წერილი ნაძვებს

 აი ასე, დიდი ხნის მერე წერა მომინდა უეცრად. ან მოწერა. ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, სურვილს დავემორჩილე, რომელიც ჯერ კიდევ სახლში შემოსვალმდე, უფრო ზუსტად კი ეზოში შემობიჯებულს გამიჩნდა, როცა დათოვლილ გზაზე პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული მოვაბიჯებდი, თან თოვლის ხრაშუნს ვუსმენდი და შიგადაშიგ ვიდეოებს ვიღებდი. 12 ხდებოდა, სახლში რომ შემოვაბიჯე და 5 წუთიც არ იყო გასული, ახლა უკვე სხვა მეგობრება დამირეკეს, რომლებიც აქციიდან მოდიოდნენ და მანქანით გამოვლა და ერთ-ერთთან წასვლა შემთავაზეს. მაგრამ საღამო უკვე ისედაც კარგად იყო დატვირთული ემოციურად, დადებითად და უკვე სახლში მინდოდა, თან წერა მიხმობდა. ხოდა ჯერ, რა თქმა უნდა ჩემებურად მოვწესრიგდი, ღამის რუტინაც ჩავიტარე, სახლი ახალ დალაგებული რომ დავტოვე გასვლისას, მაგის გამო საკუთარ თავს მადლობაც გადავუხადე, მერე ცოტა ხანი აივნის კარიც გავაღე და თოვლი ვისუნთქე, უფრო სწორად წინდებით გავედი აივანზე და უკან თოვლიანი შემოვედი :)) აბა რა მეგონა :) და თოვლ ნასუნთქი მოვკალათდი ბოლოს ტახტზე, ჩემ საყვარელ ირმებიან პლედს ახლიდან შევძინე თავისი პირდაპირი დანიშნულება და ხალათით და წინდებით, პლედმოფარებულმა და ფეხებმორთხმულმა დავიდგი ცალ მუხლზე ლეპტოპი და ბლოგს სული შევუბერე, რომ მტვერი გადაწმენდილიყო. მაგრამ მტვერი თოვლს დაეფარა. 

კარგად რომ მოვკალათდი უეცრად ისეთი სიამოვნების ტალღამ გადამიარა, რომ ბედნიერებისგან რაღაც საოცარი ხმები გამოვუშვი, სიცილისებრი, კმაყოფილების ხმებიდ და ღმერთო, მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის მეთქი, აღმომხდა. 

აი, ასე მადლიერებით ვიწყებ ამ ბლოგსაც. თუ პოსტს. კიდევ, ისე მიხარია, რომ ხვალ კვირაა და ამ შაბათმა წინა შაბათებივით ელვის სისწრაფით არ გაიარა, იმ შაბათებივით, როცა მუშაობა მიწევს. მერე კვირაც ისე გადის, ვერ გრძნობ. ამჯერად კი შაბათიც მრავალფეროვანი იყო და შევირგე და წინ კვირა დღეა. მართალია მომიწევს ცოტა მუშაობა, მაგრამ დასვენებას და არაფრის კეთებასაც მოვასწრებ, ვფიქრობ. და ეს ამინდი განსაკუთრებით შეუწყობს ამ ყველაფერს ხელს. 

რეალურად კი რა მინდოდა, დამეწერა? შეიძლება კიდევ ცოტა უფრო ადრე გამიჩნდა წერის სურვილი. ცოტა დღესაც ვიმუშავე, კი. გვიან გავიღვიძე, არ მივარჯიშია. სახლი დავალაგე, ვიბანავე, გვიან, მაგრამ გემრიელად ვჭამე, ვიმუშავე და მერე ჩემებთან ჩავედი სადილზე, სადაც მამიდაჩემიც მეგულებოდა ოჯახით. ოჯახური პორტრეტი ინტერიერში. მერე ჭურჭლის სარეცხის მანქანის კარგად ჩალაგების მასტერკლასი ჩავატარე, მილაგ-მოლაგებული დავუტოვე ჩემებს სახლი და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც რეალურად გუშინს მერე წარმოებდა, ბოლოს სულ სხვა გეზით შეიცვალა გეგმები და ერთ-ერთი მეგობრის, რომელიც გუშინ იუბილარი იყო - ბავშვობის სახლში, მის მშობლებთან აღმოვჩნდით, სადაც არ ვყოფილვართ .... წელია. არ დავკონკრეტდები, რამდენი :) ძალიან გრძელი წინადადება კი გამოვიდა :) ეს ყველაფერი კარგი და იქიდან კი ერთ-ერთთან გადავინაცვლეთ, სადაც თავიდანვე იგეგმებოდა. ახლა უკვე ჩაიზე და ნახევრად სახლურ ტორტზე. ჩემმა ტკბილის აკრძალვამ 2 კვირა კარგად იმუშავა. მერე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ არ ჩავეძიე და არ შევეწინააღმდეგე თავს და დროებით ავიწყვიტე ისევ, მაგრამ ისევ ჩავდგები ფორმაში. ხო, მოკლედ. საღამო ძალიან ... მმმ გერმანულად კარგად ჟღერს ეს - den Abend ausklingen lassen. თუ დაგაინტერესებს - თარგმნე. ეს ორი დღე რატომ მომდის ეს ფრაზა თავში, არ ვიცი. გუშინაც ვუთხარი ერთ მეგობარს, აქციებიდან წამოსულებმა ჩემ სახლთან ლუკა პოლარეში დავასრულეთ საღამო და აი იქ ვახსენე ისევ და რაღაც ჰერმან ჰესესეულიაო, მომიგო. დანარჩენებს გერმანული არ ესმით და მგონი, არც გაუგიათ, ასე რომ მხატვრული თარგმნა არ მომიწია. ისე, კი ვიფიქრებ, როგორ გაიჟღერებს ეს ქართულად ლამაზად. 

