friends, როგორც სერიალი და როგორც ასეთნი

ჩვეული ადგილი დავიკავე სტარბაქსში. ისე შევეჩვიე სადმე ყავის ჭიქით ჯდომას და ისე წერას, სხვა გარემოში ვერც წარმომიდგენია. ამოჩემებული ადგილები... თან თავისუფალი რომ გხვდება :) გადაჭედილია სრულიად, ერთი ადგილი იყო ზუსტად დარჩენილი ფანჯარასთან, სწორედ იქ, მე რომ მიყვარს.

გავიდა მორიგი 3 თვე. ხვალ ვბრუნდები. საათებს ვითვლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც უფრო ახლოვდება, უფრო მიხარია. ისე მიხარია, ისე... სავარაუდოდ ამას ამძაფრებს ახალი წლის მოახლოება, ახალი ბინის რემონტის ამბებზე სირბილის მოლოდინი, და რა თქმა უნდა მონატრება (ეს - თავისთავად).

არც ამ 3 თვის შეჯამებას ვაპირებ და არც წლის. თუმცა, წელზე მაინც ვიტყოდი ორიოდ სიტყვით, რომ კარგი იყო. ბევრი თუ არა, რამდენიმე ძალიან კარგი სიახლით და სასიამოვნო ამბებით. ვერ დავემდურები, მოკლედ :) 

ზოგადად, ეს პოსტი კონკრეტული თემისთვის მინდოდა მიმეძღვნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვბოდიალობ და ყველაფერს მოვედე. friends - სერიალი, რომელსაც ჩემი აქ ყოფნის ბოლო 1 თვე დაეთმო აქტიურად, ანუ თითქმის ყველა თავისუფალი წუთი, როცა სახლში ვიყავი: საუზმის დროს, სადილის/ვახშმის დროს, საღამოს, როცა ყველა საქმეს მოვრჩებოდი, ძილის წინ (სანამ დამეძინებოდა), სახლის ლაგებისას... მოკლედ, მაქსიმალურად ერთად ვიყავით :) 

1. რატომ არ მქონდა აქამდე ნანახი?! ანუ რატომ არ ვნახე თავის დროზე, როცა ვიყავი ნორჩი? ასე მგონია, რაღაცეები შეიცვლებოდა, სხვანაირად წავიდოდა, მაშინ რომ მენახა. თუმცა, ამას არ აქვს ახლა არანაირი მნიშვნელობა 
2. კარგი, არ ვნახე სინორჩეში, რატომ აქამდე არასოდეს მომინდა, მენახა?
3. რა კარგია, აქამდე რომ არ მქონდა ნანახი :D იმიტომ რომ, პირველი ნახვის/წაკითხვის/გაცნობის სიამოვნება და ეფექტი სულ სხვაა და მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ზამთრის დადგომა და ძალაში შესვლა ამ სერიალმა გადამატანინა :)

ახლა დავფიქრდი, მართლა სერიალის მიმოხილვას ხომ არ დავიწყებ?! :D არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, სულ მინდოდა, ვინმესთვის გადამეხედა, ვინმესთვის მეთქვა, გამეზიარებინა, როცა რაღაცაზე მეცინებოდა (რაც ძალიან ხშირად ხდებოდა). ამაზე კიდევ ცალკე მინდოდა დამეწერა. მორიგი კარგი იუმორით გაჯერებული მომენტის ყურებისას წამოვიდა ეს აზრი - sharing და ამაზეც დავწერ აუცილებლად. მერე...

ხოდა სერიალიდან სინამდვილეში რომ გადმოვინაცვლო. ამ პოსტის თემა მარტო სერიალი არ არის, არამედ ზოგადად მეგობრობა და მეგობრები, როგორც ასეთი. რაც უფრო დიდხანს ვარ აქ, რაც უფრო დიდხანს ვარ მათგან შორს, მით უფრო ვაანალიზებ, როგორ გამიმართლა. ერთი, რომ ვთვლი, მართლა კარგი მეგობრები მყავს. მეორე - და იმედია არ ვცდები, ვფიქრობ, მეც კარგი მეგობრობის უნარი გამაჩნია და როცა ვხვდები, აღვიქვამ, როგორ ვუყვარვარ მათ, ეს რაღაცნაირად მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა მწევს ხოლმე :) მესამე, მადლობელი ვარ, რომ მაქვს ეს უნარი და მყავს ისინი (არც თუ ცოტა). 

