რიგითი ...ძის გადასარჩენად ანუ ბატონო ვასო, თქვენზე ამბობენ, ლიფტში გაიჭედაო

Пост основан на реальных событиях
Все факты и имена подлинны

აი, ვიცი, ყველაფერი ჩემი თანამშრომლის - თორნიკეს ბრალია! მართალია, ეს დღეს დილით გამახსენდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! გუშინ ლანჩზე სამზარეულოში შესულს უცებ შემომაგება: შენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო! ხოდა აი, ასრულდა მისი ხუმრობითი წინასწარმეტყველება:

საღამოს, სამსახურიდან სახლში ასულს საჭმელი არაფერი დამხვდა ისეთი, რაც მომინდებოდა. დავდე ჩანთა, მობ-ი და უკან ჩავბრუნდი, მაღაზიაში. ვარენიკიი! ოოო, ყველის ვარენიკიიი! და პირველ სართულზე ჩასული... გავიჭედე... კარი ოდნავ გაიღო და საოცარი ღმუილი დაიწყო ლიფტმა. კი, გამხდარი ვარ მაგრამ იმდენადაც არა, რომ მამაკაცის მკლავის სიგანის ღრიჭოში გავეტიო. სადარბაზო, რა თქმა, უნდა ჩაბნელებული იყო.
ბედად, იმავე წუთას შემოვიდა სადარბაზოში მეზობელი ბიჭი, რეზო. ჯერ მითხრა, არაფერს ხელი არ ახლო, ასე იცის ხოლმე და თვითონ დაიკეტებაო. მეც რატომღაც ვენდე და მშვიდად ველოდი, რა მოხდებოდა.
ლიფტი ღმუილს განაგრძობდა და კარი დახურვას არ აპირებდა....
ბოლოს მოთმინება აღარ მეყო და დავიწყე ჩალიჩი. ხშირად მოსდის ასე – არ იკეტება, ცოტა ძალა სჭირდება ამ დროს, კარებს ცოტა აწვალებ და დაიკეტება, მერე კი – გაიღება. მაგრამ, შენც არ მომიკვდე. არც შიგნითა და არც გარეთა (გარედან რეზო ცდილობდა) კარი არ გვემორჩილებოდა. რაღაც მომენტში ის მაინც მოვახერხე, რომ დავადუმე. ახლა უკვე სიჩუმეში და სიბნელეში ვიჯექი...

ნაბიჯების ხმამ იმედი ჩამისახა. სადღაც ქვედა სართულებიდან ვიღაც ჩამოდიოდა. მეზობელი ცოლ-ქმარი იყო. გია - მთელ ეზოს მოდებული და ყველაფერში გარკვეული, თავდადებით შეუდგა ჩემი გათავისუფლების ოპერაციას, თან რეზო გააგზავნა რაღაც რკინის მოსატანად, რომლითაც, ჩვეულებრივ, მსგავს სიტუაციებში ვაღებთ ხოლმე ლიფტის კარს. მეც დავაბარე, ჩვენებს შესძახე მეთქი...
მერე კარის მეზობელიც გამოჩნდა. ძალიან შეწუხებულმა მკითხა, თქვენებს ვუთხრაო?! კი, ირი, აბა რა მეთქი! (მასაც დავაბარე, მაინც ბოლომდე არ მჯეროდა რეზოს ოპერატიულობის... а зря)

ოჯახიდან ერთი წარმომადგენელი ჩამოვიდა - მამაჩემი. სუსტი სქესის წარმომადგენლები სტუმართან ერთად დარჩნენ და ნერვიულობა დაიწყეს (რაც მერე გავიგე, როცა უკვე გათავისუფლებული და კმაყოფილი მხიარულად ვყვებოდი ამბავს და ვერ გამეგო, რა იყო ამაში სანერვიულო). მამაჩემის ჩამოტანილმა რკინამ არ გაჭრა. სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

დრო ისეთი იყო, ყველა სამსახურიდან რომ ბრუნდება, ასე რომ, მალე მთელმა თუ არა, ნახევარმა სადარბაზომ მაინც იცოდა, რომ ლიფტში ვიყავი გაჭედილი. გულგრილად არავის ჩაუვლია გვერდით, ვერავის დავწამებ ამას. ზოგი, სახლში ასული, მეორედაც კი ჩამობრუნდა ამბის გასაგებად.

