(გა)ზაფხულის ღამის სიცხადე
არ არის ეს სიზმარი. ეს ყველაფერი ცხადია. ცხადად ვზივარ სიმშვიდეში ჩემ აივანზე. როგორც იქნა, დადგა ეს ნანატრი სიმშვიდე და თავისუფლება. ნანატრი და დამსახურებული. მართალია, ვინ დაგაცადა შერგება და სიამოვნება. აქ მთელი რიგი მიმდინარე მოვლენები იგულისხმება, რომლებზეც აქ არ შევჩერდები. საკმარისად ვწერ და ვლაპარაკობ სხვა სივრცეში და ამ სივრცეს ერთგვარ გასაქცევად თუ თავშესაფრად ვიტოვებ. აქ ვითომ პარალელური რეალობაა.
ხოდა ვზივარ აივანზე. სადმე წასვლის და შეხვედრის შემოთავაზებებზე უარი ვთქვი. თავის ტკივილს და მორეულ ძილს ვებრძოდი. საბოლოოდ, ორივე დავამარცხე. არა და ამ უკანასკნელის დამარცხება სულ არ მაწყობს. პირიქით, მინდოდა ადრე დამეძინა. მაგრამ იმდენად კარგი იყო ასე ჩემთვის მშვიდად ჯდომა და რაღაც აღმოჩენილი მინი სერიალის ყურება, რომ ძილიც გამიკრთა ამასობაში. რაღაც მომენტში იწვიმა. ახლა აღარ წვიმს. უბრალოდ ჟოლობში დარჩენილი წყლის წვეთების ხმა ისმის. და ღამის ხმები. ღამის ფრინველები ჯერ არ გააქტიურებულან. ალბათ უფრო ზაფხულის დასაწყისში გაიღვიძებენ. ან ჩამოფრინდებიან. ციოდა აქამდე. მაგრამ რაღაც ჭრიჭინი, წვეთების ხმა და ლამპიონების უხმო შუქი. და ფოთლების ხმა. სუუულ ოდნავ ირხევა ფოთლები. არ გრილა. არც თბილა უკვე. ღამეა.
აქა იქ შუქები ანთია გარშემო კორპუსებში. ბავშვობაში, საიდანმე სახლში რომ ვბრუნდებოდით ფეხით, და ძირითადად ფეხით იყო ეს, რადგან ისეთ ადგილას ვცხოვრობდით, გარშემო ყველა და ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზე იყო. ხოდა მშობლებთან ერთად ხელჩაკიდებული, ან იქნებც არც მეკიდა ხელი, სახლში რომ ვბრუნდებოდით და უკვე მოსაღამოვებული იყო, მიყვარდა დაბალ ფანჯრებში შეჭყეტვა და ფიქრი, ვინ ცხოვრობს აქ და რა ხდება ამ ფანჯრებს და ფარდებს მიღმა. "აბაჟურის" ან ფარდის ფერის მიხედვით შუქიც სხვადასხვა ფერი გამოდიოდა ბინებიდან. და სულ მეგონა, რაღაც განსაკუთრებულად საინტერესო ხდებოდა იქ. რამდენი ცხოვრებაა ფანჯრებს მიღმა. რამდენი ბედი.
ახლაც ვზივარ არ და ვუყურებ შუქებს და აივნებს. ჩემ წინ აშენებულ ახალ კორპისშიც შესახლებულან ამასობაში. სამინდან ერთში. აქა იქ შესახლებულან და რამდენიმეგან ანთია შუქი. ახალი ცხოვრებები. ცხოვრებები. არის ასეთი მრავლობითი? არა. მაგრამ რა, მერე.
აქაურობა როგორ უნდა დავთმო? დავთმო რა... ალბათ დროებით. რატომ ამეკვიატა დღეს იმაზე ფიქრი, რა მინდა სინამდვილეში? იმიტომ, რომ როგორც იქნა მოვიცალე ამისთვის და იმიტომ, რომ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ უნდა გადავწყვიტო და გადავდგა ის ნაბიჯები, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს მომავალს. ან დროებით მომავალს. ზედმეტად კარგად ვგრძნობ აქ და ახლა თავს. ჩემთვის. რას ნიშნავს, ზედმეტად კარგად?
და კი, ვიცი, რაც მინდა სინამდვილეში. ზუსტად ვიცი, რაც მინდა თურმე. მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მოცემულ მომენტში მთავაზობს სამყარო. ეს არ არის, რისი არჩევაც შემოთავაზებულიდან შემიძლია. არც ის, რასაც შეიძლება ჩემით მივაღწიო. თუმცა, რა ვიცი. სამყაროს ხანდახან უნდა მიენდოო, მითხრა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა. და კი, მართალია. მერე ეს სხვა ასევე ახლობელს ვუთხარი და დამიდასტურა. ხო, აჰა, ვენდობი. მე რაც შემეძლო, გავაკეთე და ცოტა ხანი, ვფიქრობ, უნდა დავისვენო და უბრალოდ მივენდო. და რასაც მთავაზობს, გამოვიყენო. მაგრამ... ის რაც თურმე მინდოდა? არასოდეს არაფერია გვიან, იქნება.
ეს სერიალი ნორვეგიული იყო. რეიტინგი დაბალი ჰქონდა. მაგრამ რეიტინგის მიხედვით არ მიძებნია. უფრო სწორად, საერთოდ არ მიძებნია, თვითონ შემეჩეხა და შემომეყურად. პრინციპში, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ გრძელი ფილმი იყო. რომლის მოქმედებაც ერთი დღის მანძილზე ვითარდება. თუმცა, წარსულიდან კადრების ჩართვით. და ისეთ ადგილას, რომ თვალს სიამოვნებს. ადამიანების ფერებიც ისეთი იყო და საერთოდ ფერები ისეთი, თვალებმა და გონებამ დაისვენა და ისიამოვნა. კი, ალბათ ასეთი სახლი წარმომედგინა, ან დაახლოებით ასეთი... და...
არასოდეს არაფერი არის გვიანი.
პ.ს. გაიღვიძეს ღამის არსებებმა. ოღონდ არა ჩიტებმა. ბაყაყების ხმა მოდის. კარს მთლიანად ღიას დავტოვებ და ამ ხმებში დავიძინებ. გვიანია.
სერიალის სახელი? Midsummer Night
Comments