყებ და თვითონ მოდის. წინასწარ არც ვფიქრობ და არც ვწერ დრაფტად.

ამჯერად რა კადრმა დამაწერინა? ნაფეხურები. კვალი. ამაზე მინდა ვთქვა. ჯერ დავინახე, როგორ აბიჯებს ვიღაც მიწაზე ფეხს, ფეხი ოდნავ ეფლობა, ნაფეხური ჯერ აჩნდება მიწას და მერე ნელა ისევ ივსება და ზედაპირი ისევ სწორი ხდება. ეს ზედაპირი მიწისფერი არ არის. რაღაცნაირი თეთრია. თიხისფერი. გამოუმწვარი თიხისფერი. და ოდნავ რბილი. ისე, რომ ზედ კვალის დატოვება შეიძლება. ანაბეჭდი. ნაკვალევი. ნაფეხური. ან კვალი.

ეს ადამიანების ნაფეხურებია. ის ნაკვალევებია, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა ადამიანები ტოვებენ სხვადასხვა დროს. წარმოიდგინეთ, რამდენს უვლია ამ გზაზე. ახლა უფრო ფართე კადრი წარმოიდგინეთ, თითქოს კამერა შორს მიდის და დიდ არეალს გაჩვენებთ. აი ეს გზა, თუ თეთრი მიწა, თიხის მიწა, თქვენი ცხოვრებაა. და ზედ უამრავი ნაფეხურია. ზოგი - დინოზავრის ნაფეხურივით დიდი და ღრმა. უკვე გამომწვარი და გამშრალი. ზოგი ჯერ კიდევ ნედლი, მაგრამ ისეთი, რომ იცი, აუცილებლად დარჩება, არ ამოივსება. ზოგი - ჩვეულებრივი ზომის, სტანდარტული. ზოგ ადგილს ეტყობა, რომ აქაც იყო ნაფეხური, და ამოივსო. ზოგი ისე გადასწორებულა, იმდენს გადაუვლია ზედ, რომ აღარაფრი ეტყობა. არის უბრალოდ დატკეპნილი ადგილები. ზოგი კი მუდმივად დადიოდა და ივლის, მუდმივად გადაიკვეთება თქვენი ნაფეხურები. უკვე ნაკვალევად კი ისინია ქცეული, ვინც ან სულ, ან თითქმის წავიდა შენი ცხოვრებიდან. ან უბრალოდ აქტუალობა დაკარგა მოვლენებმა და თქვენი გზები გაიყო.

ზოგი ისე სწრაფად ივსება, ნორმალურად გარჩევასაც ვერ მოასწრებ, რა იყო და რატომ. ცხადია ყველა ადამიანი, ვისაც კი ცხოვრების გზაზე შეხვედრილხართ, ვერ დატოვებს ნაკვალევს თქვენს მიწაზე. ზოგი უბრალოდ გაივლის. ზოგი დიდხანს ტკეპნის ერთ ადგილს, მაგრამ მხოლოდ ტკეპნის. ზოგი კი, გგონია, არც ისე უმნიშვნელო მოვლენით კვეთს შენს გზას, მაგრამ მოხედვას ძლივს მოასწრებ და უი, სად არის? ამოსვებულა უკვალოდ მისი ნაფეხური. აი, ეს დავინახე, ეს ამოვსების პროცესი.

კილოგრამები, წონა არ განსაზღვრავს აქ ნაკვალევის სიღრმეს. მე წონით შეიძლება მსუბუქი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მძიმე მაინც არ, მაგრამ რამდენიმე მილიმეტრი სიღრმის ნაკვალევს მაინც რომ დავტოვებდი თუნდაც რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაში, ეს ზუსტად ვიცი. იქაც კი, ვისი ნაკვალევიც დაბიჯებიდან ძალიან მალევე ამოივსო.

პ.ს. პოსტის სათაური ჩემი არ არის. უფრო სწორად ამ კადრების დანახვისას თვითონ ამოტივტივდა მეხსიერებაში. ო'ჰენრის მოთხრობის სათაურია. ნუ მომედავებით, რუსულად რატომო?! ალბათ დავწერე ეს უკვე სადმე: რა ენაზეც მახსენდება ფრაზა, სათაური თუ ციტატა, იმ ენაზე გადმომაქვს ყოველთვის. და ალბათ იმ ენაზე მახსენდება ხოლმე, რა ენაზეც მაქვს წაკითხული/მოსმენილი.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..