მე კი ვიდექი და მოთმინებით ველოდი. კარების წვალებისგან ხელის და კისრის კუნთები უკვე ძალიან მქონდა დაჭიმული და მტკიოდა. ქალი ვარ მაინც, და ძალა შეიძლება მაქვს, მაგრამ ასეთი სიმძიმის ქაჩვა ნამეტანი იყო...

ამასობაში ხალხი მომრავლდა. პირველი სართულიდან კოტე გამოვიდა, რომელსაც ყველა ბაბუს ეძახის და გამხნევება დამიწყო: -ბაბუ, ხომ არ გეშინია?! -არა, არა! -გავუღიმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ დაინახავდა ამას სიბნელეში.

მამაჩემი შემპირდა, დილით საუზმეს შემოგაწვდი, ნუ გეშინიაო, მაგრამ მე გავაპროტესტე, საუზმე კი არა, მშიერი ვარ და მანამდე ვახშამი და რამე წასაკითხი შემომაწოდეთ მეთქი.

ლიფტი ძალიან პატარაა. ალბათ სიგრძე და სიგანე თითო საშუალო ნაბიჯის ტოლია. ასე რომ, წინ და უკანაც კი ვერ ივლი.

მოდიოდნენ და მოდიოდნენ, იჭყიტებოდნენ ღრიჭოში და მესალმებოდნენ - აა, ცისი შენ ხარ?!
ახლა უკვე მარტო სადარბაზოს კი არა, ეზოში მყოფი მეზობლებიც მოგროვდნენ.
ერთმა ბოდიში მომიხადა, მაპატიე, ძალიან მეჩქარება და უნდა დაგტოვოო. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო, იმდენი ხანი გავიდა მას მერე, რაც გავიჭედე და ის კი თითქმის პირველივე წუთებიდან მხარში მედგა.
სხვები მამშვიდებდნენ - ნუ გეშინია, შენთან ვართო. არა და არც მეშინოდა და არც დასამშვიდებელი მჭირდა რამე. ვიდექი და რეპლიკებს ვისროდი იქიდან, ვხუმრობდი და ვიცინოდი.
ბოლოს მოვითხოვე, ცისფერი მთების ხელნაწერი მაინც შემომაწოდეთ მეთქი! ცისფერი მთები არა, მაგრამ ვიღაცამ დიდი ფანარი შემომაწოდა, ცოდო ხარ სიბნელეშიო.

ახლა რასაც ვითვლი, 10 კაცი მაინც მახსენდება. ქალები გავლით მამხნევებდნენ მხოლოდ. ყველა ასაკის და აღმსარებლობის, გონებასუსტები და ინტელექტუალები, საქმიანები და ძველი ბიჭები, ხანშიშესულები და მოწიფული ასაკის მამაკაცები... თვითონვე კაიფობდნენ, ნახე რამდენი გულშემატკივარი გყავსო.
რაც მთავარია, ყოველი ახალი მოსული თავიდან ცდილობდა კარის გაღებას და დანარჩენი უკვე გამოცდილები ვერაფრით არწმუნებდნენ, რომ ძალა აქ არაფერ შუაში იყო, რომ რაღაც ბორბალი იყო ამოვარდნილი და ამას ხელოსანი თუ გააკეთებდა მხოლოდ. თითოეული მთხოვდა, აბა შიგნიდან მეცადა შიდა კარის დაკეტვა. ახსნა უკვე მეზარებოდა, ხათრს აღარ ვუტეხდი და საქმით ვუმტკიცებდი რომ ეს - შეუძლებელი იყო. ის რკინაც შემომაწოდეს და იმითაც კი ვეცადე რაღაც რელეს თუ რა ჯანდაბაა, იმის პოვნა და გაღება... ამაოდ...