რამდენჯერ მიფიქრია, ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჰყავთ მეგობრები. მართალი გითხრათ, ცოტა მაშინებენ ასეთები. უფრო სწორად, მგონი ცოტათი გავურბივარ ხოლმე ასეთებთან ურთიერთობას. შეიძლება არასწორია, მაგრამ რა ვქნა, "настораживает" (ბოდიში, ზედმეტად რუსულენოვან გარემოში მიწევს ყოფნა და შიგადაშიგ შესატყვის ტერმინს ამ ენაზე ვნახულობ). და კიდევ ისეთებსაც შევხვედრივარ, ძალიან, აი ძალიან კომუნიკაბელურები რომ არიან, ყველა გარემოში და სიტუაციაში უცებ ადაპტირდებიან, ყველას ეკონტაქტებიან, ყველასთვის "საყვარელი გოგოები/ბიჭები" არიან (თუმცა, ძირითადად გოგოებზე მაქვს ეს შემჩნეული), ჰყავთ თითქოს ძალიან ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი და ხვდები, რომ რეალურად, მეგობრობის აზრზე არ არიან (არ ვამბობ, რომ რამე რეცეპტი და სტანდარტი არსებობს, მაგრამ მგონი მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ). ანუ ნამდვილი მეგობრები არასოდეს ჰყოლიათ, რასაც ჰქვია ნამდვილი, არაზედაპირული და არასიტუაციური და დროებითი. ხოდა მასევდიანებს ხოლმე ასეთი რაღაცეები. მოკლედ, ჩემი თავის ქება გამომივიდა, მაგრამ უბრალოდ მადლობელი ვარ იმის, ვინც ეს უნარი და ჯილდო მომცა :) 

ოჯახი, მაგალითად, რაღაც თავისთავადია, ანუ შენ არ ირჩევ. უბრალოდ გიმართლებს, ან არ გიმართლებს. მე - გამიმართლა და ამ მხრივაც ბედნიერი ვარ :) 

მეგობრებს კი ირჩევ, შენ წყვეტ. განსაკუთრებით, დიდ ასაკში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქაც გამიმართლა.  ინტუიციურ, ან სადღაც ზემოთ საბჭოს დონეზე გადაწყდა, რომ ბავშვობიდან (როცა მთლად ჩამოყალიბებული პიროვნება არ ხარ და ისე უმეგობრდებდი თანატოლებს) უნდა გამმართლებოდა. ძალიან მიხარია, რომ ბავშვობის ყველა მეგობარი ადგილზეა და ისევ ის არის ჩემთვის, რაც იყო. გავიზარდე და მერე უკვე გააზრებულად და არაჩვეულებრივად კარგად გაფართოვდა და გამრავალფეროვნდა წრე (რაოდენობდივად და ხარისხობრივად) :)

ხოდა ისე მენატრებიან, ისე მაკლიან ხოლმე, ხანდახან განსაკუთრებით... არის სიტუაციები, როცა შეიძლება ძალიან ბევრ ხალხში იყო, იმხიარულო და უცებ ძალიან, ძალიან მოგინდეს, რაღაც ბევრად უფრო ნამდვილი დაუპირისპირო ამას, რაღაც შენი ორგანული და ნამდვილი. ხოდა რომ მახსენდება, უნდა ჩამოვიდე და ვნახო, მათთან ერთად გავატარო დრო, უბრალოდ ვიყოთ ერთად, გამომიარონ, გავუარო, სადმე წავიდეთ, მოვიდნენ, ვილაპარაკოთ, ვიცინოთ (!).... მაკანკალებს სიხარულისგან. გამახსენდა, ზაფხულის ბოლოს, როცა უკვე მალე უნდა დავბრუნებულიყავი უკან, ბაქოში, როგორ ვცდილობდი, კიდევ ერთხელ (ან ერთხელ მაინც) მომესწრო ყველას ნახვა. რაღაცნაირად უცებ გამეპარა დრო. და ისეთი დატვირთული აღმოჩნდა ბოლო თვე, ისეთი... ლამის გუგლის კალენდარში ვწერდი, ვინ როდის უნდა მენახა და როდის დავმშვიდობებოდი :) ნუ ამას ბევრი სხვა საქმე ემატებოდა და აქ რომ დავბრუნდი შვებულებიდან, პირველი 10 დღე აზრზე მოვდიოდი, ვისვენებდი (!) და ფაქტობრივად არავის ვნახულობდი.

ახლა, ზამთრის არდადეგებზე/შვებულებაში ბეეევრად უფრო ცოტა დროში ბეეევრად მეტი საქმე მაქვს მოსასწრები, აი უძალიანესად ბევრი და მნიშვნელოვანი. მაგრამ
უძალიანესად მიხარია :)

სერიალთან რა შუაშია ეს ყველაფერი? ვისაც ნანახი გაქვთ - მიხვდებით, ვისაც არა - სათაური მაინც მიგახვედრებთ.

10 საათი დაწყებულა, მე კიდე ჯერ სახლში არ მივსულვარ, ცხადია, არც ჩემოდანი ჩამილაგებია. თუმცა გუშინს მერე გახსნილი მიდევს საძინებელში :) არ დამიწყოთ, ხვალ ჩაალაგებო. ერთი რომ, არ მიყვარს ბოლო მომენტში და ნაჩქარევად კეთება რაღაცეების, და მეორეც - ხვალ დილიდან გასული ვარ, საღამომდე ვმუშაობ, მერე მოვალ, გამოვიცვლი, ტაქსს გამოვიძახებ აეროპორტისკენ და ფრიიიი......

მოემზადეთ! მოვდივარ! დამღალეთ! :)


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..