ვიაგრა. შვებულება. ex-job. 2008 წლის ზაფხული და...

როგორ იცვლება ყველაფერი. როგორი ადაპტაციის უნარი აქვს ადამიანს და ყველაფერს ეგუება. მერე ვერ იდგენს - აი ამას როგორ ვაკეთებდი, ეს როგორ იყო...

4 თვეზე ოდნავ მეტია, რაც ბოლო სამსახურიდან წამოვედი. იმ დღეს ვუყვებოდი ძველ ნაცნობს და უცებ დავფიქრდი და მივხვდი, უკვე მეოთხე სამსახურიდან წამოვედი + ერთში ვიცოდი რომ ვიყავი დროებით და + 1-დან მეორეში გადამიყვანეს (და მერე იქიდან წამოვედი).

არა, კი არ ვნანობ ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ რა მინდოდა მეთქვა: წავიკითე ერთი ძველი პოსტი (ვეძებდი, შეგნებულად, რადგან ბოლო დროს მეფიქრებოდა იმაზე, რა იყო და რა -არის), სადაც აღწერილია ჩემი შვებულებაში გასვლის წინის წინა ერთი დღე სამსახურში. 2008 წლის 1 აგვისტო. პარასკევი. ეს არის პოსტი დამაინტრიგებელი სახელით "ვიაგრა?! არა, შვებულება!"

ხანდახან ვიხსენებ, და ვეღარ ვიდგენ, როგორ ვმუშაობდი ასეთ რეჟიმში. ერთად ვიხსენებთ ხოლმე მე და თ. ორივე წამოვედით. არა იმიტომ, რომ რეჟიმს ვერ გავუძელით. არა, უბრალოდ ასე ჯობდა.

რა თქმა უნდა, მუდმივი სახე არ ჰქონდა იმას, რაც იმ პოსტშია აღწერილი, მაგრამ იყო პერიოდები. უარესიც. იყო წინასაახალწლო, წინასაარჩევნო ან ორივე ერთად. იყო კიდევ გაუგებარი გააქტიურებისა და სიგიჟის პერიოდები. მოკლედ, ცუდად არ მახსენდება. იყო ცუდიც, როგორც ყველგან, მაგრამ მთლიანობაში - კარგი იყო. იყო საკმაო გამოცდილება, ახალი ხალხი, ურთიერთობები და თუნდაც საკუთარ თავში კიდევ მეტი უნარისა და შესაძლებლობის გამოვლენა. კი, ახლა სულ სხვა ტალღაზე და ეტაპზე ვარ, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ეს - იყო და ე.ი. - შემიძლია. მაგრამ მართალი გითხრათ, მე თვითონ დავიძაბე იმ პოსტის კითხვისას.

და მერე, მერე... ნანატრ შვებულებას ველოდებოდი და უბედნიერესი ვიყავი, რომ მივდიოდი 4 დღეში და რა მოხდა? - ომი დაიწყო. ჩავედით გონიოში და 3 დღეში ომი დაიწყო... აი იმ პერიოდს და იმ ყველაფერს არასოდეს არ დავწერ და არ აღვწერ. პანიკა - არა. რაღაცნაირი გაქვავებული ემოცია და მაქსიმუმ - ქვიდან წამოსული ცრემლები. მე რა მაქვს აღსაწერი. მე როგორ გავბედავ ამას. ეგ კი არა, მეგობრები (და ამავე დროს თანაომგამოვლილები და მარშუტკით მორიგ დაბომბვამდე წუთებით ადრე გორგამოვლილები და ბეწვზე გადარჩენილები) რომ იხსენებენ, ესეც კი აღარ მსიამოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ღიმილითაც კი შეიძლება რაღაცეების გახსენება. ჩვენ რა, ჩვენ - არაფერი.

და საერთოდ, რატომ შევეხე ამ თემას? სულ სხვა თემას ვავითარებდი - სამსახური, შრომა, რომელიც ვითომ და აკეთილშობილებს ადამიანს?!

კიდევ ის მინდოდა მეთქვა, რომ будьте осторожны со своими желаниями – они могут исполниться! თუმცა, ამაზე შემდეგ პოსტში, რომლის დაწერასაც ვაპირებ, და რომელშიც კიდევ ერთხელ და ალბათ ბოლოჯერ შევეხები ყოფილ სამსახურს, ისიც გაკვრით და მხოლოდ იმიტომ, რომ თემა მოიტანს, სფერო, რომლის შესახებაც დავწერ :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..