უკვე მეშინოდა, რომ დილას კულტურისტის კუნთებით გავიღვიძებდი, ჩემ ლოგინში ან ლიფტში...
პერიოდულად ვდუმდებოდი და ვცდილობდი დავმჯდარიყავისავით, დავიღალე უბრალოდ და... მშიოდა :( ასეთ მომენტებში ხმაური ძლიერდებოდა და ინტერესდებოდნენ, ხომ არ ჩამეძინა. სად?! ამ სარკოფაგში?! კიდევ კარგი, თავი მაინც აქვს ღია ამ ლიფტს და ბადეში ზის და არა კედლებში. კომუნიკაცია მაინც იყო შესაძლებელი. და კიდევ კარგი - არ მეშინია ლიფტების. თან ვფიქრობდი, კლაუსტროფობიით შეპყრობილ ადამიანს რა მოუვიდოდა ჩემ ადგილას. ალბათ ისტერიკა და მერე - გული წაუვიდოდა. თუმცა... ფრაზა გამახსენდა: не упадете, некуда упасть :)

ამ ფიქრებიდან ისევ მაფხიზლებდნენ:
- ბაბუ, ახლა ორ დღეში ამნისტია შეგეხება და გამოხვალ! :))) (მერე ვიღაცას ჩაულაპარაკა სიცილით - რომ არ შეეხოსო?! )

ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამასობაში მოიფიქრეს და ლიფტიორის ნომრის გაგებაზე დაიწყეს ჩალიჩი. ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა და ამასობაში მიმდინარეობდა ეს მოვლენები.

ვიღაც თავის თავში ძალიან დარწმუნებულმა ლომი მოიტანა (წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა ბნელ ლიფტში ვიღაც ლომს რომ შემოყოფდა :))))) ) და იმით დაიწყო ჩალიჩი. მშვიდად ვუხსნიდი, რომ ამით მხოლოდ გატეხავდა კარს და მაინც ვერაფერს მიაღწევდა. სანამ თვითონ არ დარწმუნდა, არ მოეშვა.

როგორც იქნა ნაპოვნმა ლიფტიორმა (ხო, ნომრის პოვნა რეზოს დამსახურება აღმოჩნდა, როგორც მერე გავიგე) დირექტივები გასცა ტელეფონით: მე ვერ მოვალ, მოტორი გამორთეთ და კარი დაიხურებაო. ეს ისე ჟღერდა - ურდულს ხელი ჩამოჰკარი და კარი თვითონ გაიღებაო...

მოტორის გამორთვა მეათე სართულზე მცხოვრები მეზობლის კომპეტენციაში შედიოდა.... რა თქმა უნდა, აბა ხომ არ გამიმართლებდა და პირველ სართულზე მცხოვრებს ხომ არ ეცოდინებოდა?! საბედნიეროდ, იმ ოჯახში, მთელი თუ არა, ნახევარი სვანეთი ცხოვრობს და ამიტომ ვიღაც ყოველთვის სახლშია. ერთ-ერთი ახალგაზრდა წარმომადგენელი კი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჩემი ხსნის ოპერაციაში.
როგორც იქნა მოტორი გამორთეს და.... ჩაბნელდა.. უფრო მეტად, ვიდრე აქამდე. მანამდე ლიფტის ახდილი სახურავიდან ნათურა მაინც ბჭუტავდა...
ასეც ვიცოდი. ეს მოტორის ბრალი არ იყო, მექანიკური იყო რაღაც, კარი ამოვარდნილი რგოლიდან თუ რელედან (?! :D ) თუ რა ვიცი, რა...

