მთვარის ასული

 “and when nobody wakes you up in the morning, and when nobody waits for you at night, and when you can do whatever you want. what do you call it, freedom or loneliness?

გააჩნია, რა განწყობაზე ხარ. დროთა განმავლობაში ამას სულ უფრო მეტად აღიქვამ თავისუფლებად და ამ თავისუფლებით ტკბები. 

ხანდახან მართლა არაფერი გჭირდება გარდა იმისა, რომ დაბრუნდე შენ სახლში. იქ, სადაც ყველაზე მშვიდად, თავისუფლად და ბედნიერად გრძნობ თავს.  

ჯერ კიდევ გზაში ფეხით სიარულისას რენდომ ჩართული ალბომი სპოთიფაიზე ჟღერას განაგრძობს. სახლში მოსული ბლუთუსს თიშავ, ყურსასმნებს იხსნი და ტელეფონს უბრალოდ დებ, რომ მთელ სახლში ფონად ისმოდეს მუსიკა, თუმცა არა ისეთ ხმაზე, რომ მეზობლები შეწუხდნენ. საერთოდ, ვერ იტან ვერც ხმამაღალ ლაპარაკს, ვერც ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორს და მუსიკას. 

შენ იცვლი, ხალათს იცმევ, რომელიც მთელი ეს კვირა დღე არ გაგიხდია, გარდა იმ პერიოდისა, როცა გარეთ გახვედი საღამოს და მშობლებს ესტუმრე. გუშინ დამლაგებელი გყავდა. ინგას მერე სახლში შემოსვლა განსაკუთრებით გიყვარს. შემოსვლა რა, გუშინ სემინარზე იჯექი მეორე ოთახში და არც გასულხარ. უბრალოდ ინგა ლაგებას რომ მორჩა, გამოხვედი და სიამოვნებით განაგრძე საღამო დაწკრიალებულ სახლში. დღესაც ამ სიამოვნების გრძნობით გამოხვედი გვიან გაღვიძებული საძინებლიდან. აუჩქარებლად გააკეთე ყველაფერი და მერე მშვიდად იმეცადინე საღამომდე.

ყვავილების გამყიდველები აღარ იყვნენ, გვიანი იყო, თორემ შოკოლადის ვაფლთან ერთად ყვავილებსაც ამოაყოლებდი, იასამანი მოუხდებოდა ამ საღამოს. სინათლე მარტო შემოსასვლელში ანთია და სამზარეულოში, პატარა კატა-ნათურის სახით. 

ღამის სახის კანის მოვლის რუტინა დასრულებულია. ჩაი, ვაფლი და იქვე ტელეფონი მუსიკით. სერიალის გაგრძელებას ფიქრობდი, მაგრამ მუსიკის სმენის გაგრძელება და წერა მოგინდა. ტელეფონს დახედე, საინტერესოა, რა მიქსი შემოგთავაზა სპოთიფაიმ, არც კი დაგიხედია, ისე რომ დააჭირე ხელი და არც ერთი სკიპ არ გაგიკეთებია. ახლაღა დახედე ეკრანს: Made for Ts. სპეციალურად შენთვის შეურჩევია 60s Mix. ამ წამს Simon & Garfunkel ისმის ოთახში. სიმყუდროვის შეგრძნებას ესეც უწყობს ხელს. 

ჩათებშიც სიმშვიდეა. ხან ყველა ერთად იწერება, ყველა გრუპ-ჩათში 20-ზე მეტი მესიჯი გხვდება წასაკითხი, არა ჯგუფურშიც 2-3 მაინც. ახლა კვირა საღამოა და ყველა კვირასაღამოს მოუდზეა როგორც ჩანს.

გზაში გაზიარებაზე ფიქრობდი. სახლში მოსულიც. თუნდაც ამ სიმყუდროვის და ამ ემოციების, იმის, რომ ასე - კარგად გრძნობ თავს. ერთმანეთს ეწინააღმდეგება თითქოს. გიყვარს მარტო ყოფნა და თან ამ სიამოვნების გაზიარება გინდა ადამიანისთვის, რომელიც შენ გვერდზე თუ იქნება, მარტო არ იქნები. ნონსენსია, მაგრამ წარმოსადგენი.   

ადრე დაძინებას ფიქრობ. უფრო სწორად, ცდილობ, მიეჩვიო ადრე დაწოლის და გამოძინების რეჟიმს. მეორე დილას სარკეშიც მოგწონს თავი და გონებაც და სხლეულიც უფრო კარგად მუშაობს. იქნებ ისე გაგეღვიძოს დილით, რომ ვარჯიშზე მშვიდად წახვიდე, ფეხით. რომ მოიცლი და ველოს სახელოსნოში წაიყვან, უფრო სწორად, მანქანით რომ წაგაყვანინებს ვინმე, მერე ველოთიც ჩახვალ ხოლმე. ახლა კი მართლა ჯობია, დაწვე. მაქსიმუმ დაწყებული სერია დაასრულო და დაიძინო. 

ხო, ბლოგს რომ გადახედე, უნებურად თვალში მოგხვდა კანონზომიერება: თითქმის ზუსტად თვეში ერთხელ წერ პოსტს თურმე. სადღაც ოქტომბრიდან მოყოლებული მაინც. 

ინანიშვილის "მთვარის ასული" გახსენდება. როცა ეს მოთხრობა პირველად წაიკითხე / გიყვარდა, რას იფიქრდები, რომ წლების მერე რამე პარალელს გაავლებდი. გაიზარდე...

 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..