ხო და გუშინდელზე კი არა, დღევანდელზე ვყვებოდი, საღამოს მეორე თუ მესამე ნახევარზე. აი იქ შებიჯებისთანავე ისეთი სასიამოვნო აურა და განწყობა ვიგრძენი. არის სახლები, სადაც განსაკუთრებით სასიამოვნოა მისვლა. განათებიან, ტემპერატურიან, ინტერიერიან, მაცხოვრებლებიანად და ფონად ტვ-ში ჩართული youtube-თი, სადაც ერთმანეთზე უკეთესი კომპოზიციები ცვლიდნენ ერთმანეთს კიდევ უფრო უკეთესს ხდიდნენ გარემოს. უცებ ვიფიქრე, რევაზ ინანიშვილი დაწერდა არაჩვეულებრივად ამ ოჯახის თუნდაც ერთ საღამოს, თუნდაც დღევანდელს. მშვიდად, პირდაპირ, შელამაზების გარეშე. როგორ გამოდის ოთახიდან ერთი გოგო, როგორ ჩადის მეორე საგუნდაოდ, როგორ ამოდის მესამე ძაღლთან ერთად ეზოდან. ძაღლი ადამიანივით გვიჯდება გვერდზე სავარძელში და გვისმენს. "მამა" ეკაიფება, "დედას" ეცინება. ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც უნდა იყოს მართლა, როგორც ჩაფიქრებულია იქ სადღაც. ყველაფერი თავისთავადია. ხანდახან როგორ იგრნობა რაღაც უხილავი ძალის არსებობა, ხანდახან როგოგ უმნიშვნელო დეტალებზე ხვდები, რომ უნდა მიენდო. ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, ანუ კარგად. 

მერე სახლში მომიყვანა მეგობარმა. ეზოსთან ჩამოვედი. დათოვლილ გზაზე პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული მოვაბიჯებდი, თან თოვლის ხრაშუნს ვუსმენდი და შიგადაშიგ ვიდეოებს ვიღებდი. არ ვიცი, გასაზიარებლად, თუ ჩემთვის. ან თოვლში რატომ მომინდა მოწერა. თოვლთან შენ არ ასოცირდები. 

ახლა კი, სანამ სიტყვები ამერია, რადგან უეცრად საოცრად მომემძინარა, ჯობს დავასრულო. დავწერე.

ბოლოს სტრიქონიც - რაც მოვედი, ოთარ ჭილაძის ორი ლექსი მიტრიალებს თავში, ხან ხმამაღლა ვამბობ, ხან გულში. და მგონი თან ერთმანეთში ვურევ, ანუ ორი ლექსის მიქსი. ორივე თოვლზე. და ძალიან მიყვარდა ოდესღაც. და კიდევ, გამოვტყდები, ჩემი, კაცმა არ იცის რამდენი წლის წინ დაწერილი ლექსიც გამახსენდა. ასევე თოვლზე, მაგრამ არა მხოლოდ. ოღონდ, ის ლექსი რუსულად დავწერე, არ ვიცი, რატომ. ეტყობა ეგრე მომივიდა უცებ მუზა. ხოდა. არაფერი, რა ხოდა. რანაირად გამახსენდა ზეპირად, მიკვირს. 

მორჩა. წერილი სენტ. წერილი ნაძვებს. იქნებ უკვე მაქვს ამ სათაურით პოსტი? არა უშავს.

01.13

ახლა უკვე 23.02.25 

Comments

Popular posts from this blog

before and after party

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

ჩამოსასხმელი ზაფხული