ბოლოს ერთ-ერთმა პირველმა მხარდამჭერმა საკმაოდ მკაცრი ტონით დაურეკა თემურს (ასე ერქვა თურმე ჩემ ერთადერთ იმედს, იმედს იმისას, რომ მე დღეს ვარენიკს შევჭამდი, გავთბებოდი და ბოლოს დაბოლოს ჩემ ლოგინში დავიძინებდი) - გოგო ერთი საათია ლიფტშია გაჭედილი და მე მოგაკითხავ, რა არის, ესო?!

ხელოსანი სინდისმა შეაწუხა და მოვალო, შეჰპირდა. სად ცხოვრობს - არავინ იცოდა.
ვიღაც დაინტერესდა, მობილურის ნომრით ვერ მივხვდებით სად ცხოვრობს, საიდან მოდისო? აქ მივხდვი, რომ საშიშროება ჩემი ტყვეობის გახანგრძლივების დიდი იყო... მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, ლიფტიორი ”უბნელი” აღმოჩნდა.

მოვიდა და უხმოდ წავიდა სადღაც ზევით. ვიფიქრეთ, რომ ბოლო სართულზე, რაღაცის ჩასართავად ან გამოსართავად. მაგრამ ცოტა ხანში ვიგრძენი, ლიფტის თავზე ვიღაც იდგა. ძალიან მინდოდა მეკითხა: ”როგორ მოხვდი მანდა?! უპასუხე უფროსსა” მეთქი, მაგრამ მაინც თავი შევიკავე. რა ვიცი, იქნებ არ ჰქონდა იუმორის გრძნობა და ჩემი სიცოცხლე კი მის ხელში იყო... ასე რომ, არ გავრისკე.
ველოდებოდი, რომ დაიძახებდა: ”დახურეთ კარები! დაძარით კაბინა!” მაგრამ რაღაც მოსდო კარებს და სხვა რამე ჩამოგვძახა - გარედან გააღეთ ნელ-ნელაო. ყველაზე ახლო მდგომებმა დაასწრეს სხვებს და სეზამი ნელ-ნელა გაიღო.....

- აბა დათო, ჩაიბარე გოგო! ! ! - გამარჯვების შეძახილები ისმოდა აქეთ-იქიდან. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, აქვითინებული გადავეხვიე მამაჩემს მეთქი. უბრალოდ გაღიმებული, მშიერი, ცოტა დაღლილი და ძალიან მადლობელი გამოვედი და ყველას დიდი მადლობა გადავუხადე. ერთმა ბიჭმა რატომღაც აქეთ გადამიხადა მადლობა. მართალი გითხრათ ვერ ჩავწვდი არსს - რატომ. მაგრამ აღარც ჩავეძიე, გავუღიმე და ჩემი მიზნისკენ განვაგრძე ეკლით მოსილი გზა. მიზანი - ყველის ვარენიკი იყო... უკან დაბრუნებულს ლიფტი უკვე გაკეთებული დამხვდა, ხალხი - დაშლილი. მე - ფეხით ავედი...

და მერეც, მოგვიანებით, როცა მეგობართან მივდიოდი უკვე დანაყრებულ დასვენებულ კმაყოფილი, ხელი დავაჭირე ღილაკს მექანიკურად, მაგრამ გადავიფიქრე, აღარ დაველოდე და ფეხით ჩავედი. თუმცა, გვიან უკან დაბრუნებულს აღარ მქონდა 8 სართულის ფეხით მეორედ ავლის თავი და რისკმა ამჯერად გაამართლა.

