მზიანი ფაზლი

ღრმა თვალები არ ყოფილა მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა 

ბოლო დღეს აღარ გვქონდა იმდენი დრო, ზღვაზე სხვაგან წავსულიყავით. დავრჩით ქალაქში. დილით ყველა ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით, სხვადასხვა სურვილები გვამოძრავებდა. 

ჩემთვის მარიამობა იყო. მერე ვისაუზმე მარტომ, ნელა, დიდ, მაღალჭერიან ლამაზ კაფეში, სადაც კარგი საუზმე და მზიანი გარემო აქვთ.

მერე ცოტა ხნით სხვა კაფეში გადავიკვეთეთ. იქიდან სახლში წავედით, ჩავლაგდით და გზები ისევ გაიყო. ორმა სალონს მიაშურა მატარებლამდე დროის გაყვანის მიზნით. ორმა დავასრულეთ მოწესრიგება, ჩალაგება და ქალაქში გავედით. ცხელოდა. დღისით  აქ განსაკუთრებით ცხელა. 

სამი დღე ვუყურებდი ამ ქალაქს და ვფიქრობდი, რომ  გული მტკივა, ის ქალაქი აღარ არის, რომელიც მიყვარდა, აღარავინ ზრუნავს და მაქსიმალურად ამახინჯებენ. მეშინია, რომ ნელ-ნელა სრულიად დაკარგავს თავის ხიბლს და მომავალ წელს უკვე სულ სხვა ქალაქი დამხვდება. არა და მინდოდა, მთელი ცხოვრება გამყოლოდა ეს უპირობო და ცოტა არაადეკვატური სიყვარული. მეოთხე დღეს, დღისით ქუჩებში უმიზნოდ ბოდიალისას ისევ ვიგრძენი, რომ არ გამნელებია ეს გრძნობა. რომ ისევ ვფიქრობ - თუ თბილისის გარდა სხვა ქალაქში ვიცხოვრებდი საქართველოში - ეს ბათუმია. 

გული დამწყდა, რომ მეტი დრო არ მქონდა, ასე უმიზნოდ მეხეტიალა სიცხეში, მზიანი ქუჩების ჩრდილიან ნაწილში დღისით. უმიზნოდ შევბოდიალებულიყავი მხოლოდ აქ არსებულ მაღაზიებში, დამელია ყავა ღია კაფეებში, მეჭამა ნაყინი, ხალხი მეთვალიერებინა და ხალხს ვეთვალიერებინე. ასე მგონია, ასეთ ადგილებში ურთიერთობაც მარტივდება. ოღონდ ეს ალბათ განწყობის ბრალია, დასვენების და სილაღის განწყობის. 

ღვინის მაღაზიას ჩავუარეთ. ს-მ ხელი გამკრა - "ის კაცი როგორ გიყურებდა იცი, თვალს არ გაშორებდა" :) გავხედე, უკვე ჩავლილი იყო და ღვინის მაღაზიაში შედიოდა. მხოლოდ სილუეტი შევამჩნიე, არ შემიხედავს. - "შევყვე და ვკითხო, მიყურებდით მეთქი?" :)) მერე განვავრცეთ და ვერსიები წამოვჭერით, რომ უნდა მეთქვა - უკაცრავად, მოგეწონეთ, ხომ? და ა.შ. ამ სისულელეებში და სიცილში კუთხეს მივადექით, სადაც მუდმივად დგანან/სხედან ქუჩის ახალგაზრდა მუსიკოსები. აი ისეთები, ძალიან რომ მომრავლდნენ. ერთი რომ უკრავს და მღერის, დანარჩენები იქვე ირევიან მის გარშემო, ერთიც ქუდით დადის და ღიმილით გთხოვს ფულს. მხიარულები იყვნენ. რას უკრავდნენ, ვერ აღვიქვი, ჯერ კიდევ იმ კაცზე გვეცინებოდა. ქუდიანი ბიჭი აგვეკიდა და რუსულად გვთხოვდა ფულს. რაღაც ვუპასუხე ქართულად, მაგრამ მგონი ვერ გაიგო და რუსული არ გესმითო? - ჩაგვეკითხა. ამანაც არ დაიჯერა, რომ თანამემამულენი ვიყავით. ღიმილით გავეცალეთ (იმდენად ბევრი მზე და კარგი განწყობა იყო, გაბრაზება ვერ მოვახერხე რუსულად მომართვაზე).
და ამ დროს წინ გადამიდგა გიტარიანი ბიჭი, აი ის, რომელიც ვერ აღვიქვი, რას მღეროდა. ისე გადამიდგა, სახე რომ შეგეფეთება (რა გამოთქმაა ეს შეფეთება, მაგრამ გამომადგა აშკარად). გული გადამიქანდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შიშისგან არა, მზერისგან. მე მექანიკურად სიარულს და ღიმილს განვაგრძობდი, ის - სიმღერას და ღიმილს, თან თვალებში მიყურებდა და მომყვებოდა. ალბათ სულ წამები გაგრძელდა. საშინლად ლამაზი თვალები ჰქონდა. საშინლად ღრმა. ცოტა ხანი რომ გავჩერებულიყავი, შეიძლება ადგილიდან ვეღარ დავძრულიყავი. ეს ეტყობა ქვეცნობიერად ვიგრძენი და სწრაფად განვაგრძე მოძრაობა. გული არანორმალურად მიცემდა. რაღაც ნაცნობი დავიჭირე იმ სახეში. შეიძლება არაფრით ჰგავდა, გარდა ვარცხნილობისა, მაგრამ მაინც რაღაც ძალიან ნაცნობი იყო ამ სახეში და მზერაში, როგორც მიყურებდა. 

როგორც რაღაც ძალიან გემრიელის გასინჯვის შემდეგ ცოტა ხანი არ გინდა არაფრის ჭამა, რომ ეს გემო არ გაქრეს და გაგყვეს, ისე გრძელდება ასეთი მომენტების მერე გემო გარკვეული ხანი.  

ასეთი პატარა მზიანი გამოყოლილი გემოები დიიდი დაუსრულებელი ფაზლის ნაწილებს ჰგავს. იპოვი პატარა ნაწილს, ჩასვამ ღია კიდეში, კიდევ იპოვი, კიდევ მიამატებ და ასე დაუსრულებლად, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია დანახვა და პოვნა...


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..