როგორც ხვდებით, ახლა გარეთ ვარ, ”სვაბოდაზე”, სამსახურში და კმაყოფილი ამ ყველაფრით და იმით, რომ პარასკევია - დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბლოგზე ვქმნი მორიგ ”შედევრს” :))

პ.ს. წეღან თორნიკე შემეფეთა დერეფანში და მოვახსენე, რომ მისი ხუმრობა რეალობად იქცა და ისიც ვთხოვე, დღეს ლანჩზე რამე სხვა მითხარი მეთქი. გადაბჟირდა და იქვე მომაძახა... რა - არ გეტყვით :P

p.p.s. წეღან გამოვითვალე და ზუსტად 55 წუთი ვყოფილვარ გამომწყვდეული! :)

Comments

Kalo said…
რატომ დასცინი მეზობელ რეზოს, ჰაააა?
და რა ვერ გავიგე იცი?
დღის რა მონაკვეთში იყავი იმ ლიფტში, თან ლანჩზე წახვედი სახლში, თან მამა მაქსიმუმ ნახევარი საათის მერე საუზმის შემოწოდებას გიპირებდა და თან ხალხი სამსახურებიდან ბრუნდებოდა :-):-):-)
u tebja vsjo xarasho, detka? :-);-):-)
ისე მაგარი ისტორიაა. სასაცილო :-)
© said…
1.რეზოს არ დავცინი, პირიქით, მადლობელი ვარ მისი :) მართლა
2.დროის მონაკვეთი ხომ მიწერია - საღამო სახლში დაბრუნებულს მეთქი, ანუ სამსახურის მერე. ხალხიც შესაბამისად ბრუნდებოდა
3.მამაჩემი პროსტა მეკაიფებოდა, თავიდან მართლა ისეთი პირი უჩანდა, რომ დილამდე ჩავრჩებოდი და მერე საუზმეს შემომაწვდიდა
4.და ლანჩი ეს შუადღისას იყო და ლანჩის დროს მითხრა თორნიკემ ის ფრაზა. და ამიხდა - საღამოს

teper' vsjo jasno?! :))))
ketketa said…
რა დღეში ვართ, ლიფტში რო გაიჭედო კაცი, წინდაუკან ვერ გაივლი:))))))

მარა, ცისიაააა, ამდენს როგორ წერ:)))))))))))))))))))
გამოვშტერდი:)))))))
© said…
გოგო არ ვიცი, მართლა, მე თვითონ გამოვშტერდი რომ დავამთავრე წერა :)))
თვითონ წერდნენ თითები და რომ მორჩნებ გადავხედე და ... :)))) რამდენი დამიწერია :)

დაგეზარა წაკითხვა?! :))
Marika said…
აუუ, ძაან მაგარი იყო, ძაან :)
კაი გიქნია, ამდენი რო დაგიწერია. ვისიამოვნე :)
აუ, რო ვერ გარისკე გახუმრება ლიფტიორთან, შენი სიცოცხლე რო მის ხელში იყო, ეგ იყო что-то :)))
და თორნიკემ რა მოგაძახა ბოლოს, ნეტააა?
ვსტრეჩა-უდაჩა? :))) თუ მილიონის მოგება ლოტოში? ფაქტია, რაცხა კაი მოგაძახა და მის პირს სახაროზა და ლაქტოზა :)
წევეი ეხლა მე
© said…
მარეეეკ :))))

მიხარია რომ დაამუღა_მე :)))
ketketa said…
არა კაცო, მშვენივრად ჩავარაკრაკე:))))
და ძაან ვიცინე:)))))
Anonymous said…
მამაკაცის მკლავის სიგანის ღრიჭო - გენიალურია....

ვიღაც დაინტერესდა, მობილურის ნომრით ვერ მივხვდებით სად ცხოვრობს, საიდან მოდისო? :)))))))))
მაააგრა ვიცინე...

რო ვკითხულობდი მეგონა ახლაც მანდ ხარ და ლეპტოპი შემოგაწოდეს ღრიჭოში დაკეცილი, და გაშალე და წერ.....
© said…
Sean! თვალებს არ ვუჯერებ!

:)

ხო, ბოლოს ლეპტოპი შემომაწოდეს :))))))))))))))))) მაგარი იქნებოდა :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..